ქარავანი


და მიდიოდა უდაბნოში ქარავანი. დაღლილი, ცხელი სუნთქვა იფრქვეოდა ირგვლივ სივრცეში. ადამიანებს ნატვრა ჰქონდათ ხვალინდელი დღის. ადამიანებს ჰქონდათ იმედი, გამდიდრების და გააღწევდნენ ამ უდაბურ სივრცეს. ერთფეროვანი გარემო, აიძულებდა მათ, შეეტანათ მტკიცე მოქმედების გეგმა და არსი მოძრაობაში.ზოგჯერ აქ წყალი უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე ოქრო. ოქროს ხვალ დაედება ფასი, იქ ბაზრობებზე. ერთად ერთი მცდელობა, გაღწევაა. ერთადერთი ოცნება მიზანია.წყალი სამოთხეა. იგი ზოგჯერ ისე ახლოს გამოჩნდება ჰორიზონტზე, რომ ადამიანებს მოთმინებას უკარგავს. ამას მირაჟს ეძახიან. მირაჟი ლამაზია, მირაჟი ბუნების ილუზიაა. მეგზურებიც კი ხშირად ცდუნდებიან, როცა ისინი მხედველობას ეყრდნობიან.ცხოველები ყნოსვას ეყრდნობიან და ნაკლებად აწუხებთ მირაჟები. წყალი სიცოცხლის ძალაა. წყალი ძლიერების სიმბოლოა უდაბნოში. თუ წყალი არა გაქვს, თვით თვალ-მარგალიტს ფასი ეკარგება. წყალი და პური, ეს არის ქვაკუთხედი. ჩვენ არ ვიცით წყლის ფასი. ჩვენ ვაბინძურებთ წყალს. მეუდაბნოვემ იცის მისი ფასი, მეუდაბნოვე უფრთხილდება მას!.. მზე სიცოცხლეა, მაგრამ მზე მწველია უდაბნოში. ის ახმობს ცოცხალს და აშრობს ქვიშას. მზე უდაბნოში სიკვდილის ტოლფასია. აქ ღამე უფრო მდიდარია, ღამეს აქვს დაფასება. ღამით სიგრილეა და სინოტივე დღესთან შედარებით, მაგრამ ზოგადად ღამე არ სჯობია დღეს. მეუდაბნოვეს ეჩვენება ღამე მეგობრად. მეუდაბნოვე, მსოფლიო რეალობიდან მოწყვეტილი, მარადიული შეგრძნებებისა და მირაჟების გარემოცვაშია.   ის მარადიულ ბრძოლას განიცდის. ეს არის ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლისა და თუ უდაბნოს გააღწია, დაუფასდება. თორემ, ქარი თუ არ დაფარავს მცხუნვარე ქვიშით, ჩონჩხად ქცეული, სიკვდილის სიმბოლოს დაემსგავსება. ადამიანებს შეაშინებს ხილვა მისი. ისინი იგრძნობენ, თუ როგორ იცვლება ფასეულობები, იმისდა მიხედვით,თუ სად იმყოფები, დედამიწის რომელ წერტილში... აქ უდაბნოში, ჩრდილი ფასობს. ჩრდილს ხე იძლევა, ხის ფოთლები აკავებენ მზის მცხუნვარებას. მაგრამ უდაბნოში ხეს ფოთლები არა აქვს.  ფოთოლი ზომიერების ნიშანია. ფოთოლი ოაზისის გვირგვინია. სადაც ფოთოლია, იქ წყალია და ჟანგბადით გაჯერებულა მიწა. ვის არგებს უფოთლები ხე?!... ფოთოლი უფრო მდიდრულია ვიდრე ოქრო, ამას მიკროსკოპები მოწმობს. ფოთოლი ცოცხალია - ოქრო მკვდარი. ფოთოლი, სიცოცხლის წყაროა. ოქრო რას გარგებს თავისი სიყვითლით?!ოქრო, ადამიანებმა გაამშვენიერეს გონებაში. ალბათ, სიმცირის გამო, ძნელად მოსაპოვარი, ამაშია მისი დიდების საიდუმლო. ფოთლებიც იშვიათობაა უდაბნოში!.. შთამბეჭდავია უდაბნოს ხილვა, როცა არ გცხელა, როცა კომფორტულ სავარძლიდან უმზერ ამ პირქუშ სამეფოს. რუხი ყვითელი ბატონობს ფერზე. და გონებაში ოქრო ბატონობს. მწვანე სამყარო უკან იხევს. თუმც კი, ადამიანებს საარსებოდ სჭირდება მწვანე... გაუფრთხილდი დედამიწას - ყვირის მეუდაბნოვე. მან იცის ოქროს ფასი. გაუფრთხილდი დედამიწას გაჰყვირის " მწვანე".გაუფრთხილდით დედამიწას, ნუ აქცევთ უდაბნოდ - იღვრება წყარო და ჩვენ არ გვესმის სამყაროს ხმა, და ჩვენ არ ვიცით ბუნების ენა, და რჩება ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!.. და სადღაც მიდიოდა, უდაბნოში, ქარავანი.ქარავანი - მსგავსი ათასებისა, რომლებიც ჩარჩნენ, უკიდეგანო ქვიშის ტრამალებზე. ადამიანებს ხვალინდელი დღის იმედიღა ამოძრავებდა. ადამიანებს იმედი აქვს გამდიდრების, და გააღწევენ ამ უდაბურ დროსა და სივრცეს.  
                                                                                         (მერ'ფი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი