ფიქრნო ოხერნო!
ოხერნი ფიქრნი, მაფიქრებთ, გულს მიკლავთ დაღონებულსა, ვინღა დამიხსნის, წყეულნო, მე თქვენგან დამონებულსა. სულ მუდამ უნდა მატიროთ, აროდისა მყოფთ შვებულსა. მუდამ ფეხს მადგამთ, ძირსა მწევთ, არა მყოფთ განდიდებულსა. დღეს ყველა ჩემზედ იცინის, მე, ნამდვილ ასე მგონია, თავმოსაწონი საქმეი ახლა აღარა მგონია. არვის ვყოფილვარ ბატონი, არც არვინ დამიმონია, მერმე მონობით დავლიენ ჩემის სიცოცხლის დრონია, შემდეგაც მონა ვიქნები მე საწყალს ასე მგონია. თუმც მითხრეს გზები გაგეხსნა გექნა სავალი ფონია, მეტს მონობას კი ვერ შევსძლებ ვაჰმე, აღარ მაქვს ღონია. მგონავ, ეს ჩემი სიცოცხლე ასაწონ-დასაწონია, ზოგ ახლად შესაკერავი მოსაჭრელ-გასაზომია; მაგრამ ვინ მოსჭრის, ვინ გაზომს, და ვინ ჩამაცომს ტანზედა, არავინ, თუ მე არ შევსძელ, თვითონ არ მოველ ჯანზედა, რაღა ვარ მტრისგან გაცრცვილი, ნაცნობ მძლივთა მცნობ ხმაზედა; ტყვეობის ნიშნად ყველა მცნობს სამგლოვიარო თმაზედა, მოკრეჭის ნება არ მომცეს ას წელს იზარდა თავზედა. ახლა თმას ვიკრეჭ, ტანს ვიბან თავისუფლების წყალზედა. ღონეს მოვიკრეფ ყოველმხრით მოვალ იმ ძველსავ ძალზედა, და მტერს მოვუქნევ ფრანგულ ხმალს სამშობლო მოედანზედა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი