ასწავლე სიყვარულით
I თავი. ქალი და დიპლომი -რომანი, კაცო, ერთ წელიწადში ბოვში სკოლას ამთავრებს, აკლამს წიგნებს თავს, მარა სკოლის ცოდნა რას ეყოფა, ცოტა თუ არ წავაშველეთ ხელი ჩვენც. ეს ერთი წელი გევიჭივროთ და მოვამზადოთ იქნება რამენაირათ!- ფრთხილად შეაპარა ერთ საღამოს დედამ, ქალაქიდან დაბრუნებულ მამას. -მეტი რაღა გევიჭირვოთ ქალო, ლამპაში ნავთი არ გვაქ, საპურეში პური და კასრულში საჭმელი. თუ ტვინი აქ , თავისი ჭკუით ჩააბაროს! ეგერ ჩემი ძმაკაცი, სოსიას გოგო ვერ მეეწყო ისტორიულზე მისით?! ქე მეეწყო, თანაც უფასოზე და თანაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტში! ე, შვილი მაგან უნდა დეიქადნოს! მე ვინ მამცა მაგის ბედი?! -მაგის გოგო ოთხი წელიწადი ემზადებოდა და აღარ იყო დრო რო ჩეებარებია? - სიტყვა არ დაუთმო დედამ. - მე ბოვშის სწავლა-განათლებაში ფულს არ გადავყრი! მითუმეტეს გოგოს სწავლაში. აგერ ორი ბიჭი მეზდება. ჩვენი მარჩენალი ეგენი უნდა იყვენ სიბერეში, თუ სწავლაა,ბარემ მაგათ ვასწავლი. გოგო წავა, გათხოვდება, ქმრის მორჩილი უნდა იყოს. ქალის კისერზეა ოჯახში ყანა, ბოსტანი, ვენახი, ბოსელი, შვილები, ქათმები, სტუმარი თუ მასპინძელი. რაში ჭირდება დიპლომი და სწავლა? ერთთავად სამსახური არ იშოვოს , ფული არ შემეიტანოს ოჯახში! რათ უნდა დიპლომი? თუ ჩააბარებს მისით, ჩააბაროს! მე ხელს არ შოუშლი, პირიქით, შოუწყოფ! თუ არა და გამოუძებნოთ ერთი ხეირიანი, მეოჯახე, კაი ოჯახის შვილი და გავათხოვოთ დროულათ. თანაც ვიცი : თუ ქალი სწავლას გადაყვა, გათხოვებას აღარ მეიფიქრებს და მამეჭრება სოფელში თავი. შინაბერა უზით სახშიო- იტყვის ხალხი. ბიჭებსაც ხელი შეეშლებათ ცოლის თხოვნაში. მერე რაღა ვქნათ, ვიჯდეთ სიბერეში , სიბნელეში და მოშიებულებმა მაგის დიპლომი ვჭამოთ? შენც ქე გაქ დიპლომი ქალო, მარა გამეიყენე ძროხებთან და ღორებთან რამეში? მორჩა, ამ თემაზე საუბარი მეტი აღარ გევიგონო ჩემ ოჯახში !-მკაცრი ტონით დაასრულა საუბარი მამამ.(მართლაც, ამის შემდეგ ოჯახში ამ თემაზე აღარაფერი თქმულა). II თავი. განათლება ლამპის შუქზე მე და ჩემი ძმები ერთ საწერ მაგიდასთან ვიჯექით, მომდევნო დღისთვის გაკვეთილებს ვამზადებდით და მშობლების დიალოგს უხმოდ ვუგდებდით ყურს. ლამპა ისე ბჟუტავდა, ასოების გარჩევა გვიჭირდა წიგნში. -აბა, შვილებო,დახურეთ წიგნები და დაწექით! ნავთი თავდება ლამპაში. ნავთის მანქანა კვირის ბოლომდე არ ამეეთრევა ქალაქიდან და იჯექით მერე ბნელაში. თან ისე თოვს გარეთ, თუ ასე გააგრძელა, იმხელას დადებს, კვირის ბოლოს კი არა, გამოზაფხულამდე ვერ მოახწიოს შეიძლება მანქანამ ჩვენამდე - გვითხრა , მწუხარე ხმით დედამ. იძულებული გავხდით სწავლა შეგვეწყვიტა და დასაძინებლად წავსულიყავით. დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე. მამას სიტყვებმა, მისმა მსჯელობამ ძალიან მატკინა გული. მივხვდი, რთულად იყო ჩემი საქმე. რადაც უნდა დამჯდომოდა პირველივე წელს უნდა ჩამებარებინა უნივერსიტეტში და თანაც უფასოზე! მაგრამ როგორ? სკოლიდან მოსვლის შემდეგ დედას ვეხმარებოდი სასოფლო საქმეების კეთებაში. საღამოს კი ნავთი ხან იყო ლამფაში და ხან არა. თუ ლამპაში ნავთს დავიგულებდი, დაველოდებოდი როდის დაიძინებდა ყველა, გავიტანდი ჩუმად ჩემს ოთახში და მთელი ღამე ვმეცადინეობდი. ამის გამო ბევრჯერ ვეხვეოდი უსიამოვნებაში, რადგან მეორე დილას ლამფა უკვე ცარიელი იყო. შუქი მხოლოდ შუადღის პირველიდან სამ საათამდე გვქონდა, გრაფიკით. ამასთანავე, სკოლა , სადაც მე და ჩემი ძმები ვსწავლობდით მეორე სოფლის ბოლოში იყო. ერთი საათი ჩასვლას ვუნდებოდით, სამი საათი ამოსვლას, რადგან მოშიებულებს სიარულის თავი აღარ გვქონდა.სულ ზეპირად ვიცოდი ვის ბაღში ვაშლი იდგა, ვისთან ზღმარტლი, ვისთან ყურძენი. დაუსახლებელი ტყიანი ადგილებიც იყო გასავლელი სკოლამდე. იქ კუნელი და ძახველი ხარობდა, რომელიც ზამთარში მწიფდა. იფ, როგორი ტკბილი იყო მოშიებულზე! ფაქტობრივად გზაში ვიყავით მთელი დღე. შემოდგომა - გაზაფხულზე მოგეხსენებათ დღე უფრო დიდია და უფრო ვახერხებდით სწავლას, ზამთარი იყო მოკლე , ამასთანავე საშინლად ცივი და სუსხიანი: იმხელა თოვლი იცოდა, სკოლამდე ძლივს ,, მივამკვლევდით“, ფეხსაცმელებში გვიცვივდებოდა. სველი ფეხები გაკვეთილის ბოლომდე ამოგვიშრებ-ამოგვეხარშებოდა , შემდეგ უკანა გზაზე მომავალს ისევ გვისველდებოდა. ასე გრძელდებოდა თითქმის ყველა ზამთარს. კლასში როგორც ყოველთვის, საშინელი სიცივე, რეზინის სუნი და კვამლი იდგა. ქარი არ აცლის დანთებასო -თავს იმართლებდა მასწავლებელი. თან გაგულისებული დააყოლებდა: - რას მეეთრეოდით იმ სიშორიდან! გასართობათ დადიხართ ახლა თქვენ , თვარა სწავლა არ გწყურიათ არცერთს. აგერ, სკოლის წინაც ქე ცხოვრობენ ბოვშები, მარა არცერთი არ გამოცხადებულა დღეს სკოლაში. თქვენ რა გგონიათ, იმათ არ უნდათ და არ უყვართ სწავლა?! კი უნდათ და კი უყვართ, მარა ქე უცდიან გამოდარებას. ვერ დეეტიეთ სახლში , თფილ ფეჩთან? გამოდი ერთი დაფასთან , მომიყევი, რისთვის მეიწყვიტე წელი, რისთვის ჩამოხვედი ამ სიშორიდან, რა ისწავლე ამდენი, რომ ასე მეგეჩქარებოდა?! რა გვქონდა გაკვეთილად დღეისათვის?- ჰკითხა ერთხელ ჩემს გვერდით მჯდომ გიორგის ვანიჩკა მასწავლებელმა, რომელიც სამართალს გვასწავლიდა. - პარლამენტი- ვკარნახობ მერხიდან. პარლამენტი- იმეორებს გიორგი. - რა არის პარლამენტი, მითხარი და გიწერ ხუთიანს?!(ხუთბალიანი შეფასების სისტემა იყო მაშინ) გიორგი ხმას არ იღებს! - ჰმმმმმ, გისმენ! რა არის პარლამენტი? -უმეორებს მასწავლებელი. - დამავიწყდა მასწ, არა და ვისწავლე, დედასაც ჩავაბარე წუხელ! - თავი მოისაწყლა გიორგიმ. - ბიჭო რა დაგამიწყდა? ნასწავლი რაფერ დაგამიწყდა? მე რომ შენხელა ვიყავი, მაშინდელი ნასწავლი ახლაც ქე მახსომს, რას ქვია დაგამიწყდა?! აბა შენ რო ჩემხელა გახდები, რაღა გეხსომება?ხელები უიმედოდ გაშალა მასწავლებელმა. - კი, ნამდვილად ვისწავლე მასწ, მაგრამ იმ სიშორიდან ჩამევედი, თანაც ამ ქარ-ბუქში, სულ ცოტა, ხუთჯერ მაინც გამეყინა ტვინი გზაში და აღარ გალღვა მასწ. ამ ფეჩის იმედი მქონდა და ესეც ვერ დავანთეთ, გამილღვება და გამახსენდება. მანამდე სხვას კითხეთ მასწ! - უპასუხა გიორგიმ ვითომ შეწუხებულმა. - მაშ, ხუთჯერ ხო, ყმაწვილო?! ხო და, ხუთ ურემ შეშას რომ ჩამომიბრძანებს მამაშენი ხვალე დილით სახლში და დამიწყოფს, მერე აღარ გაგეყინება ტვინი , გასაგებია? - დიახ მასწ ! - ბიჭო , პარ-ლა-მენ-ტი, პარლამენტი ნიშნავს ლაყბობას, შენისთანა უქნარების, უსაქმურების და ენაგრძელების თავშეყრის ადგილს. გასაგებია?! - დიახ მასწ! -ძლივს გასაგონი ხმით ჩაიბუტბუტა თავჩაღუნულმა გიორგიმ. - ხო და წადი , დაჯექი, ორიანი უბის წიგნაკში ჩაწერით, ჟურნალში წერტილს გისვამ ხვალ დილამდე. გიორგი წელმოწყვეტით წავიდა მერხისკენ.,,, სკოლიდან შინ მიმავალს სიბნელე მისწრებდა გზაში. დაღლილ -გათოშილს აღარც სწავლის თავი მქონდა, არც სტიმული, მაგრამ მშობლების ხათრი მქონდა. დედა სულ იმას ჩაგვჩიჩინებდა , მასწავლებლის შვილები ხართ და არ შეგვარცხვინოთო! ჰოდა ვსწავლობდი ამ შეგნებით, ვიდრე უკეთესი შეგნება არ ჩამომიყალიბდა. III თავი. მასწავლებელი მამა მამა, რაიონის ერთ- ერთ პრესტიჟულ სკოლაში ასწავლიდა ფიზიკას. სოფელში მხოლოდ შაბათს ახერხებდა ამოსვლას. კვირას ისევ უკან ბრუნდებოდა. ზამთარში, თუ დიდი თოვლი მოვიდოდა, ამოსვლასაც ვერ ახერხებდა, რადგან სოფლის ერთადერთი ,,ორსაათიანი“ავტობუსი, ქალაქიდან ვერ ამოდიოდა. ამის გამო იყო თუ მისი ზედმეტი სიმკაცრის გამო არ ვიცი , მაგრამ მამას მიმართ გაუცხოებას უფრო ვგრძნობდით შვილები, ვიდრე სიყვარულს. ქალაქიდან რომ ამოვიდოდა ერთი სული გვქონდა უკან როდის წავიდოდა. მახსოვს ერთხელ, ფიზიკაში ამოცანა ვერ გავიგე. მამა სახლის წინ , კიბეებზე იჯდა , სიგარეტს აბოლებდა . თითქოს გონებით სადღაც შორს იყო. ჩემი მისვლა ვერც კი შეამჩნია, სანამ ხმა არ ამოვიღე: - მამა, ამიხსნი ამ ამოცანას?-რვეული გავუწოდე. -შენი ნერვები არ მაქ! რისთვის გყავს მასწავლებელი, ვალდებულია მითითება მოგცეს, კარგად აგიხსნას და მერე გამოგატანოს სახლში, ამოსახსნელად!-მიპასუხა გულგრილად. ცივად შემოვბრუნდი, (შეპასუხებას ვინ გაუბედავდა ოჯახში!)კიბის კუთხეში მოღუშული ჩამოვჯექი და ისევ ვცადე ჩემით ამომეხსნა. ამ დროს , მეზობელმა შემოიარა. -რავა ხარ, ბატონო რომანოზ? რა ხდება ქალაქში, რაფერ მიდის სწავლა -განათლება? გვჯობიან ვითომ უქნარა ქალაქელები სოფლელებს რამეთი? - აბა , რა გითხრა ჩემო დათია, ერთს კი ვხვდები, ამ სხვისი ბოვშების გადამკიდე საკუთარი შვილების ხმა ვეღარ ამიტანია შინ, ამათი სწავლისთვის, მათთან ურთიერთობისთვის ნერვები აღარ მაქვს, ესაა ცხოვრება? ღრმად ამოიოხრა მამამ და ,,ნაფაზი“ დაარტყა. ხელფასი მაინც იყოს იმდენი, ოჯახის შენახვას რომ ახერხებდე კაცი. აღარც სკოლა მინდა, აღარც ბოვშვების დანახვა და აღარც ეს გაძაღლებული ყოფა! დილით, რომ გავიღვიძე, ფიზიკის რვეულში წერილი დამხვდა: ,, მაპატიე შვილო, ამოცანა სწორად გაგიგია, ვამაყობ შენით“-მამა წერდა. წერილი გულში ჩავიკარი და ბედნიერი გავეშურე სკოლისაკენ. IV თავი. ჩემი პირველი გმირი და წყევლის საზარელი ძალა სკოლა წარჩინებით დავამთავრე. საბუთები ფიზიკის ფაკულტეტზე შევიტანე და უფასოზეც მოვხვდი. მიყვარდა ფიზიკა? ზუსტად ვერ გეტყვით ფიზიკა უფრო მიყვარდა თუ ფიზიკის მასწავლებელი. ახალგაზრდა კაცი იყო 35-40 წლამდე ასაკის. ძალიან სიმპატიური, სპორტული აღნაგობის. კარგ ხასიათზე თუ იყო თითქოს სხვაგვარი მზე ანათებდა ოთახში.თუ მის ღიმილს, შექებას დავიმსახურებდი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო დედამიწაზე იმ დღეს. ამიტომ, ყოველთვის მომზადებული მივდიოდი მის გაკვეთილზე. ერთი წლის გადმოსული იყო ჩვენს სკოლაში და უკვე ყველას უყვარდა, ყველამ იცოდა მისი გმირობის ამბავი. 1991 წელს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. იმერეთის სახლების უმეტესობა მიწასთან გაასწორა. იმ დროს ერთ ერთ სოფელში, გაკვეთილს ატარებდა თურმე ფიზიკის კაბინეტში, მეორე სართულზე, კედლები რომ ჩამოშლილა, კარი ჩახერგილა, არც კი აღელვებულა თურმე,ბავშვები არ შევაშინოო, პირიქით, მოსწავლეები დაუმშვიდებია.შემდეგ კარადიდან დიდი თოკი გამოუღია, რომლითაც, დარაჯი თურმე დირექტორის ძროხას აბამდა , ზოგჯერ, სკოლის უკანა ეზოში , ცალ ხელში დაუჭერია და ბავშვები ფანჯრიდან გადაუსხამს. სულ 5 მოსწავლე ჰყოლია კლასში. ერთ-ერთ მოსწავლეს, კოჭლ დიანას შეშინებია თოკზე ჩაცურება, ხელში აუტაცია და მასთან ერთად გადამხტარა მეორე სართულიდან. ბავშვი კი გადაურჩენია, მაგრამ თვითონ ორივე ფეხი მოუტეხია და დაკოჭლებულა. თან ეს ბავშვი მისი მომმდურავი მეზობლის გოგონა ყოფილა, რომელთანაც ერთი წლის წინ კონფლიქტი მოსვლია და დაუწყევლია გოგონას მშობელს: ,,ისე მენახე დაფეხვილი, როგორც ჩემი შვილი დეიარებაო!“ ,,, ფიზიკის მასწავლებელი იყო ჩემი პირველი გმირიც და იდეალიც . ასე იყო თუ ისე, გამიმართლა და ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. იმ წელს მამამ სახლი გაყიდა იმერეთში და თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად:- ,, აბა, მარტო ხომ ვერ გოუშვებთ ბოვშს უცხო ქალაქში, გზას არ აცდესო?!“ V თავი. უნივერსიტეტში ორი დღე ისე გაოგნებულმა ვიარე უნივერსიტეტში, ვერც ჩემს კურსელებს მივაგენი და ვერც ფიზიკის აუდიტორიას. სოფელში რა მარტივი, რა ადვილი, რა თბილი იყო ყველაფერი. აქ კი, ისე უცხო, ისე ცივი ,,,, შეკითხვაც ვერავის გავუბედე, რომ ჩემი ჯგუფელები მეპოვა. მესამე დილით, გამბედაობა მოვიკრიბე, კითხვა -კითხვით ჯგუფელები ვიპოვე და პირველი დიდი სირცხვილიც ვიწვნიე: მათემატიკური ანალიზის ლექცია უმთავრდებოდათ, ჯგუფის კარი რომ შევაღე: -რა გვარი ხარ? რატომ იგვიანებ? სად არის თოფურიას წიგნის პირველი ნაწილი , გუშინ რომ დაგაბარეთ?!- მომაყარა კითხვები ლექტორმა შესვლისთანავე. - პირველად ვარ პატივცემულო დღეს, ორი დღეა გეძებთ! ჯგუფელებმა სიცილი დამაყარეს. ვერ მივხვდი ჩემმა სიტყვებმა გაამხიარულათ თუ ჩემმა იმერულმა კილომ. ამან გამბედაობა შემმატა: -თოფურია კი არა, თქვენ ძლივს გიპოვეთ პატივცემულო, ამამასუნთქეთ, ზარი რო დეირეკება, გავალ , გევიცნობ მაგ ლექტორ თოფურიასაც და გამოვართმევ წიგნს. აპა რას ვიზამ!- ვცადე ლექტორის დამშვიდება. ჯგუფში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მივხვდი, ან რაღაც გენიალური ვთქვი , ან რაღაც ძალიან დიდი სისულელე . -ვის გაიცნობ გოგო , არ გამაგიჟო?! არაფერი გეტკინოს მის მოსვლამდე! შენ , ნამდვილად ჩვენი სტუდენტი ხარ გენაცვალე, თუ უცხო პლანეტელებმა ჩამოგსვეს ჩემი ნერვების მოსაშლელად? ჯგუფში კვლავ სიცილი ატყდა, რომელიც მალე ზარის ხმამ ჩაახშო. როგორც იქნა მეღირსა, გავიცანი ჯგუფელები! თოფურიას საკითხიც გავარკვიე : -აბა რით ემზადებოდი მათემატიკაში, თუ ეს წიგნი არ გინახამს თვალით? ყველა მასწავლებელი ამ წიგნით ამზადებს ბავშვებს!-მკითხა დამცინავი სახით , ტუჩაბზუებულმა ერთ - ერთმა ჯგუფელმა. -მე კერძო მასწავლებელი არ მყოლია!- ვუპასუხე ცივად და შემოვბრუნდი. ოხ, მამა, მამა, რა დაგიშავე ასეთი?!- გავივლე წამიერად გულში შერცხვენილმა და გაბრაზებულმა. ცხადზე უცხადესი იყო , რომ ძალიან ბევრი შრომა დამჭრდებოდა წარმატების მისაღწევად. იმ დღეს გულდამძიმებული წამოვედი შინ. პირი მიშრებოდა. სიცხე, ბრაზი, სირცხვილი, გაურკვევლობა, ეს ამხელა ქალაქი, ღმერთო! რა უცხო იყო ეს სამყარო ჩემთვის. რა ძნელია იმ სამყაროში ყოფნა , სადაც ხვდები რომ შენი ადგილი არაა!-ვფიქრობდი და თან გზაში წყალს ვათვალიერებდი. უცებ, თვალი მოვკარი კონუსის მაგვარ ფერად ქილებს : - რა ლამაზია, ღმერთო! ასე ფერადი მარტო ცისარტყელა მაქვს ნანახი სოფელში. ნეტავ რა არის?ფიქრებში გართული მივუახლოვდი სასმელ წყლებს. ერთ -ერთ ქილაზე დაკრულ ქაღალდზე დიდი ასოებით აწერია: ,,ლაღიძის წყლები“. ლაღიძე, ლაღიძე, საიდან მეცნობა ეს სახელი?-ვფიქრობ: აჰ, გამახსენდა! მუსლიტერატურის გამოცდაზე შემხვდა ბილეთში, როცა შვიდწლედს ვამთავრებდი . რა დამავიწყებს! როდესაც ბილეთის ხუთივე , ,, გაზეპირებული“ საკითხი ჩამოვარაკრაკე, ქალაქიდან მოსულმა გამომცდელმა ბოლო კითხვა დამისვა: -რა არის კონსერვატორია? დაფიქრდი და ისე მიპასუხე შვილო, არ აჩქარდე, თავად სიტყვა გეუბნება- კონ-სერ-ვა-ტო-რი-ა! -ვაჰ, ნეტავ , რას უნდა მეუბნებოდეს, თავად სიტყვა? ვფიქრობ, უცებ გონება გამინათდა და საკუთარ თავში დარწმუნებულმა ვუპასუხე ამაყად: -კონსერების ქარხანა! ოთახში სიცილი ატყდა:- სულ კონსერები და ფუნთუშები რომ გახსოვს, იმიტომაც გაქვს ლოყები ფუნთუშასავით აფუებული. ჩამეხუტა მუსიკის მასწავლებელი. ერთობლივი გადაწყვეტილებით უწყისში ხუთიანი ჩამიწერეს, თან დააყოლეს: კარგი ხუმრობა გცოდნია, გაგვამხიარულეო. ახლაც ვერ ვხვდები რატომ ეგონათ ხუმრობა ?! თურმე, არცოდნაც რა საინტერესო შედეგით სრულდება , ზოგჯერ. წყალთან მდგარ მამაკაცს ვეკითხები: - ბიძია , ეს ფერადი წყლები იყიდება? -რას ამბობ ძია, აბა მე აქ ბუზებს კი არ ვითვლი?! ეს ცნობილი ლაღიძის წყლებია, ნუთუ არ გაგიგია? საიდან მოდიხარ , უცხოპლანეტელი ხომ არ ხარ შენ?- გახუმრება სცადა გამყიდველმა. ვერ გავიგე, ამ ქალაქში დღეს უკვე მეორე ადამიანი მადარებს უცხო პლანეტელს. არა და მართლა ეს ქალაქია ჩემთვის უცხო პლანეტა. -უცხოპლანეტელი არა, ბიძია, სოფლელი ვარ მე, სასწავლებლად ჩამევედი იმერეთიდან თბილისში. -ეუფ! კეფა მოიფხანა გამყიდველმა: !- რა ფერის დაგისხა ბიძია და რომელ ჭიქაში? რადგან ყველა ფერი ერთმანეთზე ლამაზი იყო, არჩევანის გაკეთება რთული აღმოჩნდა : - ყველა ფერი აურიე ერთმანეთში და დიდ ჭიქაში დამისხი!- ვუთხარი მე. - დაბნეულმა გამყიდველმა ჩემი თხოვნა უსიტყვოდ შეასრულა. შერეული ფერი სულაც აღარ გამოვიდა ისეთივე ლამაზი ,როგორც ცალ ცალკე აღებული, მაგრამ რას ვიზამდი, ისე ვიყავი გამშრალი სიცხით და ნერვიულობით , მივირთვი მაინც. -ეს ის ლაღიძე არ გეგონოს შვილო, კომპოზიტორი რომ იყო, ბევრს ის გონია, მაგრამ კიდევ იყო მეორე ლაღიძე, იმ ლაღიძის სახელობისაა ეს წყალი. ფული არ მინდა , გპატიჟებ დღეს! მერე ღრმად ამოიოხრა , სადღაც შორს, ჰორიზონტს მზერა მიაპყრო და განაგრძო: არც მე ვარ თბილისელი შვილო, სოხუმიდან ვარ, ლტოლვილი, შენხელა შვილი დავტოვე იქ, ცივ მიწაში, მაგრამ თავის მიწაში. მის სახელზე იყოს! კიდევ გამოიარე ხოლმე, დასძინა ბოლოს და თვალები აუწყლიანდა. VI თავი. ბებია დავამთავრე უნივერსიტეტი. სიმწრით აღებული დიპლომი შემოვდე თაროზე. ,, მათემატიკა საგნების მეფეა, მაგრამ ფიზიკის მოსამსახურე!“ - მეფემაც მომინელა და მოსამსახურემაც: აღარც წონა მაწუხებს, აღარც წითელი, ფუნთუშა ლოყები და აღარც იმერული კილოკავები. სოფელში ჩასული ბებიამ რომ დამინახა, ორი სათვალე ერთმანეთზე მოირგო , თვალი ხომ არ მატყუებს, მოგიკვდეს ბებიაშენი, რაფერ დაგლახავებულხარ, რას დოუმსგავსებიხარ ქალაქსო?! ლოყებს იხოკავდა მთელი კვირა, ვიდრე ცოტა არ ,,მომასულიერა“. თან რძეს მასმევდა და თან ქოქოლას აყრიდა ჩემ ლექტორებს. შემდეგ მეზობლის ქალს გადასძახებდა: - გადმოდი გოგოლია, გამოულოცე ჩემს საბრალო შვილიშვილს, ნამდვილად ,, გამითვალეს“ ქალაქელებმაო. გოგოლიაც გადმოდიოდა, დაუზარლად, გადმოიტანდა დანას და ნახშირს, შემილოცავდა, დამალევინებდა ნახშირიან წყალს და ბებიაც მთელი დღე დამშვიდებული დადიოდა. ფიზიკა არის უნივერსალური მეცნიერება,მაგრამ, მხოლოდ უნივერსალური გონებით შეძლებ ჩაწვდე მას ღრმად და მიიღო მისი სწავლის სიამოვნება. სხვა შემთხვევაში არ უნდა შეეჭიდოს ადამიანი ამ პროფესიას. VII თავი.ლექსით შექმნილი ოჯახი რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი სოფელში, ბებიასთან სტუმრად. დაქალმა შემომითვალა, მეზობელი სოფლიდან, ვთხოვდები და ჩემი მეჯვარე უნდა იყოო . ქორწილის დღეც დადგა: -ჰე, ბებია, გეიკაზმე ახლა ლამაზათ, ნასწავლი ქალი ხარ შენ უკვე, ბევრი საცოლე ბიჭი იქნება, იქანა და დოუმსე მაგათ თვალები! - მიღიმის ბებია. აქეთ დედა მარიგებს: - აბა შენ იცი,შვილო, არ ამჩატდე, ნასწავლი ქალი ხარ უკვე, ,, სხვა წონა“ გაქვს აწი! დაიწყო ქორწილი. სიძის ხელისმომკიდემ მიჩურჩულა: წესია ასეთი: პირველი ცეკვა მეჯვარეებმა უნდა გავხსნათ , ქართულით, მე ქართული ცეკვა არ მეხერხება, ოღონდ ახლა მიშველე, მარტო იცეკვე და ვალსზე ჩემი თავი შემოგევლოსო. მეც ვუშველე და მანაც მიშველა!- ვალსიც ვიცეკვეთ, იმდენი ვიცეკვეთ, მუსიკა რომ ჩერდებოდა ჩვენ მაინც ვცეკვავდით. - ტყუილად თავი არ დაიიმედო, შეყვარებული ჰყავს: მიჩურჩულა დაქალმა. სადღაც რაღაც ჩამწყდა, გაუცნობიერებლად. ერთ კვირაში ისევ მოვიდა მაპატიჟებელი:- ,,ფეხი იბრუნა“ პატარძალმაო. ისევ მიმიპატიჟეს, წესისამებრ. სიძის ხელისმომკიდეც იქ იყო. ყავა ახალი შემოსული იყო სოფელში ,,მოდაში“. ოჯახის დიასახლისს თხის რძეში მოუხარშავს, კაკაოს რეცეპტით. - მიდი შვილო , ეგერ მეჯვარე რო ზის, ხო ხედამ, იმას მიართვი, შენიდან გოუხარდება! -მითხრა დიასახლისმა ეშმაკური ღიმილით. უცებ ჩანთიდან ფურცელი და კალამი ამოვიღე: -ლამაზი დღეა, მზიანი, ყავა მიირთვით -რძიანი! მივაწერე ფურცელს , ლამბაქის ქვეშ ამოვდე და ოთახიდან გავედი. ცოტა ხანში , მეზობლის პატარა გოგონას ხელით პასუხი მომივიდა: --ყავას მივირთმევ შენთანა, თუ მომეყრდნობი მკერდთანა! -გულმა სასიამოვნოდ დამიწყო ცემა: -როცა მოგეყრდენ, რა ხეირი, ტკივილი ესე, ალბათ შენს გულში, ჩემი სითბო ვერ გადმოვთესე! დავუბრუნე პასუხად. ნეტავ თუ მიპასუხებს? ვფიქრობ და გული გამალებით მიცემს. ცოტა ხანში ისევ მორბის გოგონა და ფურცელს მოაფრიალებს: -როგორ არ თესე, ჩემო კარგო თესე და თესე, ეხლა ისე ვარ ვით ვენახში ჭაბუკი სესე! აღარ დავუთმე და მივწერე : -მე თუ დავთესე , მევე უნდა ვიყო მომმკალი, შენ კი სხვის ვენახს შესციცინებ, აქ მე მომკალი! ბოლო პასუხმა ჩვენი გულები საბოლოოდ შეაერთა: - არცა მდომია, სხვა შენს მეტი, არცა ვინდომო, შენი ბაგე და შენი მკერდი გულზე ვიგორო! ბევრი აღარ გვიფიქრია, მალევე შევქმენით ოჯახი. შვილები შემეძინა, ჯერ ერთი, მერე მეორე, ამან კიდევ უფრო დამაშორა პროფესიას. ცხრა წელი თვალის დახამხამებაში მიილია. შვილებიც წამოიზარდნენ,,, VII I თავი. პირველი ნაბიჯები პროფესიის კვალდაკვალ ნოემბრის მზიანი კვირა დღე იდგა. მზე ისე მწველად აწვებოდა საძინებლის ფანჯრებს , თითქოს რაღაც ახალი უნდა გამცნოსო, საუცხოო ენერგია შემოჰქონდა სულსა და სხეულში. ხატების კუთხესთან მივედი, დღვანდელი დღისთვის მადლობა სანთლად და ლოცვად შევწირე და ტაძარში წასვლა დავაპირე რომ ტელეფონი აწკრიალდა: -გამარჯობა ნატა. სკოლიდან გირეკავ, კარგად მომისმინე: მათემატიკის მასწავლებელი წავიდა საბერძნეთში, სამუშაოდ და თუ შეძლებ, სანამ ვინმეს აიყვანენ მოდი, რეკომენდაციას მე გაგიწევ დირექტორთან, დაფიქრდი და პასუხი ხვალ მითხარი!- დაქალი რეკავდა, რომელიც ჩემ ქუჩაზე , კერძო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა. ვიფიქრე, სანამ მამაჩემის წინასწარმეტყველება ახდენილა ქალთან და დიპლომთან დაკავშირებით, დროა საქმეს მივხედოთქო. მეუღლემაც მხარდაჭერა გამომიცხადა. ასე დავიწყე პირველი სამსახური სკოლაში. მოიხიბლა დირექტორი, გადაირივნენ ბავშვები, ეს რა ,,კრასავიცა“ მასწავლებელი მოგვივიდა, სულ ათიანებზე ვისწავლით აწიო! -უთქვამთ დირექტორისთვის. ,,ვირუსი“ შემეყარა, ისეთი ვირუსი, რომლის მკურნალობა დღითი დღე შუძლებელი ხდებოდა, მეტასტაზები ღრმად იდგავდა ფესვებს ჩემს გულში. ეს მოსწავლეების სიყვარულის ვირუსი იყო , რომელსაც თავი ვეღარ დავაღწიე. სამი წელი ვიმუშავე იქ, მოსწავლეების სიყვარულით, თორემ ხელფასი რა იყო , არ ვიცოდი. საოცარი გულის ქალი იყო დირექტორი: ნაცნობ-ნათესავი მოსწავლეევისთვის მოეყარა სკოლაში თავი . თანხას მოსწავლეების 40% უხდიდა მხოლოდ. მეცოდებაო, გაიძახდა ყველაზე. ამიტომ თანამშრომლები ჩვენი ხარჯებით და ჩვენი კეთილი ნებით დავდიოდით, სანამ თანხა და მოთმინება გვყოფნიდა.,, გზის ფულს“ თუ გამოვართმევდით მეორე დღისთვის. ეს იყო თანამშრომლების სასკოლო შემოსავალი. სამი წელი მაინც დავყავი იქ. ნუთუ ლამპის შუქსა და ოცდაოთხ საათიან განათებას შორის არაფერი განსხვავებაა? ნუთუ მამას სიტყვები ქალსა და დიპლომზე მართალია? ნუთუ მართლა ასე დაუფასებელია მასწავლებლის პროფესია ? ნუთუ ქალს მარტო შვილების გაჩენა და ქმრის სამსახური ევალება ? ვფიქრობდი გამუდმებით როცა უკვე მესამე შვილი შემეძინა და ჩემი უხელფასო სამსახურის დათმობაც მომიხდა. ახალი სამსახურის პოვნის შანსიც ძალიან ნაკლები იყო უკვე. ,, განა ყოველთვის გაგიმართლებს? (უხელფასო სამსახურიც გამართლება იყო ჩემთვის , რადგანაც ჩემ საქმეს , მოსწავლეების სიყვარულით ვაკეთები) , მაგრამ ,, თაროზე შემოსადებად“ უკვე აღარ მემეტებოდა ჩემი ლამპის შუქზე მიღებული ცოდნა. მამას მიერ შექმნილი სტერეოტიპიც უნდა დამემსხვრია . ამასთანავე მოსწავლეების გარეშე ჩემი მომავალი უკვე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. სამი შვილი და სამსახური?- სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მამას, როცა ინტერნეტ სივრცეში ვაკანსიებს ვათვალიერებდი. - ჰო, სამი შვილი და სამსახური!-მივიღე გადაწყვეტილება ერთ დღეს და ჩემს სახლთან ყველაზე ახლო მდებარე სკოლას მივაშურე. ივლისის თვე იწურებოდა. სკოლის ფოიეში ხელოსნის ფორმაში გამოწყობლი რამოდენიმე მამაკაცი ერთმანეთს ესაუბრებოდა. საღებავის სუნი იდგა. შიდა ფასადს ღებავდნენ. ერთ ერთმა ,, ხელოსანმა“ მკითხა: -რა გნებავთ? -დირექტორის ნახვა მსურს. - დირექტორი არ გახლავთ. თქვა და რაღაც ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე. იმ წუთს დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამისთვის და პირდაპირ საქმეზე გადავედი: -რეზიუმეს დაგიტოვებთ და გადაეცით! ვუთხარი და საქაღალდე გავუწოდე. ხელები საღებავით ისე ქონდა დასვრილი, ისიც კი ვუთხარი , ფრთხილად გამომართვით, , არ დამისვაროთ-თქო. გაეღიმა, გამომართვა, გადაიკითხა, რამოდენიმე კითხვაც კი დამისვა, თუ რატომ მსურდა მუშაობა? რამდენად მზად ვიყავი ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის? მერე დავემშვიდობე და ცოტა გაკვირვებული წამოვედი შინ: ეს რა უცნაური ხელოსანი იყო? რამდენი კითხვა დამისვა? რეზიუმეც როგორი ინტრესით წაიკითხა! ნეტავ ვინ ეკითხებოდა ? ან მე რას ვპასუხობდი! მაგრამ ხომ ვერ ვითავხედებდი!- დავიმშვიდე თავი და გონებიდან უცნაური აზრები გავყარე.იმედიც არ მქონდა რომ რეზიუმე დირექტორამდე მიაღწევდა. ერთ კვირაში დამირეკეს იმავე სკოლიდან : დირექტორი გიბარებთო! - ქალის სასიამოვნო ხმა იყო. სასწრაფოდ ჩავიცვი.გავიქეცი და ჰოი, საოცრებავ! მამაკაცი რომელიც ხელოსანი მეგონა დირექტორი აღმოჩნდა. ძალიან თბილად შემხვდა. მოადგილეც გამაცნო. მითხრა, ახლა კლასი უნდა გავყოთ და შეგვიძლია შანსი მოგცეთო. თავი სიზმარში მეგონა. ესეც მეორე გმირი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მხოლოდ ერთი გასაუბრებით ირწმუნა ჩემი, თანაც ამხელა პასუხისმგებლობა -სადამრიგებლო კლასი მანდო. ღმერთო , რა ბედნიერი ვიყავი! მაგრამ, ,, ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმეს განა?!“ -რას მოათრია ეს ახალი გოგო, ჩვენ ძლივს გვყოფნის საათები?!-ამბობს ერთი. -ნუ გეშინია , დიდი ცოდნა არ ექნება , არც სერტიფიკატი აქვს თურმე. საიდანაც მოსულა მალე მოუწევს იქით წაბრძანება!-პასუხობს მეორე და იცინიან. ელდა მეცა! ცრემლები წამომცვივდა. აი თურმე რატომ იყო დირექტორის კაბინეტში ჩხუბი საათების განაწილების დღეს. ჩემ გამო! ჩემ გამო! ჩემ გამო! ახლა მივხვდი , ნათელა მასწავლებელიც ამიტომ მარიდებდა თვალს.რა უსუსური ვიყავი! არც დავფიქრებულვარ, ისე დავწერე განცხადება წასვლის შესახებ და დირექტორთან ჩავიტანე. მაგრამ რა? -არც დაუხედავს, არც მომისმინა, სამინისტროში მაგვიანდება, აღელვებული მეჩვენები, დაწყნარდი და მერე ვილაპარაკოთო. როცა მეორე დღეს კვლავ მივაკითხე განცხადებით, გამომართვა, დახედა ,სკამი გამოსწია, მითხრა დაჯექიო, თვითონ თავის ადგილს დაუბრუნდა და დაიწყო: ნუთუ უკვე ამოწურე შენი შესაძლებლობები? ნუთუ სულ ეს ხარ და მეტი არავინ? ნუთუ ასე ადვილად დაყრი ფარ-ხმალს და დანებდები პირველივე გამოწვევას? მე უფრო მეტ პოტენციალს ვხედავ შენში! მე უფრო მეტი მოლოდინი მქონდა შენი! შენ იცი შვილო, რას ნიშნავს უმუშევრობა ? იცი, როცა 5 ოჯახის წევრის მშიერი თვალი გიყურებს, შენ კი ერთი კანფეტის ფულიც არ გაქვს რომ კუჭი დაუამო? შვიდი წელი! მტკივნეული , უმუშევრობის შვიდი წელი! შენ გგონია ეს სამსახური ლატარიაში მოვიგე ან ტორტის ნაჭერში ამომივიდა? იქნებ ორმოცდახუთი მასწავლებელი ქალის განსხვავებული აზრის გათვალისწინება გგონია ადვილი და ფუფუნება? ჯერ ერთი ქალის გაგება როგორია და მერე ორმოცდახუთის?! (სცადა გახუმრება) არა, ჩემო მშიშარა მასწავლებელო, ეს ცხოვრებაა, და მასთან გამკლავების წესები ძალიან მკაცრია. მე არ მოგცემ ნებას ასე ადვილად დაყარო ფარ -ხმალი. ეხლა წადი, შენ დღეს შენს მოსწავლეებს უყვარხარ და სჭირდები! მერე და იცი, რა შეუძლია სკოლას და მოსწავლეების სიყვარულს?- მთებს გადაგადგმევინებს, მთებს! ბოლოს დასძინა რომ, მხოლოდ მოსწავლეების უკმაყოფილების შემთხვევაში დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნას! - მოსწავლეებს ვუყვარვარ! ვჭირდები! ვჭირდები! ვჭირდები! მე კი,,, არა, არა, მე მათ იმედებს ვერ გავუცრუებ, შემოვუძახე ჩემ თავს, ცრემლები შევიმშრალე და კლასში დავბრუნდი. დავბრუნდი და სერიოზულად, მთელი მონდომებით ჩავები სასკოლო საქმიანობაში. IX თავი. ჩემი დევიზი როცა რაღაც მიჭირს ან მიხარია გავრბივარ,,, უკანმოუხედავად გავრბივარ ტაძრისკენ,, ჩემ მოძღვართან, ჩემ ,, ღმერთთან“, ჩემ სამოთხეში,,, -ძალიან ბედნიერი სახე გაქვს შვილო, -აბა, მეც გამახარე! -მითხრა ღიმილით. - სკოლაში მუშაობა დავიწყე!- მივახარე აღტაცებულმა და გულში ჩავეკარი. გაიხარა , გაიხარა, როგორ გაიხარა! ღმერთო , რა ბედნიერებაა, როცა ვიღაცას შენი სიხარული შენსავით ახარებს: უშურველად , ყოველგვარი ღვარძლის გარეშე,,,, მერე პირჯვარი გადამსახა და ერთი მეტად უცნაური კითხვა დამისვა: -აბა თუ მეტყვი, რა განსხვავებაა პედაგოგსა და მასწავლებელს შორის? დავიბენი, ეს ხომ ერთი და იგივეა?- ვეუბნები გაოცებული სახით. -სულაც არაა ერთი და იგივე: პედაგოგი არის ის, ვინც აიძულებს მოსწავლეებს, დაიმახსოვრონ , რომ ორჯერ ორი არის ოთხი და რომელსაც მახსოვრობის ხანგრძლივობის თვისება არ გააჩნია. ხოლო, მასწავლებელი არის პიროვნება, ვინც სიყვარულით ასწავლის მოსწავლეებს ,რომ ორჯერ ორი არის ოთხი და რომელსაც დამახსოვრების მუდმივობის თვისება გააჩნია. ასწავლე სიყვარულით და უფალი გაგიკვალავს გზას წარმატებისკენ!- ნურაფრის შეგეშინდება!- კიდევ ერთხელ თბილად დამლოცა და გამომიშვა. ასწავლე სიყვარულით! ასწავლე სიყვარულით! ასწავლე სიყვარულით!- გამუდმებით ჩამესმის მისი სიტყვები ყურში. ეს უკვე ჩემი ცხოვრების დევიზი გახდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი