საშობაო ნაძვის ხის საოცარი ამბავი
www.merpi.ge --- შორს, ძალიან შორს, ისე შორს, რომ წარმოდგენაც ძნელია. იქ სადაც მხოლოდ მარადიული მზრალობაა, თოვლი და ყინვა თარეშობს და მხოლოდ ქორბუდა ირმები ეზიდებიან მარხილს გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად. იქ სადაც ცა ათასფერად ელვარებს ზამთრის გრძელ ღამეებსა და თეთრად განფენილ თვალისმომჭრელ ტრამალებსაც ათასფერად აცისკროვნებს. ერთ პატარა ქოხში ორ გოგონას ბუხართან ტკბილად ეძინა. ხანდახან ქარის ზუზუნი თუ დაარღვევდა ირგვლივ გამეფებულ მოსაწყენ სიჩუმეს, რომელსაც მანამდე მხოლოდ შუაცეცხლში შიშინითა და ტკაცა-ტკუცით ალმოდებული ფიჩხი გამოსცემდა ეულად. შობის ღამე ახლოვდებოდა, საშოვარზე წასული მშობლები კი ჯერ არ ჩანდნენ და არსაიდან არავინ ელოდა მოულოდნელ და უცხო სტუმარს. ამიტომ, როგორც კი კარებზე მორიდებული კაკუნი გაისმა. ფხიზლად მიძინებული ბავშვები წამოხტნენ და ჟრიამულით მისცვივდნენ შემოსასვლელ კარებს. კაკუნი ისევ განმეორდა, ფრთხილი, მორიდებული, თითქოს არც არვინ ყოფილიყო ზღურბლს მიღმა... კარები, რომ გარედან არავინ გააღო , გოგონები ცოტათი შეცბნენ, რა არ იფიქრეს. იქნებ ნადირია, ისიც კი გაიფიქრეს იქნებ ავის მომასწავებელი იყოსო კარის გაღება, მაგრამ ქრისტესშობის ღამით , მათი რწმენით მშობლების, ახლობლების და თოვლის ბაბუასა და მოკეთის მეტი, სხვა სტუმარი, მით უფრო ავი ზრახვებით წარმოუდგენელი იქნებოდა სწვეოდა და ამ რწმენით შეაღეს კარები მცირედად და ჰოი საოცრებავ. კარებთან სუსხიანი ზამთრისთვის შეუფერებლად ,მთლად ძონძებში, ფეხშიშველი, შილიფად ჩაცმული ოქროკულულა ბიჭუნა იდგა და სიცივისგან სულ ძაგძაგებდა. ბავშვები დაიბნენ, მაგრამ მათმა კეთილმა გულმა სძლია შიშს და ბიჭუნა სახლში შემოიყვანეს, ცეცხლთან დასვეს, ცხელი ჩაი და რაც ებადათ ყველაფერი საკვებად გამოუტანეს, გულით მიართვეს, თუმცაღა ისევ შიშნარევი გაოცებით უცქერდნენ უცნაურად ჩაცმულ ბიჭუნას, რომელსაც მათი ენა არ ესმოდა და მხოლოდ თვალებითა და ხელების მოძრაობით აგებინებდნენ სათქმელს. შუაღამე დგებოდა და გოგონებს ისევ ჩასძინებოდათ თბილად და ტკბილად, ამჯერად უცნაურ სტუმართან ერთად... და უცებ სადღესასწაულო მელოდია ჩაიღვარა მოსაწყენ სივრცეში. ზეცა ათასფრად განათდა და და თეთრად დათოვლილი თვალუწვდენელი ტრამალი, ყვავილებით აჭრელებულ მდელოს დაემსგავსაო თითქოს და გოგონებმა თვალი უმალ დააჭყიტეს , მაგრამ უცნაური სტუმარი არსად იყო. გარეთ კი ანგელოსთა დასი გალობდა და საოცარი მელოდიები ისმოდა ირგვლივ. - ჰეი! ეს მე ვარ ქრისტეს ანგელოსი, რომელიც მშიერი მოვედი და დამაპურეთ, მცვივანი მოვედი და გამათბეთ, მწყურვალი მოვედი და მასვით. თქვენ სძლიეთ შიშსა და მისტუმრეთ თქვენს შორის. და მე სანაცვლოდ თქვენი სიკეთისა, სახსოვრად გიტოვებთ ნაძვის ტოტს, რომელიც დამზრალ მიწაშიც კი გაიდგამს ფესვს, იყვავილებს და ოქროს გირჩებით დაგამშვენებთ ყოველ საშობაო დღესასწაულზე... მერე სარკმლიდან გოგონებმა დაინახეს, თუ როგორ გამოეყო ოქროკულულა ბიჭუნა ანგელოსთა დასს, მივიდა მათ სარკმელთან და იქვე შორიახლო თოვლში ნაძვის ხის ტოტი ჩარგო. ტოტი, რომელიც შემდგომში ბუმბერაზ ხედ გაიზარდა და ოქროსფერი გირჩებით ალამაზებდა ერთფეროვან სივრცეს. ასე დასრულდა ქრისტესშობის ანგელოზის უცნაური სტუმრობა სადღაც შორეულ ჩრდილოეთში. -მერ'ფი- P.S. ნოველა დაწერილია ლუსი უილოკის (Lucy Wheelock) მოთხრობის „Legend Of The Christmas Tree “ სიუჟეტის წარმოსახვითა და გავლენით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი