ქარი


ერთ მეტად ქარიან დღეს, მე მოვდიოდი ქუჩაში მარტო, როგორც - ყოველთვის, და თან მომქონდა მთელი ქარის ენერგეტიკა. მარჯვენა ხელში, მარცხენასთან შედარებით ბევრად უფრო გამძლე, ამტანსა და ძლიერში, მეჭირა ცივი ლუდის ქილა და, რახან ჩემ წინ მდგომ ხეს აპრილის თვის მიწურულს ისე ჩამოსცვივდა ფოთოლი, თითქოს გაგანია შემოდგომა ყოფილიყო, ძლიერმა სასოწარკვეთამ მომიცვა, ამიტომ გადავწყვიტე, მარცხენა, მარჯვენასთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებად გამძლე, მოთენთილ და სუსტ ხელზე ყველა ვენა გადამეხსნა შუაზე ან მრავალ ნაწილად. რითი გადავიჭრა, რითი გადავიჭრა-მეთქი, ვფიქრობდი, როცა პასუხი ჩემსავე ხელში დავინახე - ლუდის ქილა. იმ ხვრელში ჩავჩარე ორივე ხელის საჩვენებელი თითი, რომლიდანაც სითხე გადმოდის და, შესაბამისად, ისმევა, ორივე თითის ვექტორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს მივმართე და, როცა გავაანალიზე, რომ ქილაში ჯერ კიდევ ესხა სასმელი, უკვე გვიანი იყო - მთელი ლუდი ძირს დაიქცა, ასფალტზე. მე, როგორც უკვე ალკოჰოლიკად ჩამოყალიბებული ახალგაზრდა, ჩავვარდი უიმედობაში, დავეცი მუხლებზე, ხელისგულები ჯერ მიწას დავადე, შემდეგ კი ზეცას ავუშვირე სალოცავ პოზაში, ამ დროს კი ძლიერმა ქარმა დაუბერა, ძირს დაქცეულ გრადუსიან სითხეს სქელი წვეთები ბუმბულისებრ მსუბუქად მოსწყვიტა, ტუჩებზე მომასხა და ოდნავ დამაწყნარა. მე სპირტის გემო კიდევ ერთხელ - და ბევრად უფრო დიდი სიამოვნებით, ვიდრე მანამდე - შევიგრძენი რეცეპტორებით, მერე უნებურად წარმოვთქვი, შე პარაზიტო-მეთქი, ამ სიტყვაზე Psychonaut 4-ის ,,Parasite” გამახსენდა, და მოვყევი ჯერ ღიღინს, შემდეგ ზმუილს, ბოლოს კი ხავილსა და კივილს. გამვლელი არავინ იყო, მაგრამ ყველა მე მიყურებდა მაინც და, აქედან გამომდინარე, ოდნავ შემრცხვა, თუმცა, განა, არსებობს ბუნებაში ისეთი კატა, რომელსაც თაგვის აზრის ეშინია? ესეც ვიფიქრე, ამიტომ ისევ გავარძელე ყვირილი. მერე სხვა მიმართულებით გამექცა გონება: ძმაო, ნიკოლოზ, იქნებ კატა კი არა, სპილო ხარ-მეთქი, ჩემს თავს ვუთხარი, და ამან დამაფიქრა კიდევ უფრო მეტად, რადგან, როგორც ცნობილია, სპილოს ეშინია თაგვის, მაგრამ, განა, თაგვს არ ეშინია უშველებელი სპილოს ერთი დაბიჯების მაინც? ეს არის ორმხრივი შიში და, როგორც სხვა ყველაფერი ორმხრივი გრძნობა, ისიც სასიამოვნო და პატივსაცემია მეტად. მე არ ვიცოდი, რა მექნა ან, სულაც, რა მინდოდა ამ ქვეყანაზე, ამიტომ დიდი ზომის ქურთუკის ფართე გულის ჯიბეში ხელი ჩავიყავი და - ჰოი საოცრებავ! - ახალი ქილა გაჩნდა ჩემს მარჯვენა ხელში, რომელიც წამსვე გავხსენი და მოვიყუდე. ცივმა სითხემ კბილები მატკინა, საკუთარმა თავშეუკავებლობამ - გული, ალკოჰოლის ახალმა დოზამ - ღვიძლი და თირკმლები, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მეგობრობის გამზირის ორმოცდაერთ ნომერში, მეორე სამუსიკო სკოლის პირდაპირ არ წავქცეულვარ და გზა გავაგრძელე დაუღალავად, ახალი შემართებითა და ენთუზიაზმით, რამაც გული, ცოტა არ იყოს, ამიჩქარა, გულის აჩქარებამ ჩემში სისხლის მიმოქცევა დააჩქარა, სისხლის მიმოქცევის პროცესმა მეტაბოლიზმის სიჩქარე აიყოლია და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გავოფლიანდი.
- სიგარეტი ხომ არ გექნება, ძმა? - იქვე გამვლელ ლამაზ გოგონას ვკითხე ოდნავი მოწიწებით.
- არ ვეწევი, - მითხრა და ხელი ისე აიქნია, თითქოს მომაბეზრებელ ბუზებს იგერიებსო დიდი მონდომებით. 
ამ დროს ჰორიზონტზე, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს, გამოჩნდა ხატია - ერთდროულად, არც ნაცნობი და არც უცნობი გოგონა. მოაბიჯებდა თითქმის არეულად, თავდაუჯერებლად, მოათამაშებდა მოხდენილ გავას ნარცისული სულისკვეთებით, გამომეტყველება ჰქონდა ზღვრული - მაშასადამე, ეს ნიშნავს, რომ მას უჭირდა, რადგანაც მის მთელ სხეულზე ჩანდა ჭიდილი ხორცის და სულის, ასევე - სიყვარულის და სიძულვილის, კიდევ - მაქსიმალიზმის და ნიჰილიზმის. მოკლედ, ბრძოლის ველად ქცეულიყო ხატიას მთელი სხეული, და მის ტუჩებზე მოხდენილად იხატებოდა ინი და იანი. მისი თვალები ჰგავდა ჰასკისას - ერთი ვნებით იყო განმსჭვალული და სავსე, ხოლო მეორე სიყვარულს და კეთილშობილებას გაეჟღინთა. ვიცოდი, მოვიდოდა და გადამკოცნიდა, ამიტომაც სასწრაფოდ დავიწყე საღეჭი რეზინის მოძიება ჩემს არსენალში, თუმცა, სამწუხაროდ, ამაო გამოდგა ეს ყველაფერი და, შესაბამისად, დავმარცხდი. ხატია მართლაც მოვიდა ჩემამადე მეტად ინდიფერენტული, ნიჰილისტური, უინტერესო და ჰაერში გაურკვევლად გამოკიდებული სახით, მაგრამ, დამინახა თუ არა ახლოდან, ისე გაიღიმა, რომ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ცხოვრებაში მე ასეთი ღიმილი არასდროს მენახა და არც მინახავს. ვერ მივხვდი, რა უნდოდა მას ცხოვრებისგან - ჩემსავით იყო იმ მომენტში, უბრალოდ ის არ სვამდა, მე კი, თამამად ვამბობ, ვლოთობდი. 
- როგორ ხარ, ნიკოლოზ? - თავისი წითელი პომადიანი ტუჩები გამოიშვირა ჩემი ლოყისკენ, მაგრამ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე გადაკოცვნისას, ჩვენი მხოლოდ ლოყები მიედო ერთმანეთს მჭიდროდ. წამსვე დამიარა ჟრუანტელმა მისი რბილი კანის შეგრძნების გამო.
- ეს მე ვარ, - ვუთხარი ღიმილით.
- რა? - ვერ მიმხვდარიყო, მაგრამ, ჩემი ღიმილისდა გამო, ისიც იღიმოდა.
- ეს მე ვარ, - გავუმეორე იმ იმედით, რომ ნელ-ნელა გაიგებდა, რა სურდა ცხოვრებაში რეალურად არა სხვისგან და არა კარიერისგან, არამედ - უბრალოდ, ფასეულად და ჭეშმარიტად ღირებულად.
- მითხარი... - ღიმილითვე შეჭმუხნა წარბები.
- ეს მე ვარ ქარი, - მეც ვუთხარი, ლუდი გამოვცალე და, სიმართლე ვთქვა, აღარ მახსოვს, მერე რა იყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი