გიმნაზიის ქრონიკები - 3 - ბოლო ამბავი ყველასთვის და არავისთვის


მარტის ბოლო იყო უკვე. დრო მალე გავიდა, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩემს კლასელებს ერთი სული ჰქონდათ, თავისუფალი დასწრებები როდის დაიწყებოდა, აი, ჩემთვის კი სულ ერთი იყო. კლასში ვიჯექი, როგორც მანამდე, და არაფერს ვაკეთებდი - ტელეფონიც მიჯდებოდა, თორემ ჩემს მრავალფეროვან ფლეილისტს მაინც გავაჟღერებდი ჩემს თეთრ, ნატანჯ ყურთსასმენებში. დღე მოქუფრული იყო. მთელი თებერვალი მეგონა, აი, მარტი მოვა და კატასავით სექსუალურად აღელვებული ვიქნები, აქეთ მოვედები, იქით მივედები, ისევ ამერევა ცხოვრება და გოგონებთან ურთიერთობა, მაგრამ სისხლი მაინც ამიდუღდება, სიცოცხლის ჟინი მომეცემა-მეთქი, თუმცა ნურას უკაცრავად - არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ყველა მომდევნო დღე წინაზე უარესი იყო როგორც თებერვალში, ისე მარტში და, ეჭვი მქონდა, აპრილშიც ეგრე იქნება-მეთქი, თუმცა, ჩემს კლასელებს რომ ვუყურებდი, თავისუფალი დასწრებებისკენ როგორ მიუწევდათ გული, წამით იმედი გამიკრთებოდა ხოლმე, მერე კი ისევ მავიწყდებოდა. მთელი მარტი ასე გავიდა, მაგრამ თავისუფალ დასწრებებამდე დარჩენილი ბოლო დღე იყო გამონაკლისი - ისე მეგონა, ყველაფერი, რაც მთელი ამ თვეების განმავლობაში არ გამომივიდა, ახლა გამომივა-მეთქი. საფეთქლები ამითამაშდა, მკერდის კუნთები დამეჭიმა, თითებს სიმტკიცე შეემატა, და მეც გავაქტიურდი, როგორც დუღილის დროს - წყლის მოლეკულა. შმლარჯომ კისერზე შემომისვა ამსიმძიმე კაცი, და მთელ კლასში მატარებდა ასე შემოსმულს, როცა კლეტკინა მასწავლებელი - გიმნაზიის სასწავლო ნაწილი - კართან მოდგა და ისე შემოვიდა, რომ არც დაუკაკუნებია. შმლარჯოს შევძახე, ჩამომსვი-მეთქი, და ისე ჩამომაგდო, ცოტა ძალა რომ არ დამეტანებინა, ყბას უკანა მერხზე ჩამოვარტყამდი. 
- რა ამბავია? - იკითხა კლეტკინა მასწავლებელმა ღიმილით. ეს სიტუაცია რომ მეათე ან მეთერთმეტე კლასში დახვედროდა, აუცილებლად გაცეცხლდებოდა, მაგრამ, ცნობილი ფაქტია, მეთორმეტე კლასელები არავის აინტერესებს ან, უფრო სწორად რომ ვთქვა, იმედი არავის აქვს, რომ მეთორმეტე კლასელი მოსწავლე ისევ სკოლას ეკუთვნის.
- ვერთობით, რა, - უთხრა ჯოჯილმა, და უნარების ტესტს ისე მიუბრუნდა, რომ, აშკარა იყო, არ აინტერესებდა, რას იტყოდა კლეტკინა.
- ორი წუთი მჭირდება, რომ რაღაც ახალი გაგაცნოთ, - თქვა სასწავლო ნაწილმა, - და, რო გავალ, მერე გააგრძელეთ გართობა. ესე იგი, - ჩაახველა, როცა კლასი საბოლოოდ გაჩუმდა, - გიმნაზიის თვითმმართველობისა და მმართველი გუნდის ინიციატივით, მთელ სკოლაში არსებული წარწერები, რომლებიც, ძირითადად, მოსწავლეების გაკეთებულია, უნდა წაიშალოს, რათა სკოლის ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგებული იყოს და არა შელახული. წარწერების წაშლის პროცესი დაიწყება დღეიდან. პირველი ადგილი, სადაც მოსწავლემ წარწერები უნდა წაშალოს, არის მისი საკლასო ოთახი, შემდეგ სართული, სადაც საკლასო ოთახი მდებარეობს, და ბოლოს სველი წერტილები. გისურვებთ წარმატებას. - ეს ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში წაიკითხა კლეტკინა მასწავლებელმა, მერე კი ჩვენთვის დაამატა: - ახლა შეგიძლიათ, გართობა გააგრძელოთ ან, თუ წარწერების გასუფთავებას ახლავე შეუდგებით, მთლად უკეთესი. - და კლასიდან გავიდა.
- ეუ, რაღადროს ცვლილებებია, - სასწავლო ნაწილის გასვლისთანავე წამოიძახა ნანო ბაბუაძემ თავისი აზრი.
- ამათ ვიღაცეები ხო არ ვგონივართ? - არ ჩამოუვარდა ვარდო.
ყველა ყაყანებდა, ჩიტოს გარდა - ჩემს თავს თუ არ ჩავთვლით. მის სიჩუმეშიც კი ისმოდა მორალურად და გრამატიკულად გამართული ტკბილი აზრები. მერე ერთი გაქნევა თავი გააქნია - ისიც ოდნავ შესამჩნევად - და ინგლისურის ესეს მიუბრუნდა. ლამის მივვარდი და - ვინ იცის, უკვე მერამდენედ - სიყვარული ავუხსენი, მაგრამ აქ საკვანძო სიტყვაა ,,ლამის“. ამას არ ვიზამდი, რა თქმა უნდა - სულელი არ ვარ, საკუთარ შეცდომებზეც რომ ვერ ვისწავლო. ვფიქრობდი, სისულელეა გიმნაზიის ეს ახალი ინიციატივაც-მეთქი, როცა, ჩემდა - ალბათ, ყველასდა - მოულოდნელად მარიკო მიწავამ ჩანთიდან საშლელი დააძრო და მერხებიდან და კედლებიდან კალმითა და ფანქრით მიწერილი წარწერების შლა დაიწყო. ცოტა ხნით ყველა გაჩუმდა, მერე კი თითოეული მოსწავლე აჰყვა. გაკვეთილის ბოლოს ყველა წარწერა წაშლილი იყო კლასში, გარდა - ამოკაწრულებისა. ამეებს რა ვუყოთო, რომ გაჟღერდა პირველად, თითქოს ვიღაცამ შეისმინაო, კლასში ნიკოლაი ქავთაროღლუ - გიმნაზიის თვითმმართველობის პრეზიდენტი - ამოვიდა, ხელში ბევრი ჯოხი ეჭირა.
- ეს ჯოხები ამოკაწრული წარწერებისთვისაა, - თქვა. ნუ, მერამდენე გრამატიკული შეცდომა... - ნაკაწრთან მიიტანთ და იტყვით, ,,გიჟნაზიუმ ლევიოსა“, ჰოდა ნაკაწრიც ამოივსება.
- გენაცვა, - შეუძახა შრამასმა, და კუთვნილი ჯოხი ირონიანარევი სიცილით გამოართვა, მერე კედელზე ამოკაწრულ ,,კლანში გინდა, ძმა?“-სთან მივიდა და დაიძახა: - გიჟნაზიუმ ლევიოსა! 
ნაკაწრი ამოივსო, კედელი გამთელდა. ყველას გაკვირვების ბგერები აღმოხდა პირიდან.
- ეგაა, - თქვა კმაყოფილმა ქავთაროღლუმ, - ასე ზრუნავს გიმნაზია თავის მოსწავლეებზე, - და გავიდა.
- იიიი, - მიაძახა შმათულიმ.
მეორე გაკვეთილზე - ქართულისაზე - ჩვენი დამრიგებელი ამოვიდა, მასწავლებელს ჩემი და ჯოჯილის თავი სთხოვა, და ორივენი გარეთ გაგვიყვანა.
- შენ დირექტორი გეძახის, - მითხრა მე, - შენ - წყალიჭკორიასთან ჩახვალ, სამასწავლებლოში, - ჯოჯილს ეს უთხრა.
- მშვიდობაა? - იკითხა ჯოჯილმა.
- აბსოლუტური. თავიანთ სათქმელებს რომ გეტყვიან, მერე ადგილებს გაცვლით. გასაგებია?
- ოკეი, - მხრები ავიჩეჩე და ისე დავეთანხმე. მერე კი, ჩვენ ჩვენი დანიშნულების ადგილებისკენ რომ გავეშურეთ, ჯოჯილს ვკითხე: - რა ბაზარი უნდა იყოს?
- ხუი ივო ზნაეტ, - მიპასუხა, და მხრები აიჩეჩა.
მეორე სართულის დერეფანში გაიყო ჩვენი გზები - ჯოჯილი სამასწავლებლოში შევიდა, მე კიბეებზე დავეშვი, დირექტორის კაბინეტისკენ. კართან შევდექი. ვიფიქრე, დავაკაკუნებ და ისე შევალ-მეთქი, მაგრამ, რატომღაც გადავწყვიტე, პირდაპირ შემელაჯებინა. მკაცრი ვიყავი, გამომეტყველებაც ეგეთი მქონდა. ქალბატონ ჩიტოს არ სწყენია ჩემი უკმეხობა.
- დაჯექი, შმიქსაილ, - მითხრა. 
- ვიდგები, - თვითონვე ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა.
- როგორც გინდა, - დირექტორი იღიმოდა, - სკოლას ამთავრებ, და არ მინდოდა, ისე წასულიყავი, შენთვის ეს სიტყვები რომ არ მეთქვა. მოკლედ, მიუხედავად წინა წლებში ჩვენ შორის უთანხმოებისა, მგონი, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ჩამოგვიყალიბდა. რაც წლები გადიოდა, მით უფრო გაფასებდი. პატივისცემამ პიკს მაშინ მიაღწია, რომ გავიგე, წერა დაიწყოო. აი, პენ-მარათონზე საკუთარი ყვერების აღწერა რომ გეწერა, მანდ ჩემს თვალში განულდი, მაგრამ მერე მივხვდი, ეგ ასაკობრივი იყო, და დავიკიდე. შენი წიგნი რომ გამოუშვი, ისე გამიხარდა, ვერც აღგიწერ!.. მივხვდი, რომ შენ იყავი გიმნაზიის ყველა დროის ყველაზე ღირსეული მოსწავლე. მინდა, წარმატებები გისურვო მომავალ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, შენ მსოფლიო ლიტერატურულ მწვერვალებს დაიპყრობ, შმიქსაილ. შენი წერის სტილი და ენა განსაკუთრებულია. მე მაინც ,,დათა თუთაშხია“ მგონია მსოფლიოს საუკეთესო წიგნი, მაგრამ, იქნებ, შენც მომავალი ჭაბუა ამირეჯიბი ხარ!.. მოდი, გაკოცო!..
ეჰ.
მივედი, მაკოცა, მეც ვაკოცე, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი წიგნის ერთი ფურცელიც კი არ ჰქონდა წაკითხული. გული დამწყდა. მხურვალე მადლობა გადავუხადე, საუკეთესო დირექტორობისთვის შესაქებად ჩემი მდიდარი ლექსიკის სიღრმეებში ქექვა მომიწია, მაგრამ მოვახერხე. გაუხარდა და მითხრა, ადიო ახლა გაკვეთილზე. გაკვეთილზე არა, მაგრამ მისი კაბინეტიდან გავედი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მისი არ მჯეროდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ არც მას სჯეროდა ჩემი. მას, ხშირ შემთხვევაში, არავისი სჯეროდა, გარდა საკუთარი თავისა და, არჩევანი რომ ჰქონოდა, საკუთარ თავსაც არ დაუჯერებდა. ეს ცუდი არ არის, უბრალოდ გულდასაწყვეტია. 
ასე ნახევრად უემოციოდ ავედი მეორე სართულის დერეფანში და, ფანჯრის რაფას მიყრდნობილი, დაველოდე, ჯოჯილი როდის გამოვიდოდა. კარი რომ გამოაღო, დამინახა, და ეგრევე ჩემკენ გამოეშურა.
- ძაან გაქო? - ვკითხე.
- მაგრად, - მითხრა. ჯოჯილს უხაროდა, მე კი ვეცადე, არ ჩამეშხამებინა. - შენც?
- კი, - დავეთანხმე, - მე და ჩიტოს გულის სიღრმეში ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის, - მოვატყუე, რადგან ცნობილია, რომ მხოლოდ მე მესმოდა, როგორც ძირითად შემთხვევებში ხდება ხოლმე. - გელოდება შენც. 
- მგონი, სკოლას რო ვამთავრებთ, მაგ პონტში გვეუბნებიან ახლა ეგეთ რაღაცებს, რისი თქმაც ადრე უნდოდათ, - იღიმოდა, - მაგარი გასწორებულში ვარ.
- კაია. მეც უნდა შევიდე, ხო? - ვკითხე უაზროდ, თორემ ისედაც ვიცოდი - დამრიგებელმა არ მითხრა ექვსი-შვიდი წუთის წინ?
- კი, კი, გიკითხა შენც, - მითხრა, - დავეშვები მე, - თქვა და მართლა დაეშვა.
მე ნელა შევაბიჯე სამასწავლებლოში. ის ენერგია, დღის დასაწყისში თავი რითიც მომქონდა, ისევ გამომეცალა. ოთახში რამდენიმე მასწავლებელი ერთად იყო შეკრებილი, რა თქმა უნდა, თუმცა ქალბატონი წყალიჭკორია მარტო იდგა და, მე რომ დამინახა, ხელები გაშალა და ჩემკენ წამოვიდა ჩასახუტებლად. 
- შმიქსაილ, - თავისი მჟღერი, დრამატული ხმით მომმართა, - შენთან ერთადერთი რამ მაქვს სათქმელი. ხომ იცი, რამდენი წელია, სკოლაში ვასწავლი? დედაშენის დამრიგებელიც კი მე ვიყავი. ვფიქრობდი ჩემს ხელში გავლილ მოსწავლეებზე, და ერთ რამეს მივხვდი: შენნაირი არც შენამდე ყოფილა ვინმე და, დარწმუნებული ვარ, არც შენ მერე იქნება!
გადავეხვიე, თბილი სიტყვები და თბილივე მადლობა ვუთხარი, მერე კი სამასწავლებლოდან გამოვედი. ცოტათი მაინც გამეღიმა, მიუხედავად იმისა, რომ, ზუსტად ვიცოდი, როცა ჩემს ერთადერთობას უსვამდა ხაზს, თვალწინ ვიღაც ედგა - ვიღაც სხვა მოსწავლე, რომელიც ათი ან, ვინ იცის, იქნებ, ოცი წლის წინ გაუშვა სკოლიდან. 
კიბეებზე რომ ავდიოდი, შარდის ბუშტი შემიტოკდა. მეთქი, რატომ ავიდე კლასში - ბარემ ტუალეტში წავალ და მერე ავალ. ასეც მოვიქეცი. ტუალეტის ხუთი დანაყოფიდან პირველში ვიღაცა მერვე კლასელი ამ წარწერას ასუფთავებდა: ,,- აქ ვინც შემოვა, ყლეა!“ ქვევით მიეწერა ვიღაცას მერე: ,,- ყლე შენ ხარ!“. რაღაცნაირად ჩამეღიმა. მსგავსი ისტორიული წარწერები რომ იშლებოდა, ცოტა სევდიანი იყო. მახსოვს, პირველ კლასში რომ შემოვედი, ტუალეტის კედლის შუაში დიდი წარწერა იყო გაკეთებული: ,,მე და ვერა ვმუშაობთ“. გამოთვლებით დავადგინე, რომ ეგ წარწერა ჩემზე დიდი იყო წლოვანებით, ახლა კი... ახლა მისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. ისე გავერთე სევდიან ფიქრებში, რომ ვერც მივხვდი, როგორ მოვფსი. ტრუსი ავიწიე, შარვალი შევიკარი და გამოვედი. ხელებს რომ ვიბანდი, რამდენიმე მერვე ან მეცხრე კლასელი შემოვიდა ტუალეტში, და მათაც შლა გამართეს. ონკანთან ჩემი ძმაკაცის წაწერილი ,,შრამასი“ ვიღაცა ცხვირმოუხოცავმა წაშალა. დემონსტრაციულად გამოვიხვინე და ნიჟარაში ხმაურიანად ჩავაფურთხე, მერე კი კლასში ავედი. 
- რახან შენც მოხვედი, შმიქსაილ, სიას წავიკითხავ, - თქვა მასწავლებელმა.
სიაში ერთი უცნაურობაა: სამივე ძმაკაცი ერთმანეთის მიყოლებით ვწერივართ - ჯერ ჯოჯილი, მერე შრამასი, მერე მე. ჯოჯილის გვარი რომ ამოიკითხა, ეგრევე ჩემი წაიკითხა მერე, და ასე გააგრძელა კითხვა, სანამ არ ჩავეჭერი:
- მას, შრამასი გამოგრჩათ.
- ვინ? - გაიკვირვა.
- შრამასი, - გავიმეორე.
ცოტა ხანი მიყურა, მერე გაეცინა, და ისევ ჟურნალს მიუბრუნდა - ალბათ, ეგონა, ვხუმრობდი. გავიფიქრე, მე მომესმა-მეთქი სხვანაირად, მაგრამ გადასამოწმებლად ჩიტოს ვკითხე, შრამასის გვარი წაიკითხა-მეთქი თუ არა. 
- კაი, რას ღადაობ, - მცირე პაუზის მერე მითხრა.
- არ ვღადაობ, - მართლა დავსერიოზულდი. ჩიტო მაკვირდებოდა, მერე კი მკითხა:
- ვინაა შრამასი?
*** 
პანტაპუნტით ქრებოდნენ მოსწავლეები გიმნაზიის ისტორიიდან, მაგრამ ჩემ გარდა ვერავინ ამჩნევდა. მთელი გაკვეთილი მოუსვენრად ვიყავი. ვფიქრობდი, ეს რომ სხვებს ავუხსნა, გიჟად ჩამთვლიან-მეთქი, ამიტომ ვდუმდი. 
- შმიქსაილ, - დამიძახა შმათულიმ, თან ეცინებოდა, - იცი, რო გოგოების ტუალეტში შენი სახელი წერია? 
წამოვხტი და კლასიდან გავვარდი. შმათული, ალბათ, ფიქრობდა, რა ვუთხარიო ასეთი. ვჩქარობდი, მაგრამ, მეორე სართულის დერეფანში რომ ჩავედი, ვიღაცამ კედელს მიმანარცხა. მოვიხედე - ბეღურა თრდატოვნა აღმოჩნდა. 
- ორი წელია, მარტო შენზე ვანძრევ! - ყვიროდა მთელ ხმაზე, - შენ გარდა არავინ მდომებია, არც მერე მენდომება. გთხოვ, ჩაიხადე!.. - მუხლებზე იდგა, და ნიკაპს უბეზე მადებდა.
- ავოიე! - დავუყვირე და გავაჩერე იმისდა მიუხედავად, რომ უბე გამომებერა. - გამიშვი, საქმე მაქვს.
- არ გაგიშვებ, - ძლიერი იყო, ძლივს ვუძალიანდებოდი, - გთხოვ, ჩაიხადე. 
- მისმინე, - ვუთხარი მერე, - მოდი, მოვრიგდეთ: მე ჩავალ, ჩემს საქმეს გავაკეთებ, მერე ამოვალ და...
- კარგი! - დამთანხმდა და ხელი გამიშვა. კიბეებზე რომ ჩავრბოდი, კვნესა მომაწია: - ააჰ!..
,,ფუ, შენი, ეს ავადმყოფიღა მაკლდა!..“ - გავიფიქრე, და ტემპს მოვუმატე. გოგონების ტუალეტში შევვარდი. ათ კაცზე მეტისგან შემდგარი ჯგუფი კედლებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ხეხავდა. დავუყვირე, გთხოვთ, გაჩერდით-მეთქი, მაგრამ ყურადღება არავის მოუქცევია. ვეცადე, ხელით გამომეწია ყველა მათგანი, თუმცა ვერ ვერეოდი. ნუთუ, ასე დავსუსტდი-მეთქი, გავიფიქრე. ვეცადე, ბრბოში შევმძვრალიყავი, და არც ეგ გამომივიდა. კედელზე ერთი ცარიელი ადგილიც კი არ ჩანდა - ყველგან მხეხავი ხალხი იყო. სასოწარკვეთილი ვიყავი - არ ვიცოდი, რა მექნა. ბოლოს წამიერად გადავწყვიტე, საკლასო ოთახში დავბრუნდები-მეთქი. კიბეები ელვის სისწრაფით ავირბინე, მაგრამ შუაში ყური მოვკარი, ბეღურა თრდატოვნა იგივე სიტყვებით როგორ ეფიცებოდა ერთგულებას ვიღაცა სხვას. დრო არ მქონდა, თორემ ამაზეც დამწყდებოდა გული. მესამე სართული ერთ წამში ავირბინე. კლასის კარი ღია დამხვდა, და პირდაპირ შევვარდი. ჩემკენ არავის გამოუხედავს, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე ხმაურიანად ვსუნთქავდი. ზარი ახალი დარეკილი აღმოჩნდა. მესამე გაკვეთილი იყო დაწყებული. ფილიპ მასწავლებელი სიას კითხულობდა და, ჯოჯილის გვარი რომ ამოიკითხა, მერე ეგრევე შმათულის გვარზე გადავიდა. ცხვირი და თვალები ამეწვა - მინდოდა, მეტირა, მაგრამ არ შემეძლო. ნელა მივედი ჩიტოსთან, მის გვერდზე დავჯექი, და რამდენიმე წუთი მთელ სახეზე ვაკვირდებოდი - მინდოდა, ყოველთვის მხსომებოდა მისი ნაკვთები. ბოლოს გავბედე, და ვაკოცე, თუმცა, რაღა თქმა უნდა, არაფერი უგრძვნია - ან კი რას იგრძნობდა, როცა აღარც კი ვახსოვდი?.. აქ ცრემლები ვეღარ შევიკავე, და ავქვითინდი. თავი ჩიტოს კალთაში ჩავდე, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებდა ტკივილს. ეს იყო საყოველთაო დავიწყება. არც კი მოვმკვდარვარ. ყოველთვის მეგონა, რომ არასდროს არავინ დამივიწყებდა, მაგრამ, როცა თავი ჩიტოს კალთაში მედო და საკუთარი თავი თვითონვე მავიწყდებოდა, მაშინ მივხვდი, ჩემი ოცნება იმ გულუბრყვილო ბავშვის გულადობას ჰგავდა, რომელიც, სანამ დღეა და ქვეყანას მზე ანათებს, მტკიცედ გადაწყვეტს, ღამე მარტო წავიდეს უღრან ტყეში, რადგან დღისით გონებას არ შეუძლია, მკაფიოდ და ცხადად წარმოიდგინოს, თუ რა ბნელი და საშიშია ღამე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი