“ჩემი საათი: ჭკუის სასწავლებელი პატარა ზღაპარი” (მოთხრობა)


თარგმნა ემხვარ კახაძემ

ჩემმა საუცხოო ახალმა საათმა 18 თვე იმუშავა, არც წინ წასულა და არც ჩამორჩენილა, არც მისი რომელიმე მექანიზმი დამტვრეულა და არც გაჩერებულა. ლამის დავიჯერე მისი დღე-ღამის ნებისმიერი დროის შეუცდომლად განსაზღვრის უნარისა და ანატომიის მარადიულობა.

ერთ ღამეს საათი ჩემი მიზეზით გაჩერდა. მე ამის გამო ისე დავნაღვლიანდი, თითქოს ეს იყო წინასწარი შეტყობინება მოსალოდნელი დიდი უბედურების შესახებ; მაგრამ ცოტა ხანში თავი ვინუგეშე, საათი ვარაუდით გავასწორე და ჩემს ავისმომასწავებლებსა და ცრურწმენებს უკან დახევა ვუბრძანე. მეორე დღეს საათების მთავარ სახელოსნოს მივაკითხე და საათზე ზუსტი დროის დაყენება ვითხოვე. სახელოსნოს ხელმძღვანელმა საათი ხელიდან წამაძრო და გასწორებას შეუდგა. გარდა ამისა, მითხრა, რომ ”საათი ოთხი წუთით ჩამორჩება, რის გამოც რეგულატორს წაბიძგება სჭირდება”. მე მისი შეჩერება ვცადე. ვეცადე, იძულებული გამეხადა, გაეგო, რომ საათი გაჩერებამდე ზუსტად მუშაობდა. არაფერი გამომივიდა. ეს გონებაჩლუნგი კაცი მხოლოდ იმას ხედავდა, რომ საათი ოთხი წუთით ჩამორჩებოდა და რეგულატორს ცოტა წაბიძგება სჭირდებოდა. ასე რომ, იმ დროს როცა მე მესაათის გარშემო სიმწრისაგან ვბუქნავდი და საათისთვის თავს დანებებას ვთხოვდი, იგი მშვიდად და უმოწყალოდ აგრძელებდა სამარცხვინო საქმეს.

ამგვარი საქმიანობის შედეგად ჩემმა საათმა წინ წასვლა დაიწყო. დღითიდღე სიჩქარეს უმატებდა, რის გამოც ერთ კვირაში ლამის ციებ–ცხელება დაემართა და პულსმა ჩრდილში 105–ს მიაღწია. ორი თვის შემდეგ ქალაქის ყველა საათი მყარად ჩამორჩა. ჩემი საათი 30 დღით წინ წავიდა. მისთვის უკვე კალენდარზე ნოემბრის მიწურული იყო და თოვლით ტკბებოდა. სინამდვილეში ოქტომბერი იდგა და ფოთლები ხეებიდან ჯერ კიდევ ცვიოდნენ. ბინის საიჯარო თანხისა და ყველა სხვა გადასახადის გადახდას საათი ისე მაჩქარებდა, რომ მათ ამ ვადაში გადახდას ვერაფრით გადავიტანდი.

საათი რეგულირებისათვის სხვა მესაათეს წავუღე. მან მკითხა: ოდესმე ხომ არ შეგიკეთებიაო. მე ვუპასუხე: შეკეთება არასდროს დასჭირვებია–მეთქი. მან ბოროტი მზერა შეავლო საათს და აუჩქარებლად გახსნა. თვალში ლუპა გაიკეთა და საათის მექანიზმს ჩააშტერდა. შემდეგ მითხრა: საათს, გარდა რეგულირებისა, გაწმენდა და შეზეთვაც სჭირდება და ამიტომ ერთი კვირის შემდეგ გამოიარეო.

ჩემმა გაწმენდილმა, შეზეთილმა და დარეგულირებულმა სააათმა სიჩქარე ისე შეანელა, რომ მისი წიკ-წიკი ადამიანის გარდაცვალების გამო ზარის რეკვას მაგონებდა. მატარებელზე მაგვიანდებოდა, ყველა შეხვედრა მეშლებოდა, სადილიც კი გვერდზე მრჩებოდა. ჩემი საათის მიერ ოთხი დღის სამ დღემდე შემცირებამ ჩემში პროტესტი გამოიწვია. მე თანდათანობით ჯერ წინა დღეებში გადავინაცვლე, შემდეგ – გასულ კვირაში. სულ მალე მივხვდი, რომ მე უკვე ერთი კვირის წინ ვცხოვრობდი და სამყარო თვალთახედვის არიდან გამქრალა. ამასთან, მომეჩვენა, რომ ფარული თანაგრძნობა გამიჩნდა მუზეუმში მოთავსებულ მუმიების მიმართ და მათთან ახალი ამბების გაცვლის სურვლი მომეძალა. ისევ მესაათესთან გავწიე.

მესაათემ, სანამ ველოდი, საათი ნაწილებად დაშალა და მითხრა: მთავარი ნაწილი ”შეშუპებულია” და მის შემცირებას სამი დღე დასჭირდებაო. შეკეთებულმა საათმა უკვე დროის გასაშუალოება დაიწყო. მეტი არაფერი მომხდარა. ნახევარი დღე საათი თავისდა საზიანოდ იმგვარად ყეფდა, ხვრინავდა, ყვიროდა, ახველებდა და ოხრავდა, რომ მე მყუდროებადარღვეულს საკუთარი ხმაც კი არ მესმოდა. ამ ხნის განმავლობაში დედამიწის არც ერთ საათს შანსი არ ჰქონდა, რომ მისთვის წინააღმდეგობა გაეწია. მაგრამ დღის დარჩენილ დროს სვლას ისე ანელებდა და შტერდებოდა, რომ ყველა უკან ჩამოტოვებული საათი კვლავ ეწეოდა. საბოლოოდ, 24 საათის შემდეგ ჩორთით მოსიარულე საათი სამართლიანობას აღადგენდა და ზუსტ დროს აჩვენებდა, რაც სამართლიან და ზუსტ საშუალო კვადრატულ დროს წარმოადგენდა და ვერავინ იტყოდა, ეს იმაზე მეტია ან ნაკლები, რაც საათს მოეთხოვება. თუმცა ზუსტი სამართლიანი საშუალო კვადრატული რიცხვი საათის მხოლოდ ზომიერი ღირსებაა, ამიტომ საათი სხვა მესაათეს წავუღე. საათის ტაბიკი გატეხილია – მითხრა მან, რაზედაც მე ვუპასუხე: მოხარული ვარ, რომ საქმე არც ისე სერიოზულად ყოფილა. სიმართლე რომ ვთქვა, აზრზე არ ვიყავი თუ რას წარმოადგენს ეს ტაბიკი, მაგრამ არ მინდოდა უცნობს უცოდინრად ჩავეთვალე.

მესაათემ ტაბიკი შეაკეთა, მაგრამ საათის ერთი მხრის გაუმჯობესებამ, მეორე მხრის გაუარესება გამოიწვია. რამდენიმე ხნიანი მუშაობის შემდეგ იგი ჩერდებოდა, ცოტა ხანში ისევ ამუშავდებოდა და ა.შ. მუშაობა–გაჩერების ინტერვალს საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავდა. მუშაობის ყოველი დაწყებისას საათი სროლის ხმას გამოსცემდა. რამდენიმედღიანი მოთმინების შემდეგ საათი სხვა მესაათეს წავუღე, რომელმაც იგი ნაწილ–ნაწილ დაშალა, თვალების წინ დიდხანს ატრიალა და მითხრა: საათის დასაქოქი მექანიზმი დაზიანებულიაო. დაზიანებული მექანიზმის შეცვლის შემდეგ საათი ხელახლა დაქოქა. საათი მშვენივრად ამუშავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყოველ 10 წუთში ისრები მაკრატელის პირების მსგავსად ერთმანეთს ეტყუპებოდნენ და მოგზაურობას ამგვარად აგრძელებდნენ. მსოფლიოს უბრძნესი ადამიანიც კი ვერ გაერკვეოდა რა დრო უნდა ეჩვენებინა საათს. ასე რომ, საათის შესაკეთებლად კიდევ ერთხელ გავეშურე. მესაათემ ამიხსნა, რომ საათის კრისტალი გაღუნულია და არც მთავარი ამძრავია სწორი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სამუშაოს ერთი ნაწილი ქვესადების გაკეთებას დასჭირდებოდა. მესაათემ ყველაფერი კარგად გააკეთა და საათიც ბრწყინვალედ ამუშავდა, თუმცა დროდადრო, დაახლოებით რვა საათის მუშაობის შემდეგ, მექანიზმები მწყობრიდან გამოდიოდნენ და ფუტკრებივით აზუზუნდებოდნენ. საათის ისრები იმ სისწრაფით დაბზრიალდებოდნენ, რომ ცალ–ცალკე მათი გარჩევა სრულიად შეუძლებელი ხდებოდა, საათის ციფერბლატი თითქოს ობობას ქსელით იფარებოდა. ექვსი–შვიდი წუთის შემდეგ საათი მთელ 24 საათს გაირბენდა და ხმაურით გაჩერდებოდა. სულიერად დამძიმებული კიდევ ერთ მესაათესთან მივედი და ჩემი საათის ნაწილებად დაშლას უშუალოდ დავაკვირდი. რამდენადაც საქმემ სერიოზული სახე მიიღო, მესაათეს მკაცრი ჯვარედინი დაკითხვა მოვუწყვე. საათი თავდაპირველად 20 დოლარი ღირდა,
შეკეთებაში, სავარაუდოდ, 2–3 ათასი დოლარი გადავიხადე. ლოდინისას უცებ მესაათეში ჩემი ძველი ნაცნობი, გემის მექანიკოსი შევიცანი, რომელიც, უნდა ვაღიარო, არც თუ ისე კარგი სპეციალისტი იყო. მან საათის ყველა ნაწილი, ისევე როგორც ყველა სხვა მესაათემ, გულდასმით გამოიკვლია და მათსავით, თავდაჯერებით განაჩენიც გამოუტანა: ”ძალზე ბევრი ორთქლია – კიდევ ერთი დამცველ სარქველს გავუკეთებო”.

მე იმწამიერად საათს შუბლში ტყვია დავახალე და საკუთარი ხარჯებით დავასაფლავე.

ბიძაჩემი უილიამი (სამწუხაროდ, აწ გარდაცვლილი!) ხშირად ამბობდა: ცხენი მანამდე იყო კარგი, სანამ შენგან არ გაიქცაო, საათი კი – სანამ მესაათებს ხელში არ ჩაუვარდათო. მუდმივად ერთ კითხვასაც სვამდა – რა მოსდით ყველა უცოდინარ მკალავს, იარაღის ოსტატს, მეწაღეს, მექანიკოსა და მჭედელს. ამ კითხვაზე არავის, არასდროს უპასუხია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი