გიმნაზიის ქრონიკები - 1 - ღამე გიმნაზიაში
ო, ალბათ, როგორი რეტროგრადიული იყო იუპიტერი იმ დღეს!.. გიმნაზია ხომ ისედაც გამორჩეულია სხვა სკოლებისგან, მაგრამ ჩვენი სკოლის რაღაცა საბჭომ - მაპატიეთ, სახელი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ საბჭო რომაა, ეგ კი მახსოვს - მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამა წლის ნოემბრის თვიდან სწავლა სკოლაში, დილის ცხრის ნახევრის ნაცვლად, დაიწყებოდა ღამის პირველის ნახევარზე - რვა საათით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ იწყებოდა ხოლმე. ამან გამახარა, პირდაპირ გეტყვით - მე ისედაც ღამე უფრო ვაქტიურდები ყოველთვის! იგივე საბჭომ - სხვათა შორის, მაგ საბჭოში მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების გარკვეული რაოდენობაა ერთად - გიმნაზიისთვის კიდევ უფრო გამორჩეული იერის შეძენის მიზნით, შინაგანაწესში ჩამატება შეიტანა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ,,ქალაქ რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ნომერ ოცდამეოთხე ქართული გიმნაზიის ყოველ მოსწავლეს - განურჩევლად სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციისა - ევალება, სამ საათსა და თოთხმეტ წუთზე სამოცი წამით შეჩერებული გაკვეთილის მსვლელობისას ოთხზე შედგეს და ჩვენს მამა-მარჩენალს - დედამიწის თანამგზავრ მთვარეს - შეჰყეფოს ან შეყმუვლოს მადლობის ნიშნად. ყმუილისა და ყეფის არჩევანში თითოეული მოსწავლე თავისუფალია. სავსემთვარეობისას მოვალეობის შესრულებისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც სავსემთვარეობისას მოზღვავებულ აგრესიის ნაკადს ვერ იკავებენ, მთვარე ჰყავთ კუროს ზოდიაქოში ან იუპიტერი - ტყუპებში. მთვარის დიდების დროს, რომელსაც ყოველ სასწავლო ღამეს სამ საათსა და თოთხმეტ წუთზე აღავლენს ქალაქ რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ნომერ ოცდამეოთხე ქართული გიმნაზიის ყველა მოსწავლე, მასწავლებლებს ეკრძალებათ, მოსწავლეებისთვის რაიმე სახით ამ რიტუალში ხელის შეშლა. მასწავლებლებისთვის და, ზოგადად, სკოლაში მომუშავე პერსონალისთვის, რიტუალში მონაწილეობის მიღება სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია. მთვარის დიდების დროს დაუშვებელია: მობილური ტელეფონის გამოყენება, გრძელი თმა ბიჭებზე, გაშლილი თმა გოგოებზე, მანიკური, მაკიაჟი, საყურე, ბეჭედი და სხვა მსგავსი ტიპის ის გარეგნული ნიუანსები, რაც ისედაც დაუშვებელია შინაგანაწესის მიხედვით. მთვარის დიდების რიტუალი ქალაქ რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ნომერ ოცდამეოთხე ქართული გიმნაზიის არც ერთ მოსწავლეს არ ათავისუფლებს შინაგანაწესის სხვა დებულებებისგან“. ეს ყველაფერი ოქტომბრის ოც რიცხვში გამოგვიცხადეს. მაშინ ჯერ კიდევ დილით იწყებოდა სწავლა. მახსოვს, ჩვენთან პირდაპირ დირექტორი იყო შემოსული, ზუსტად მან გვითხრა, ესა და ეს ცვლილება - უფრო ,,ჩამატება“, ვიდრე მკაფიოდ ,,ცვლილება“ - მოხდებაო შინაგანაწესში, და აღნიშნული წესი მოქმედებაში ნოემბრის პირველი რიცხვიდან შევაო. ნოემბერი ყოველთვის მეზიზღებოდა, თუმცა არა - მსგავსი ბანალური მიზეზებისდა გამო. ეს ყველაფერი გამოწვევადაც კი მივიღე - რა ჯობია-მეთქი ღამით სწავლას! ერთი ისაა, რომ ცოტა საშიშია, სხვა არაფერი. - ჯოჯილ, ჯოჯილ, შენ ჩემო ყველაზე სწრაფო მეგობარო, - დავიძახე კლასში იმ იმედით, რომ ჯოჯილი გამიგებდა. პირველი, ქართულის გაკვეთილი გვქონდა - ახალი მასწავლებლის ხელში, ყველაზე უინტერესო გაკვეთილი. - ჰო, ჰო, შმიქსაილ, რა იყო? - გამომძახა ჯოჯილმა. მისი ხმა აქეთ-იქიდან ერთდროულად მესმოდა. არც შევბრუნებულვარ, ისე მივხვდი, რომ კლასში დარბოდა. - ხო იცი, დღეს რა რიცხვია? - ვკითხე. - ,,ვიცი“ რომელია! - უმატა ტემპს. - მერე შრამასი რატო არაა სკოლაში?! - პირველზე დაეძინა, მეორეზე მოვა. - ოკეი. დაველოდოთ. შენ გახურდი, მიდი, - შევაგულიანე. მასწავლებელი კი ლაპარაკობდა რაღაცას, მაგრამ არც არავინ უსმენდა - ყველა დარწმუნებული იყო, რომ ნებისმიერი სხვა მასზე უკეთ ახსნიდა მოცემულ მასალას. არა, ჯერ ვერ მიეჩვია გიმნაზია ღამის ცვლას! ნახეთ, იქით ჯოტიას როგორ სძინავს! აგერ ჩიტიშვილს, პირველ მერხზე რომ ზის, ტერფები მოუშიშვლებია, შალი მოუგდია და თვლემს! ო, რა ტერფებია!.. ო, ჩიტო, გვრიტო, მარგალიტო, დელია!.. ასეთი ლამაზი ტერფები არსად მინახავს! მომინდა, ძირს გავგებოდი და მისი შიშველი ტერფები ბალიშად ამომედო თავქვეშ! გვრ... ო, კარგით, მეყოფა, ისედაც ზედმეტი მომივიდა, ჩშშ! აი, ეგ იყო სულ - პირველი გაკვეთილიც გავიდა. შრამასი მართლა მოვიდა მეორე გაკვეთილზე. მე, ის და ჯოჯილი ერთად ვისხედით და ძალიან ჩუმად ვსაუბრობდით იმაზე, რისი გაკეთებაც გვინდოდა. - ჰო, რა, - შრამასსაც არ გადაეფიქრებინა, - რა თქმა უნდა, დღეს ვაკეთებთ მაგას. - მესამე გაკვეთილის მერე გვიწევს წასვლა, - გამოთვალა გონებაში ჯოჯილმა. - ეს ახალი წელი ყველაზე მაგრად გაასწორებს! - შეგულიანებულმა ამოვთქვი. სამედიცინო ბიოლოგია ერთ-ერთი ყველაზე უაზრო საგანია - არაფერსაც არ ვსწავლობთ. მეორე ეგ გვქონდა. უკან კლასის ბიჭები ბანქოს თამაშობდნენ, წინ არაფერი ხდებოდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ შმოთარ ცეცხლაძე ზოგადი უნარების ერთ-ერთ ამოცანაზე ეკამათებოდა პეკუ სხვადიბაიძეს. არც მომისმენია ბოლომდე, და არ ვიცი, შეთანხმდნენ თუ არა რამეზე იმიტომ, რომ აგერ ანანამ ყვავების მალიუტკა გაშალა და ეგონა, მოვიგეო, როცა სვარჩიამ ოთხი კოზირით და კაროლ ყვავით მისი მალიუტკა გაჭრა, თუმცა ჩამოსვლამდე ,,სეს“ თქმა დაავიწყდა - ,,დავი“ ხომ ანანამ თქვა, როცა ყვავებს მოდიოდა. ჯოჯილი და შრამასიც წინ ისხდნენ - ინგლისურს აკეთებდნენ ერთად. - მასწ, ორი წუთით გავალ, - გოგოსათვის ბოხი ხმით წარმოთქვა ვიღაცამ წინა მერხებიდან. ჩიტო იყო! ოხ, ჩიტო, რა ლამაზი ხარ, ნეტა იცოდე, რა საყვარელი!.. არა, ალბათ, იცი კიდეც და მაგიტომაც... აჰ, ჩშშ! მორჩა!!! - შმიქსაილ! - დამიძახა ჯოჯილმა. - ჰოუ! - გავძახე საპასუხოდ. - ამის მერე ლობიანებზე რას იტყვი? - ბაზარი არაა. ფულიც მაქვს, - ვუთხარი. ბიჭების თამაშს მივუბრუნდი. მანდარინა და ანანა ცხრით ორს უგებდნენ ვარდოს და სვარჩიას, მაგრამ ამ უკანასკნელებმა თამაში დაუქაჩეს, ცხრით ცხრა გაუხადეს, და ახლა უკვე ,,დავსაც“ ეუბნებოდნენ. მანდარინა უარზე იყო, მაგრამ ანანა იწევდა - ყველა კარტს ვსერავო - ამიტომ ,,დავი“ ითამაშეს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, ვინც ამ ხელს იგებდა, ის იგებდა პარტიასაც. ვარდო ოთხ აგურს მოვიდა. მანდარინამ ვერ გაჭრა, სვარჩიამ დაამძიმა, და ანანას ჯერი იყო. ერთი წუთი ფიქრობდა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა - ისედაც ვერ ჭრიდა. ბოლოს თავი იმით იმართლა, ოთხს თუ ჩამოვიდოდა, მე რა ვიცოდიო. ჰო, ნუ, ვერც გაჭრა და, თან, იმდენი გაატანა, რომ სამოცს უკვე გაცდნენ ვარდო და სვარჩია. რა თქმა უნდა, მერე ტრაბახობდნენ, ცხრით ორს ვაგებდით, და თერთმეტით ცხრა მოგიგეთო. რეალურად, ჰქონდათ კიდეც სატრაბახო. ზარი დაირეკა. მე, ჯოჯილი და შრამასი ბუფეტში ჩავედით. შრამასს ფული არ წამოეღო, მაგრამ მე ვუყიდე ფენოვანი ლობიანი. ვჭამდით სამივე. რახან რიგში ვიყავით, მაგან თავისი დრო წაიღო, ამიტომ დასვენების ბოლომდე ჭამის დასრულება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ფილიპ მასწავლებელს ვუთხარით, შევჭამთ და შემოვალთ-ჩვენთქი. კლასთან დავდექით და ჭამა გავაგრძელეთ. ფილიპ მასწავლებელი მათემატიკას გვასწავლის. ისეთი ტიპია, მათემატიკასაც კი შეგაყვარებსსავით. დერეფანში, თან რომ ვჭამდით, ისევ ჩვენს გეგმებზე ვლაპარაკობდით. უცებ გოჭის წაღრუტუნების ხმა მოისმა გარედან. ამაზე სამივეს გაგვეღიმა. ცელოფნები ურნაში ჩავყარეთ, და გაკვეთილზე შევედით. ვეღარ ვისვენებდით - ამის მერე უნდა წავსულიყავით, არადა ხუთი გაკვეთილი გვიწევდა ცხრილის მიხედვით. მაგრამ გეგმას ასე სჭირდებოდა. ფილიპ მასწავლებელმა შემამჩნია აჟიტირება, და მითხრა, ხომ მშვიდობააო. დიახ-მეთქი, რომ ვუთხარი, თავისი ფიქრი ხმამაღლა გააჟღერა - ემოციურად არამდგრადი მეჩვენებიო. ჰო, რას გამოაპარებ! ამ დროს ყველამ ჩემკენ გამოიხედა - ჩიტომაც კი! ჩიტო, რა ლამაზი ხარ!.. კარგით, კარგით... არადა როგორ ნაზად წამოვაცვამდი თეთრ წინდებს შენს გრძელ, თხელ ტერფებს!.. ჰო, მორჩა, ჩშშ!!! ტუჩის რა ფორმა... ცხვირი... მორჩა! მეყო! ცამეტი ნოემბრის, პარასკევი ღამის მთვარე ლაპლაპებდა ცაზე მაშინ, როცა მესამე გაკვეთილი დაგვიმთავრდა. სამ საათს აკლდა ათი წუთი. ნახევრად ცარიელი ჩანთები მოვიგდეთ მე, ჯოჯილმა და შრამასმა. ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, რომელია შენში პაპი? ეს კაცი? პაპი ხარ? რისთვის ჩაგსვეს? ო, ჩიტო, ერთადერთო, მაპატიე, რომ ასეთი ვარ... მოკლედ, დირექტორის კაბინეტში შევიპარე ჩუმად. ხომ ცნობილია, რომ ღამე იყო, ჰოდა იმასაც გეტყვით, რომ მესამე გაკვეთილის მერე პირველ სართულზე შუქები ქვრება. სიბნელეში, დერეფანში ვიყავით ჩვენ სამნი. კარი რომ გავაღე, დირექტორი კაბინეტში არ დამხვდა. იქაც სიბნელე იყო, და გოჭის ღრუტუნი ისმოდა ალაგ-ალაგ. ორშაბათს ჩვენმა დირექტორმა - სხვათა შორის, დირექტორსაც ჩიტო ერქვა - გოჭი მოიყვანა, და განაცხადა, რომ ამიერიდან ეს გოჭი გიმნაზიის დიდების სიმბოლო იქნებოდა. ჩვენს გეგმებსაც გაგანდობთ, და გეტყვით, რომ მე, ჯოჯილი და შრამასი ახალ წელს სერიოზულ ქეიფს ვაპირებდით, და შანსი არ იყო, რომ გოჭი არ გქვონოდა; ყიდვის თავი და ფული ჩვენ არ გვქონდა, ამიტომაც უნდა მოგვეპარა. დანა მეჭირა ხელში გაშლილი. უცებ ფეხზე რაღაც მომეთათუნა. მივხვდი, რომ ცხოველი იქნებოდა - ალბათ, პატრონი ვეგონე. გოჭსაც შავ-თეთრი ფორმა ეცვა, თმები შეჭრილი ჰქონდა და არც მანიკურები ესვა, არც საყურე ეკეთა - მთლად გიმნაზიის მოსწავლესავით იყო. ჩიტო, მაპატიე-მეთქი, ხმამაღლა ვთქვი, ინტუიციურად შემოვხვიე გოჭს ყელზე ხელები, და დანა პირდაპირ კისერზე დავუსვი. ყურისწამღებად ღრუტუნებდა - მთელი სხეული მტკიოდა ამ ღრუტუნის გამგონეს. თბილი სისხლი სახეზე და ხელებზე მეშხეფებოდა და გაციებულ კიდურებს მითბობდა. ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და ქალბატონი ჩიტო შემოვიდა. შუქი რომ აანთო, მერეღა დაინახა ყველაფერი. - გოჭუნია! - დაიყვირა დირექტორმა, სახეზე ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო. - ნწ, ნწ, - ავყევი მეც, - არადა ეს გოჭი გიმნაზიის დიდების სიმბოლო უნდა ყოფილიყო... ნწ, ნწ, საწყალი... - შმიქსაილ, - ქალბატონი ჩიტო მომიბრუნდა მერე, - შენ დიდ პატივს გცემ, და მინდა, შენ დამარხო გოჭუნია. - რა თქმა უნდა. თუ რამე დაგჭირდეთ, აქ ვარ. ისე, იცით, რომ თქვენ და იმას ერთი სახელი... ანდაც, ახლა რა აზრი აქვს... ვიზიარებ, ნწ, ნწ, სადღაა ახლა გიმნაზიის დიდება, ნწ... გოჭი ხელში ავიყვანე. ისედაც სისხლიანი ვიყავი, ამიტომ უფრო დასვრას არც მოვრიდებივარ. მთავარი იყო, რომ ჩემზე ეჭვი არ მოუტანია ქალბატონ ჩიტოს. ასე ხელში მყავდა აყვანილი, როცა მის სხეულს, მარცხენა ხელთა ერთად, მუხლი შევუყუდე, მარჯვენათი კი კაბინეტის კარი გამოვხსენი. - ქსსსსსსსსსსსსსსსს, ჯოჯჯჯჯჯჯჯ, - ჩურჩულით, მაგრამ მაინც ხმამაღლა ვთქვი - ბგერების ექომ მთელ დერეფანში გაიჟღერა. რატომღაც არავინ იყო პირველ სართულზე. დირექტორის კაბინეტს რომ პირდაპირ უყუროთ, მისგან ხელ-მარცხნივ კიდევ არის პატარა დერეფანი, რომლის ბოლოც გოგონების ტუალეტია. ჯოჯილი გოგონების საპირფარეშოში მიცდიდა. ქალბატონი ჩიტო თავის მაგიდას უჯდა და ტიროდა. ჯოჯილს რომ მოვუხმე, ისეთი ხმა გავიგონე, თითქოს ვიღაცამ ჰაერის ნაკადი შუაზე გააპოო, და ამით მივხვდი, რომ ჯოჯილი - ჩემი ყველა დროის ყველაზე სწრაფი მეგობარი - ადგილიდან მოწყდა. კაბინეტის ზღურბლიდან ერთი ნაბიჯი გადავდგი, გოჭი ჰაერში ავაგდე და ისევ ქალბატონ ჩიტოს დავუბრუნდი. გავიგონე, როგორ მოხსნა მკვდარი ცხოველის სხეული ჯოჯილმა ჰაერშივე. - ქალბატონო ჩიტო, - ვამშვიდებდი, მხრებზე ხელებს ვუსვამდი, - მართლა არაფერი გჭირდებათ? - არა, მადლობა, - მითხრა, და ტირილი გააგრძელა. - აბა, ჰე, მაშინ, - ძმურად დავარტყი ხელი ბეჭებზე, - ეს რა გოჭი წაგვექცა და გიმნაზიის დიდების სიმბოლო, ნწ, ნწ... გეგმის მიხედვით, შრამასი ბუფეტის ჩასასვლელთან მდებარე გვერდითა რკინის კარიდან გაიპარა, კარის ჭრილიდან ზუსტად გაშვერილი ხელების მართობულად ორმო ამოთხარა, და გველოდებოდა. ასეც იყო. მე რომ მივედი, ჯოჯილიც მასთან ერთად იყო, და ერთობლივი ძალებით ტენიდნენ გოჭს ამოთხრილ ორმოში, არადა, წესით, გოჭი თავისუფლად უნდა ჩატეულიყო, მაგრამ, როგორც ჩანდა, ან შრამასს მოუვიდა ორმო პატარა, ან გოჭი გასუქდა. ეს გოჭი რა იქნებოდა საახალწლოდ, იფ! უკვე ვერ ვითმენდით. ფილიპ მასწავლებელი, რომელიც ყოველ დიდ დასვენებაზე - მესამე და მეოთხე გაკვეთილებს შორის - სკოლის შენობიდან გზის მოპირდაპირე მხარეს გადადიოდა და შავ ,,ფილიპ მორისს“ ეწეოდა ხოლმე, ამ ჯერზე რატომღაც არ გადავიდა გზის იქით, არამედ გვერდით, ჩვენკენ მოემართებოდა. ისეთი პოზები მივიღეთ სამივემ, რომ აშკარა იყო, რაღაცაში გამოგვიჭერდა ფილიპ მასწავლებელი - შრამასმა ნიჩაბი დააგდო, ჯოჯილი დაბნეულად იყურებოდა, მე კი საკუთარ ფეხსაცმელებს დავჩერებოდი. სადღაც ბუმ თვალები გაახილა და ფრთები შეათამაშა. ბუ ხომ ჩიტია, ეჰ, ჩიტო, რატომ არ მოინდომე ჩემთან ყოფნა... არადა მე და შენ სამყაროს, ე... აბა, ახლა! მეყო! - თქვენც მოსაწევად გამოიპარეთ, ბიჭებო? - გვკითხა ფილიპ მასწავლებელმა პირდაპირ, მოურიდებლად. - ააღყყხ, - რაღაცა გაურკვეველი ბგერები აღმოხდა შრამასს, თან გაწითლდა, და ცდილობდა, გაეცინა. ჯოჯილი ვერაფერს ამბობდა - სპორტსმენი იყო და ნაღდად არ ეწეოდა. - დიახ, - სიცილით ვთქვი, - მე გამოვედი მოსაწევად და ბიჭები გამომყვნენ, - გულის ჯიბიდან ერთი ღერი ამოვაცურე და გავუკიდე - კიდევ კარგი, მანამდე არ მომეწია. ამ წინადადებით ისინიც გადავარჩინე რეპუტაციის შელახვისგან, და სიტუაციაც გადარჩა. - უკვე დიდები ხართ, მაგრამ მოწევა მაინც არაა კარგი, - დაგვარიგა ფილიპ მასწავლებელმა, - მარა ერთ რამეს გაგანდობთ: რაც სწავლა ღამე იწყება, სულ აქეთ მხარეს ვეწევი ხოლმე - მაინც არა ჩანს! - და გაიცინა. ჩვენც ავყევით სიცილში. გაითვალისწინეთ, ამ დროს ორმოში გოჭი გვიდევს, თან ისე, რომ მიწაც არ დაგვიყრია - ეგ მერე ხომ უნდა გვეჭამა, და მიწიანს ხომ არ შევჭამდით! რახან, დაახლოებით, ოცი მეტრის მოშორებით ვიდექით ორმოსგან, და თან სიბნელე იყო, მოკლული გოჭი არ ჩანდა. მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ჩორნა, და ჩორნა გამოჩნდა ისე მოულოდნელად, როგორც დალევის უეცარი გადაწყვეტილება. ჩორნა შრამასის უბნის ძაღლია. ეტყობოდა, რომ რაღაც იყნოსა. მართლაც, გვერდითა კარის ქვეშ ამოთხრილ ორმოში ცხვირ-პირი ჩაყო და, რომ ამოიღო, სისხლიანი ჰქონდა უკვე, თან გემრიელად ილუკმებოდა. რომ დანაყრდა, ორ ფეხზე გავლაც შეეძლო, და ზუსტად ორ ფეხზე შემდგარი მოვიდა ჩვენთან. - ხომ არ მომაწევინებთ ერთს? - იკითხა ჩორნამ. სიგარეტი ფილიპ მასწავლებელმა გაუწოდა, - გაიხარე, - მოუკიდა, ნაფაზი დაარტყა, ამოიოხრა და ამოაყოლა: - უჰ, ჭამის მერე მოწევა ასწორებს - მონელებაში მეხმარება! შრამასი სულ გაწითლდა, ადუღდა - შერცხვა, სწორედ მისმა უბნის ძაღლმა რომ შეგვიჭამა საახალწლო გოჭი და გიმნაზიის დიდების აწ გარდაცვლილი სიმბოლო. ფილიპ მასწავლებელი დაგვემშვიდობა - ზარი ირეკება, უნდა შევიდე, გაკვეთილი მაქვსო. ჩვენ სამნი - მე, ჯოჯილი და შრამასი - ერთხანს ვიდექით ასე, ჩორნას ვუყურებდით და არ ვიცოდით, რა გვეთქვა, ბოლოს ისევ ჩორნამ იკითხა, რას მომჩერებიხართო, მერე ცოტა ხანი დაფიქრდა, და ისევ ოთხ ფეხზე დადგა - ალბათ, იფიქრა, ასე უფრო ნაკლები მომეთხოვებაო - ფეხები აილოკა და გაგვეცალა. ჩვენც მერე უსიტყვოდ დავიშალეთ. სკოლის ცენტრალურ ეზოში გადმოვაჭერი - დასამალი არავისთან არაფერი მქონდა. ამ დროს იწყებოდა მეოთხე გაკვეთილი უკვე, მაგრამ ეზოში, კიბეებზე მოარული ჩიტო დავინახე - ისიც სახლში იპარებოდა, ჩემსავით - ნაცრისფერი პალტოს სახელოები ბოლომდე გაეშალა, ყელი რომ დაეფარა, და ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი; გაშლილ წაბლისფერ თმებს თავისდაუნებურად აქნევდა - მისი სუნი ორმოც მეტრშიც კი მცემდა. ო, ჩიტო, ალბათ, როგორი რეტროგრადიული იყო იუპიტერი იმ ღამით!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი