ბედნიერი ღიმილი


უმზეო დღეებმა  თითქოს  ენერგია გამოაცალა მის დაღლილ სულს . მოსაბეზრებელია  ამდენი სუსხი, სიცივე, ჭყაპი.თოვლი მაინც იყოს, თოვლი უხდება ზათარს.  არ უყვარს წელიწადის ეს დრო, ცივი, გრძელი, უსახო, ნაცრისფერი  დღეებით. მზეს, სითბოს სულ სხვა   იმედი მოაქვს თითქოს. .
 მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.  ვერაფრით დაიძინა. მერამდენედ  გადაანაწილა  გონებაში მწირი  ხელფასი , რომელიც ელექტროენერგიის, წყლის,  გაზის , ინტერნეტის გადასახადზე ძლივს ჰყოფნის, მაღაზიის ვალის ნაწილსაც ვერ ფარავს ამ თვეში, ისევ უნდა მოუბოდიშოს გამყიდველს.  კეთილი ქალია,  გაუგებს. მაგრამ, ბავშვებს რა უთხრას? დაჰპირდა, რომ  ახალ ფეხსაცმელს უყიდდა ხელფასზე,  რით იმართლოს თავი?! არადა,  როგორ ელოდებოდნენ  დედის ხელფასის დღეს. სერტიფიკატი მაინც აეღო, დანამატი მცირედით მაინც  შეუმსუბუქებდა გაუსაძლის ეკონომიურ პირობებს. ყოველ წელს ერთ ქულას აკლებენ. ვერც გასაჩივრებამ მოუტანა შედეგი, სასაცილოა , ერთი ქულა  გააპროტესტა და  ოთხი ქულა  დააკლეს.  ადამიანს თუ  ბედი  დაბადებიდან არ დაგყვა მთელი სიცოცხლე შავი ლაქასავით გდევს უბედობა  და არ გშორდება. შენ  კი ჯიუტად  ცდილობ ათასჯერ დაცემული ადგე და განაგრძო გზა... მაგრამ არა და არ  სრულდება უმზეო დღეები...
შვილები რომ არა, შვილები რომ არა... ოი, იმდენჯერ უფიქრია დაესრულებინა ეს მძიმე ყოფა და გაშორებოდა ამ დამპალ წუთისოფელს.  მძინარე შვილებს დახედა, უფალს მადლობა შესწირა მათთვის, ყელში ბურთივით მობჯენილი ცრემლი გადაყლაპა , ბიჭებს პირჯვერი გადასახა   და საწოლიდან ნაცემ- ნაგვემი  სხეულით ადგა. უღვთოდ ეწვოდა უძილო თვალები .
******
კლასში მხიარული განწყობით შევიდა . მოსწავლეების ცქრიალა, სუფთა თვალების დანახვა ყველა პრობლემას წამებში ავიწყებს და ცდილობს მთელი ენერგია ამ ჯადოსნურ წუთებში ჩადოს.. ბავშვებიც გრძნობენ მასწავლებლის მზრუნველობას, სიყვარულს, როგორც კი დაინახავენ გარს ეხვევიან, ეფერებიან. პატარა ხელებით, თვალებით და დიდი თბილი გულით თითქოს ერთურთს ეჯიბრებიან  მასწავლებლის სიყვარულში.
შემდეგ სიმშვიდე ისადგურებს და გაკვეთილი იწყება.
დღესაც ასე დაიწყო:   პატარებს დიდებისგან განსხვავებით უადვილდებათ ემოციის ,  სიყვარულის გამოხატვა.  სუფთა , უმწიკვლო და გულწრფელია მათი  გული . დღესაც მასწავლებლის დანახვისთანავე  გაბრწყინებული სახეებით წამოცვიდნენ, შემოეხვივნენ .ეტყობათ, ძალიან მონატრებოდათ მასწავლებელი..  მხოლოდ  ერთი გოგონა, პირველი მერხიდან,    თვალს ადევნებდა  თანატოლების და მასწავლებლის  თბილ დამოკიდებულებას და ადგილიდან არ იძვროდა.
ნანა მასწავლებელმა საშინაო დავალება გამოიკითხა, ყველას ჰქონდა შესრულებული, გარდა ნინიასი , ასე ერქვა  იმ ქერა მოსწავლეს,, რომელიც გაცრეცილი, ნაზი სახით და ცისფერი წყლიანი თვალებით შეჰყურებდა მათ და ხმას არ იღებდა. 
 მაწავლებელი ნინიასთან მივიდა:
-შენ ახალი ხარ?
-არა. - თავი ჩაჰკიდა გოგონამ. 
-აბა,  სადაა შენი დავალება?
- არ დადიოდა!
-სულ აცდენს! მოესმა აქეთ- იქიდან ბავშვების წამოძახილი.  ამ დროს კლასის დამრიგებელი შემოვიდა , ყურში რასაღაც ჩასჩურჩულა. ნანა მასწავლებელს თვალებში ჯერ არ განცდილი სევდა ჩაუდგა და ღაწვებიდან   ცრემლი  უჩუმრად მოიწმინდა. 
- მაინც განაგრძო,  გაკვეთილი ახსნა. ძლივს უყრიდა აზრებს თავს, ეტყობოდა , უმძიმდა საუბარი. მოსწავლეების დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია მასწავლებლის ხასიათის ცვლილება. თუმცა ყველანაირად ცდილობდა არ შეეჩნია მათ.
     იმ დღეს ,  ყველაზე მეტი დრო  ნინიას დაუთმო, აუხსნა ზოგი საკითხი წინა მასალიდანაც, რაც ახალთან იყო კავშირში.  რამდენი  რამ ისწავლა და დაიმახსოვრა გოგონამ იმ დღეს. უხაროდა, ბრწყინავდა . მუსიკასავით ჩაესმოდა  ნანა მასწავლებლის ხმა . ზარის ხმა არც კი გაუგია. უცებ  ყველასგან  მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და მასწავლებელს ლოყაზე ეამბორა.
 
*****
გულდამძიმებულმა დატოვა საკლასო ოთახი.მიაბიჯებდა   სკოლის დერეფანში   და გული სავსე ჰქონდა ერთდროულად სევდით, ტკივილით და აღსაზრდელების სიყვარულით. სკოლა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც პირად პრობლემებზე ფიქრისთვის არასდროს  ეცალა.  
ნანა მასწავლებელოოო!- მოესმა უეცრად ზურგსუკან მისუსტებული ხმა.  მოიხედა და პატარა ნინია დაინახა, რომელიც ცდილობდა მასწავლებელს დასწეოდა. 
- სად გარბიხარ ნინია,ფრთხილად, არ დაეცე, ხელი შეაშველა ..
- თქვენთან , თქვა  და სიცოცხლით სავსე თვალები შეანათა .
- რა მოხდა ნინია?
- კიდევ როდის მოხვალთ ჩემთან ?
- მალე მოვალ ნინია მალე. დღეს ხომ არის ორშაბათი, კიდევ რომ მოვა ორშაბათი ისევ მოვალ. და ყოველ ორშაბათს მოვალ.
- გოგონას თვალები აუწყლიანდა. ორშაბათი შორსაა მასწ!
- არაუშავს ნინია, შორსაა მაგრამ ხომ მოვა მაინც?-გაუღიმა მასწავლებელმა.
-რომ არ მოვიდეს?  იცით,  მე სკოლას ხშირად მაცდენინებს ბებო, რადგან ცუდად ვარ, მაგრამ ბევრ წამალს დავლევ , ძალიან ბევრს, კარგად გავხდები, ბებოს ვეტყვი რომ თქვენს გაკვეთილზე აუცილებლად მატაროს  ხოლმე..
- დედა სად გყავს ნინია?
- დედამ მე და და მამა მიგვატოვა. 
- სად წავიდა , როგორ მიგატოვათ?
-ცაშია.... აი, იქ, ფანჯარასთან მიირბინა გოგონამ  და თითი ცისკენ გაიშვირა. იცით, თქვენ ძალიან ჰგავხართ ჩემ  დედას .
- ნანა მასწავლებელმა აქ კი ტავი ვეღარ შეიკავა, გული ამოუჯდა,  ნინია ხელში აიტაცა ,  გულში ჩაიკრა,  აწყლიანებული თვალები დაუკოცნა , დაამშვიდა  და კლასში გაუშვა.
*******
საშინლად გაიწელა ერთი კვირა. ენატრებოდა ღვთისმშობელივით უმწიკვლო გოგონა და გული სიმწრით ეწიწკნებოდა. ნინია არსად ჩანდა. ჟურნალში ერთი, თითქოს უბრალო არა დააფიქსირა. გულში  რაღაც უჩვეულო ტკივილი იგრძნო . კლასს კიდევ ერთხელ თვალი მოავლო  და გაკვეთილი განაგრძნო. არც შემდეგ გაკვეთილზე გამოჩენილა გოგონა.  დამრიგებელს ჰკითხა ამბავი..
- ნინია ძალიან ცუდადაა, უკვე ჩავარდა ლოგინად, ცრემლები წასკდა დამრიგებელს. გუშინ ვიყავით სანახავად. გიკითხათ . ნანა მასწავლებელს მეტი არაფერი გაუგონია,    ნინიას მისამართი ჩაიწერა, დირექტორს დაეთხოვა და ბავშვის  სანახავად ატირებული  გაიქცა.
ნინია  კი თავისი ხანმოკლე ცხოვრების ბოლო წამებს ითვლიდა, როცა მასწავლებელი მის სარეცელს მიუახლოვდა , თითქოს იგრნო მისი მოსვლაო, თვალები ბოლოჯერ გაახილა, ბედნიერი ღიმილი დაეფინა  ფერმკრთლ სახეზე,
- მოხვედით !
ნანა მასწავლებელი გოგონას ჯერ ისევ თბილ  სახეს დაეკონა.

მცივა... ძალიან მცივა... ჩამეხუტეთ, გამათბეთ, ისე როგორც იქ, კლასში.... დედა....დედა....დე...  
******

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი