გიმნაზიის ქრონიკები - 2 - ჯაშუში


გიმნაზია რესურსცენტრმა და განათლების სამინისტრომ შეაწუხა - თურმე, არ იცოდნენ, ღამე რომ მიდიოდა სწავლება და, როგორც კი გაიგეს, ეგრევე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები გამოუშვეს სკოლაში. დიდი აურზაური იყო. ვიღაც-ვიღაცები ქალბატონი ჩიტოსკენ იშვერდნენ ხელს, და მას ადანაშაულებდნენ. განათლების სამინისტროში დიდი დებატები გაიმართა. გიმნაზიის წარმომადგენლები ჯიუტად ყვებოდნენ ღამით სწავლის დადებით მხარეებზე, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი საპირისპიროს ამტკიცებდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ჩვენს სკოლას არაფერი დაუთმეს და, შესაბამისად, სწავლა ისევ დილით გადმოიტანეს. ღამით სწავლასთან ერთად, გაუქმდა მთვარის სადიდებელი ლოცვებიც. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვა დასრულდა, ხმები დაირხა, რომ ასე მარტივად არაფერი ჩაცხრებოდა, და რომ რესურსცენტრმა და სამინისტრომ გიმნაზიაში მზვერავები გამოუშვა. ამ მზვერავებს ვერავინ ვერასდროს ხედავდა, მაგრამ მათი არსებობა მალე დაიჯერა მთელმა სკოლამ. ერთხელ, მახსოვს, რამდენიმე მეთერთმეტე კლასელმა გოგომ - მათ შორის, შალვასტასიამ და გენერალმა ჭ.-მ - გიმნაზიის მოსწავლეებისგან შემდგარი სექტა ჩამოაყალიბეს, რომლებიც ჩუმად იპარებოდნენ სკოლაში ღამე, და მომდევნო დღის ცხრილის მიხედვით დატენილი ჩანთები მოჰქონდათ, რომლებსაც მერე მთვარეს ანახვებდნენ და თაყვანს სცემდნენ. ერთ-ერთი მათი რიტუალის დროს შალვასტასიამ მოინდომა, პირველი სართულის დერეფანში ჩასულიყო და თევზებისთვის ,,ყვითელი ფოთლები“ ეჭმია - რახან ბრჭყალებში მაქვს ჩასმული, ალბათ, მიხვდებით, რომ გია ყანჩელის ,,ყვითელ ფოთლებზე“ მაქვს საუბარი. შალვასტასიას ცხოველები ძალიან უყვარდა, ამიტომ მათთვის არაფერი ენანებოდა - არც თავისი საყვარელი მუსიკა. 
- ე, ჭ., - დაუძახა გენერალს, - გამომყვები, თევზებს რო ვაჭამო?
- თევზების საჭმელი სიჩუმეს ჰგავს... - წაიმღერა გენერალმა ჭ.-მ, და დაქალს პირველ სართულზე ჩაჰყვა.
სწორედ აქ მოხდა ყველასთვის დაუჯერებელი რაღაც, რაც წინაპირობა გახდა იმისა, რომ გიმნაზიაში შემოგზავნილი ჯაშუშების არსებობა ყველას დაეჯერებინა. მოკლედ, ჩავიდნენ დაბლა სექტის წევრები. შალვასტასიას სიდი დისკი ეჭირა, რომელზეც გია ყანჩელის ,,ყვითელი ფოთლები“ ჰქონდა ჩაწერილი. აკვარიუმს რომ მიუახლოვდნენ, შალვასტასიამ დისკის მტვრევა და თევზებისთვის ჩაყრა დაიწყო, თან ეუბნებოდა, ჩემო ლაყუჩებიანო მეგობრებო, ჭეშმარიტ მუსიკას ეზიარეთო. ამ დროს გენერალი ჭ. აკვარიუმის თავზე დაკიდებულ ათოსნების სურათს უყურებდა - ყველას სახეს ათვალიერებდა. ისე, მაგ სურათის უნიკალურობა იმაშია, რომ, რამდენჯერაც არ უნდა დააკვირდე, ყოველ მომდევნო ჯერზე ახალ სახეს მაინც იპოვი. ჰოდა, უყურებდა გენერალი ჭ. ათოსნების სახეებს, და ვერც კი წარმოიდგენთ, რა მოხდა! მეათე ჯ კლასის მოსწავლე ლავრენტი ბერიამ სურათზე თვალი გაამოძრავა. გენერალს ლამის გული წაუვიდა, მაგრამ, თავისი მტკიცე ხასიათისდა გამოისობით, თავი შეიკავა, და იფიქრა, მომეჩვენაო, თუმცა პირდაპირ თვალებში რომ შეხედა ლავრენტიმ სურათიდან, აი, მაშინ კი შეჰკივლა. ამაზე შალვასტასიას გული გაუსკდა. 
- რა იყო, გოგო, რა გაყვირებს?! - უსაყვედურა დაქალს.
- ლლლ...ლავრენტი! - ძლივს თქვა გენერალმა.
შალვასტასიამ ათოსნების სურათს ახედა, ზედ ლავრენტი ბერია იპოვნა და დააკვირდა. ხვდებოდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, რახან ლავრენტის თვალები არაბუნებრივად გადმოეკარკლა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ხვდებოდა, რა იყო საყვირალი ამაში. თუმცა მერე, როცა ლავრენტი ბერიამ გოგონებს სურათიდან ენა გამოუყო და შუა თითები აჩვენა, კი მიხვდნენ, რომ გიმნაზიაში დიდი საფრთხე იყო ჩაბუდებული. მეორე დღესვე დაირხა ხმა, რომ სკოლაში ჯაშუშები შეამჩნიეს. გიმნაზია ტერორმა მოიცვა. დერეფანში გასვლის ყველას ეშინოდა - მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც სამასწავლებლოს შესასვლელი კარის თავზე სისხლით შესრულებული წარწერა გამოჩნდა: ნანა, გვიყვარხარ.
*** 
მესამე გაკვეთილის შესვლის ზარი რომ დაირეკა, მე და შმლარჯო ბუფეტიდან ამოვდიოდით - ის შოკოლადიანს ჭამდა, მე ფენოვან მაკარონიანს შევექცეოდი. გადავწყვიტეთ, ფიზრის დარბაზის მხრიდან ავსულიყავით მესამე სართულზე. ბუფეტიდან სრულყოფილად რომ ამოვედით, და სადღაც შუაში, კიბეებსა და დერეფანს შორის გაგებულ მონაცრისფრო-მოცისფრო კაფელზე რომ ვიდექით, დერეფნიდან სიმღერა შემოგვესმა. მელოდია წყნარი იყო, მშვიდი, თითქოს ნაცნობიც კი. პირის ცმაცუნით გავედით მე და შმლარჯო. რაც გასასვლელ კარს ვუახლოვდებოდით, მით უფრო დიდ ხმაზე, უფრო გარკვევით ისმოდა ბგერები, მალე სიტყვებიც გამოკრთა:
- გე-ძა-ხიი, არავინ ა-რა-მცემს ხმას, - კრიალა ხმა მღეროდა, - ყვი-თე-ლი ფოთლე-ბი სი-ჩუ-მეს ჰგაავს...
თავიდან მეგონა, შვეიცარი მღეროდა. მერე ვიფიქრე, სადმე მანდატური დგას და მღერის-მეთქი. ბოლოს შიშის ჟრუანტელმა დამიარა, და ლავრენტი ბერიას ავხედე ფოტოზე... მაგრამ ისიც კი არ იძვროდა. 
- ვახ, ჩემი, შმიქსაილ!.. - თავზე იტაცა ხელი შმლარჯომ, და აკვარიუმისკენ მიმითითა.
ჩვენი სკოლის თევზი, ბინძური წყლის ფერი რომ მიეღო, პირს ფართოდ აღებდა და პროფესიონალური, სუფთა ბგერით მღეროდა:
- და-ა-ყრის ფიფქე-ბად შენს სა-ხლის კა-არს...
*** 
წარწერას წარწერა ემატებოდა. სისხლი - რითიც, ძირითადად, კეთდებოდა ხოლმე წარწერები - ლაბორატორიაშიც წაიღეს. ღორის სისხლი აღმოჩნდა. წინა ამბის გამო, ყველამ შემზე, ჯოჯილზე და შრამასზე მოიტანა ეჭვი - ეგონათ, რახან ღორი მოვკალით და გავიტაცეთ, ახლა მისი სისხლით ვწერდით რაღაც-რაღაცებს. ამის გამო სამი დღით ფიზკულტურის დარბაზში დაგვამწყვდიეს, თან პერიოდულად შიგნით ახალგაოფლილი იღლიის არომატიზატორს გვისხამდნენ ხოლმე. მეოთხე დღეს, როცა ისევ უნდა ვყოფილიყავით ტყვეობაში, მოულოდნელად ჩვენთან ქალბატონი ჩიტო შემოვიდა, და გვითხრა, გათავისუფლებთო. უსიტყვოდ დავტოვეთ დარბაზი, მხოლოდ მერეღა მივხვდით, რატომაც გაგვათავისუფლეს - ჩვენი ტყვეობის პერიოდში კიდევ ახალი წარწერა გაჩნდა. კლასში რომ დავბრუნდით, შიშისგან გაფითრებული შმლარჯო დავინახე. 
- რა ხდება? - ვკითხე.
სიტყვა არ მითხრა, ისე ჩამიყვანა პირველ სართულზე, ბუფეტის ჩასასვლელთან მდებარე სენსორულ ონკანებთან, მერე კი მანიშნა, მარჯვნივ გაიხედეო. ,,თხის რქებს განსაცდელი ელით“ - სისხლით ეწერა კედელზე. მივხვდი, რაც იყო შმლარჯოს შიშის მიზეზი - ზოდიაქოთი თხის რქა გახლდათ. ვცდილობდი, დამემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ. ისე მოხდა, რომ გიმნაზიამ საჭირო ზომები მალევე მიიღო: ქალბატონმა ჩიტომ დამრიგებლებს დაავალა, სადამრიგებლოში, სიის მიხედვით, მისთვის მოსწავლეების ზოდიაქოები მიეწოდებინა, რათა მერე თხის რქების სასწრაფო ევაკუაცია მოეხდინა, გაუთვალისწინებელი შემთხვევის მოხდენის თავის არიდების მიზნით. რამდენიმე მოსწავლე ჩვენი კლასიდანაც დაითხოვეს დროებით - მათ შორის იყო შმლარჯოც. კარგად იყოს, სადაც იყოს, როგორც იყოს-მეთქი, გავიფიქრე. ბოლო-ბოლო, ზარატუსტრაც თხის რქა იყო.
*** 
სკოლა ჩამოხმა, დაჭკნა, გაუფერულდა. ჯერ მანამდე რა იყო, და ახლა - ხომ წარმოგიდგენიათ! ირგვლივ შიში სუფევდა. ყველას ეგონა, რომ გვითვალთვალებდნენ - თვით ქალბატონი ჩიტოც კი ვერ იყო ბოლომდე მშვიდად. თუმცა იყო ერთი რაღაც, რაც ახალისებდა გიმნაზიას - ჩვენი თევზი; მთელი დღე ერთი და იგივე მელოდიას ღიღინებდა, ერთი და იგივე ტექსტს მღეროდა. ბავშვები ჩამოვიდოდნენ, დადგებოდნენ და უსმენდნენ ხოლმე - ერთხელ გაბრაზებული პეკუ სხვადიბაიძე განზრახ ჩამოვიდა მის მოსასმენად, რომ დამშვიდებულიყო. დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა - ამის შესახებ გამეგონა - და ერთ დღესაც ქართულის გაკვეთილიდან მასწავლებელს გავეთავისუფლე, რახან საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვიდექი, და გადავწყვიტე, დამშვიდების ამ მეტად უცნაური ხერხისთვის მიმემართა. ჩამოვიარე ერთი კიბე, მეორეც. პირველ სართულზე ვიყავი, თითქმის დერეფანში, მაგრამ უცნაური სიჩუმე იდგა, არადა ხომ ვიცოდი, რომ გადაბმულად უნდა ემღერა ჩვენს თევზს? ერთი პირი ისიც ვიფიქრე, ხომ არ მოკვდა-მეთქი. გადასამოწმებლად აკვარიუმთან მივედი, შიგნით ჩავიხედე, და რას ვხედავ - აკვარიუმი ცარიელია! შემეშინდა, მაგრამ თევზის ძებნა მაინც განვიზრახე - მანდატურებს და თვით ქალბატონ ჩიტოსაც კი ვთხოვე დახმარება. ხუთნი დავდიოდით მთელ სკოლაში, და დაკარგულ თევზს ვეძებდით. უცებ, რატომღაც, გულმა იქით გამიწია, სადაც ტყვეობაში ვიმყოფებოდი ჩემს ძმაბიჭებთან ერთად - ფიზრის დარბაზისკენ. უნდა შევსულიყავი, მაგრამ კართან შევდექი, რადგან სუნი სხვა მხრიდან მეცა. უკან მოვბრუნდი, და გოგოების გასახდელისკენ ყნოსვა-ყნოსვით წავედი. ქალბატონი ჩიტო უკან მომყვებოდა. კარი რომ შევაღე, ყოველმხრივ მოულოდნელი და საშინელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ: ჩვენი აკვარიუმის თევზს ორი გოგონა და ერთი ბიჭი შეეპყრო, გაეთიშა; გოგონების ფრჩხილები შავად შეეღება მანიკურით, ორივე ყურზე ბრჭყვიალა საყურეები გაეკეთებინა მათთვის, ხოლო ბიჭისთვის წვერი ისე გაეპარსა, რომ ბლანჟე დარჩენოდა.
- უხ! - გაბრაზდა ქალბატონი ჩიტო, - აი, ვინაა ჯაშუში და შემოგზავნილი!..
მე ვეცადე, დამეჭირა, მაგრამ, სლიპინა კანის მეშვეობით, ადვილად მისხლტებოდა ხელიდან. ისე იქცეოდა, გეგონებოდათ, ეშმაკითააო შეპყრობილი და, ამასთან ერთად, მეგრულად გვაგინებდა. ბოლოს ქალბატონმა ჩიტომ მანდატურები მოიხმო, და ხუთმა კაცმა დავიჭირეთ როგორღაც.
***
- არ მჯერა... - ტიროდა შალვასტასია, როცა დერეფანში ვბოლავდით იმ თევზს, - ჩემი მეგობარი თევზი...
- არაუშავს, შალვასტასია, - დავაწყნარე, - ჩვენი ზოგი მეგობარი ვინ აღმოჩნდება, ღმერთმაც არ იცის. 
შალვასტასიას გენერალი ჭ. აწყნარებდა - გვერდზე ეჯდა და თმებსა და მხრებზე ეფერებოდა დაქალს. გენერალს ვუყურე, ვუყურე, მერე ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:
- ლუდი ხომ არ დავლიოთ ამ საღამოს? - მერე დავამატე: - შებოლილ თევზს უხდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი