ლიტერატურის გაუჩინარება (ესსე)
თარგმანი ინგლისურიდან – ნინო თოხაძე 1900 წლის 20 ნოემბერს ნიუ იორკში 19-ე საუკუნის კლუბში გამართულ სადილზე ბატონმა კლემენსმა წარმოთქვა სიტყვა “ლიტერატურის გაუჩინარება”. დოქტორმა გოულდმა კლემენსის წარდგენისას თქვა, რომ მან (სპიკერმა), გერმანიაში ყოფნისას მრავალჯერ მოიბოდიშა ერთი ლიტერატორის გამო, რომელიც გერმანელთა ენის გათავისუფლებას ახდენდა. “სულ არ იყო აუცილებელი თქვენს თავჯმდომარეს ჩემს მაგივრად ბოდიში ეხადა გერმანიაში. სრულებით არ იყო საჭირო. ამის სანაცვლოდ მას უნდა დაეინტერესებინა საცოდავი ღამენათევი ტევტონელები იმ სამსახურის გამო, მათ რომ გავუწიე. მათ ენას მოწესრიგება ესაჭიროებოდა წლების მანძილზე. ამ საქმის კეთების სურვილი სხვას ვერავის შევატყე. ავდექი და ჩემს თავზე ავიღე ეს და ახლა საკუთარ თავს ვეპირფერები, რომ ამისაგან კარგი საქმეც გამომივიდა. გერმანელები თავიანთი ზმნების შეკვეცის არაჰუმანურ საშუალებას მიმართავენ. ახლა ამის გამო ზმნას საკმაოდ მძიმე დრო დაუდგა. ძალზე არაჰუმანურია მისი გახლეჩვა. მაგრამ ეს ისაა, რაც გერმანელებმა ჩაიდინეს. მათ აიღეს ზმნის ნაწილი და დადეს აქ, როგორც ფსონი, მერე აიღეს მეორე ნაწილი და მოაშორეს როგორც მეორე ფსონი, ხოლო ამ ორ ზღვარს შორის მათ უბრალოდ ჩატენეს გერმანული ენა. მე ვიმეორებ, რომ ბოდიში არ უნდა მოუხადო იმ ადამიანს, რომელიც დაეხმარა მათ ცოტათი მაინც შეეჩერებინა ასეთი დასახიჩრება. ამ საღამოს ჩვენ მოვისმინეთ მსჯელობა ლიტერატურის გაუჩინარების შესახებ. ეს ახალი ამბავი როდია. ეს ისაა, რასაც გარკვეული სახის ლიტერატურები ჩადიოდნენ წლების მანძილზე. საქმე იმაშია, ჩემო მეგობრებო, რომ მოდა ლიტერატურაში იცვლება, ხოლო ლიტერატურის თერძებს თარგების შეცვლაც უწევთ თორემ ბიზნესს დაკარგავენ. აქ დამსწრე პროფესორმა უინჩესთერმა, თუ კარგად მახსოვს, საკმაოდ სწორად დაასახელა დღეს შექმნილი მხოლოდ რამდენიმე რომანი, რომელიც იცოცხლებს იმდენს, რამდენსაც უოლტერ სკოტის რომანები ცოცხლობენ. ეს შესაძლოა მისი აზრია. იგი ალბათ მართალია, მაგრამ, რამდენადაც მესმის, არც კი დავეძებ, თუ არ იცოცხლებენ. პროფესორმა უინჩესტერმა ასევე თქვა, რომ არ ასებობს ისეთი თანამედროვე ეპოსი როგორიცაა “დაკარგული სამოთხე .” ვხვდები, იგი მართალია. იგი ისე საუბრობდა, გეგონებათ ზედმიწევნით კარგად იცნობდა ამ ნაწარმოებს და აზრადაც არავის მოსვლია, რომ მას იგი არც კი წაუკითხავს. არ მჯერა, რომ თუნდაც რომელიმე თქვენგანს წაეკითხოს “დაკარგული სამოთხე”, სურვილიც არ გაგაჩნიათ. ეს ისეთი რაღაცაა, რაც უბრალოდ გსურთ რომ დაუმტკიცებლად დაიჯეროთ. იგი კლასიკაა, როგორც პროფესორი უინჩესტერი ამბობს, ხოლო კლასიკა, მისეული განმარტებით ისაა, რაც ყველას სურს რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის სურს წაკითხვა. პროფესორ ტრენტსაც ბევრი ჰქონდა სათქმელი ლიტერატურის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ სკოტი მის კრიტიკოსებზე მეტს იცოცხლებს. ვხვდები, რომ მართალია. საქმე იმაშია, რომ ორიდან ერთ-ერთი ასაკის უნდა იყო სკოტის მისაღებად. როცა 18 წლის ხარ, შეგიძლია “აივენჰო” წაიკითხო, მერე უნდა მოიცადო, სანამ 90-ის გახდები დანარჩენის წასაკითხად. საკმაოდ კარგად რეგულირებული, მომთმენი კრიტიკოსი უნდა იყო 90 წლამდე რომ იცოცხლო. ამ ორმა ჯენტლმენმა ბევრი კი ილაპარაკა ლიტერატურის გაუჩინარებაზე, მაგრამ არაფერი უთქვამთ ჩემი წიგნების შესახებ. იქნებ გონიათ, რომ ისინიც გაუჩინარდნენ. თუ ასე ფიქრობენ, ეს მიუთითებს მათ უვიცობაზე საერთოდ ლიტერატურის, როგორც საკითხის შესახებ. ისეთი ახალგაზრდა აღარ ვარ რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავი და, ალბათ, არც ისეთი მოდური ვარ, მაგრამ მაქვს სურვილი გამოვიყენო შესაძლებლობა და ბატონ სკოტთან ერთად ხვალ დილას ლიტერატურის ჩემეული ნაწილიც მივყიდო “საუკუნის საგამომცემო კომპანიას”. ბევრი არაფერი მომიტანია. ხშირად მიფიქრია, რომ უდიდესი პატივი რაც ჩემს საბრალო მცდელობას მიაგეს დარვინის მიერ ჰარვარდის კოლეჯის პრეზიდენტ ელიოტის პირით გადმოცემული იყო. ბოლოს და ბოლოს ეს ელიოტმა თქვა, მე კი ყოველთვის ვითვალისწინებ ისეთი დიდი ადამიანების აზრებს, როგორიც კოლეჯის პრეზიდენტები არიან, ამ და მსგავს საკითხებზე. ამ რამდენიმე წლის წინ კემბრიჯში წავედი და პრეზიდენტ ელიოტს შევუარე. საუბრისას მან თქვა, რომ ახალი დაბრუნებული იყო ინგლისიდან და თან ძალზე აღელვებული იმით, თუ როგორ მაღალ შეფასებას აძლევდა დარვინი ჩემს წიგნებს, ხოლო შემდეგ ეს მითხრა: “იცით, რომ დარვინის სახლში ერთი ოთახია, მისი საძინებელი, რომელშიც დამლაგებელ ქალს უფლება არ აქვს ხელი ახლოს ორ ნივთს? ერთია მცენარე, რომელსაც დარვინი ზრდის და სწავლობს ზრდის პროცესში (ერთ-ერთი მწერების შთანმთქმელი მცენარე, რომელიც ჭამდა ხოჭოებს, ბაღლინჯოებს და ა.შ), მეორე-რამდენიმე წიგნია, რომელიც დარვინს საწოლის თავთან, მაგიდაზე უწყვია. ეს თქვენი წიგნებია, ბატონო კლემენს, და ბატონი დარვინი მათ ყოველ საღამოს კითხულობს ძილის მოსაგვრელად.” “მეგობრებო, მე აბსოლუტურად ვიწონებ ამ აზრს და იგი ყველაზე დიდ პატივად მიმაჩნია, რაც კი ოდესმე მრგებია. ძილის მომგვრელ საშუალებად ყოფნის იმედი, ტვინის ფუთფუთა ხოჭოებთან და დაკლაკნილ ჭიებთან ერთად დარვინის შემთხვევაში არასოდეს მქონია და ახლა, როდესაც იგი აღარ არის, ამის იმედს საბოლოოდ ვკარგავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი