შეუდე, მადლია


ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. უზომოდ თბილი, შრომით და ჯაფით დაღლილი ადამიანებით. მათი დაკოჟრილი ხელების დანახვისას გული ისე მეთუთქება , იქ ჩასული ვცდილობ ცოტახნით მაინც შევუმსუბუქო ყოფა და სოფლის ფერხულში სრული პასუხისმგებლობით ვებმები ხოლმე. ეს ერთგვარი სულის თერაპიაა ჩემთვის.

ამ ზაფხულსაც შვებულების აღების თანავე სოფელში ავედი.
მანქანა ეზოს გარეთ დავაყენე. დილით ვხედავ , ბაკი გაუხსნიათ, ბენზინი მოუპარავთ:😱😱
- არ გაწყრე შვილო, აქაური ბოვშები იზამდნენ მაგას, რაცხა მანქანა მოათრიეს და ადუდღუნებენ დილიდან დაღამებამდე.
არაფერი უთხრა. მაგათით მიდგას სული წლიდან წლამდე, სანამ თქვენ აქ არ ხართ. ნუ მამამდურებ, შენი ჭირიმე, მე დეველაპარაკები მერე- მთხოვა დედამთილმა
-კარგი , დედა, სხვა რა გზა მაქვს, ვუთხარი და ბენზინის მოსატანად სოფლის ავტობუსს გავყევი ქალაქში.

ფანჯრასთან მოვიკალათე და წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ ჩვენი ავტობუსი ხომ ცოცხალი წიგნია, უფრო ხალასი და ჯანსაღი, ვინ გაცლის კითხვას:📒📔📚
გაჩერებაზე რძალ-დედამთილი ამოვიდა. მძღოლს გადასძახა:
-არ წახვიდე, რძალს გავაცილებ და ჩავალ ახლავეო. ხელში დიდი პარკი უჭირავს. დარჩეული , ჭყინტი სიმინდით , ე. წ. ჭყინტი ტაროთი სავსე.
რამდენადაც მორიდებული იყო რძალი, იმდენად აქტიური და ენერგიული ჩანდა დედამთილი: .
ჯერ პირველ სკამზე მჯდარი ორი მამაკაციდან ერთ ერთს რძლისთვის სკამი დაათმობინა . შემდეგ რძალს მიმართა:
- ჰე , შვილო, აქანა დაჯექი პირველ სკამზე, დაგინახოს ყველამ რა ვარდიც მყავხარ, გამომართვი ტარო, გადაშალე ეგ ლამაზი ფეხები და შეიდე შიგ! 😀😀😀( რა თქმა უნდა მანქანის სავარძლის ქვეშ შედებას გულისხმობდა , მაგრამ... 😀)
მგზავრებმა უხერხული სიცილის დასაფარად სახეზე ხელები აიფარეს და ჩუმად აფხუკუნდნენ.😂😂
-რძალი შეიშმუშნა. წამოწითლდა. დაიბნა.😊

- ცოტა ცოცხლად შე ქალო, მძღოლი ჩვენ ხომ არ დაგველოდება აქანა, ჩამწყდა ჭაჭები, ტაროს ნათრევი, შეიდე რო გეუბნები!- არ ცხრებოდა დედამთილი. 😍😍

რძალს ისეთი ვიწრო ბუტილკა ეცვა აშკარა იყო ფეხებს ვერანაირად შლიდა.
აქოთქოთებული დედამთილი ეხლა რძლის გვერდით მჯდარ უცხო მამაკაცს მიუბრუნდა, ტაროს პარკი უცებ მუხლებში ჩაუგდო და მიმართა:
- ჩემო ბატონო თუ ღმერთი გწამს მიმიხედეთ ჩემ რძალს, ,ცოტახნით დოუჭირეთ , ავტობუსს ვერ ვალოდინებ ,უნდა ჩევიდე მე, იქნება გზაში შეუდოთ რამენაირათ ფეხებშუა, მადლია! - 😀😀😀მიაძახა მამაკაცს და უკვე დაძრული ავტობუსიდან პატარა გოგოსავით ჩახტა.😀😀
ხალხი უფრო მეტად ახორხოცდა. სახტად დარჩენილი უცნობი მამაკაცი და დარცხვენილი ქალი აწურული იჯდა სოფლის ავტობუსში და ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ. ეტყობოდათ ორივენი ამ სოფლის სტუმრები იყვნენ.

უღირდა კი იმ საცოდავ ქალს ეს ტარო ასეთ ქილიკად?!..😪😪
მამაკაცს?
ალბათ აღარც ტაროს და აღარც სოფელს სათოფეზე აღარ გაეკარება არცერთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი