მოკვდი ჩემო სიყვარულო
იმ დროს ანამ ჯერ კიდევ არ იცოდა ,რომ მისი სიყვარული უკვე მკვდარი იყო, რადგან მაგ მომენტისთვის ხრწნა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.მოგვიანებით ,როცა მკვდარი სიყვარულის გახრწნილი ცხედარი აბზარდება და ეს სიმყრალე მომწამვლელი ტოქსინებივით მოედება მთელ მის არსებას , მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს ანა რომ ყველაფერი უკვე დიდი ხნის დასრულებული ყოფილა. გააზრება იმისა რომ ყველაფერი დამთავრდა -ერთგვარი შვებაცაა ,რადგან ბოლოს და ბოლოს აღარაფრის მოლოდინს და იმედს არ გიტოვებს ,რომელიც თავის მხრივ ძალიან მტანჯველია.
ანას ბოლო დროს დიდი ხნის წინ სადღაც ამოკითხული აკვიატებული ფრაზა კვლავ ამოუტივტივდა გონებაში: არსებობს ორნაირი სიკვდილი - პირველი როდესაც ცოცხალიც კი მკვდარი ხარ და მეორე ,როცა მკვდარიც კი სიკვდილს დაეძებ.
- ჰმ ნეტა რომელს სტადიას გავდივარ მე ახლა ?- მწარე ჩაცინებით გაიფიქრა ანამ და მიხვდა რომ თუკი მეორე სტადიამდე ჯერ არ იყო მისული , მალე მასაც აუცილებლად მიაღწევდა , მაგრამ მერე ? იმის იქით რაღაა ?
თუმცა ახლა, ამ წუთას ეს განცდები ჯერ კიდევ წინაა.
ანას შუაღამისას მუცლის არეში ყრუ ტკივილი აღვიძებს , ფეხებს შორის სისველეს გრძნობს და ინსტინქტურად ბარძაყზე ხელს ისვავს, რაღაც ბლანტ წებოვან სითხეს აწყდება, თითითები ერთმენეთს ეწებება.
-ო ღმერთო სისხლი , ეს სისხლია. გაიფიქრებს და გულგახეთქილი წამოვარდება საწოლიდან. ფეხზე წამომდგარს სისხლი თქრიალით , უფრო დიდ ნაკადად წასკდება , ანა რაც ძალი და ღონე აქვს ფეხებს ერთმანეთს ატკუპენს და უჭერს , მერე უცებ დაუფიქრებლად სკამზე გადაკიდებულ მაისურს კუჭავს, იტენის , აკანკალებული თითებით ტელეფონზე რეკავს და
- თაზო მგონი მუცელი მომეშალა, სისხლი მომდის -ბევრი სისხლი, არ ვიცი რა ვქნა -ტირის.
-სასრაფო, სასწრაფო გამოიძახე -ჩქარა , ესმის ყურმილს იქით თაზოს ხმა.
-არა არ შეიძლება გაიგებენ, ჩემები ხომ გაიგებენ, არ შემიძლია.
-აბა ,მაშინ უნდა გამოხვიდე ,როგორმე ტაქსი გამოიძახე და საავადმყოფოში წადი ,მეც მანდ მოვალ ,ჩქარა ნუღა აყოვნებ.
- სახელდახელოდ იცმევს რაც ხელში ხვდება, კომოდის უჯრიდან კიდევ ერთ მაისურს იღებს და იმასაც ფეხებშუა იტენის, ძლივს მოძრაობს, ცდილობს არ იხმაუროს, მაგრამ დედას მაინც ეღვიძება.
-რას შვები ?სად მიდიხარ ამ შუაღამისას ? კარებთან მისული სახელურზე მოსაკიდებლად გაშვერილი ხელი ჰაერში უშეშდება.
-დედა , მე ,მე , უნდა წავიდე აუცილებლად უნდა წავიდე , შენ ნუ გეშინია , ყველაფერი კარგადაა ,ეხლა ვერ გეტყვი , დავბრუნდები და ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ახლა გამიშვი დედა.
ანას სახე ისეთი შეშლილი აქვს , მიტკლის ფერი ადევს ,დედასაც ეკარგება ფერი.
-ანა სად მიდიხარ ,ანა ამიხსენი რა ხდება ახლავე , არა არსადაც არ გაგიშვებ ღამის სამი საათია , არსად არ წახვალ გაიგე ?
-დედა უნდა წავიდე , უნდა წავიდე დედა ნუ მაკავებ
კარებს აღებს. დედა ქურთუკზე ებღაუჭება
-არ გაგიშვებ თქო გაიგე ? არსადაც არ წახვალ ...მისი ხმა უკვე განწირულ კივილში გადადის.
ანა მკვეთრი მოძრაობით გლეჯს ხელიდან ქურთუკის ბოლოს , ყურებზე ხელს იფარებს და შეძლებისგაგვარად სწრაფი ნაბიჯით გადის, .კვეთს იტალიურ ეზოს, სადაც დაბადებიდან დღემდე მთელი ცხოვრება გაატარა და ქუჩაში გაჩერებასთან დგება, დედის განწირული კივილი უკან მიჰყვება :
-ანა , სად მიდიხარ ,ანა არ გიშვებ ვერ გაიგე ? არ გიშვებ თქო , დაბრუნდი ახლავე დაბრუნდი შე უნამუსო გოგო ,ახლავე დაბრუნდი ,შეშლილი ქალის ხმა ღამის სიჩუმეს ბასრი სამართებელივით ფატრავს.
მეზობლების ფანჯრებში აქა იქ შუქი ინთება , ანა ტაქსს აჩერებს და ჩაჯდომისას , ეზოს ღია ჭიშკრისკრისკენ იხედება , დედის ხმა აღარ ესმის , ხედავს მარტო შეშლილ სახიანი დედა როგორ აფჩენს პირს და რაღაცას გაჰკივის.
საავადმყოფოში მისვლის მომენტი არ ახსოვს, ეტყობა მანქანაში გული წაუვიდა
თვალს რომ ახელს უკვე პალატაშია , თაზო თავზე ადგას , თმაზე ხელს უსვავს ,ეფერება და თბილად კოცნის ლოყაზე , ნუ გეშინია , ახლა ყველაფერი უკანაა , ახლა შენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
-ბავშვი ?
--ბავშვი აღარაა.
-ანა ტირის, ჩუმად უსიტყვოდ,უხმაუროდ, უემოციოდ. მხოლოდ ლოყაზე ღაპაღუპით ჩამოგორებული უწვყეტი ცრემლების კვალით ემჩნევა რომ ტირის.
პალატაში შემოსულ ექიმს ეკითხება, -მითხარით კიდევ თუ შევძლებ ბავშვის ყოლას ?
-შეძლებთ , ოღონდ ორი წელი რეკომენდირებული არაა
მშრალად პასუხობს ასაკოვანი გინეკოლოგი .
-ნეტა იმ ტაქსის მძღოლს მანქანა ხომ არ დავუსვარე სისხლით?
არ ასვენებს ანას აკვიატებული ფიქრი .
წეღან შემოსული ექთნის გაკეთებული ნემსი მოქმედებას იწყებს, თვალებს ხუჭავს და ბურუსში ეხვევა ...
მოგვიანებით ანას ბევრჯერ უცდია გაეხსენებინა : მაინც როდის დაიწყო მისმა სიყვარულმა კვდომა, ცდილობდა აღედგინა გონებაში რამე საკვანძო მომენტები , მაგრამ ამაოდ.სიყვარული ხომ უცაბედად არასოდეს მიდის ,იგი გულს ნელ -ნელა,თანდათანობით , წვეთ-წვეტად ტოვებს და არავინ არასოდეს იცის რომელი წვეთი იქნება ბოლო.
საავადმყოფოდან დაბრუნებულმა დედას უთხრა რომ სისხლდენა მეომის გამო დაეწყო, რომ არ უნდოდა შეეშინებინა იგი და თავისით გადაწყვიტა საავადმყოფოში წასვლა.
დაიჯერა დედამ ? ვინ იცის ?
თაზომ ბავშვის ჩასახვის შესახებ რომ შეიტყო, ცალკე გადავიდეთო მაშინვე შესთავაზა ანას . ეს ურთიერთობის ახალ ეტაპს ნიშნავდა , მანამდეც იყო საუბარი ერთად , უკვე ოფიციალურად ცხოვრების შესახებ , მაგრამ ბავშვის ამბავმა პროცესი დააჩქარა . ანამ გადაწყვიტა არ გაემჟრავნებინა ბავშვის შესახებ არავისთვის , იქამდე სანამ ცალკე არ გადავიდოდნენ.
მათ ბინის ძებნა დაიწყეს , მაგრამ დრო გადიოდა და შესაფერის ბინას ვერ პოულობდნენ, ბიუჯეტი საკმაოდ შეზღუდული ჰქონდათ ,თაზოს მუდმივი სამუშაო არ გააჩნდა, ანდა რა შემოსავალი უნდა ჰქონოდა მხატვარს, რომელსაც საკუთარი სახელოსნოც კი არ ჰქონდა და მეგობრის სახელოსნოში ტიხრული მინანქრისგან დამზადებულ ხატებსა და ჯვრებს აბარებდა საეკლესიო მაღაზიებში ,მერე კი თვეობით ელოდებოდა როდის გაიყიდებოდა მისი თუდაც ერთი ნამუშევარი. მარტო ანას ხელფასი კი ვერ გასწვდებოდათ ,მითუმეტეს რომ სულ მალე მუშაობას ალბათ ვეღარც შესძლებდა.
თაზო მუდამ თავის ძმას სთხოვდა დახმარებას , ანაც ხომ მან მიაღებინა საკუთარ კომპანიაში სამუშაოდ,როცა დაინახა რომ ავადმყოფი დედის და შვიდი წლის ქალიშვილის სარჩენად ანა დღე და ღამეს ასწორებდა , იხლიჩებოდა აბიტურიენტების მოსამზადებელ ცენტრებსა და კერძო მოსწავლეებს შორის , თუმცა მაინც ვერაფრით ჰყოფნიდა ხელფასი.
ანას ფინანსური მდგომარეობა ვერც ამ ახალმა სამსახურმა გამოასწორა,რადგან ახალი საქმე რომელიც მისთვის სრულიად უცხო სფეროს წარმოადგენდა ჯერ ვერ გამოსიოდა კარგად და ფაქტიურად არანაირი დამატებიტი შემოსავალი არ შემოჰქონდა კომპანიაში.მიუხედავად ამისა ანა ბეჯითად , ყურადღებით სწავლობდა და ეუფლებოდა ახალ საქმეს , მაგრამ იქამდე სანამ ბოლომდე დაეუფლებოდა ახალ პროფესიას ,ხომ სჭირდებოდა მის ოჯახს რჩენა ? ამიტომ მან სამსახურის შემდეგ ისევ დაიწყო მოსწავლეების კერძოდ მომზადება . შინ ათ საათზე ადრე ვერ შემოდიოდა და დაქანცულს ბავშვთვან ურთიერთობის დროც კი არ ჩებოდა , ამას დაემატა ისიც, რომ თაზომ რაღაც საინტერესო საქმის წამოწყების მიზნით მას სხვადასხვა ბანკებიდან სესხი ააღებინა ,რადგან თვითონ უკვე ყველა ბანკის შავ სიაში იყო მოხვედრილი , მაგრამ რატომღაც (თუ რატომ -მოგვიანებით გახდება ანასთვის გასაგები) ეს საქმე არადა არ გამოდიოდა, ხოლო სესხები კი დაფარვას ითხოვდნენ და ანა გაიხლართა ამ დაუმთავრებელი პრობლემების კორიანტელში , ცდილობდა მალე დაუფლებოდა ახალ საქმიანობას , რომ თაზოს ძმის დაპირებისამებრ , ბონუსებიც მიეღო ისევე როგორც იღებდნენ სხვა უკვე სტაჟის მქონე თანამშრომლები , რაც მის ყოველთვიურ მიზერულ ხელფასს მინიმუმ ოთხჯერ ( მეტჯერ თუ არა) გაზრდიდა და როგორმე ამოესუნთქა , როგორმე სული მოეთქვა.
-ხრისტომ მითხრა ჯერ ვერ დაეუფლა საქმესო
უთხრა ერთხელ თაზომ ანას ერთ -ერთი მათი შეხვედრის დროს
თუ ასე გაგრძელდება მისი დათხოვნა მომიწევსო, რადგან დიდხანს ვეღარ შევძლებ არაფრის კეთებაში ხელფასი ვუხადოო.
-კი მაგრამ მე ხომ უსაქმოდ არ ვზივარ თაზო , ნუთუ სწავლა უსაქმოდ ჯდომაა?
მე ვსწავლობ-ყველაფერს ვაკვირდები, ვიწერ , ვიმახსოვრებ , ეს ხომ ჩემი პროფესიის სფერო არაა ? გასაგებია რომ ,აქაც უცხო ენების ცოდნაა საჭირო და მე მიტომაც მიმიღო შენმა ძმამ , რომ უცხო ენებს ვფლობ ,მაგრამ ეს ხომ არაა საკმარისი ? მე გარკვეული დრო მჭირდება საქმის საფუძვლიანად შესასწავლად , ჯერ ხომ ოთხი თვეც არაა გასული რაც დავიწყე.
-რავიცი ანა , მე ერთ-ორ თვეში ყველაფერი ვისწავლეო ხრისტომ და ოთხი თვე პატარა დრო არაა, უკვე რაღაც რაღაცეებს უნდა აკეთებდესო ,ყველაფერს თუ არაო.
- არაა პრობლემა თაზო , გამიშვას -წამოვალ , აქამდე როგორღაც გამქონდა თავი , ახლაც გავიტან , მთავარია მის ფირმას ჩემს გამო არ მიადგეს ზარალი, მადლობელი ვარ რომ შანსი მომცა , უთხარი რომ ხვალვე წამოვალ.
- არა ანა ,არა, ნუ გწყინს საწყენად კი არ მითქვამს ,უბრალოდ იმიტომ გითხარი, რომ ცოტა მეტი გულისხმიერება გამოიჩინო დაკისრებული მოვალეობების მიმართ ,მე უკვე ვთხოვე ხრისტოს რომ ცოტა კიდევ გაცალოს , ვიცი ყველაფერი გამოგივა , უბრალოდ მეტად უნდა მოინდომო, მე მჯერა შენი შესაძლებლობების და არასოდეს არ შემპარვია შენში ეჭვი.
ანას იმ მომენტში მოეჩვენა, რომ ეს ფრაზა მის გასამხნევებლად კი არ იყო ნათქვამი ,არამედ თითქოს ამ ფრაზით თაზო გამოსავალს , უკან დასახევ გზას არ უტოვებდა . თითქოს მისი მომთხოვნი ტონი რაღაცით ავალდებულებდა და ტუქსავდა ანას , ისე როგორც მკაცრი, ბიუროკრატი მშობლები მოითხოვენ მოზარდისაგან მაგალითად იმ პროფესიის არჩევას, რაც მათ შვილს საერთოდ არ აინტერესებს
- ასეა საჭირო ! უნდა გამოგივიდეს !, უნდა შესძლო!
ნუთუ ამ სიტყვების გაგონება სჭირდებოდა ანას იმ კონკრეტულ სიტუაციაში ? იქნებ მისთვის უფრო დამამშვიდებელი , დამაიდებელი იქნებოდა თაზოს მაგალითად ამდაგვარი რამ რომ ეთქვა: -არაუშავს ანა არ იდარდო , მე ხომ აქ ვარ ? შენს გვერდით , მე კაცი ვარ და ჩემი პირდაპირი მოვალეობა საყვარელ ქალზე ზრუნვაა, სულ რომ უმუშევარი დარჩე ,სანამ შენს გვერდით ვარ, მე ვიქნები შენი დასაყრდენი ჭირსა თუ ლხინში.
ეწყინა ანას მაშინ . ერთი შეხედვით ვითომ რა უნდა სწყენოდა ? თაზო ზრუნავდა მასზე , აგერ ძმასთან მიიყვანა სამსახურში , გათავისუფლებისგანაც იხსნა , ბოლოსდაბოლოს მასთან და ბავშვთან ერთად, რომელიც მისი შვილი არაა თანაცხოვრების დაწყებას აპირებს, მაგრამ მაინც უსუსურად იგრძნო თავი -მარტოდ . თითქოს ეს ზრუნვა ,რასაც მის მიმართ საყვარელი ადამიანი იჩენდა არ ჰყოფნიდა სულის საზრდოდ ,დასარწმუნებლად იმაში ,რომ იგი გულწრფელად , უპირობოდ უყვართ . მერე თავს შეუძახა : -კი მაგრამ რაღას ითხოვ ,რაღა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა შენთვის ამაზე მეტი ? მაშინ არ იცოდა ანამ ,რომ ჭეშმარიტი სიყვარული რომელიც კაცს ქალის მიმართ უნდა გააჩნდეს მარტო ის კი არაა, რომ ძმას სამსახურში მიაღებინოს შენი თავი და მერე ეხვეწოს არ გამოაგდოო, იმ კაპიკებით რასაც უხდის მისი ძმა , საკუთარი ბანკის ვალები აფარინოს და სახელოსნოში სახელდახელო შემთხვევისთვის ფიცრებისგან დამზადებული საწოლის ბინძურ თეთრეულზე ეძლეოდეს სიყვარულს , რადგან საყვარელი ქალის სხვა , უფრო მოწესრიგებულ ადგილას წასაყვანად რესურსი არ ჰყოფნიდეს.
მამაკაცს რომელსაც ნამდვილად- ჭეშმარიდან უყვარს ,არასოდეს მიანიჭებს საყვარელ ქალს არანაირ ტკივილს და ეცდება ყველა ტკივილი თავიდან აარიდოს მას . კაცს რომელისაც ნამდვილად უყვარხარ ,არასოდეს დაგაყენებს რთული და გამოუვალი სიტუაციის პირისპირ , მხდალივით არასოდეს დაიხევს უკან და პრობლემებს არ შეგატოვებს , პირიქით- მხარს მოგიშვერს რომ დაეყრდნო და ამოისუნთქო. იგი ყველა შენს მინიშნებს და წყენის მიზეზს უსიტყვოდ იგრძნობს , მას არასოდეს შეეშინდება პასუხისმგებლობის და არასოდეს აარიდებს თავს იმ კითხვებზე პასუხს, რაც შენ გაღელვებს,იგი არასოდეს მიგიყვანს შენ ცრემლებამდე , რადგან მხოლოდ შენი ღიმილი თუ აბედნიერებს .
მაგრამ ამ ყველაფერს მერე, ძალიან გვიან გაათვითცნობიერებს ანას გონება . მანამდე კი....
ახალ სამსახურში მისვლიდან ზუსტად ექვსი თვის თავზე , ანა მოულოდნელად მთელი შემართებით ამუშავდა , ამ ექვს თვეს რომლის განმავლობაშიც იგი თავგამოდებით ეუფლებოდა ახლ პროფესიას ,უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ანა მოწინავე მუშაკი გახდა , კომპანიას ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტი გააფორმებინა , მიიზიდა უამრავი ახალი უცხოელი კლიენტი და ძველ კლიენტებსაც ისეთი პროფესიონალიზმით , იმდენად ხარისხიანად ემსახურებოდა , რომ შეკვეთები - შეკვეთებზე მოსდიოდა.
-თვე რომ დასრულდება, ყველა შენი შესრულებული შეკვეთის ანგარიში შემომიტანე კაბინეტში , თვის ბოლოს მოგების 10 % ს დაგირიცხავ ხელფასთან ერთად. უთხრა ხრისტომ ერთ დღეს ანას.
ანას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა , რადგან ჯერ სრული თვეც არ იყო გასული , მას კი უკვე იმხელა მოგება ჰქონდა შემოტანილი, რომ ამ მოგების 10 % უკვე სამჯერ აღემატებოდა იმ მწირ ხელფასს რაც ყოველთვიურად ერგებოდა.
გავიდა თვე და ანამ დაპირებისამებრ წარუდგინა ანგარიში ხრისტოს, მაგრამ მისდა გასაოცრად ბარათზე ისევ იმდენი თანხა დაერიცხა ,რამდენიც ჩვეულებრისამებრ ერიცხებოდა. მეორე, მესამე და მეოთხე თვესაც იგივე განმეორდა. ანამ წყენა გადაყლაპა , თაზოსთან ერთხელაც არ დასცდენია საყვედური ,არ უნდოდა ძმებს შორის უკმაყოფილების მიზეზი გამხდარიყო ,.აგრძელებდა თავდაუზოგავად შრომას ,უფრო და უფრო მეტ პროფესიონალურ უნარებს იძენდა და იხვეწებოდა . სამსახურის შემდეგ კი მოსწავლეებთან გარბოდა ბინაზე მისვლით , ხოლო საღამოს ქანცგაწყვეტილი ბრუნდებოდა სახლში ,სადაც ავადმყოფი დედა და შვიდი წლის ქალიშვილი მოუთმენლად ელოდნენ .
ოჰ როგორ ნანობს ანა იმ თვითოეულ დღეს ,რომელიც თავის შვილს მოაკლო , რომელიც თავის პატარასთან არ გაატარა , თუმცა იმ მომენტისთვის მას მხოლოდ ერთი დანიშნულება ღა ჰქონდა , იგი ასრულებდა ფულის საჭრელი მანქანის როლს , თავისი ოჯახის სარჩენად იქცა რკინის უსულო რობოტად , რომელიც მხოლოდ ერთი ფუნქციის -სახელწოდებით ბრძოლა გადარჩენისთვის შესასრულებლადაა მომართული.
თაზო რაღაცნაირად აირია , უფრო და უფრო მეტ ვალს იდებდა , ძმასაც მოაბეზრა თავი გამუდმებული ფულის თხოვნით. ანასაც ხომ შემოსავალს უნახევრებდა ,
-თაზო სად მიგაქვს ამდენი ფული , ასე ხომ ვერასოდეს ვერ მოვაგროვებთ ცალკე გადასასვლელ თანხას ? საყვედურობდა ბოლო დროს ანა.
-ღმერთი არ მიგვატოვებს , პასუხობდა თაზო - გამოჩნდება რამე ,უნდა გწამდეს , ცოტა მეტად ეკლესიური უნდა გახდე - გადაჰქონდა საუბარი სხვა თემაზე,
-იარე ტაძარში , ილოცე ,მხოლოდ ღმერთის რწმენაშია ხსნა.
მაინც როგორ იქცევა შეყვარებული ქალი როცა მას ტკივილს ანიჭებენ ? მაინც როგორ იქცეოდა ანა როცა მას სტკიოდა ?
თავდაპირველად მან რაც შინაგანად გააჩნდა, ყველაფერი უკლებლივ -უპირობოდ უძღვნა საყვარელ მამაკას : სითბო,სინაზე,ზრუნვა,ალერსი ,ყურადღება. მას სწამდა თაზოსი მაშინაც კი , როცა თავად თაზოს არ სწამდა საკუთარი თავის , მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში ანამ დაიწყო იმის არეკვლა რასაც თავად თაზო გასცემდა მისთვის: როცა თაზოს განგაში შემოჰქონდა სულში-ანაც მშფოთვარე ხდებოდა , როცა სიცივე შემოჰქონდა -ანა თავის თავში იკეტებოდა და დისტანცირდებოდა თუკი თაზო დუმდა- ანაც ჩუმდებოდა ქალი თავისით კი არ იცვლება , უბრალოდ მამაკაცის მიდგომამ შეიძლება შეცვალოს ქალის დამოკიდებულება თავად კაცის მიმართ ისე, რომ მან დროთა განმავლობაში ვეღარ იგრძნოს ის ,რასაც ადრე განიცდიდა საყვარელი ადამიანის მიმართ. -არა ქალი ეგრევე კი არ დგება და მიდის .... თავდაპირველად ის ითმენს,ითმენს ბოლომდე.ბოლომდე აძლევს შანსს საყვარელ მამაკაცს იქნებ როგომე სწორად , ღირსეულად მოიქცეს . ქალს გააჩნია განსაკუთრებული, ზეადამიანური თმენის ძალა . იგი აბებივით ყლაპავს თვითოეულ წყენას ყოველდღიურად და წყლის მაგიერ დუმილს აყოლებს . ასეა უმეტესწილად უმრავლესობისთვის და ასე იყო ანას შემთხვევაშიც: იგი თაზოს ყველა არასწორ საქციელს გულში გამართლებას უძებნიდა, ზურგზე მოკიდებულ უმძიმეს ტვირთივით მიათრევდა მათ ურთიერთობას , ურთიერთობას რომელიც ფსკერისკენ ექაჩებოდა და იცდიდა. სასწაულივით უცდიდა იმ დღეს ,როდესაც თაზო ბოლოსდაბოლოს მიხვდებოდა , გონს მოვიდოდა, გაუგებდა. ბოლო წუთამდე თმენის რეჟიმში მყოფი ქალი არასოდეს არ ცდილობს შურისძიებას, არც ახსნას , არც თხოვნას. ის უბრალოდ, უსიტყვოდ ქრება მამაკაცის ცხოვრებიდან და სწორედ მისი ეს საქციელია ამ კაცის ცხოვრებაში ყველაზე ხმამაღალი ყვირილი, ყვირილი რომელსაც იგი ვეღარასოდეს ვერ გაიგონებს.
- ანა შემოდი ჩემს კაბინეტში სალაპარაკო მაქვს . უთხრა ერთხელ ხრისტომ და კაბინეტისკენ გაუძღვა. ოთახში შესულ ანას რბილ სავარძელზე მიუთითა და მის პირისპირ საოფისე სკამზე დაჯდა რომელიც ახლოს მიაგორა.
- ანა რაღაც მინდა გკითხო და გულწრფელად მიპასუხე .
ანას უსიამოვნო ამბის გაგების შიშით გული მოეწურა,
-გისმენ ხრისტო რაშია საქმე ?
- შენ ნამდვილად არ იცი თაზოს თავს რაც ხდება თუ თავს იკატუნებ ?
- რა ხდება ხრისტო გამაგებინე არაფერი ვიცი , რას ქვია თავს ვიკატუნებ, რა უნდა ვიცოდე ?
ხრისტომ ეჭვის თვალით შეათვალიერა ანა ,რომელსაც ინსტიქტურად გულზე მიედო ხელი და გაფართოვებული თვალებით შესცქეროდა კაცს.
-მართლა ვერაფერს ამჩნევ თაზოს ?
-ვერა ხრისტო რაშია საქმე დროზე მითხარი, ნუღარ მაწამებ.
თაზო წამალზე შეჯდა, ნარკომანია , თან ისეთ ნაგავს უშვებს ძარღვებში ,რომ დიდხანს ვერ გასტანს ,ამის გარანტიას გაძლევ. ყველაზე იაფიანი ნაგავი რასაც მაგისნაირ მათხოვრებს შეუძლიათ გასწვდნენ. ამ ნარკოტიკს ,, კრაკადილს ,, უწოდებენ . მერე ტელეფონი მოიმარჯვა ,,GOOGLE,,ში შევდა და ანას სურათები აჩვენა. ფოტოებზე ასახული დასახიჩრებული ადამიანების დანახვამ ანას მეტყველების უნარი დააკარგვინა. - აი რას უშვება ეს ნაგავი ადამიანებს , ამ ვაჟბატონსაც ეს დღე ელის თუ დროულად არ მოეგო გონს .დაელაპარაკე, უთხარი რამე ,იქნებ შენ დაგიჯეროს .მე არ მისმენს ,ახლოსაც აღარ მიკარებს, ვიჩხუბეთ და სახლიდან წავიდა .სახელოსნოში სძინავს ეტყობა ეს დღეები.
ანას არ ახსოვს სახელოსნომდე როგორ მივიდა, ახსოვს მარტო ის მომენტი როგორ მიადგა კარებს და ჩაბნელებულ ოთახში ძლივს გაარჩია , ძველ გაცვეთილ სავარძელში ჩამხობილი თაზოს მისავათებული,გაძვალტყავებული სხეული.
მერე იყო ორ საათიანი დაძაბული საუბარი . თადაპირველად თაზო დაჟინებით უარყოფდა ყველაფერს , თვალებში უყურებდა და ურცხვად სტყუოდა, იფიცებოდა , აგრესიულიც კი ხდებოდა როდესაც ანა მის გამოტეხვას ცდილობდა. ბოლოს დანებდა , ყველაფერი აღიარა და უთხრა ,რომ უკვე რამდენიმე დღეა აღარ გაუკეთებია წამალი და აღარც აპირებს. როცა ანა პირობას ართმევდა გულში გრძნობდა რომ ეს ყველაფერი ამაო იყო , მაგრამ მაინც ებრაუჭებოდა რაღაცას , რასაც უკვე ხავსიც კი არ ერქვა.
იმ პერიოდში რასაც ანა განიცდიდა ეს იყო დიდი ტკივილი , მაგრამ არა სიბრაზე . სიბრაზე მერედამერე, საკმაოდ გვიან დაეუფლა .მერე -ღა მიხვდა ანა თუ რატომ იმეორებდა თუთიყუშივით თაზო წარამარა : -გული მიგრძნობს , მე ისეთი ბედი მაქვს , ჩვენი შვილი ავადმყოფი დაიბადებაო . ანას სულ უკვირდა და ბრაზობდა კიდეც, რატომ აიკვიატა ამ კაცმა ეს ასზრი , რატომ უნდა დაიბადოს ჩვენი ბავშვი ავადმყოფი ? ერთხელაც აუკრძალა ამ თემაზე საუბრის წამოწყება: -აღარ გამაგონო ეს სიტყვები აღარასოდეს, ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი დაიბადება და შენც ამოიგდე ეს აკვიატებული შიში თავიდან!
ახლა კი კარგად ხვდებოდა ანა რატომ ამბობდა ამას თაზო და ნელ -ნელა ბრაზი ეუფლებოდა -როგორ გაგვიმეტა ღმერთო როორ გაგვიმეტა ორივე , რა უფლება ჰქონდა რომ დამიმალა , რომ არ მითხრა რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩენილიყავით.მე ხომ მართლაც სიკვდილს ძლივს გადავურჩი. აი თურმე რატომ მომეშალა მუცელი , მაგრამ რომ არ მომშლოდა მთელი ცხოვრება ინვალიდი ბავშვის დედობისთვის მწირავდა, წინასწარ გამოგვიტანა განაჩენი მეც და ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვსაც . მაგრამ ეს მერე იყო ,ხოლო მანამდე იყო ანას გამუდმებული და ყოველდღიური ბრძოლა მათი ურთიერთობის გადასარჩენად, ყოველ მორიგ ჯერზე თაზოს ფიცილი ,რომ წამალი არ გაუკეთებია , მაშინ როდესაც ანა უკვე მისი ამონასუნქის სპეციფიური სუნითაც კი გრძნობდა, რომ იგი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო და არ სჭირდებოდა არანაირი სხვა დამამტკიცებელი საბუთი ამის დასადგენად.
ზედმიწევნით კარგად ახსოვს მათი შეხვედრის ბოლო დღე ოფისში, სადაც თაზომ ანას მიაკითხა ,როდესაც ის უკვე გასვლას აპირებდა და კარებს კეტავდა ,იმ დღეს ანა გვიანობამდე შემორჩა სამუშაოს, ამიტომ სხვები უკვე დიდი ხნის წასულები იყვნენ .
-შემოდი უნდა დაგელაპარაკო, უთხრა მაშინ ანას თაზომ და უკან ოფისში უბიძგა.
რამდენიმე წუთის ან იქნებ წამის (ანასთვის ეს დრო უსასრულოდ გაიწელა მაშინ ) განმავლობაში ისინი მდუმარედ იდგნენ ერთმანეთის პირისპირ საოფისე მაგიდებს მიყრდნობილები , მერე თაზომ დაიწყო ვრცელი მონოლოგი იმის შესახებ თუ როგორ არ შეძლო ასე ცხოვრება, რომ იღუპებოდა, რომ ვერ იპოვნა საკუთარ თავში ძალა ეს სენი დაეძლია , რომ აღარ უნდოდა ანას ტანჯვისთვის ეცქირა . იმ საღამოს ბევრი ასეთი ბანალური ფრაზა გაჟღერდა თაზოს მიერ , ბოლოს თვალი-თვალში გაუყარა და უთხრა: - უნდა წავიდე ანა , მონასტერში მივდივარ .სხვანაირად ამ სენს ვერ დავძლევ, იქ დავრჩები სამუდამოდ. შენ არ დამელოდო- შენი გზა მონახე .
ანას ისეთი შეგრძნება დაეუფლა ,თითქოს მეხი დაეცა და ქვესკნელში ჩაიტანა . -ნუთუ მე ,ჩემი სიყვარული არაა საკმარისი სტიმულის მომცემი ძალა , რომ არ დაგჭირდეს მონასტერში გადახვეწა და იქ ყოფნა ამ ავადმყოფობის დასაძლევად ? ჰკითხა ანამ თაზოს და ღაპაღუპით ჩამოუგორდა ცრემლები ლოყაზე
თაზომ არაფერი უპასუხა - ეს კი რათქმაუნდა არას ნიშნავდა.
მერე მოხდა ის, რასაც ანა დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს: ისტერიული ტირილი, ხვეწნა , მუდარა ,ლამის მუხლებზე დაჩოქება. იმ მომენტში ყველაზე სასტიკ ადამიანსაც კი რომ მოეკრა შორიდან ანასთვის თვალი , ისიც კი დაიწვებოდა მისი ცოდვით, მაგრამ თაზო კლდესავით უდრეკი იყო.
ახლა- მრავალი წლის შემდეგ ხვდება ანა ,რომ მაშინდელი ისტერია უბრალოდ ბოლო წვეთი იყო ,ბოლო მსხვილი წერტილი მათი ურთიერთობის დასასრულებლად დასმული , განა გულის სიღრმეში არ კი იცოდა ანამ რომ ამ ხვეწნა მუდარით ვერაფერს გახდებოდა ? უბრალოდ ამ ფორმით მან თავისი მკვდარი სიყვარული პირველად გამოიტირა.
თაზო მათი ბოლო საუბრის შემდეგ ერთ კვირაში წავიდა მონასტერში და ანა დარჩა თავისი მკვდარი სიყვარულის კუბოს წინ მჯდარი , მგლოვიარე და სასოწარკვეთილი . ეს იყო პანაშვიდი , გრძელი ,გაწელილი , მდუმარე დღეებით. იგი მთელი თავისი ასრებით იგლოვდა აწ უკვე გარდაცვლილ გრძნობას ,ამგვარ აპათიაში მყოფი ჯერ კიდევ არ ჩქარობდა სიყვარულის დასამარებას , ჯერ არ ჰყოფნიდა ძალა მის სამუდამოდ დასამარხად . მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერი მკვდარი, მალე მისი სიყვარულიც ხრწნას დაიწყებდა და ანას სხვა აღარაფერი დარჩებოდა გარდა მისი დაკრძალვისა.
თუმცა მანამდე იყო უსაშველო მწუხარება .
განა კი არსებობს შესაფერისი სიტყვა იმ მდგომარეობის ასაღწერად ,რაც ანამ მაგ პერიოდში განიცადა ? მდგომარეობა, რომლის დროსაც სრულიად გავიწყდება თუ რას ნიშნავს კარგად ყოფნა. მდგომარეობა, როცა უკვე მკვდარი ხარ და მაინც სიკვდილს დაეძებ ,მაგრამ ვერც ამ ფუფუნების უფლებას აძლევ თავს ,რადგან არ შეიძლება - ვერ გაწირავ ადამიანებს ,ვისზე ზრუნვის მოვალეობა შენი თუ მათი დაბადებიდან მოგენიჭა და ამგვარად ხდები სიცოცხლის ტყვე ამ უზარმაზარი სიკვდილის სამეფოში.
სამსახურში კლიენტებს შორის იყო ერთი გამორჩეულად სასიამოვნო და თავაზიანი პიროვნება რომელთანაც ანას რათქმაუნდა საქმიანი ურთიერთობის გარდა არაფერი აკავშირებდა ,თუმცა იყო ამ კაცში ისეთი შარმი ,რაც უდავოდ იწყევდა ანას სიმპატიას. გაუთავებელ პრობლემებში მყოფი და თავგზააბნეული ანა , მაშინ ვერც კი ამჩნევდა ,რომ ეს ადამიანი მის მიმართ ნელ - ნელა უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა და ყველანაირად ცდილობდა , რაც შეიძლება მეტი შეხების წერტილი ჰქონოდა ანასთან. ილია წარმოშობით პოლონელი, გვარად ვინგლინსკი საქართველოში იყო დაბადებული და გაზრდილი , მისი ბებია და ბაბუა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გადმოხვეწილან საქართველოში და აქ დაფუძნებულან , ილიაც აქ დაიბადა და სკოლის დამთავრებამდე აქ უცხოვრია , შემდეგ სასწავლებლად პრიბალტიკაში გამგზავრებულა იქ დაოჯახებულა და იქვე დაფუძნებულა. შუა ხანს მიტანებული ილია , საკმაოდ წარმატებული და თავდაჯერებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა , ხრისტოს კოპანიასთან ნაყოფიერად თანამშრომლობდა ,ოღონდ ეგ იყო რომ მხოლოდ ანას მომსახურებით სარგებლობას ცდილობდა .
როდესაც მიმოწერის გარდა საჭირო ხდებოდა სკაიპით რაიმე დეტალებზე გასაუბრება , საუბრის დასასრულს ანას ყურში ხვდებოდა ხოლმე ილიას მიერ წარმოთქმული ასეთი ფრაზა :
-თქვენთან საუბრისას თითქოს სამშობლოში ვიმოგზაურე .
მაგრამ ანა ამ სენტიმენტალურ ფრაზას , სამშობლოსადმი ნოსტალგიას უფრო მიაწედა ხოლმე ვიდრე , თავად მის მიმართ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოვლინებას , რადგან ილიას ნათქვამი ჰქონდა რომ 90 იანი წლების მერე საქართველოში აღარ ჩამოსულა და ძალიან ენატრებოდა სამშობლო.
- თბილისში ბოლოს იმ არეულობის წლებში მშობლების წასაყვანად ჩამოვედი , მაშინ მათ თბილისის ბინა გაყიდეს და საბოლოოდ დატოვეს სამშობლო.
უთხრა ერთხელ ილიამ ანას მორიგი საუბრისას,
- მას მერე თბილისი არ მინახავს , ალბათ როგორ შეიცვალა , ჩემი სკოლა ახლა რომ პრეზიდენტის რეზიდენცია დგას ავლაბარში , იმ ადგილას იყო , მანდ გავატარე ბავშვობის ტკბილი წლები, მერე ცხოვრებამ სად აღარ მატარა და სამშობლოში ვერა და ვეღარ დამაბრუნა , არადა სიმართლე გითხრა მიუხედავად იმისა , რომ აქ სადაც ვცხოვრობ ძალიან კარგად ვარ , მაინც ვერ ვგრძნობ თავს ისე , როგორც ჩემს სამშობლოში , საქართველო ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შემიცვალა.
თაზო მონასტრიდან კვირაში ერთხელ რეკავდა და ანას საათობით ღმერთზე ესაუბრებოდა , მოუწოდებდა, რომ ტაძარში ევლო და ცოდვები მოენანიებია , ქადაგად დავარდნილ თაზოს აკვიატებულ იდეად ექცა ანას ღმერთისკენ მოქცევა .ვინ იცის იქნებ ამ გზით იგი თავისი დანაშაულის გამოსყიდვას ან მონანიებას ცდილობდა, რადგან გულის სიღრმეში სინდისი ქენჯნიდა , ან იქნებ უკან დასაბრუნებელ ახალ ბილიკს იჭრიდა , თუმცა ანასთვის ეს იყო ზარი სამარიდან. იმ მომენტისთვის ანა სიბეჩავის სტადიას გადიოდა და ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ეიფორიული ბურანიდან .სხვაგვარად განა კი უპასუხებდა ანა თაზოს მიერ შემოსულ ზარს ? მაგრამ ანას თითქოს მისჯილი ჰქონდა მუდამ ეპასუხა თაზოს ზარისთვის და მდუმარედ ესმინა მისი დაუსრულებელი მონოლოგები ღმერთზე , რელიგიაზე ,იმ სიმშვიდეზე ,რომელიც მხოლოდ ღმერთის თაყვანისცემას და სიყვარულს მოაქვს .
ასე გაგრძელდა რამოდენიმე თვე .
ერთ დღესაც ანა მიხვდა ,რომ უკვე აღარ შეეძლო ეპასუხა ზარისთვის, რომელიც კვირაში ერთხელ სამარიდან შემოსდიოდა და ყრუ ტკივილს გაუსაძლის ტკივილამდე უმძაფრებდა .
-აღარ დარეკო გთხოვ , გააწყვეტინა მან თაზოს მორიგი ქადაგება
-რა ? დაიბნა თაზო რატომ , აღარ გიყვარვარ ?
- მე ისიც არ ვიცი ცოცხალი ვარ , ცოცხალ-მკვდარი თუ უკვე მკვდარი, რომელ სიყვარულზე მელაპარაკები თაზო ? -აღარ დარეკო , მომეცი საშუალება დაგივიწყო , დავივიწყო ყველაფერი რაც მოხდა ... და ყურმილი დაკიდა.
მაგრამ ანა წლების მერეც ვერ დაივიწყებს ყველაფერს რაც მოხდა , უბრალოდ ყველაზე შორეულ უჯრაში მიმალავს , მიაყუჩებს და ზედ ათას სხვა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ამბავს გადააფარებს , რომ ამ ამბების გროვის ქვეშ მოყოლილი ვერავინ ამოქექოს ,ვერავინ მიაგნოს.
თაზოს წასვლის შემდეგ ანას დეპრესიული ფონი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ რამდენიც არ უნდა ემალა სახლსა თუ სამსახურში ყველა ამჩნევდა როგორ უმძიმდა იმ პერიოდში.სტრესმა და ნერვიულობამ იმდენი ქნა ,ბუდობრივი თმის ცვენაც კი დაეყო და თავის ქალაზე აქა- იქ სრულიად მოშიშვლებული პატარა კერიები გაუჩნდა , რომლის მკურნალობასაც საკმაო ძალისხმევა დასჭირდა , მაგრამ ანას არ ჰქონდა არც არც იმის ფუფუნება და არც უფლება , დეპრესიისთვის სრულიად მიენდო საკუთარი თავი . იგი კვლავ განაგრძობდა თავდაუზოგავ შრომას ბავშვის ,ოჯახის გამო .
ზაფხულში თანამშრომელმა გოგოებმა გადაწყვიტეს თურქეთში ზღვაზე გამგზავრება ერთი კვირით და ანასაც შესთავაზეს მათთან ერთად დასასვენებლად წასვლა. ანას რათქმაუნდა ამის არც შესაძლებლობა და არც განწყობა არ ჰქონდა , ამიტომ მაშინვე უარი უთხრა მათ, მაგრამ დღის ბოლოს ხრისტომ დაიბარა კაბინეტში :
- ანა წადი გოგოებთან ერთად ზღვაზე, ცოტას გადაერთვები, განიტვირთები . ფულზე არ იღელვო , მე გადავიხდი . შენთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უარყოფითი ფიქრების და განცდებისგან განთავისუფლება. ანამ ხრისტოს წინააღმდეგობა გაუწია , დიდხანს არ ნებდებოდა, ხან ბავშვს იმიზეზებდა, ხან პროექტებს რომელთა მიტოვებაც არ შეეძლო, მაგრამ ხრისტომ არაფრით არ დაუთმო და თითქმის ძალით დაითანხმა .
ზღვამ ვერ განკურნა ანას ავადმყოფი სული , ტალღებმა ვერ წაიღეს ვერც ტკივილი, ვერც გლოვა ,ვერც იმ მკვდარი სიყვარულის ლეში ვერ გაატანა ანამ აქაფებულ ზვირთებს ,ვერც ზღვის ბობოქარმა ხმაურმა გადაფარა ანას მდუმარება , რადგან ანას სიჩუმე თვით ზღვაზე უფრო ხმამაღალი გამოდგა .ტალღები მხოლოდ ანას კანს ეხებოდნენ , ტკივილამდე კი ვერ აღწევდნენ . ეს ტკივილი ძლიერ ღრმად ჰქონდა გამჯდარი ძვალსა და რბილში , თავისი მცოცავი მეტასტაზებით მას უკვე იმ ადგილამდე გაეკვალა გზა , სადაც აღარ აღწევს აღარც სინათლე და აღარც ხმაური .
ილიამ ანას თავისი ბიზნეს გეგმა გაანდო , უთხრა რომ მიზნად აქვს საკუთარი კომპანიის ფილიალი თბილისშიც გახსნას და ანას დახმარება სთხოვა, მან როგორც წესიერ, პატიოსან საქმოსანს და ადამიანს შეეფერება , იცოდა რომ ანა ვერ უღალატებდა თავის დამსაქმელ ფირმას და აიტომ შესთავაზა მას , საქართველოში გახსნილი ახალი ფირმის პროექტები ხრისტოს ფირმის გავლით განეხორციელებინათ , რაც იმას ნიშნავდა რომ ნებისმიერი პროექტის მოგებიდან პროცენტები ხრისტოს ფირმასაც დაერიცხებოდა , უბრალოდ საჭირო იყო ,რომ ამ პროექტებისთვისაც ანას ეხელმძრვანელა.ანას რათქმაუნდა ეს ორმაგ დროს წაართმევდა , თუმცა მას შეეძლო მოსწავლეებისთვის თავი დაენებებინა და მათთვის განკუთვნილი დრო ამ დამატებითი საქმისთვის დაეთმო , აქედან ხომ ანა მეტ სარგებელს და უფრო დიდი ანაზღაურებას მიიღებდა.
ილიას წინადადების ხელიდან გაშვება ანას მხრიდან დიდ სისულელედ ჩაითვლებოდა , იმ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ ,რომ ხრისტო უკვე წელიწადნახევარი ანას არაფრით არ უმატებდა ხელფასს და არც ბონუსებს ურიცხავდა . ამიტომ ანამ პატიოსნად გააცნო ხრისტოს ილიას წინადადება , აუხსნა რომ ილია აპირებდა მისთვის მინდობილობის გამოგზავნას ახალი ფილიალის გასახსნელად და რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალედ განხორციელდებოდა ხრისტოს ფირმის უშუალო ჩართულობით.
ხრისტოს აშკარად შეეტყო,რომ არ დაუჯდა ჭკუაში ეს წინადადება, თუმცა მაშინვე არ გასცა პასუხი ანას და დრო სთხოვა დასაფიქრებლად.
ვიდრე ქრისტო ფიქრობდა , ილიამ გადაწვიტა მინდობილობა მაინც გამოეგზავნა ანასთვის , რადგან თანხმობის შემთხვევაში ზედმეტი დრო აღარ დაიკარგებოდა.
ანამ ამ მინდობილობის ასლი დაუფარავად შეინახა თავისი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე საქაღალდეში, რომელსაც ასე დაარქვა კიდეც ,, მინდობილობა”
ხრისტოს და ანას საუბრიდან დაახლოებით 2 კვირა იყო გასული , როდესაც ერთ დღეს ოფისში ყველაზე ადრე მოსულმა ანამ კარები ვერ გააღო. -აკრეფილი კოდი არასწორია - წერდა მონიტორი მიუხედავად იმისა რომ ანა მთელი იმ ხნის მანძილზე რაც მუშაობდა, იმ კოდით აღებდა კარებს.
- ხრისტო ოფისის კარები არ იღება, კოდი არასწორიაო მიწერს , ეტყობა რაღაც ტექნიკური ხარვეზია , დაურეკა ანამ მაშინვე ხრისტოს,
- დამელოდე. გზაში ვარ მალე მოვალ , გაისმა ყურმილში ხრისტოს მკაცრი ხმა , კავშირი უმალ შეწყდა.
ხრისტო მოვიდა , აკრიფა კოდი და კარი გაიღო, -კოდი ახალი იყო , შეცვლილი.
შემოდი , ისევ ცივად მიმართა ხრისტომ ანას და ოფისში უცხოსავით შეიპატიჯა
ანა თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა , ლეპტობი გახსნა და ჩართვა გადაწყვიტა.
- ვერ ჩართავ , მაგასაც ახალი კოდი ადევს.
-რატომ ? დაინტერესდა ანა
- არ იცი რატომ ?
-არა, არ ვიცი ?
-აბა მე გეტყვი , იმიტომ რომ გველი გამიზრდია უბეში , იმიტომ რომ მე,რომელმაც ყველაფერი გასწავლე, შენგან უნაკლო პროფესიაონალი ჩამოვაყალიბე , მე- ასეთ ადამიანს, ზურგში დანა ჩამცხე და მიღალატე , იმ ვიღაც გადამთიელზე გამცვალე , გეგონა ვერ გავიგებდი ჩემს ზურგს უკან რასაც ხლართავდით ?
- რას ვხლართავდით ხრისტო შენს ზურგს უკან?
- არ გინდა ანა, ნუ ცდილობ უცოდველი კრავის როლის მორგებას, მინდობილობა ვნახე შენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე ,საქარალდეში გიდევს, ასე რომ მოიხსენი ნიღაბი და ნუღარ მატყუებ ,მაინც აღარ გამოგივა.
- განა მე ამ მინდობილობის შესახებ არ მოგიყევი ხრისტო ? დამალვა რომ მდომოდა თვალსაჩინო ადგილას კი არ დავტოვებდი , ისეთ ადგილას შევინახავდი, საერთოდ რომ ვერავის მიეგნო, მაგრამ არაფერი მქონდა დასამალი და არც დამიმალავს . მე ხომ ამ ორი კვირის წინ ილიას შემოთავაზების შესახებ ყველაფერი მოგიყევი , ისიც გითხარი როგორ და რა გზით შეიძლებოდა ამის განხორციელება , ისე რომ ჩვენი ფირმა უშუალოდ ჩართული ყოფილიყო ყველა პროცესში.
- კი მაგრამ მე ჯერ თანხმობა არ მომიცია და შენ კი ყველაფერი უკვე უჩემოდ გადაწყვიტე .
- მე ჯერ არაფერი გადამიწყვეტია ხრისტო, მე შენს პასუხს ველოდებოდი.
- ჩემი პასუხია , არა! გარდა ამისა მე კატეგორიულად მოვითხოვ შეწყვიტო ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობა ილიას ფირმასთან და აღარასოდეს მიხსენო მისი სახელი მომავალში.
- დაწყებულ პროექტებს შუა გზაში ვერ მივატოვებ, ამას ვერ ვიზავ ხრისტო .
- ანუ მეინააღმდეგები კიდეც ? შენ რა გგონია ეს ვაჟბატონი იმიტომ შემოგიძვრა, რომ მისთვის რამეს წარმოადგენ ? შენ მას უბრალოდ ახლა,ამ სიტუაციაში სჭირდები , გამოგიყენებს და მერე ძველი ნახმარი ნივთივით მიგაგდებს , ხომ არ გგონია რომ უკან მიგიღებ ? ნურას უკაცრავად, ვერ ეღირსები , ამიტომ ახლავე მიიღე გადაწყვეტილება: ან რჩები აქ და დაუყოვნებლივ წყვეტ ყოველგვარ ურთიერთობას ილიას ფირმასთან , ან დღესვე მიდიხარ სამსახურიდან!
- ილია აქ არაფერ შუაშია ხრისტო, ნებისმიერ ჩვენს პარტნიორთან , ვისთანაც კი უკვე ჩაშვებულია პროექტი , მისი შეწყვეტა უნამუსობაა და მეტი არაფერი, დავამთავროთ ის რაც დაწყებულია და მერეზე -მერე ვიმსჯელოთ.
- მე ჩემი საბოლოო სიტყვა გითხარი , შენგანაც ახლავე ვითხოვ გადაწყვეტილების მიღებას ,ამ წუთას!
ანა უსიტყვოდ წამოდგა , ხელი წამოავლო ჩანთას და კარისკენ გაემართა.
- მაშ ესაა შენი პასუხი ხომ? მიაძახა განრისხებულმა ხრისტომ , მაშინ ნება იბოძე და დამიბრუნე ის თანხა, მე რომ ზღვაზე დასასვენებლად გადაგიხადე , შვიდასი დოლარი ხვალ დილისთვის აქ,ამ მაგიდაზე დამახვედრე !
ანა გამტკნარებული სახით შემობრუნდა ხრისტოსკენ...
- ხრისტო მე მაგ ფულს დაგიბრუნებ , გველის ხვრელშიც რომ მომოხდეს გაძრომა, მაინც ვიშოვი და მოგიტან.
ანა ოფისიდან გავიდა.
ვინ მოსთვლის უკვე მერამდენე იმედგაცრუებითვის , ცხოვრების მერამდენე მარცხისთვის უნდა გაეძლო . თითქოს ქვად იქცა - ლოდად ,რომლის ჩამოშლას ყოველი მხრიდან ასე გულმოდგინედ ცდილობნენ. ანაწევრებდნენ ნაფხვენ -ნაფხვენ , აქუცმაცებდნენ ნამცეც- ნამცეც ,ლოდს რომლის გაქვავებული სხეული ამ შემოტევებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა , მაგრამ იდგა , მაინც იდგა უდრეკად ,რადგან ლოდს უდრეკად დგომის გარდა სხვა დანიშნულება არცა ჰქონია ოდესმე .
ოფისიდან გამოსულმა ანამ ბევრი ფიქრის გარეშე, გეზი უისტიციის სახლისკენ აიღო და იმ დღესვე მინდობილობის მეშვეობით ახალი კომპანია დააარსა . 2013 წლის 19 სექტემბერი იდგა , ანას ძალიან კარგად ახსოვს ის თარიღი, რადგან სწორედ იმ დღიდან დაიწყო მისი ახალი, რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების ეტაპი.
ილიამ ანა დაამშვიდა, სთხოვა არ ენერვიულა, ძალიან მართებული არგმენტების მოყვანის მეშვეობით აუხსნა, რომ იგი არაფერში იყო დამნაშავე , და სინდისის ქენჯნა თუ ვინმეს უნდა აწუხებდეს ეს ანა კი არა ხრისტოა.
- მიუხედავად იმისა ,რომ ჩემის აზრით ხრისტოს კაპიკიც კი არ ეკუთვნის შენგან, მშვიდად რომ იყო და გული არაფერზე რომ არ გეთანაღრებოდეს , მისთვის მისაცემ ფულს დღესვე გამოვაგზავნი , მიიღებ თუ არა მიუტანე , ან თუ აღარ გინდა მისი ნახვა ჩაურიცხე.
-მადლობა ილია, ამ თანხას უკლებლივ დაგიბრუნებ , მისვლით კი აუცილებლად მივალ , თვალებში უნდა ჩავხედო და რასაც ვფიქრობ ყველაფერი უთხრა.
ილიას გაეღიმა - თანხის დაბრუნებაზე ფიქრი უკანსაკნელია ,რაზედაც გმართებს იფიქრო ამ ეტაპზე , ჩვენ ახალ ინდუსტრიას ვქმნით , ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ , აი რაზე გაქვს საფიქრალი , შენი ნიჭით და მონდომებით მე და შენ მთებს გადავდგავთ ,დღეიდან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
ანა მეორე დღესვე ამიადგა ხრისტოს ოფისში , გაუწოდა თანხა და უთხრა:
- აი ის შვიდასი დოლარი ,რომელიც შენის აზრით მე შენი მმართებს , მაგრამ ამ კონვერტში მარტო ფული არ დევს , აქ დევს მთელი წელიწადნახევრის მანძილზე ჩემს მიერ გამომუშავებული მოგების ყოველთვიური ანგარიში . დაითვალე ამ მოგების ის 10%, მე რომ ბონუსის სახით მერგებოდა , მერე შეაჯამე და გაიგებ, მე მმართებს შენი ,თუ შენ გმართებს ჩემი . ღმერთმა წყალობა არასოდეს მოგაკლოთ შენ და შენს ოჯახს , მშვიდობით.
ილიამ ანა თბილისის ფილიალის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნა, გამოუგზავნა მას თანხა ოფისის დასაქირავებლად, ასევე ყველა საჭირო ინვენტარის შესაძენად და ,, სტაფის ,, შესარჩევადაც კი სრული თავისუფლება მიანიჭა, ანამ ცხოვრებაში პირველად იგრძნო დაფასებულად თავი, მას ენდობოდნენ , მის აზრს ითვალისწინებდნენ და რაც მთავარია ღირსეულ პარტნიორად აღიქვავდნენ , არ აგრძნობინებდნენ თავს დავალებულად და არ აკნინებდნენ მის შესაძლებლობებს. ანამ გარშემო შემოიკრიფა მართლაც რომ ღირსეული თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, იქ მუშაობდნენ არა პროტექტორობით , არც ნაცნობობით და მეგობრობით აყვანილი ადამიანები , იქ მუშაობდა უბრალო ხალხი , რომლებიც ანამ მხოლოდ თავისი ინტუიციის მეშვეობით შეარჩია, შეასწავლა მათ ის , რასაც რამოდენიმე წლის წინ ,თავად დიდი მონდომებით ეუფლებოდა , უზრუნველყო ისინი ღირსეული ხელფასით და ამით უძლიერესი კომპანიის დაარსებას ჩაუყარა საფუძველი.
ორი წლის მანძილზე ილია რამოდენიმეჯერ ეწვია თბილისს, თუმცა ჯერ კიდევ პრიბალტიკაში ცხოვრობდა , მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ანა ამჩნევდა თუ როგორ მატულობდა ილიას მხრიდან მის მიმართ ყურადღება ,ანა პირველად მიხვდა თუ რას ნიშნავს ,ღირსეული მამაკაცის მზრუნველობა საყვარელი ქალის მიმართ . ილია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ანას სახეზე რაც შეიძლება ხშირად ენახა ღიმილი, ის ცდილობდა ყოფილიყო კეთილი ჯადოქრის როლში ,რომელიც აასრულებდა ანას ყველა კაპრიზს, ყველა ოცნებას. იგი აშკარად -დაუფარავად აგრძნობინებდა ანას ,რომ უნდოდა მუდამ მის გვერდით ყოფნა , ცდილობდა ისეთი ნდობა დაემსახურებინა , რომ ანას არასოდეს არ შეეტანა მასში ეჭვი. ილიამ უკანა პლანზე დახია საკუთარი ეგო და დააყენა ანა სამსახურზე , მეგობრებზე , ჰობიზე ,ყველაფერზე უფრო მაღლა. ამ ორი წლის მანძილზე ცდილობდა გამხდარიყო ანასთვის , მამაც , მეგობარიც, უფროსი ძმაც და ხელიდან არ უშვებდა შანსს ეჩვენებინა , თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ანა მის ცხოვრებაში. ბოლოსდაბოლოს მას ხომ ეს თბილისის ფილიალი დიდად არც არაფერში სჭირდებოდა და მისი გახსნაც ანასთვის მოინდომა.
თავდაპირველად ანა ილიას ისე ჩაებღაუჭა ,როგორც წყალწაღებული ადამიანი ხავსს, ილია მას სწორედ ცხოვრების იმ ეტაპზე მოევლინა , როდესაც უკვე წყდებოდა მისი ყოფნა-არყოფნის ბედი. ამ ყოფნა-არყოფნაში არ იგულისხმება ანას როგორც ფიზიკურად დარჩენა-გადარჩენის საკითხი , აქ იგულისხმება შეინარჩუნებდა თუ არა ანა საკუთარ თავს , საკუთარ მეობას, თუ მორალურად დაეცემოდა ,მიაღწევდა იმ ფსკერამდე,საიდანაც უკვე ვერანაირი ძალა ვეღარ ამოათრევდა. სწორედ ამ გზაგასაყარზე მდგარი ანა გადაარჩინა ილიას გამოჩენამ და რა გასაკვირია თუკი ანა მისკენ ისე გაიწია , როგორც გვირაბის ბოლოს გამოჩენილი მბჟუნტავი სინათლისკენ მიილტვიან.
შეუყვარდა თუ არა ანას ილია ეს თავად ანამაც არ იცის დღემდე , ან კი საჭიროა ქალს სიგიჟემდე უყვარდეს მამაკაცი ? იქნებ არცაა საჭირო ? იქნებ ასეთ ფანატიკურ სიყვარულს მამაკაცის მიმართ არც მოაქვს არასოდეს სარგებელი ? ქალს უნდა ესმოდეს მამაკაცის და ანას ესმოდა ილიასი , ქალი პატივს უნდა სცემდეს მამაკაცს და ანა ილიას უდიდეს პატივს სცემდა , მაგრამ ანამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აღარავინ აღარასოდეს შეჰყვარებოდა ისეთი მონური, დამამცირებელი სიყვარულით, როგორითაც თაზო უყვარდა ერთ დროს.
ორი წლის თავზე ,( სექტემრის თვე იდგა ისევ) ილია სამუდამოდ დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს, ის ჩამოვიდა თბილისში ანას ცოლად მოყვანის გადაწყვეტილებით და ისინი დაოჯახდნენ.
წლების მერე , როდესაც ანა წარმატებული, თავის თავში დაჯერებული საქმოსანი ქალი გახდა, ხშირად უფიქრია იმაზე ,რომ ცხოვრება ადამიანებს უდიდეს გამოცდას უმიზეზოდ არ უწყობს ,რომ ყველა მოვლენას ადამიანის სიცოცხლეში თავის დანიშნულება აქვს და რაც მოხდა ,ალბათ საჭირო იყო რომ მომხდარიყო. სულიერ სიმშვიდეს ნაზიარები ანა დაუბრუნდა თავის ქალიშვილობის დროინდელ ჰობის- ლექსების წერას. თავისუფალ დროს იგი წერდა და ლექსების ენით გამოხატავდა უკვე წარსულში დატოვებულ ძველ ტკივილს თუ სასოწარკვეთას,მწუხარებას თუ იმედგაცრუებას. რატომ აკეთებდა ამას ? ვინ იცის, იქნებ იმიტომ ,რომ ცხელ გულზე ,ეიფორიაში მყოფი ადამიანის გონება საღად ვერასოდეს აზროვნებს ,ხოლო წლების მერე ,ყველაფერს თავიდან ხარშავს და უკვე სწორად აანალიზებს დაშვებულ შეცდომებს თუ არასწორად გადადგმულ ნაბიჯებს და სრულყოფილად აღიქვამს ამ დაშვებული შეცდომების მიერ გამოწვეულ იმდროინდელ სულიერ მდგომარეობას .
- ათი წელი გავიდა , ათი წელი ისე როგორც ათი დღე , ფიქრობდა ანა მწუხრისჯამს ოფისის ფანჯარას შუბლით მიყრდნობილი და იხსენებდა გუშინდელი ნათესავის გრანდიოზული ქორწილის ამბავს ,რომელზედაც სრულიად შემთხვევით მის პირისპირ მჯდარი თაზო აღმოაჩინა . თაზო დაკაცებული , ფერზე მოსული და სრულიად გარდასახული ეჩვენა, თითქოს მიხვრა-მოხვრა და საუბარიც კი ახლებური ჰქონდა, გვერდს უმშვენებდა ახალგაზრდა , სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი , რომელიც თავის მოსაუბრეს როგორც მეუღლედ გააცნო. შენიშნა თუ არა თაზომ ანა , მაშინვე აილანძა და მთელი ის დრო სუფრაზე მის პირისპირ მჯომ ანას თვალს ვერ უსწორებდა .
რა იგრძნო თავად ანამ , თვითონაც კი ვერ ახსნა ზუსტად. ეს ჰგავდა იმ მივიწყებულ უჯრაში ჩაკეტილი ამბის ამოქექვას, გამომზეურებას ,სახეზე აფარებას . ძველად აყმუვლებული ტკივილების შორეთიდან მოღწეული ექოს ხმას, რომელიც აღარ გაშინებს ,თუმცა სულის კედლებს მაინც უსიამოდ კაწრის.
იმ დღეს მათ შორის არაფერი თქმულა და არც გაჟღერებულა, შინ მოსული ანა შეეცადა ჩვეულ კალაპოტს დაჰბრუნებოდა და ნელ - ნელა გამოუვიდა კიდეც დამშვიდება, მაგრამ სწორედ მაშინ როდესაც დაწოლას აპირებდა , სოციალური ქსელის გვერდზე შეტყობინება შემოვიდა, ეს თაზოს შეტყობინება იყო:
- დღეს დაგინახე და მივხვდი რომ ისევ ისე მიყვარხარ როგორც ადრე, ძალიან დიდი შეცდომები დავუშვი ვიცი , ბევრი დავაშავე ისიც ვიცი,მაგრამ მერწმუნე დღე არ გასულა არ მომენანიებინა ჩემი ყველა არასწორი საქციელი , თუ დამიჯერებ დღემდე ვეწამები, მეგონა დაგივიწყე,მეგონა ამოვიგდე შენზე ფიქრი თავიდან , მაგრამ თურმე ერთი შენი დანახვაც საკმარისი ყოფილა, რომ ამ გრძნობას ისევ ისეთი ძალით ეფეთქა ჩემს გულში. ცოლი მოვიყვანე ,თუმცა შენი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნება ჩემთვის ,რომ ბევრი რამ შევცვალო. გთხოვ ხვალ ჩვენს ძველ ადგილზე შევხვდეთ და დავილაპარაკოთ,საათი შენ თავად შეარჩიე....
იდგა ანა ოფისის ფანჯარასთან და დიდხანს ფიქრობდა , თუ რა მიეწერა თაზოს შეტყობინების საპასუხოდ , მერე მაგიდას მიუჯდა და წერა დაიწყო...
საღამოს დაახლოებით რვა საათისთვის თაზოს ანას შეტყობინება მოუვიდა , მან ფრთხილად გახსნა ,,მესენჯერი,, ,თუმცა იქ ლექსის მეტი არაფერი ეწერა :
ნუ მწერ ნუღარაფერს გამახსენებ,
ვეღარ დააბრუნებ რაც წამართვი,
ჩემს ქმარს მე ვეძახი გადამრჩენელს,
შენს ცოლს შენ რაც გინდა ის დაარქვი.
ჯვართ ეცმები? ტაძარს მიაკითხე,
აღსარების თქმისას მოგეშვება
ქარს რაც მოაქვს - უკან მიაქვს კიდეც
სჯობს ჩათვალო თითქოს მოჩვენება
ვიყავი და ნუთუ ვერა ხედავ,
უკვე თქვენობითზე გადავედით,
თვალსაც ვერ მისწორებ - ვერა ბედავ
დადგა ის მომენტი გარდამტეხი
როცა აისბერგებს გადავაწყდით.
ჰო, მეხსიერება უძიროა,
მაგრამ ერთურთს უკვე გადავარქვით
სახელები ჩვენი უსიტყვოა.
ნუ მწერ, რადგან უკვე ვეღარ აღწერს
სიტყვა გრძნობებს სუფთას და უცოდველს,
ჩემს ქმარს მე ვუწოდებ მკვდრეთით აღმდგენს,
შენს ცოლს რაც შენ გსურდეს-ის უწოდე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი