ჩაკრულო


გზაჯვარედინთან, შუქნიშნის წინ გაჩერდა ჩემი წითელი ,,კადილაკი“, შუქნიშნის ბურთის წითელივე ფერისდა გამო. უმანქანობის პერიოდში, როცა ღრუბლიანი ამინდი იდგა,  რომ ჩამოვდგებოდი ხოლმე შუქნიშანთან, ავიხედავდი ზევით ისე, რომ სამივე მანათობელი ბურთულის ფონზე შეშინებული თაგვის ბეწვისფერი ცა ფონად გამოჩენილიყო, დაველოდებოდი ხოლმე სამივე ფერის გამოცვლას, მერე ფოკუსირებას მხოლოდ ცაზე მოვახდენდი, და გავიფიქრებდი, ამაზე ნათელი და მრავალფეროვანი რომელი ამინდია-მეთქი. მერე კი, მანქანა რომ ვიყიდე უკვე, მხოლოდ წითელზე ვჩერდებოდი, ნარინჯ-სტაფილო-ფორთოხლისფერზე ძრავას ავახმაურებდი, ხოლო მწვანეზე უკვე მივქროდი, და მენატრებოდა ის დრო, სამივე ფერს რომ პირდაპირ ვუყურებდი ხოლმე იმაზე ფიქრში, აი-მეთქი ცისარტყელა ღრუბლიან ცაზე. მოკლედ, დავიწყე და შევყევი ისევ... გზაჯვარედინზე ვიდექი და, სანამ წითელი ფერი იყო შუქნიშანზე ანთებული, უნდა ამერჩია, მარჯვნივ შევუხვევდი, პირდაპირ ვივლიდი და მერე მარცხნივ წავიდოდი, თუ პირდაპირ გავაგრძელებდი გზას და შემდეგ მარჯვნივ შევუხვევდი. უნდა ამერჩია-მეთქი, ვთქვი, მაგრამ, მახსოვს, იმ წამს ვიფიქრე, სულელი ვარ, ასე რომ ვფიქრობ-მეთქი. სწორიც ვიყავი, თუ გაინტერესებთ. გზა, სინამდვილეში, უთვალავია, მაგრამ ამ უთვალავი გზიდან განა მხოლოდ ერთი მიდის ჭეშმარიტებამდე, არამედ - ყველა. სისულელე იქნებოდა, მხოლოდ ერთი რომ ყოფილიყო სწორი, რადგან ადამიანს როდესაც უწევს არჩევანის წინაშე დადგომა, იმას არჩევანის ძალაც უნდა შესწევდეს. მაგრამ, მეგობრებო, ჩვენ მოგვატყუეს ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, სიმართლე გვითხრეს სიცილით, ჩვენ კი, სულელებმა, რახან დავინახეთ, იცინიანო, ეს სიმართლე ხუმრობით გაჟღენთილ ტყუილად მივიღეთ. იმის თქმა მსურს, რომ, ცხადია, არჩევანი არ არსებობს, ტყუილია. ჯაჭვი თითოეული ჩვენგანის დაბადების წამიდან მჭიდროდ იკვრება, ყოველ მის რგოლს კი აუცილებლობისა და გარდაუვალობის ძალითა და გზით მივყავართ მომდევნო რგოლამდე. ჩვენ გვგონია, რომ უამრავი გზიდან მხოლოდ ერთია სწორი, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არაა, თუმცაღა ეს უამრავი გზაც აუცილებლობის ერთ-ერთი ჯაჭვია, რადგან ადამიანმა მათ უნდა მისდიოს და ზუსტად იმაზე იფიქროს, რომ ის არასწორია, რომ ის ცდება; ამ გზებზე სიარულისას ადამიანი ეჭვებმა უნდა დაღრღნას, აწამოს და უფრო მწარედ განაცდევინოს თავისი არსებობა, რომ, შეცდომის აღიარების გზით, ჭეშმარიტებამდე მცდარი გზითად მივიდეს, რადგან ჭეშმარიტებაც გარდაუვალია. 
მოკლედ, ძმანო და დანო, აინთო თუ არა მწვანე შუქი რგოლში, იმ წამსვე მივაჭირე პედალს და პირდაპირ წავედი, რადგან, რომ შემეხვია, ისე მეგონა, უეჭველად რამე დამემართებოდა. სინამდვილეში კი არც არაფერი მეგონა, უბრალოდ ასე გადავწყვიტე ან, სიმართლე ითქვას, არც გადამიწყვეტია. ამინდი ზუსტად ისეთი იყო, მე რომ ასეთ დროს შუქნიშნის ფერების ცვლის პროცესის ყურება მიყვარდა ხოლმე. მარშრუტი ზუსტად ისე გავიარე, როგორც ზემოთ აღვწერე, და საბოლოოდ სასაფლაოს ჭიშკარს მივადექი.
თბილისის ერთ-ერთი თმაჭაღარა, ფაფარაშრილი და სიამაყის ცრემლგარეული საგოდებელი გადამეშალა თვალწინ, როცა ჭიშკარი ღრჭიალით შევაღე. ბინდი იდგა, ამის გამო კი ხილვადობა გაუარესებული იყო, მაგრამ, დამიჯერეთ, რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ირგვლივ ენით აღუწერელი სილამაზე მერტყა გარს. ბინდი, სინამდვილეში, ხელს არ უშლიდა ამ სილამაზის დანახვას, არამედ იდუმალებას ანიჭებდა, მნიშვნელობას უმძაფრებდა, იდუმალება კი თხემით ტერფამდე ჰარმონიულად ერწყმოდა თვით სასაფლაოს პირვანდელ არსს, რამაც ჩემი რელიგიურობის განელებული გრძნობაც კი გააღვივა შეფარული ძალით. იქ, მიწის იმ საკმაოდ დიდ ნაჭერზე, რომელიც გარე სამყაროსგან რკინის ჭიშკრითა და გარდაცვალების შესრულებადობით იყო გამიჯნული, შავი და თეთრი საფლავის ქვები მკაფიოდ, კონკრეტულად და წითელი კალმითაც კი უსვამდა ხაზს პირდაპირ შეურიგებლობას სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, და მათ შუა ჩამდგარ შუღლს კიდევ უფრო მეტად აღვივებდა. ეს ადგილი იყო თვით თანასწორობა, ცნება ,,ერთის“ ხორცშესხმა - აქ ნახავდით იმათაც, ვისაც დაბადება არ ეღირსა და დედის მუცელშივე მოკვდა, და იმათაც, ვინც შვილთაშვილების სკოლის დამთავრებას მოესწრო. ბინდი იდგა-მეთქი, ვთქვი, მაგრამ მოდით აქ დღის შუქზე, და ნახავთ, რომ სასაფლაოს სული ქართული სულია ან, სულაც, მხოლოდ მომენტში კვეთენ ეს სულები ერთმანეთს. ქართველი იტყვის: ,,როგორ, ჩემი მიცვალებულის მეზობელ მიცვალებულს ჩემსაზე უკეთესი საფლავი უნდა ჰქონდეს?!“ და უკანასკნელ თეთრს გაიღებს, რომ თავისი გარდაცვლილის მეზობელ გარდაცვლილს აჯობოს საფლავის სილამაზით. სხვა გარდაცვლილის ოჯახი, რომელიც, თავის მხრივ, იმ ზემოთ ხსენებული ქართველის მიცვალებულის გვერდზე დაასვენებს თავის მიცვალებულს, გადაწყვეტს, უკვე თავის მეზობელს აჯობოს, და ასე გრძელდება ეს უსასრულოდ, სანამ თავად სასაფლაო არ იქცევა მსოფლიო მუზეუმის ექსპონანტად ან, საბოლოო შემთხვევაში, თავად მუზეუმად, სადაც თითოეული საფლავის ქვა ხელოვნების ძვირფას ნიმუშს წარმოადგენს. ბოლოს, როგორც იქნა, მეც ვიპოვე ჩემი ძმის საფლავი, მივედი და პირდაპირ კუბოს თავზე - მე ხომ მახსოვდა, სად ადეს კუბო - ამოსული ბალახის გლეჯვა დავიწყე. უცებ კი ცამ ინათა. 
მახსოვს, მექანიკურად ვმოქმედებდი, მაგრამ გულის ან გონების ბნელ კუნჭულში მაინც ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს ვფლობდი, და რომ არავითარი გარეშე ძალა არ მოქმედებდა ჩემი სხეულით. იქით წავედი, საითაც ინათა, და სულ გადამავიწყდა ჩემი ძმის საფლავი. აღმოჩნდა, რომ განა მთლიანად ცამ, არამედ რაღაცა ერთმა ობიექტმა გაანათა, რომელიც მეტად დიდი იყო, ფრიზბის ფორმის, მტკიცე ფოლადისგან დამზადებული. მაღალი სხეულები გავარჩიე, რომელთაგანაც ერთ-ერთი ჩემთან მოვიდა, გამიღიმა აშკარად კეთილად და თავისიანებისკენ ხელის გაშვერით მიმანიშნა, თუ გინდა, წამომყევიო. მაღალი იყო ჩემზე, დაახლოებით, ორი თავით. გავყევი რატომღაც უშიშრად - ალბათ იმიტომ, რომ სანამ ჩვენ, ადამიანები, რამეს გავაცნობიერებთ, ქვეცნობიერმა უკვე ყველაფერი იცის, და მეც ამ ქვეცნობიერის კარნახით ვმოქმედებდი, რადგან მიჩურჩულა, გაყევიო. ცხრანი იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი კი გამოვიდა, კეთილი სახით მომაჩერდა, ხელი ჩემკენ გამოიშვირა და მითხრა:
- ლაზარ.
- არა, no, нет, nein, - ვუთხარი, - მიხეილი.
გაეცინა, და აშკარად გახალისდა. მერე თავი გააქნია და ისევ მითხრა:
- ლაზარ, - თითით ისევ ჩემზე მიანიშნა, - ლაზარე.
- მიხეილი, - ისევ გავუმეორე.
მიხვდა, რომ მე ვერ მივხვდებოდი, ამიტომ საიდანღაც წიგნები გადმოიღო - გადოიღო-მეთქი უბრალოდ ვამბობ, თორემ, სინამდვილეში, თითქოს არსაიდან გააჩინა - და დამანახვა. ხელში ,,ვეფხისტყაოსანი“ ეჭირა, ასევე ,,არტისტული ყვავილები“, ,,რექვიემი“, ხოლო დანარჩენი ორი რა იყო, ვერ გავარჩიე. ქართულად რომ იყო წარწერები, ზუსტად მახსოვს. მოკლედ, ამ წიგნებს დაადო ხელი, მერე - მე, და ისევ გაიმეორა:
- ლაზარე.
ამ ჯერზე მივუხვდი, გავიღიმე, თავი დავუქნიე და მეც ვუთხარი:
- ლაზარე. 
- სიყვარული, - თქვა კეთილი ღიმილით, - ომი; მშვიდობა; ქრისტე; იესო; მე; შენ; ის; იგი; ჩვენ; თქვენ; ისინი; იგინი; შოთა; ნიკოლოზ; ლუკა; გატუნია; შონია, - მერე ჩემი სახელი წარმოთქვა, ბოლოს კი: - ჩაკრულო...
- ჩაკრულო?! - შევძახე.
უცნობს გაეღიმა, შემდეგ ისევ არსაიდან გადმოიღო  აუდიოფირი დისკიანად, ჩართო და თქვა:
- ჩაკრულო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი