მერე და რას იტყვის ხალხი?
იმ დროს მესტუმრა სოფლიდან, დიდი ხნის უნახავი ბებია , ასე , სამუშაო ფორმაში გამოწყობილი საძინებელში შპალერს ვაკრავდი: -გენაცვალოს ბებიაშენი, რაფერ ხარ? ასე მარტვა ქე დაზარდე შვილები, ვერ წეგეშველეთ ვერაფერში, ყოჩაღი ქალი ხარ შენ, ავ-კარგიანი, მტერ -მოყვარის დამფასებელი. -გენაცვალე ბებიკო, ჩვენ რა გვიჭირს, ვზრდით ერთმანეთს , ზოგი გვეშლება , ზოგს კარგად ვართმევთ თავს, ზოგს ცხოვრება გვასწავლის , შემსწორებელი არ გვყავს არავინ ამ უკუღმართი ცხოვრების მეტი და ვართ ასე, - ვუთხარი და შპალერზე წებოს წასმა განვაგრძე. -დაგენაცვლოს ბებიაშენი , რაფერ ხარ,მომიყევი, რამე ხომ არ გიჭირს, არ დამიმალო? ამბობენ, რაც ქალაქში წევიდა ლექსების წერა დეიწყოვო , ნუ მაშინებ შვილო! ცოტა რაცხა შეილება წაჯღაბნო მარა, სერიოზულად არა, თავი არ მამჭრა სოფელში,იტყვიან ჭკუაზე შერყეულა ეფემიას შვილიშვილიო, ხო იცი ღვარძლიანია ხალხის ენა, იმ ფერს მეიგონებენ ქვას გახეთქამს ღვარძლი,მერე რაც არ უნდა ბევრი სიკეთე ქნა ვეღარ შოუცვლი ხალხს პირველ აზრს,ხალხი ცუდს უფრო ადვილად იჯერებს შვილო! ხომ გახსომს ეგერ, ღელეგაღმა რო ცხოვრობდა,საწყალი ნუნუა, რა დამართა ხალხის ენამ, ნათელში იყოს მისი წმინდა სული, ეს რომ სოფლის შარაზე გეივლიდა ღრუბელი იწმინდებოდა ცაზე?! - არა, არ ვიცი ბებო, მიამბე შენი ჭირიმე! - რა და ლერწამივით ბიჭი აკითხამდა 2 წელი. უყვარდათ და შეხაროდნენ ერთმანეთს. მერე, გეიწვიეს ბიჭი ჯარში , გოგო დეიგულეს მარტვა, ოუგორეს და ოუგორეს ჭორები, ვითომ სხვამ შეაცდინაო, მიუვიდა ეს ხმა შეყვარებულ ბიჭს, არც კი უკითხავს, არც უცდია ამბის გარკვევა:- გალანძღულ ქალს სახლში არ შემოგაშვებინებო- უბრძანებია მოსასპობ დედამისს. ჩამევიდა ბიჭი ჯარიდან, მეიყვანა სხვა ქალი-გარიგებით. გარიგებული ქალი რას მიქვია შვილო! გარიგებული კი არა 16 წელი ერთ მერხზე ვისხედით მე და ბაბუაშენი, მერხიდან გვიყვარდა ერთმანეთი მარა ოჯახმა სხვა სახე დამანახვა მისი. დღემდე ვხოცავთ ერთმანეთს, მე მისი ენა არ მესმის და იმას ჩემი. - რათა ბებო, რათა?- რა ენაზე საუბრობთ კი მაგრამ?-გაოცება ვერ დავმალე. -ეხ შვილო, ქართულად ვსაუბრობთ მაგრამ შენ გგონია ეს საკმარისია ? ოჯახის ენა , ცოლ-ქმრის ენა სხვაა. შეიძლება გესმოდეს ყურში მაგრამ ვერ იგებდე, თუ კი ის შენი სულის ნაწილი არაა , თუ კი შენი ნეკნის ცალი არაა, რთულია იპოვო ოჯახური სიმშვიდე და ბედნიერება. - მივხვდი რომ ბებო მართალს ამბობდა მაგრამ ნუნუას ამბის ინტერესმა მძლია : რა მოხდა შემდეგ,ბებო? ბებო ჩემმა შეკითხვამ წაახალისა და უფრო მეტი დამაჯერებლობით განაგრძო: - ჰოდა, ვერ შეეწყო ბიჭი გარიგებულ ქალს, სულ ჩხუბი და დაკა-დაკა იყო თურმე მათ ეზო-ბაკეში, შიშით გზადაც აღარავინ დეიარებოდა იქით, საიდან ბარი მოფრინავდა, საიდან, ფიწალდი, საიდან ცული ვერ გეიგებდი, სანამ რომელიმე არ მოგხვდებოდა,,, ბიჭმა ოჯახში საპოვნელი შვება სასმელში იპოვა . საწყალი გოგო კი დარდით ჩამოჭკნა ჩამოგლახავდა, ჩოუუქრა მზე თვალებში და ჩეიკეტა სახლში. -მერე რა მოხდა ბებო, მართალი იყო თუ ჭორი? -ერთხელაც სოფლის გზაზე ფეხით მომავალს წამოწევია ეს ბიჭი.. გულმა არ მოუთმინა თურმე, გოუჩერებელია , ძვირფასი მანქანა ჰყოლია ამ ბიჭს, შეძლებული ოჯახის შვილი ყოფილა. არ ვიცი რა ისაუბრეს მანქანაში , მე ვინ მამაძაღლი მეტყვის მაგას, მარა იმან კი გამოჟონა სოფლის ბირჟაზე რომ თურმე ამ საწყალ გოგოს უთქვამს მაინც გალანძული ვარო, გოუძვრია ტანსაცმელი მთლათ და ბიჭისთვის თავისი ერთგულება დოუმტკიცებია .. .მეორე დღეს კი სხვენზე უპოვიათ ჩამომხრჩვალი. ასეა შვილო,ჯანმრთელი ადამიანის სულში არ იბადება ბოროტება , ეს წარუმატებელი, საკუთარ -ცხოვრება ოუწყობელი ხალხია გაბოროტებული, ღვთის მადლმოკლებულნი,შენც რომ გაგაბოროტებს და ღვთისკენ მიმავალ გზას აგაცდენს,,, რა ამის პასუხია და , ცოტა წერე ,შვილო, თუ გინდა, გულს გადააყოლებ. მეც ვწერდი გოგოობაში, აფსუს რა გოგო ვიყავი! (ბებიას გავხარ გენაცვალე),,, ახლა აღარ ვწერ, ბევრი საქმეა სოფელში , ესეც არ იყოს უკუღმართი ბაბუაშენი რას დაგაცლის, მიფრთხობს მუზებსაც და ანგელოზებსაც იმფერი ჭირვეული გახდა სიბერეში. ისე კი , ნამეტანი უსაქმურად ხართ ეს ქალაქელები , არ იცით რაა საკეთებელი და ჯღაბნით რაცხას. გ აფრთხილებ , დაგდებულ ავტორუჩკას არ გეეკარო! -რატომ ვითომ ბებიკო, რას უწყრები მწერლობას? ვუწყრები კი არაშეშფოთებული ვარ შვილო. ტაძარში რომ შევდივარ ღვთისმშომელი და მაცხოვარი ზედაც არ მიყურებს, ეს რას დაემსგავსეთ თქვე უბედურებოო? რა დროს წერაა შვილო, ,, დადეთ კალმები და აიღეთ ხანჯლები, მტერს შემოალეწეთ სხეულზე მაჯები!" ისე ომახიანად წარმოსთქვა ბებომ რომ ვაჟკაცსაც კი შეშურდებოდა მისი . -შენი ხელების ჭირიმე შვილო, დალხინებული მწერალი არ მინახამს არსად ჯერ , შენს დამწუხრებას არ მამასწროს ღმერთმა, მარა, ქე , რავარი კაი ლექსი დაგიწერია მამაშენზე, ტირილით მოვკტი რო წევიკითხე! - კიდო წამიკითხე ! შენი წაკითხული მინდა გევიგონო თვარა ზეპირად ვიცი მთლა,,, .- არ მახსოვს ბებო, მერე წაგიკითხავ.-ვთქვი უხალისოდ რადგან ჩემი ფიქრები ისევ ბებოს ნაამბობ ამბავს დასტრიალებდა და რეალობაში დაბრუნება მიჭირდა: მებრალებოდა ,, ბოროტი ენით დაღუპული ორი წმინდა გული და ცრემლების შკავება მიჭირდა. უცებ ჯიბიდან კონვერტი ამოაცურა, რომელშიც საგულდაგულოდ დაკეცილი ფურცელი ედო, ფურცელზე ლექსი ეწერა,რომელიც მამას მივუძღვენი დაბადების დღეზე,რამდენიმე წლის წინ, ეტყობოდა ძალიან უფრთხილდებოდა . გამომიწოდა თვითონ კი იქვე მდგარ საწოლის კუთხეზე მოიკალათა . კარგი ბებიკო.- ვუთხარი, ფუნჯი დავდე , ხელები გავიწმინდე და ლექსის კითხვა დავიწყე. განსაკუთრებით ბოლო სტროფებზე ვერ მალავს ემოციას, სადაც მის სახელს ვახსენებ, რამდენჯერმე მამეორებინებს და გულაჩუყებული გულზე მიხუტებს ,,,, ეხლა სხვა წამიკითხე , რა კარგად კითხულობ , გენაცვალოს ბებიაშენი, ჩემი ახალგაზრდობის წლები გამახსენდა,,.თქვა და ცრემლიანი თვალები ამარიდა,,, მერე რამოდენიმე ლექსი წავუკითხე, ოღონდ ეხლა სიყვარულის თემაზე. უცებ ბებიას შევხედე და რას ვხედავ: შეწუხებული ქალი ხან იქით გადააქნევს თავს ხან აქეთ: -რა დაგემართა ბებია?- ვკითხე შეშფოთებულმა. რავა რა დამემართა შე ქალო, სად გაგონილა გათხოვილმა ქალმა სასიყვარულო ლექსები წეროს? დაწვი ახლავე, გადაყარე, არ დაწერო მეტი, არ გეიგოს არავინ თვარა მოგვეჭრება თავი სოფელში. მერე და ,, რას იტყვის ხალხი? კარგი კაცი იყო მამაშენი, დიდი სახელი დატოვა სოფელში, ნუ შემირცხვენ მის სულს და სახელს ,გემუდარები, მაცალე სიცოცხლე, ორი დღის წუთისოფელი დამრჩენია კიდო და ნუ დამმარხავ ცოცხლად. -კარგი ბებიკო, ოღონდ შენ მეყოლე კარგად , მეტს აღარ დავწერ , ვუთხარი ღიმილიანი სახით. ასე ჯობია შვილო, ეს სასაცილო საქმე არაა, გაგახსენდება ჩემი სიტყვა გვიან!-ტონი გაამკაცრა ბებიამ. თან დაუმატა: მშვენიერი ხელი გქონია ბებია, მშვენივრად მიგიკოსებია შპალიერი, ბოლო- ბოლო გეიარე მალიარის კურსები, ამბობენ ამ დროში ყველაფერს საბუთი უნდაო, ეიღე შენც საბუთი და იმუშავე მალიარად.სულ ქალები მუშაობენ თურმე ამ ხელობაზე. სოფლიდანაც წამევიდა ბევრი ქალი და მუშაობს. აფსუს, რა გოგო ვიყავი ახალგაზრდობაში. ის ასაკი მამცა ახლა და,,,, -რას იზამ მერე ბებია? -რას და უდღეურ ბაბუაშენს კიდო ერთელ დოუმსებ ისედაც დამსებულ თვალებს, ზედ რომ აღარ მიყურებს საერთოდ ,,,,ე მაგ სკოლაში თუ არაფერი ხეირია, მაგ სასიყვარულო ლექსების წერას ქე დაანებე თავი და სერიოზულ საქმეს ეწიე! ერთი თხოვნა მაქვს ოღონდ: მერე რო მოვკტები , როცხა იქნება, არ დაგავიწყდება, კი მაქვს შენი ოქროს გულის იმედი, ჩემს ქვაზე ერთი ლამაზი ლექსი წააწერინე: ,,, ბებიას სიცოცხლე უყვარდათქო , სიცოცხლე არ ეყოთქო, იმფერი იყოს ყველას მისით ეტირებოდეს რომ წეიკითხოს, ცრემლი ანედლებს მიცვალებულის სულს,,, ცრემლი სანთელივით საჭიროა მიცვალებულისთვის - დეიხსომე შვილო! ბებოსკენ მზერა მალულად გავაპარე,,,, ბებოს თვალებში სევდანარევი , საოცარი სიცოცხლის სხივი ჩასდგომოდა,,,, /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი