წინა ღამის ობობები
დღეს საკუთარ თავს ცოტა უნდა გადავუხვიო. თქვენ არც კი იცით, გუშინ რა მოხდა! მე თქვენ განახებთ!.. დაიცა, ორი წუთი შევისვენო, სული მოვითქვა... მე კაცი არ ვიცი, ასეთი რამე ენახოს! სამგზის საწყალობელ იქმნა ვარსქენ პიტიახში, და მაგ სამიდან ერთი ჩემი იყო! მაგრამ რა დროს ვარსქენაა - ჩემი გამჭირვებია. დამშვიდება მჭირდება - იმედია, გამიგებთ. ორ წუთს დავისვენებ, გადავაფსამ, და მერე მოგიყვებით... ბიჭო, რა მოხდა გუშინ!.. ასე თუ ისე, დავიცალე, და მოვედი. მოკლედ, ჯერ კიდევ ვერ ვმშვიდდები. გუშინ დილით გავიღვიძე, როგორც ყოველ დილით ხდება ხოლმე, გაგიკვირდებათ, და სარკეში რომ ჩავიხედე, ახალი არაფერი დამინახავს. მინდოდა, ხოჭოდ გადავქცეულიყავი ან ,,დოშირაკის“ სუპი მეჭამა. ხოჭოდ ვერ გადავიქეცი, ამიტომაც უცებ ჩავიცვი - სხვათა შორის, ამინდთან არც ისე შესაფერისად - ჩავირბინე კიბეებზე, ბოლო სამ კიბეს გადავახტი, გავვარდი სადარბაზოდან, მერე, ჩემი უბნის მაღაზიაში წასვლა რახან დამეზარა, ქალაქის ბოლოში გავედი ,,დოშირაკის“ საყიდლად. არანაირი ,,ანაკომი“! კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მხოლოდ ,,დოშირაკი“, ქათმის! ფალიაშვილზე ვცხოვრობ და, ნუ, მეშვიდე მიკრორაიონის ,,ვეჯინამდე“ ვირბინე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უბრალოდ ვერ შევძლებდი, ჩემი ფილტვების შესაძლებლობებისდა გათვალისწინებით, ამდენი ხანი ორ ფეხზე მერბინა, ჰოდა ფეხებზე დავიხედე, და რას ვხედავ - რვა ცალი მაქვს! უჰ, ასე კი ვირბენდი-მეთქი, გავიფიქრე, და დავმშვიდდი. გარეთ ყველა მე მიყურებდა - აბა, ეგონათ, რომ ორი ფეხით, ორი ფილტვით და ერთი ელენთით შევძლებდი მაგ მანძილის ასე სწრაფად გარბენას? გავცდი შარტავას ბიუსტსაც, მივედი ქალაქის შემოსასვლელში მდგარ პირველ გაჩერებასთან, იქიდან უმოკლესი მანძილი პირველივე მაღაზიამდე თვალით გადავზომე, და გავიქეცი იმ მაღაზიისკენ. შევედი. ქერა ქალი დამხვდა, ორმოცდაათს გადაცილებული, სავარაუდოდ. - ,,დოშირაკი“ გაქვთ? - ვკითხე. - ეგ რაღაა? - გამომეპასუხა კითხვითვე. - ერთჯერადი სუპი, - მორჩილად ავუხსენი ორ სიტყვაში. - კი, - მითხრა, და ,,ანაკომი“ მომაწოდა. - არა, ეს ,,ანაკომია“. ,,დოშირაკი“ ვიკითხე, - განვუმარტე ისევ და ისევ მშვიდობიანად. - მაშინ ეგ არ გვაქვს, მარტო - ,,ანაკომი“, - ისიც მოთმინებით იტანდა ჩემს გურმანულ კაპრიზებს. - ბებია, ბებია, რატომ გაქვს ,,ანაკომი“? - არ მოვეშვი. - იმიტომ, რომ გემრიელად შეჭამო, - არც თვითონ დაცხრა. - ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები? - გაკვირვებული მივჩერებოდი მის რუხ, ბანჯგვლიან ყურებს, და თავი ვერ შევიკავე - ამიტომაც დავუსვი ეს შეკითხვა. - იმიტომ, რომ კარგად მოგისმინო, შვილო, - ამიხსნა. - ბებია, ბებია, - არ გავანებე თავი, - რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები? - იმიტომ, რომ კარგად დაგინახო, - ეს თქვა, და უფრო დიდზე დაჭყიტა ისედაც მტაცებლური თვალები. - და ბებია, ბებია, - ეგ რომ დავუნახე, მთლად გადავირიე და, ცნობისმოყვარეობა რომ დამეკმაყოფილებინა, ვეცადე, მეკითხა: - რატომ გაქვს ასეთი დიდი... ასეთი... აუჰ, შენი, რამხელა!!! ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ჰქონდა! გამოვიქეცი. ,,დოშირაკი“ ვერ ვიყიდე, თან ლამის ხიფათს გადავეყარე, ჰოდა რა მექნა - ისევ მომიწია, ჩემი უბნის მაღაზიაში დავბრუნებულიყავი. მხოლოდ უკანა გზაზეღა ვიგრძენი, როგორ დაიღალა და გამოიფიტა ჩემი რვავე ფეხი. ჩემი უბნის მაღაზიაში ,,დოშირაკი“ ჰქონდათ. სამი ცალი ვიყიდე, მაგრამ, სახლში რომ ავედი, უკვე აღარ მშიოდა, რადგან გზაში ორი-სამი ბუზი პირში შემიფრინდა, და დავნაყრდი. აღარ ვიცოდი, რა მექნა. რომ მესეირნა, არ მინდოდა - დღისით ქუჩაში სიარული არც არასოდეს მხიბლავდა. ფანჯარაზე ავედი, თავით გადავეყუდე და ყავის სმა გავაჩაღე, მერე ჩემს მაგიდაზე ეულად მდგარ ღვინის ბოთლს ,,ბურას“ ვეთამაშებოდი. El Clasico იწყებოდა. მე, როგორც ცნობილ რეალის გულშემატკივარს, თამაშის ყურება, რა თქმა უნდა, მინდოდა, მაგრამ ყველაფრის ასე მარტივად მიღება ძალიანაც არ მხიბლავდა. ტელევიზორი არ მქონდა, თუმცა მქონდა ლეპტოპი. არც ვაი-ფაი მქონდა, თუმცა მქონდა ,,ბილაინის“ ნომერი, რომლის ანგარიშზეც ერთი ლარი ჩამერიცხა, და შემეძლო, სამ საათიანი ულიმიტო ინტერნეტი მეყიდა, მერე ლეპტოპისთვის გამეზიარებინა, myvideo.ge-ზე შევსულიყავი, რომელიმე სპორტულ არხზე გადამერთო და მატჩისთვის მეყურებინა. თამაში ოც წუთში იწყებოდა. მობილურზე *111# ავკრიფე, მთელი მაქინაციები ჩავატარე, ვიყიდე ის სამ საათიანი ულიმიტო ინტერნეტი, მერე გავაზიარე და, სანამ მატჩი დაიწყებოდა, იქამდე ჩართული მქონდა, მაგრამ, როგორც კი თამაში დაიწყო, გამოვრთე. აკი გითხარით, ყველაფრის ასე მარტივად მიღება ძალიანაც არ მხიბლავდა-მეთქი. მინდოდა, მეწვალა. პირველი ტაიმი მორჩენილი იყო, როცა ვიფიქრე, რომ საკმარისი ვიტანჯე და, შესაბამისად, თამაშის ყურებაც დავიმსახურე. ისევ გავაზიარე ინტერნეტი, ვიდეო-პორტალზე შევედი, იმ არხზე გადავრთე, სადაც მატჩს აჩვენებდნენ, და დაველოდე, რეკლამა - თამაშში შესვენება - როდის დასრულდებოდა. თქვენ, ალბათ, ძალიან გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მალე დასრულდა. ამიტომ გეტყვით: მალე დასრულდა(გაიკვირვეთ)! სუარესმა ბურთი გააგორა თუ არა, მომბეზრდა, ასე მარტივად რომ მოვაგვარე ეს პრობლემა, ჰოდა ტელეფონი ავიღე და ფანჯრიდან გადავაგდე. დედა ეტირა - ნაწილებად დაიმსხვრა. ინტერნეტი, რა თქმა უნდა, გაითიშა, და მეც el clasico-ს გარეშე დავრჩი. - ნწ, ნწ, ნწ, - ჩავილაპარაკე ჩემთვის, - რა სასტიკია ცხოვრება, ნწ, ნწ, ნწ. დავჯექი დივანზე, და გადავწყვიტე, ცუდ ხასიათზე დავმდგარიყავი. უცებ მობილურის ზარი გაისმა. ვახ-მეთქი! არადა, ხომ დავამტვრიე-მეთქი, გავიფიქრე. არც შევმცდარვარ - ფანჯრიდან რომ გადავიხედე, ისევ ისეთი გაუბედურებული ეგდო ძირს, დამსხვრეული. აბა, რა რეკავს-მეთქი, ვერ ვხვდებოდი, როცა ღვინის ბოთლს შევხედე და, თქვენც არ მომიკვდეთ, ვიბრირებდა! ცოტა შემეშინდა, მაგრამ მაინც მივედი, ღვინის სენსორი მწვანე ყურმილზე გავასრიალე, და ვუპასუხე: - ალьო! - ბიჭო, ეს როგორ გაედო შენს რეალს, ა?!!! - ჩამყვირეს ყურმილში. - უხ, დემე, შენ მო!... ამას ვერ გავუძლებდი. კი არავის დაუკონკრეტებია, მაგრამ მივხვდი, რომ ხუთით ერთი წავაგეთ, და სუარესმა ჰეთტრიკი შეასრულა. ბოთლი ავიღე, ლოპეტეგის ნომერი ავკრიფე. - Si, - მიპასუხა. - სი და შენი კეთილები!.. - ჩავყვირე. - რა გინდა, ე?! რას მაგინებ! - გაბრაზდა. - მოკლედ, - დავსერიოზულდი, - გუნდიდან მოხსნილი ხარ, მორჩა. - ვინა ხარ? - ვერ მიხვდა, ვინ ესაუბრებოდა. - შენი კეთილის მსურველი. გავუთიშე. მაგას რა ეგონა?! არავის შერჩება-მეთქი მადრიდელების დამცირება, ხმამაღლა წარმოვთქვი. მერე ერთი იდეა მომივიდა. რეალი სირია-მეთქი, დავიყვირე. ორი წუთი ვიცდიდი - ვიაზრებდი, რა გავაკეთე; რახან ვთქვი, მადრიდელების დამცირება არავის შერჩება-მეთქი, ესე იგი, არც უნდა შემერჩინა ვინმესთვის, თორემ სხვა შემთხვევაში გამოდიოდა, რომ სიტყვას გადავუხვიე და, რახან სიტყვას გადავუხვიე, მორჩა, პატივსაცემი ტიპი აღარ ვარ და, რახან პატივსაცემი ტიპი აღარ ვარ, ე, მაშინ ვინ ვარ?.. ვერ ვაპატიებდი მადრიდის რეალის დამცირებას ვერავის, ამიტომაც გავიქანე და სახეში ვიწყვიტე. თვალებში სპირალური ცისარტყელები დამიტრიალდა, ქუთუთოებზე სიმწრის ცრემლები მომადგა. ვიღაცამ ხელი გამარტყა, ქრისტე ხომ არ ვარ, მეორე ლოყა მივუშვირო-მეთქი? ვერ დავუთმობდი, ამიტომ ხელი შევიბრუნე. კედელს მივენარცხე თავით და, ძირს რომ დავეცი, იქაც კი თავი დავარტყი. მოკლედ, ცოტა შევქანდი, მაგრამ, როცა გამოვფხიზლდი, აღარც ის ჩანდა, რეალს რომ შეურაცხყოფას აყენებდა, და აღარც ის, მაგას რომ ურტყამდა. სარკეში რომ ჩავიხედე, სახე გასისხლიანებული მქონდა. ეტყობა, მე ვაშველებდი-მეთქი, გავიფიქრე - ზოგადად, გამშველებელს ხომ ყველაზე მეტი ხვდება. მოვიწყინე. გარეთ გავიხედე - უკვე ბინდდებოდა. მთლად მოწადინებული არ ვიყავი, რომ გამესეირნა, მაგრამ არც ძალიან ვეწინააღმდეგებოდი ამ აზრს, ჰოდა ფანჯრიდან გადავცოცდი და სახურავზე ავცოცდი. იალღუჯი კარგად ჩანდა. ჯვარზე ვიღაც იყო. თავიდან ვერ ვარჩევდი, მაგრამ მერე თვალი მოვკარი, რომ ვიღაცა ქალი ჯვრის გარშემო აბლაბუდას აბამდა. ე-მეთქი, ამას-მეთქი ავუვარდები და მერე მე ვიცი-მეთქი. სანამ მე ავუვარდებოდი, ეტყობა, თვალი მომკრა, ჰოდა ის ჩამომივარდა. სახურავზე ჩემსავით მოხერხებულად ამოცოცდა. ასეთი ბუსუსებიანი ქალი პირველად ვნახე! არც აცია, არც აცხელა - იქვე მომახტა. სახურავზე ორმოცი წუთი ვიქინძავეთ. მთელ უბანს ესმოდა ჩემი ოხვრა და იმის კვნესა. მერე ასე ცოცვა-ცოცვით შევცვივდით ჩემს ფანჯარაში, და საწოლზე გადავინაცვლეთ. ნახევარი საათი იქ ვხახუნობდით. ბოლოს თვალები დააელმა, კიოდა, და მივხვდი, რაც უნდა მომხდარიყო. სისწრაფეს მოვუმატე, რომ მეც მალე გამეთავებინა. ზუსტად ხუთ წამში ჩემი სახლი აბლაბუდებით გაივსო. გული გამალებით უცემდა. ცოტა ხანი თვალები დახუჭული მქონდა, მერე დიდი სიყვარულით შემომხედა. მეთქი, ვიცი ეს რასაც ნიშნავს. მის ტუჩებს დავეწაფე და, ამავდროულად, ხელი მაგიდისკენ გავაპარე, ღვინის ბოთლი ჩუმად ავიღე, ჩემი ტუჩები მის ტუჩებს მოვაშორე, ბოთლი თავზე გადავალეწე და მოვკალი. მერე უნიტაზში ჩავრეცხე. ესაა, რაცაა, სხვა არაფერი არაა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი