დროთ გაიარეს
დროთ გაიარეს მრავალთა, მიაქვთ თვენი და დღეები, ვუყურებ, პირისპირ მიდგას ჩემის სამშობლოს კლდეები, შიგ არ მიშვებენ, ნისლებსა აქვთ დაკეტილი ბჭეები, უპირისპირებს თხემებსა გადამავალი მზეები. მზის სხივთა გადაიარეს მზის წვერთა მოცინარეთა, უბერავს ჩქარი ნიავი, ფოთოლთ შაურხევს არეთა, ჩხრიალი მიაქვს წყაროთა თავ-თავქვე მომდინარეთა, ცრემლი სდის კლდეთა მტირალთა აროდის მოცინარეთა. ზამთარ-ზაფხულში უცვლელთა, მეხისა მლოდინარეთა. ჩაბნელებულან ჭალანი, აღარ ისმიან ხმანია. მთვარე ვერ შუქობს, ზოგს ალაგს არ იგებიან გზანია, წყალობა უბოძებია, ცამ ჩამოყარა ნამია, მთის ქუჩსაც ჩაუმწყაზარა გვალვით დამწვარი თმანია. ცაზედ ბჟუტავენ ობოლნი ნერგნი ვარსკვლავნი მქრქალნია! ჯერ გათენებას რა უნდა, ჯერ შემოდგომის ჟამია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი