ჩემი მონოლოგი
მე დავიბადე იქ, სადაც ჯანსაღი ურთიერთობები არა ,,ლაიქებით“, არამედ ჭურში ღვინის რაოდენობით , მისი გრადუსით იზომება. სადაც, მამა- პაპურ ბუხარში დაბზარულ, გაჭვარტლულ კეცზე გამომცხარი მჭადი ,,ბელას ტორტებზე“ ასჯერ გემრიელია, იქ, სადაც, ბაბუას დანატოვარი, ჭალაში ჩადგმული , წყლის წისქვილის ხმაურიანი ბრუნვა ბავშვობის საოცარ წლებში მაბრუნებს და თოვლის ქვეშ მიმალულ ყოჩი-ვარდებს , ფირუსულებს, იებს, ყველა ყვავილზე უკეთესი სურნელი ასდით. მე დავიბადე, იქ, სადაც არც ტელეფონი იჭერს, არც ინტერნეტი , მაგრამ კომუნიკაცია ასჯერ მეტად სწრაფი და ნამდვილია. სადაც, ადამიანები , ქალაქში მცხოვრებ , მოვლილ- გადაპრანჭულ თავის თანატოლებზე ათჯერ მეტად დაბერებულები არიან, მაგრამ სულიერად და ფიზიკურად მათზე ჯანმრთელები არიან. მე დავიბადე იქ, სადაც დიდთოვლობის გამო, ზამთარში სასწრაფო ვერ ამოდის, მაგრამ ერთი ტკივილიანი კვნესა სინათლის სიჩქრეზე უფრო სწრაფი სიჩქრით ვრცელდება და გულწრფელ გულშემატკივართა ჯაჭვს არ გამოგილევს სასთუმალთან.იქ, სადაც, საშუალო სკოლის რამოდენიმე კლასი , მოსწავლეთა სიმცირის გამო მთლიანად დახურულია და მაინც ყველაზე განათლებულ, ყველაზე ზრდილობიან, ყველაზე შემწყნარებელ, ყველაზე მშრომელ თაობას ,, მიწის სიყვარულით“ ზრდიან. იქ, სადაც მარანში ,მამა- პაპის დანატოვარი საწნახელი წლებია დუმს, რადგან გლეხის მიერ მიტოვებულ ვენახს გლოვობს . იქ,სადაც არც ეკლესია მონასტრებია, არც სანთლები იყიდება, მაგრამ ყველაზე მორწმუნე ,ყველაზე ღვთისმოშიში, ყველაზე სულნათელი ხალხი ცხოვრობს და ბებიის ხელით ჩამოქნილ ჩვენს სიგრძე თაფლის სანთელს ათასჯერ მეტი ძალა და მადლი აქვს. მე დავიბადე იმერეთის ერთ -ერთ მაღალმთიან სოფეში. სოფელში, სადაც ჩემი ლამაზი ბავშვობა ფხიზლობს და მე ამაყი ვარ ამით! რატომ ვარ ამაყი? - ქალაქელისგან განხვავებით, მე ვიცი რა არის წყლის წისქვილი, ნალია, თივის ზვინი, ბოსელი, თავლა,გუთანი,,,,ტყეში სოკო, მაყვალი, მოცვი,ჯონჯოლი, წაბლი , ანწლი მიკრეფია და მერე ეკლიანი, დაკაწრული ხელებით დავალებები მიწერია , გაყიდული ჯონჯოლის, მოცვის .მაყვლის, ფულით უნივერსიტეტი დამიმთავრებია. მე ვცხოვრობ იქ, სადაც ადამიანების მოსახიბლად არ მჭირდება, ,,შილაკი“,, ომბრე“, ,,ფრენჩი“, ძვირადღირებული სუნამოები და გამომწვევი სამოსი. სადაც ვფასობ ჩემი შრომით და უბრალოებით: მე ვწველი ძროხას, ამომყავს ყველი, ვაკეთებ ნადუღს,ხაჭოს. ნაღებისგან ვამზადებ კარაქს , ვზელ ცომს და ვაცხობ მამა-პაპურ თონეში , ვართავ ცხვრის მატყლს და ვქსოვ წინდებს ქმარ-შვილისთვის, ვაბამ ხარებს უღელში და ვეზიდები ქმართან ერთად ,შეშას ზამთრისთვის,,, ქალაქელისგან განსხვავებით მინახავს და ვიცი, რატომ ტირის ვაზი ადრე გზაფხულზე! მინახავს როგორ აშენებენ ფრინველები ბუდეებს,როგორ იმზადებენ ცხოველები სოროებს ,ბუნაგებს, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან თავის ნაშიერს ! მე მომიპარავს მეზობლის ბალი,ტარო, თხილი, ყურძენი, ჩურჩხელები, გულაბი, უბელო ცხენიც მომიპარავს და დაღლამდე მიჭენებია-მხოლოდ ბავშვობას და სოფელს უხდება ამგვარი ანცობა. დიახ, მე დავიბადე იმერეთის ერთ ერთ მაღალმთიან სოფელში, , აქაა ჩემი ფესვები და მე ამაყი ვარ , რადგან მყარად ვდგავარ ჩემ ფესვებზე! ყოველი ადამიანი ცოდოა, უბედურია სოფლის გარეშე! /მარი იმწერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი