შემოდგომა ჰქვია


დახუნძლული ვენახების
კარი არის ღია:
აქეთ კვახის გორებია,
იქ ვაშლები ყრია.
- დაკრიფეთო! - ხეხილები
ტოტებს დაბლა ხრიან.

ქარვისფერი, შინდისფერი
სიტკბო უდგას მტევანს.
გოდრებს
კალათს მივაშველებთ,
აღარ არის ტევა.
საწნახელში - ტაშფანდურა,
ზვრებში - ღამის თევა.

გზას ვერ უქცევ
გოდრიანი მანქანების გრიალს.
უფრთხი თავზე გადმომზირალ
მუშტისტოლა ქლიავს
და ფოთლები ცეცხლისფერი
ორღობეში ქრიან...
ამას
ჩვენი
დალოცვილი
შემოდგომა ჰქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი