ლევიოსა


კი, ქალი ქალია და იპოვნის თავის მალამოს, მაგრამ მე კაცი ვარ და, იქნებ, მითხრათ, რა გავაკეთო?
*** 
იმ დღეს, უბრალოდ, ისე გავბრაზდი, რომ სულ მივივიწყე ჩემი გენიოსობა, ჩემი მიღწევები, ჩემი დასახული გეგმებიც კი, და გავეშურე რომელიღაცა ბარში, გადაკარგულისკენ, რომ გავხეულიყავი შუაზე სმით, რომ გავმსკდარიყავი, რომ დავნაკუწებულიყავი, და რომ ჩემი გენიოსური ტვინის ნაფლეთები ვიღაცის ლუდით სავსე ბაკლებში ჩამეყარა. 
ზამთარი იყო. მეტად ყინავდა იმ ღამეს, მახსოვს, და ჩემთვის უცხო ქალაქს მკაცრი, ხისტი, არამეგობრული და მტრულად მომზირალი ლამპიონების ჯგროს შუქი ანათებდა. საკუთარი ძვლების ღრჭიალი მესმოდა, როცა დავდიოდი. მოკლედ, ვიყინებოდი და, Imagine Club-ს რომ მივაღწიე, უკვე ცოცხალ-მკვდარი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ გადავრჩებოდი. ბარის თუ კლუბის კარი შევაღე, მარჯვენა ფეხი შევდგი და შემდეგ მთელი ტანი როგორღაც შევტენე. პირველი, რაც შევნიშნე, და რამაც მომთენთა და მომადუნა, იყო სითბო - პატარა კლუბის კედელთან მიედგათ ძველმოდური, მაგრამ ლამაზი და, როგორც ჩანდა, მძლავრი გამათბობელი ღუმელი, რომელსაც დროდადრო უმატებნენ ხოლმე ძველი გაზეთების ნაგლეჯებს; მეორე, რამაც მასიამოვნა, იყო სიგარეტის კვამლი, სქელი და მომაკვდინებლად საშიში ნისლივით რომ ჩამოჰფარებოდა მთელ სივრცეს იმ ოთხ კედელში; მესამე - რაც არ მაწყობდა მაგრამ მაინც მესიამოვნა - იყო ის, რომ ყველამ მე შემომხედა, რადგან, ეჭვი არ იყო და არც არის, მიცნეს მე, გენიოსი, თანამედროვე ლიტერატურის მამა, სიტყვის ოსტატი; მეოთხე ფაქტი, რის გამოც თვალზე ცრემლიც კი მომადგა - სიყვარულით მიყურებდა უმეტესობა; ხოლო მეხუთე და მთავარი - სასმლის მრავალფეროვნება. მოკლედ, შევედი თამამად, ბარს მივადექი და ჯერ ლუდი შევუკვეთე, რაზეც  ბარმენმა თვალი ჩამიკრა, ახლავე იქნებაო. მერე ვიკითხე, ადგილები დაჯავშნილი ან დაკავებული ხომ არ არის-მეთქი. მიპასუხეს, არა, იქ დაბრძანდით, სადაც გენებოთო. მეც ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მითხრეს - იქ დავბრძანდი, სადაც მენება. ვიჯექი ასე, მიბუჟდებოდა ფეხები ნელ-ნელა, მინელდებოდა ისედაც ნელი გულისცემა, ხორკლებს ჩემს კანზე უკვე ოფლის წვეთები ცვლიდა, მაგრამ ამ დროს კლუბის შემოსასვლელი ხის თეთრი კარი მოკრძალებით გაიღო და, მიუხედავად იმისა, რომ არ დამინახავს, მაინც ვიგრძენი, ვიღაცამ თავი ჯერ შემოყო, ხოლო შემდეგ კი სიხარულით, სითბოთი, ბავშვურობით და რაღაცა ისეთი ძლიერი გრძნობით, რაც მე მაკლდა დიდი ხანი, შემოფრატუნდა კლუბში. ყველაფერს ვიფიცებ, რომ იმ წამს ჩემი ჩაბნელებული გონება, ჩემი მწეველის ფილტვებივით შავი, გაჭვარტლული გული ერთიანად განათდა, გათბა და გალღვა. 
- ზურა! - სიყვარულით დაიძახა და, დიდი ალბათობით, ვიღაცა ზურას ჩაეხუტა. სულელი ვიყავი - დანახულიც არ მყავდა ის გოგო, რომ უკვე ვიეჭვიანე. ისე მეგონა, რომ ყველა უყვარდა. დაბალი ხმა ჰქონდა, მაგრამ არა ბოხი, და რაღაცნაირად წითელი ღვინოსავით თბილად გეღვრებოდა ყურებში მისი გულწრფელი პირიდან წამოსული ბგერების ერთობლიობა. - მოვედი. დღეს მინდა, რომ დაგეხმარო. კარგ დროს მოვსულვარ, ისე. ხალხი რომ მოვა, შეკვეთები იქნება ბევრი, და მინდა, რომ მე მოვემსახურო.
- ლევიოსა! - დიდი ალბათობით, ზურა იყო ის, ვინც გამოეპასუხა. თავიდან მეგონა, ეს ,,ლევიოსა“ მიმართვის ფორმა იყო, მაგრამ მაშინ შევცდი. პირველ ჯერზე ბევრი ცდება, ბევრი, უმეტესობა, - ანგელოზი ხარ, როგორც ყოველთვის! მადლობა, რა, გოგო, შვილივით ხარ. ისე, მამა როგორაა? 
,,მამა... - გავიფიქრე მაშინ გულუბრყვილოდ, - მამა! ესე იგი, მამამისს იცნობს! აქედან გამომდინარე, დაახლოებით, მამამისის ტოლია! ანუ, ვერც შეყვარებულები იქნებიან და, შესაბამისად, ვერც ცოლ-ქმარი!“. მაგრამ მერე ჩემს თავს ვუთხარი, დამშვიდდი, გოგო არც კი გინახავს და ნუ ეჭვიანობ-მეთქი. აი, ნაღდი სულელი! სუფთა დებილი! არა? 
ეს გოგო მალევე გაიქცა სადღაც - სავარაუდოდ, საპირფარეშოში - და რამოდენიმე წუთში კლუბის კარი ისევ გაიღო. ამ ჯერად სამი თავგადაპარსული და შუაში, პანკურზე უფრო მოკლედ დატოვებულ თმიანი, შეიძლება ითქვას, დაკუნთული ბიჭები შემოვიდნენ Imagine Club-ში. მალევე სამი მოჰიპო თინეიჯერი და ორი ეგრედ წოდებული ,,ბებერი თინეიჯერიც“ დაემატა კლუბში არსებული ხალხის რაოდენობას და, საბოლოოდ, ოდნავ შემაღლებულ სცენაზე დაბალი, ჭაღარა კაცი ავიდა, რომელსაც თავზე კალათბურთის რომელიღაცა გუნდის ლოგოიანი კეპი ეხურა.
- ჩვენთან შეკრებილო საზოგადოებავ, - ჩაჰყვირა მიკროფონს, - მოგესალმებით! - ამას მცირე აუდიტორიისთვის შესაფერისად მხურვალე ტაში მოჰყვა. მეც დავკარი ჩემი ხელისგულები ერთმანეთს დიდი მონდომებით, - მე ვარ ზურა გოგებაშვილი, და ეს ჩემი უკვე ოცდაორი წლის სახლია - Imagine Club-ი! - ამის გაჟღერებისას სტვენაც გაისმა დარბაზში. მე გავიფიქრე, აი-მეთქი ზურა, აი, მართალი ვიყავი-მეთქი, კარგია-მეთქი, აუ, ძალიან მაგარია-მეთქი, - მოკლედ, ძმებო და დებო, გახსნილად ვაცხადებ დღევანდელ საღამოს, გახსნაზე კი რა უნდა დავუკრა სხვა, თუ არა დიდი ჯონის ,,Imagine”, რის გამოც დაერქვა ამ კლუბს ეს სახელი! 
მოკლედ, ზურამ თავისი შეუბერა, მაგრამ მე ვიჯექი ისე, რომ არ ვიცოდი, რას ველოდებოდი; ვიჯექი და უაზროდ მიხაროდა რაღაცა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, რა იყოს გასახარი. მერე გამახსენდა, რომ ჩემი ლუდი იგვიანებდა, მაგრამ გავაანალიზე, რომ ეს ფაქტი საერთოდ არც კი მაწუხებდა. საბოლოოდ მივხვდი იმას, რომ, როცა იქნებოდა, ლუდს მომიტანდნენ და, რაც ჩემს ზურგს უკან მოვისმინე, ვინ იკისრა  იმ დღევანდელ საღამოზე მიმტანობის ფუნქცია? კი, იმ გოგომ. ამიტომ ავღელდი - ვფიქრობდი, ლუდს რომ მომიტანს, შეიძლება გამიღიმოს, მე კი რა უნდა ვქნა-მეთქი; გემრიელად მიირთვითო, რომ მითხრას, მე რას ვუპასუხებ-მეთქი; რომ მიცნოს და ავტოგრაფი მთხოვოს, როგორ მოვიქცევი-მეთქი; სახეს რომ დამანახვებს, ჩემი პირი უფრო ფართოდ გაიხსნება თუ ჩემი თვალები-მეთქი; როცა ბაკლის დასადებად დაიხრება, შეიძლება შემთხვევით თვალებში ჩავხედო, ეს კი რას მიზავს-მეთქი. მოკლედ, ავფორიაქდი, ჩემს სულში კი რაღაც ისეთი ძლიერი მოხდა, რომ სხეულზეც კი გადმოვიდა, ჩემმა ორგანიზმმა კი ისე იგრძნო ყველაფერი, რომ თითქოს საყლაპავ მილს ვიღაცა ან რაღაცა მიჩხაპნიდა, შემდეგ ეს ინფორმაცია ტვინს გადაუგზავნა და, შესაბამისად, მეც ვიგრძენი, ამიტომ ფეხზე წამოვხტი, სადღაცა გავქანდი და - გამართლება არ უნდა? - პირდაპირ საპირფარეშოში ამოვყავი თავი, მერე მუხლებზე დავდექი, უნიტაზს ორივე ხელით ჩავეჭიდე და ყველაფერი შიგ ჩავარწყიე, მაგრამ გამოდევნილი უსიამოვნო მასის რაოდენობამ მაინც გამაკვირვა, რადგან იმ დღეს, თუ სწორად მახსოვს, საერთოდ არაფერი მეჭამა. ფეხზე რომ წამოვდექი, ქვედა ტუჩზე მიწებებული ნარწყევი პალტოს სახელოთი მოვიწმინდე, პირი გამოვივლე და ისევ დარბაზში გავედი.
- Imagine, there’s no heaven, - მღეროდა ზურა, - it’s easy, if you try; no hell below us, above us only sky; imagine all the people living for today… Imagine, there’s no countries, it isn’t hard to do; nothing to kill or die for, and no religion, too; imagine all the people living in piece… You may say, I’m a dreamer, but I’m not the only one; I hope, someday you’ll join us, and the world will be as one.
არ ვეთანხმებოდი ჯონ ლენონს, მაგრამ ეს სიმღერა მაინც მიყვარდა. თუმცაღა ჩემს გვერდით მაგიდასთან მჯდომმა სამმა დაკუნთულმა ახალგაზრდამ ღიად გააპროტესტა ამ სიმღერის ტექსტი, რადგან, რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ ჩხუბიც უყვარდათ, აურზაურიც და, აქედან გამომდინარე, არა piece და dreamer და მსგავსი რაღაცები. 
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ უცებ, მოულოდნელად და ელვის უსწრაფესად - სიბნელეში უცნობი რომ მოგდევს, რომ გეწევა და, შენ რომ გგონია, დანას ჩაგარტყამს, ის კი მოდის და შუბლზე გკოცნის, ასე - ვიგრძენი, როგორ შეერია ჩემს მუქ ლურჯ აურას უკნიდან გამომავალი და გამოსხივებული სულიერი ფენოტიპი. ისეთი მაცოცხლებელი ძალა შევიდა იმ წამს ჩემს ორგანიზმში, თითქოს ალქიმიკოსი ვყოფილიყავი და ფილოსოფიური ქვა აღმომეჩინა; თითქოს ვკვდებოდი, სისხლით ვიცლებოდი, მაგრამ ჰორიზონტზე იორდანე გამოჩენილიყო, მე კი უნდა მოვნათლულიყავი აუცილებლად. უკნიდანვე ჩამესმოდა ვივალდის ,,გაზაფხული“ - კვნესოდა ვიოლინოს სიმები, იბუტებოდა ხანდახან, ხანაც შეციებული ბეღურასავით იბუზებოდა, ხან კი მთელი ჰარმონიულობით მიხევდა ყურის აპკებს; ჩემს ზურგს უკნიდან მესმოდა ბახი - bach, ნაკადული - და მართლაც ვხვდებოდი, რომ მწყუროდა წყალი, და უნდა დავლოდებოდი ამ ნაკადულის მოახლოებას, რათა მეპოვა მე უკვდავება ჩემი სულისა, რამეთუ სახელის უკვდავება იმ მომენტიდან მოვიპოვე, როცა პირველი წიგნის წერა დავიწყე; ბეთჰოვენის ,,დიდი ფუგა“ მესმოდა კიდევ ზურგს უკნიდან, და ისედაც არეულ გონებას კიდევ უფრო მირევდა, ამასთან, სისხლის მიმოქცევამაც თითქოს იცვალა კურსი და მიმართულება, და ყველაფერი უკუღმა გააკეთა - გამოიტანა სისხლი ვენამ მარჯვენა წინაგულიდან, წაიღო მცირე წრეზე, შემდეგ ფილტვის არტერია გაჯერდა ჟანგბადით, შევიდა გულში და წამოვიდა ისევ ვენით დიდ წრეზე, ხოლო საბოლოოდ აორტამ შეიტანა ჩემი სისხლი მარცხენა პარკუჭში. 
- აი, თქვენი ლუდი, - ხმა გაისმა ედემის ბაღის აკრძალული ხის ნაყოფივით დამაინტრიგებელი, მაცდური, ქალისათვის დაბალი, და მაინც მეტად ჟრუანტელის მომგვრელი, - გემრიელად მიირთვით, - და ვიგრძენი, რომ გამიღიმა.
ვერ შევხედე. ვიყურებოდი Imagine Club-ის ოდნავ შემაღლებული სცენის კედელს მიღმა და, ამავდროულად, მთელი სამყაროს მიღმა, და თავს ვგრძნობდი ყველაზე სუსტ არსებად მთელ ირმის ნახტომში. რა უნდა მექნა? ირონია - საკუთარი ტვინით ვაიძულებდი საკუთარ ტვინს, რომ უფრო ჩქარა ემუშავა, მაგრამ ამაო იყო ეს ყველაფერი, ამიტომ სულელივით შევყვირე:
- ააა! 
ის წამსვე ჩემთან მოვარდა და მხრებზე თავისი ჰაერივით მსუბუქი მარჯვენა ხელი მომხვია, მარცხენათი კი ლოყაზე მიმკრა ცოტათი. ღმერთო, სიკეთე! თვით სიკეთე და ხორცშესხმული კეთილი ბავშვობა იდგა მაშინ ჩემ წინ.
- კარგად ხართ? - აუფორიაქდა ულამაზესი ხმა, იმედიანი და კეთილშობილი იოგებიდან ამოსული. - დაგეხმაროთ?
- არა, არა, მე მაპატიეთ, - არ ვიყავი საზიზღარი? არ იყო ის  ვარდი და არ ვიყავი მე მის გვერდით დადებული ძროხის განავალი? - დღეს ძალიან არაადეკვატური ვარ.
- შემაშინეთ, - ჩაილაპარაკა დედაზე ნაწყენი პატარასავით. თავი შემზიზღდა - შევაშინე, მისი აურის მთლიანი თეთრი ჰორიზონტი ჯერ შევკუმშე და შემდეგ ავატოკე, და ლაქაც კი დავამჩნიე სულ პატარა, ვხედავდი. ნეხვი ვარ-მეთქი, ვფიქრობდი და, სიმართლე ითქვას, არ ვცდებოდი. განავალი. 
- უნდა გთხოვოთ რაღაც, - ჩემი ძალიან დაბალი, მონოტონური და არაწმინდა ხმით ვუთხარი.
- დიახ, გისმენთ, - უკვე თავზე მედგა და, დიდი ალბათობით, გაკვირვებული ან ცოტა იმედგაცრუებული იყო, რომ სახეში არც ერთხელ არ შემიხედავს მისთვის, არამედ სულ კედელს გავცქეროდი, სცენის ზურგს რომ წარმოადგენდა.
- ერთი ლუდი კიდევ მომიტანეთ, ძალიან გთხოვთ, - ავადმყოფივით ვუთხარი, შმაგივით და გამოთაყვანებულივით. ისე გამომივიდა, თითქოს მთელი ცხოვრება მხოლოდ დალევაზე ფიქრში გამეტარებინოს.
მითხრა, რა პრობლემააო, და გაფარფატდა ბარისკენ. წამიერად ბედის ბორბალივით ას ოთხმოცი გრადუსით შევტრიალდი, რომ დამენახა მისი სახე და ჩემი შეცდომა გამომესწორებინა, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა - ზურგით იდგა. მაშინ მომხვდა თვალში მისი ჩაცმულობის უცნაური დეტალები: კრემისფერი, ოდნავ გარუჯული ევროპეიდის კანისფერი შარვალი ეცვა, მაგრამ, ამავდროულად, მუქი იასამნისფერი, ვარდისფერი ყვავილებით მოხატული კაბაც ჩაეცვა; ჩემს ბაკალში დასხმული ლუდისფერი თმები საშუალოზე მოკლედ შეეჭრა და წითელი რეზინით უხეიროდ შეეკრა უკან; ორივე მხარი ჰქონდა კისრიდან ზუსტად იდენტური კუთხით დახრილი, და ლავიწს ზემოთ არსებული სხეულის ნაწილი შიშვლად მოუჩანდა; მოხარშული ტყავის ხაკისფერი ბათინკებიდან მოჩანდა წინდის ყელები - მარცხენა ტერფზე ყვითელი წინდა ამოეცვა, შავზოლებიანი, ხოლო მაჯვენა ტერფს ლურჯი წინდა უფარავდა, შინდისფერკოპლებიანი. გავიფიქრე, ეს უსვამს-მეთქი ყველაზე დიდ და თვალშისაცემ ხაზს მის ხასიათსა და, ზოგადად, პიროვნებას. იღბლიანი ბორბალივით დავტრიალდი და ისევ ჩემს თავდაპირველ პოზას დავუბრუნდი. ბანკროტი! მაინც ვარდია, შენ - ნეხვი. ჰოდა, შევტრიალდი თუ არა, იმ წამსვე მომინდა, იატაკზე გავშხლართულიყავი და ფორთხვით მივსულიყავი მასთან, გამეხადა მისთვის ხაკისფერი ბათინკები, გამეძრო ფერად-ფერადი წინდები და ტერფები დამეკოცნა, დამეკოცნა ფრჩხილები, როგორიც არ უნდა ჰქონოდა, დამეკოცნა ფეხისგულები, შემდეგ ავმდგარიყავი, დალოცვა მეთხოვა და გავვარდნილიყავი კლუბიდან. მაგრამ ისევ თავდაპირველ პოზაში ვიჯექი გაქვავებული, უაზრო და მოსაწყენი კაცივით, და კლუბის სცენის ზურგად აღმართულ კედელს ვაშტერებდი თვალს.  
- აი, ესეც თქვენი მეორე ლუდი, - მითხრა. და მე ავხედე.
თითქმის მრგვალი თვალები ჰქონდა, ფერადი გარსი - პიტერ პენის ჩასაცმელივით მწვანე, კეთილი ჭაობისფერი; ფერდაკარგული წითელი ტუჩები უკრთოდა გაურკვევლობისაგან, რაც, დარწმუნებული ვიყავი, ჩემმა არაადეკვატურმა ქცევამ გამოიწვია, მაგრამ მაინც უნდოდა, გაეღიმა ან, თუ უფრო სწორად ვიტყვი, მისი შინაგანი ბუნება ეწინააღმდეგებოდა პირის კუთხეებს, ჩამოშვებულიყო, ამიტომაც გამიღიმა მაინც საბოლოოდ და, ყველაფერს ვფიცავ, რისი დაფიცებაც შეიძლება ან არ შეიძლება, რომ ის ღიმილი არასოდეს დამავიწყდება - ამ ღიმილის დროს მის თვალებში გაკრთა ბავშვობა, რამაც გამახსენა, როგორ ვიჯექი ლეგოებში ჩაფლული, ვთამაშობდი თავდავიწყებით ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა საკუთარ გენიოსობაზე; ბავშვობა დამიდგა, კი, თვალწინ, ამიტომაც გამოვიტანე საბოლოო დასკვნა, ვერდიქტი გადაჭრით, რომ ეს გოგო, ჩემ წინ სვეტივით აღმართული, იყო ხორცშესხმული სიკეთე, იოჰან სებასტიან ბახის მუსიკის სხეულებრივი განხორციელება, ვივალდის სეზონებზე დაკრული ვიოლინოს სიმის ორგანოიდული პირმშო, ვერდის ჯილდა და სხვა და სხვა. ლამაზი იყო? - ვერ გეტყვით, არ მაინტერესებდა. 
- დიდი მადლობა, - როგორღაც მაინც ამომივიდა ხმა კვამლისა და ათასი უბედურებისგან გაღიზიანებული ჩემი ყელიდან, - მაგრამ... ძალიან კი მრცხვენია... ერთი ლუდიც მომიტანეთ, გთხოვთ. იცით, რაშია საქმე? - და უაზრო ახსნას მოვყევი, რომელიც მე, საზოგადოების თვალში, მეპატიებოდა, - რაღაცა ექსპერიმენტს ვატარებ და, რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს...
- არა, არ ჟღერს სულელურად, - შემაჩერა, და ისე მომეჩვენა, თითქოს ცოტათი ჩემკენაც კი დაიხარა, - მე გიცნობთ, ამიტომ მჯერა თქვენი. ახლავე მოგართმევთ.
მოვატყუე, მან კი დამიჯერა. ის არ იყო სულელი, არამედ, უბრალოდ, მე ვიყავი დამპალი. 
თვალი ისევ გავაყოლე, რაღა თქმა უნდა. ბარმენთან მივიდა და უთხრა, ერთიც ჩამოასხიო, მე კი სიტყვა ,,ბარმენი“ რომ გავიგონე ჩემს გონებაში, წამსვე ,,კარმენი“ გამახსენდა, და მოვყევი სტვენას ვირტუოზულს. მაგრამ მალევე გამაჩერა გვერდზე მჯდომმა სამმა დაკუნთულმა ბიჭმა - ძმაო, აქ მარტო არ ხარო. რა უნდა მეთქვა, ამიტომაც გავჩერდი. ამასობაში ის  მომიახლოვდა, მესამე ბაკალი ლუდიც დამიდო და კვლავაც გამიღიმა, თან არ გეგონოთ, რომ ხელოვნურობის ნატამალი მაინც ერია ამ ღიმილში, - ეს იყო სრულიად, ასი პროცენტით ბუნებრივი და გულწრფელი ქმედება. მეც კი გავუღიმე. მერე ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
- ცოტა არ იყოს, დავიღალე, - თქვა და მშრალი შუბლი ხელით მოიწმინდა, ვითომ ოფლიანი იყო. ამაზეც გამიღიმა. სულ იღიმოდა. ყველა უყვარდა, ასე მეგონა.
- თუ საიდუმლო გულის სარკმელში შესვლას გაბედავს ბავშვი, - ჩუმად ვსაუბრობდი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ გაიგონებდა, - და შუაღამე რომ დაჰკრავს საათს, გამოვა იმავ წამში, თქვენი გენიაც დიდრონ საფლავში მაშინ ჩაწვება მხოლოდ, და მისვე გულში სიმშვიდე დაისადგურებს ბოლოს. 
- მშვენიერი ლექსია, - შემიქო, წამოჯდა, იდაყვები მუხლებზე დაიწყო და მე მომაჩერდა, - ახლა შეთხზი?
- თქვენ უკეთესი ხართ, ვიდრე მე, - ვუთხარი და ვიგრძენი, თვალები როგორ ამიცრემლიანდა. აი, დაბერდი! ცრემლები მაინც შეიკავე, თუ კაცი ხარ!  
- თქვენობით ნუ მომმართავ, - თავისი ხელისგული - სხვათა შორის, უხეში მეჩვენა - დამადო ჩემსაზე, და მაშინ ვიგრძენი ზუსტად ის ელექტროშოკი, რომელმაც მთელი სხეული ჯერ გამიხურა, ხოლო შემდეგ ერთიანად გამიყინა, - მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, ვერც მე მოგმართავ თქვენობით.
- ეგ არაფერი... 
- წავალ, - მითხრა და ფეხზე წამოხტა, - ახლა სცენაზე მე უნდა ავიდე, დავუკრა რაღაცები, - მერე დაიხარა, თავისი ნახევარმთვარისებრი პირი ჩემს ყურთან მიიტანა და ჩამჩურჩულა: - პირველი სიმღერა ის იქნება, რასაც შენ მეტყვი.
- ის დაუკარი... - დავიბენი, სიტყვებსაც ვერ ვიკრებდი მე, ასოთამწყობი, ქართული ლიტერატურული სიტყვის მამა, - ის... სახელი დამავიწყდა... აი, ესე რომ იწყება... Hello, darkness, my old friend…
არაფერი უთქვამს ჩემთვის, ისე გაიქცა კაბის შრიალით სცენისკენ, თითქოსდა ორი წუთის წინ არ ჰქონოდა ნათქვამი, დავიღალეო. პატარა კიბესთან მდგარი სავარძლიდან გიტარა გიჟივით ააგდო ჰაერში, დაიჭირა, სცენაზე ავარდა, მიკროფონს თითი დაჰკრა და, გამარჯობაო, დაიყვირა, თან ხელის ქნევაც მიაყოლა. მომენტში მომეჩვენა, რომ ჩემკენაც გამოაპარა მზერა, და იმედი მქონდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი ეგოიზმისა და ნარცისიზმის ნაზავისდა გამო არ დამინახავს ასე. მაგრამ არა - ვიცოდი, რომ სასიამოვნო გარეგნობა არ მქონდა, და ამ ჩემს უსიამოვნო შესახედაობას წვერში ვმალავდი, მაშ რატომ უნდა ვყოფილიყავი ნარცისი ამ კომპონენტში? მაგრამ ამ დებულებაში უკვე ნამდვილად იკვეთებოდა ერთგვარი ნარცისიზმი, რაც, თავის მხრივ, მცირე პარადოქსული მოვლენა იყო. 
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნურვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმით ჩემი ნაუბარი?
ეს სტროფი ამომიტივტივდა უცებ გონებაში. რა იყო ეს ყველაფერი? მიჯნურობა? სიძვა? იქნებ, არც ერთი? 
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
აღმაფრინა-მეთქი მე იმ გოგომ? - ვფიქრობდი. აღმაფრინა თუ, პირიქით, ძირს დამცა? იქნებ, ძირს იმიტომ დავეცი, რომ მანამდე წელში მოხრილი დავდიოდი, ახლა კი უნდა წამოვდგე და წელში გავიმართო-მეთქი? და თუ წელში გავიმართები, იქნებ აღმაც გავფრინდე-მეთქი. ვინ იცოდა... ვინ იცის... 
მერე მან  დაკვრა დაიწყო, შემდეგ ამღერდა. მე ისევ ტანში დამიარა ელექტროდენმა, რომელიც შესაძლოა სულაც არ ყოფილიყო ის ელექტრული დენი, ფიზიკაში რომაა ცნობილი - I=q/t=U/R. ის აგრძელებდა სიმღერას, ჩემ თვალწინ კი უცბად გადაიშალა ორკესტრი სიმფონიური, და დავიწყე ფიქრი, რომელი საკრავი იყო ის. მე, ჩემი მხრივ, საკუთარი მეტად ბოხი, ოდნავ უხეში და ცოტათი თავზარდამცემი ხმით მივჰგავდი ტუბას - საკრავს, რომელსაც ყველაზე დაბალი ბგერების აღება შეეძლო. მაგრამ ის? ორკესტრში შევვარდი, დირიჟორის მარცხნივ მდგარი სკამიდან შმაგად დავიტაცე ვიოლინო, გავაჟღერე, და მივხვდი, რომ ვიოლინოს ხმა უფრო მაღალია, ვიდრე - მისი. შემდეგ გადავირბინე უკანა რიგში, ავიღე ფლეიტა, ჩავბერე, რომ შემემოწმებინა, მაგრამ გავაანალიზე, რომ ფლეიტა - მიუხედავად იმისა, რომ იმ ოქტავაში მღეროდა, რომელშიაც ის - მაინც უფრო არაადამიანური იყო, უფრო ჩიტისმაგვარი. დავიარე მთელი ორკესტრი, გადავწვდი ჩელოს - იქნებ, ეს იყოს-მეთქი. პირველ გაჟღერებაზე, რომ არ მოგატყუოთ, მივამსგავსე, მაგრამ მაინც არა - ეს უფრო დაბალი იყო. და მაშინ დამარტყა თავში, რომ ალტი არ მინახავს. მივვარდი ალტს, ხემი გავუსვი და, ღმერთო, ეს იყო. ეს იყო ის. მის  ხმას ავაყოლე ალტის ჟღერადობა, ალტი ავამღერე ზუსტად მის ხმაზე, უბრალოდ სიტყვებს ვერ იძახდა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა - ის  ხომ იძახდა? ვუკრავდი და ვუკრავდი, არ ვიღლებოდი, მაგრამ მერე სიმღერას მორჩა, და მე ისევ Imagine Club-ის ოთხ კედელში აღმოვჩნდი გამოკეტილი. ტაშით შეეგება მთელი იქ შეკრებილი საზოგადოება, მერე ძირს ჩამოვიდა და ვიღაც ბიჭს გადაეხვია. მე ვიეჭვიანე გოგოზე, რომელსაც არც კი ვიცნობდი, ამიტომ პირველი ბაკალი ერთი მოყუდებით გამოვცალე, თან თვალები მტრულად მუვჭუტე და დავძაბე. 
უცებ ჩემკენ გამოეშურა. ისევ  გვერდით მომიჯდა, ჯიუტად მშვიდი და კეთილი ღიმილით მომაჩერდა, შემდეგ ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად და მითხრა:
- მე ლევიოსა მქვია, - მე ხელი ჩამოვართვი, და ისევ მეჩვენა, რომ ხელისგულები ჰქონდა უხეში, - ლევიოსა ბადურაშვილი, - შემდეგ, ასე უაზროდ, მაგრამ მაინც ქვების ხახუნის შედეგად გაჩენილი ერთი შემთხვევითი ნაპერწკალივით თქვა: - ჩემი საყვარელი მწერალია ედგარ ალან პო.
- ედგარ პო! - სიხარულით შევყვირე, რადგან ერთი მეტად კარგი ლექსი გამახსენდა: - ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი, როცა საუბარი ედგარ პოეზეა! აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი დასდევს განწირულთა შავი პოეზია!* 
ლევიოსა უკვე რაღაცნაირად თბილად მიყურებდა, თითქოს, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზებისდა გამო, ვეცოდებოდი. 
- განაგრძე, - მითხრა და ხელი ისევ ხელზე დამადო, რომ ჩემთვის მოტივაცია შეემატებინა.
- ...ხშირად მაგონდება ფოთლებშემოცლილი, - გავაგრძელე მე, -
სახემიბნედილი ქალის მწუხარება!
მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილი,
მთვარით დაძონძილი ოხვრა, შეყვარება!
(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)
მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...
სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,
მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.
უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა, 
ფარდა შეირხევა, როგორც - ყრუ ფოთოლი.
კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი,
თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები - 
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;
ასეთ სანახავად, როგორც თანამდები,
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!*
- მადლობა, - ასე მითხრა, ისევ შეცოდებით გამიღიმა, ადგა, ჩემი ერთი დაცლილი ბაკალი აიღო და წავიდა.
ორივე ბაკალი ერთმანეთის მიყოლებით გამოვცალე. ყელიც დამისველდა ცოტა, სასიამოვნოდ, და სისხლში ალკოჰოლის დონემაც მოიმატა და საჭირო ნიშნულს მიაღწია, რაც ჩემთვის აუცილებელი იყო. თუმცაღა უცებ ფეხზე წამოვხტი, გავიქეცი სცენისკენ, მასზე ავვარდი, ავიღე მიკროფონი და ჩავყვირე:
- ლევიოსა! - დავინახე, როგორ გამოიხედა ჩემკენ ოდნავ დაზაფრულმა და შეშინებულმა, - კარგი გოგო ხარ, ლევიოსა! თან, იცი, როგორი? აი, ხომ არის ორი განვითარება - ემბრიონული და პოსტ-ემბრიონული - ჰოდა, ზოგი ადამიანი პოსტ-ემბრიონულში კარგ ხალხს ხვდება და მათ გავლენას განიცდის, ამიტომ ხდება კარგი; მაგრამ, ემბრიონულშივე კარგი ვინცაა, იმას ცხოვრებაში ყველა ცუდიც რომ შეხვდეს, მაინც კარგი იქნება. ასეთი ხარ შენ, მე ასე მგონია, ლევიოსა - დაიბადე, და კარგი კი არ გახდი, არამედ, ჩაისახე თუ არა, კარგი იყავი იმ თავითვე. რეალობა, ქალბატონებო და ბატონებო, - გავყვიროდი არანორმალურივით, - კონიუქტურის საალერსო სახელია. კი, ანგარიში როგორ არ უნდა გაუწიოთ, მაგრამ დროდადრო თუ მარადიულ ფასეულობებსაც არ შეავლეთ თვალი, ჩაგიხვევთ კონიუქტურის სადღვები მანქანა და აგანთხლევთ ერთიანად. აიღეთ, მაგალითად, კაცი, რომელსაც შია და საჭმელი არ აქვს - ასეთი კაცი რომ მარტო რეალობას მიაცივდეს და მარადიული ფასეულობები ფეხებზე დაიკიდოს, ან მათხოვარი უნდა გახდეს, ან ქურდი, ანდაც მონა. ლევიოსა, შენ ჩემი მარადიული ფასეულობა ხარ!
დავინახე, როგორ ირწეოდა ლევიოსა ბარმენის დახლთან, მაგრამ შემდეგ უცებ შეწყვიტა ზევით-ქვევით რწევა და გაშეშდა. ერთხანს ასე იდგა, გეგონებოდათ, საკუთარ სხეულს უგდებდა ყურს და ცდილობდა, რომელიღაცა შემაშფოთებელ კითხვაზე ძნელი პასუხი ეპოვა. ბოლოს რაღაც იდუმალი, თითქოს დედამიწის ღრმა წიაღიდან ქურდულად ამომავალი ხმითა და ექოსავით უსაშველოდ გაგრძელებულად თქვა რაღაცა სიტყვები, რომლებიც ვერ გავიგონე, უბრალოდ პირის მოძრაობით მივხვდი, რომ სიტყვა მეტად გაწელა. თავში ჩავირტყი ხელი, ნეკა თითებით ყურები გამოვიწმინდე იმ იმედით, რომ ისევ გაიმეორებდა ლევიოსა სიტყვას, მაგრამ არა, მოვტყუვდი. 
- ადამიანნო, - დავიწყე ისე, როგორც მთვრალზე მჩვეოდა, უაზროდ, რადგან ჩემ მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა არაფერ კავშირში არ იყო არც ერთ მომხდარ ფაქტთან იმ დღეს, - როგორ გგონიათ, მე მთვრალი ვარ? მეოცნებე? სიზმრების გამომცნობი? შუაღამის ზარი? ნამის ცვარი? ორთქლი და სურნელება მარადისობისა? განა, არ გესმით? განა, არ იყო თქმული? შუაღამე შუადღეც არს, სევდა სიხარულიც არს, წყევლა კურთხევაც არის, ღამე არის დღეც, მთვარე არის მზეც, ბრძენი რეგვენიც არის. გითქვამთ ოდესმე ,,კი“ მხიარულებისათვის? აჰა, ჩემო მეგობრებო, მაშინ ,,კი“ გითქვამთ ყოველი მწუხარებისთვის. ყველაფერი გადაჯაჭვულია, ერთმანეთში არეული და შეყვარებული. მე ვინ ვარ? მე ვარ მთვრალი ტკბილი საკრავი, შუაღამის არფა, იმ ზარის ხმა, რომელიც არავის გაუგია, მაგრამ მაინც უნდა რეკოს ყრუთა წინაშე - თქვენ წინაშე, მეგობრებო, რამეთუ თქვენ ჩემი არ გესმით. ლევიოსა, - შემდეგ ისევ მას შევხედე, - შენ ხარ ღამე, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამე, და არა ხარ დღე, რადგან ღამე უფრო ღრმაა, ვიდრე - დღე, და ყოველი ღამე მეუბნება, რომ მივიდე მასთან ახლოს, რათა მიჩურჩულოს რაღაც ისეთი, რაც დღემ არ იცის. მაგრამ ღამეც დღეა, შენც დღე ხარ და, ამავდროულად, ღამეც, და შენ უნდა წამიყვანო მე ახლა სადმე, რომ საბოლოოდ გადავრჩე ან დავიღუპო.
- შენი იეღოველი დედა!.. - მომესმა მარჯვნიდან, შემდეგ კი თავში მარილიანი მიწისთხილის  ნატეხი მომხვდა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, არაფერი მომსვლია.
ალბათ, ჩემი პოეტური სიტყვისდა გამო - მაინც არ უნდა ეფიქრათ, მაგრამ... - იფიქრეს იმ ტლოპინებმა და დაკუნთულებმა, რომ იეღოველთა სექტის წარმომადგენელი ვიყავი, თუმცა ის უფრო მეწყინა, რომ გავაანალიზე, რახან ეს იფიქრეს, ეს ნიშნავდა, რომ არც მე მიცნობდნენ და, მითუმეტეს, არც ჩემს შემოქმედებასა და გენიოსურ ბუნებას. მაგრამ არაუშავდა, რადგან მტკიცედ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ არ მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მარტივები და პრიმიტიულები იყვნენ, მაინც, ზოგადად, ადამიანი ის არ არის, ვისაც თავისი სამარის სამყოფი მიწა დაიტევს, არამედ - ის, ვისაც თვით სამყაროც არ ეყოფა დასატევად. ადამიანთა უმრავლესობას ბევრი ფარული და დიდებული უნარი აქვს, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევა გამოამჟღავნებს და გამოააშკარავებს ხოლმე. ადამიანის ერთადერთი რეალური მოთხოვნა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაა, და მხოლოდ ამ მისწრაფების დროს აღწევს იგი თავისუფლებას. ადამიანს ერთადერთი რამ აქცევს ასე დიდებულ ქმნილებად - ის ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ სიკვდილი აუცილებლად მოაკითხავს, და ამ ფიქრებში იგი უფრო მაღლდება; რაც ნაკლებს ფიქრობს ადამიანი სიკვდილზე, მით უფრო ჰგავს იგი ცხოველს. ალბათ, ის დაკუნთულები სხვის სასიკვდილოდ ცემაზე უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე საკუთარ სიკვდილზე. 
მაინც იმაზე მეფიქრებოდა, შევცდი თუ არა და, თუ შევცდი, ვის მიერ? ლევიოსამ შემაცდინა ისე, როგორც ევამ შეაცდინა ადამი ერთ დროს? მაგრამ, ევა ვინღა შეაცდინა? ევა სატანამ შეაცდინა, მაგრამ ლევიოსა? სატანა და ანტიქრისტე ყველას ვერ დაეუფლება, არამედ იბატონებს მხოლოდ იმაზე, ვინც ისედაც დაღუპვას აპირებდა - იმაზე, ვინც მისი შეცდენის გარეშეც მოიძულებდა ხსნის გზას. და ლევიოსა იყო ასეთი? ჩემ თვალწინ იდგა სიკეთე-მეთქი, ვახსენე რამდენჯერმე და, დავიჯერო, ის დაღუპვისთვის იყო განწირული? არამც და არამც-მეთქი, მტკიცედ ვუთხარი თავს და პრობლემა ამით გადავჭერი. 
- იეღოველო, - მომაძახა ერთ-ერთმა დაკუნთულმა, - სახე ხომ არ შეგილამაზო? მეზიზღებით იეღოველები.
- ნუ გეზიზღება ნურავინ, - ვუთხარი მართლაც იეღოველივით, მაგრამ მაინც გულიდან, - სჯობს, სიყვარულის ცეცხლში იწვოდე, რომ არ დაიწვა იქ, სადაც იწვიან დემონები. გიყვარდეს ყველა, და ღმერთთან ახლოს იქნები - თუ მას არ დაკარგავ, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, მაგრამ, აი, უღმერთოდ სამოთხეც  ჯოჯოხეთია. სადაც სიყვარული არ არის, იქაა ზუსტად ცეცხლი და ტანჯვა.
- ეს მართლა იეღოველია, - ძმაბიჭებს გახედა სიცილით, - ჯოჯოხეთი არ არსებობს, ფისუნია.
- სულელო, - ცოტა გავბრაზდი, - განა შესაძლებელია, სიკეთე აკეთოს იმან, რაც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ჯოჯოხეთმა ადამიანთა მოდგმას: რამდენ ბოროტმოქმედს შეაგრძნობინა სინანული; რამდენი ცოდვილი აქცია წმინდანად; რამდენ ცოდვას არ მისცა მოქმედებაში მოსვლის საშუალება. შენ არ გეშინია მისი, იმიტომ, რომ არ ფიქრობ მასზე. Confutatis!*
ისე ძლიერად მომხვდა ამ დროს მუშტი ყბაში, რომ საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი - ვერც თავად დარტყმისგან მოყენებული ტკივილი. ვხედავდი საკუთარ თავს ზევიდან, რადგან, როგორც ჩანდა, მე იატაკზე ვეგდე, მაგრამ, ამავდროულად, საკუთარ უგონო და უსულო სხეულს დავყურებდი მაღლიდან. მერე მეც ზედ ჩემს სხეულს დავეცი და, როცა გონს სრულიად მოვეგე, ისევ ერთი ვიყავი და არა - ორი. ჰოდა, მთელი ჩემი არსებული ძალა მოვიკრიბე, წამოვდექი, იმ დაკუნთულს მივაჩერდი, მერე სილა გავაწანი სახეში და თავქუდმოგლეჯით გავიქეცი ჯერ გასასვლელი კარისკენ, ხოლო შემდეგ - თებერვლის ღამის გაყინულ ქუჩაში. ორასი მეტრი ისე სწრაფად ვირბინე, როგორც არასოდეს მერბინა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ მერე უცებ გავჩერდი და, ჩემდა უნებურად, ძირს დავვარდი სახით ქვემოთ. 
არ ვიცი, რამდენ ხანში გამაღვიძა თავზე დამდგარმა ლევიოსამ, მაგრამ ჯერ კიდევ ღამე იყო, თანაც პირიდან ისევ სასმლის სუნი ამომდიოდა - ანუ, შესაბამისად, დიდი დრო არ უნდა გასულიყო. ერთადერთი ახალი გარემოება აღმოვაჩინე მხოლოდ იმ წამს - თოვდა და, თანაც, უკვე ზედაპირზეც დაედო. ლევიოსას თავისი ხაკისფერი ბათინკები გაეხადა და თოვლში წინდების ამარა დააბიჯებდა მხიარულად. 
- აუ, რა ხმა იყო! - აღფრთოვანებით მომაძახა, - წამო, ადექი. მანქანით ვარ და, სადაც მეტყვი, იქ გაგიყვან.
მე უხმოდ გავყევი, ოდნავ ბარბაცით. არსად გაყვანა მე არ მჭირდებოდა, ამიტომ უბრალოდ მანქანაში ჩავუჯექი, სითბოსთვის. 
- შეყვარებული არასოდეს მყოლია... - ჩაიბუტბუტა რაღაცნაირად და, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გაგრძელებას აპირებდა, მე მაინც არ დავასრულებინე:
- გინდა, გითხრა, რატომ? - დაჟინებით მივაჩერდი, შმაგივით, - იმიტომ, რომ ზედმეტად კარგი ხარ. ყველა მამრი იქამდე, სანამ ნაბიჯს გადადგამდეს, კარგად ფიქრდება, გათვლის არა შორ - ეს ქალებს ჩვევიათ - არამედ ახლო მომავალს, უკვე დაშორების სცენას გაითამაშებს გონებაში. და შენ... შენ რომ გული გეტკინება... ადამიანი, რომელიც წყვილის დაშორების სცენას გონებაში გაითამაშებს და შენს გულისტკივილის გამო დაზაფრულ სახეს დაინახავს, ყველაფერს წამშივე გადაიფიქრებს. ესაა კაცის ბუნება, და ეს ხარ შენ. და, იცი, როგორ მინდა, ტერფზე გემთხვიო?
თავიდან ოდნავ აუცრემლიანდა თვალები, მაგრამ რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა, შემდეგ კი მომიბრუნდა მძღოლის სავარძლიდან და მკითხა:
- რომელზე?
- სულ ერთია, - საერთოდ აღარ ვეკუთვნოდი უკვე ჩემს თავს, - მაგრამ, მაინც მარჯვენა უფრო მინდა ახლა.
შარვლის ტოტები აიკაპიწა ჯერ, ფეხი სავარძელზე შემოდო, შემდეგ თავად შარვალი აიწია მაღლა, მერე ფერად წინდას ყელში ჩაავლო ცერა და საჩვენებელი თითები, გაიძრო, სველი წინდი დაფერთხა, ბარძაყზე გადაიფინა, მარჯვენა ტერფი კი ჩემკენ გამოიშვირა. როგორი საამო სურნელი ჰქონდა!.. კანი ოდნავ მოხარშულს ჰგავდა, რადგან თბილი წინდა ეცვა, და ფრჩხილები ოდნავ გრძელი ჰქონდა, თითქოს მოუვლელი, მაგრამ ამის დანახვაზე ჩემს ტანში მეხი გავარდა და ორგანოები დამიწვა. ვიგრძენი, როგორ ესიამოვნა მასაც, როცა ცერა თითი ავულოკე, ხოლო შემდეგ ფეხის ზურგზე ვემთხვიე, მაგრამ შემდეგ ადგილზე გავშრი, გავიყინე, გავქვავდი, თითქოს ვიყავი მამაცი ბერძენი მეომარი, რომელმაც მედუზა გორგონას თვალებში ჩახედა. გავშეშდი-მეთქი და, დაახლოებით, ოცი წამი ასე გავატარე, შემდეგ კი უკან გადავიწიე, წელში გავსწორდი, ხელი მოვმუშტე და, რაც ძალა და ღონე მქონდა, თავში ვიტაკე. 
საწყალი გოგო! მე შევაცდინე! მე, ვითომ გენიოსმა, სინამდვილეში კი ნაგავმა! მე ვიყავი ვაშლი, მე ვიყავი ციანიდი, მე ვიყავი დარიშხანი, მე ვიყავი არარაობა. 
- რა გჭირს? - შეშინებული მიყურებდა, - რატომ აკეთებ ამას?
- მე არაფერი მაქვს საერთო ჩემს თავთან! - დავიყვირე მთელ ხმაზე, წითელი ,,ფოლკსვაგენის“ კარი გავაღე, ქუჩაში გადავედი და, არ ვიცი, სად, მაგრამ გავიქეცი.
*** 
ზუსტად ორი კვირის შემდეგ დავბრუნდი Imagine Club-ში. იყო სიცივე, იდგა სიჩუმე, ახალი ჩართული ბუხარი კი ჯერ ვერ ათბობდა დარბაზის პატარა ოთხ კედელს. ბუხართან ზურა - მახსოვდა მისი სახელი - ჩაცუცქულიყო და ცდილობდა, ცეცხლი უფრო მძლავრი გაეხადა.
- ზურა, - ზურგიდან მივედი და ისე დავუძახე, - გამარჯობა.
- გაუმარჯოს, - ხელი გამომიწოდა, და მეც ჩამოვართვი, - რომ იცოდეთ, პატივია ჩემთვის თქვენი აქ ყოფნა, და იმ დღევანდელზე ბოდიში მინდა, მოგიხადოთ...
- ეგ არაფერი, - ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე, - მაგრამ რაღაც მაინტერესებს და, მგონია, რომ თქვენ გეცოდინებათ.
- გისმენთ, - მითხრა და ბუხარი სულ გადაავიწყდა. 
- აქ იმ დღეს გოგო იყო, ლევიოსა, - მისი სახელის წარმოთქმისას ისევ გამაჟრჟოლა ტანში, - მისი ხელთათმანები მე მაქვს და... ნომერი მაინც არ იცით, რომ დავურეკო და გავაგებინო ეს ამბავი? ალბათ, უკვე იმედიც გადაეწურა, რომ ოდესმე იპოვნის თავის ტყავის წითელ ხელთათმანებს, მე კი მინდა, დავუმტკიცო, რომ იმედი მარადია. 
- ლევიოსა მამასთან წავიდა, ამერიკაში, - საეჭვოდ მიყურებდა ზურა, - მამამისი მუსიკოსია, გეცოდინება... ,,ბადურაშვილი“ გვარი არ გეცნობა? მოკლედ, იქაა. ისე, აქამდე სად იყავით?
- ანუ, აღარ ჩამოვა?
- იქ ცხოვრობს მამამისი და, რა ვიცი, - ლეიკერსის კეპი მოიძრო თავიდან, - როგორც გავიგე, ლევიოსაც მუსიკალურ კარიერას იწყებს. მოკლედ, მგონი, ჩამოსვლას არ აპირებს.
...(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)
მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...
სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,
მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.
უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა, 
ფარდა შეირხევა, როგორც - ყრუ ფოთოლი.
კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი,
თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები - 
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;
ასეთ სანახავად, როგორც თანამდები,
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!
წამოვედი. გზაში ბაზრობაზე შევიარე, რომ, რაც კი ფული მქონდა, სულ ვაშლები მეყიდა მისით.
*** 
ვხედავ, როგორ მოაბიჯებს ჩემკენ თავაწეული. ერთ ტერფზე მწვანე წინდა ჩაუცვამს, შავ ზოლებიანი, მეორეზე - ყვითელი, წითელი კოპლებით. მინდა, სულ ფრჩილები ვუკოცნო, დავუჩოქო, ვკოცნო და ვკოცნო ტერფებზე ყოველგვარი ავი აზრისა და განზრახვის გარეშე. იატაკზე ვზივარ ჩემს გენიოს ტვინს მიჯაჭვული, ის კი მოდის ჩემთან ყელმოღერებით, მოდის და ვარდების სურნელს მაფრქვევს. მკლავები გაუშლია ბავშვური გულუბრყვილობით, მე კი ბოროტ გონებაში მიკრთება აზრი, დანა ხომ არ გავუყარო, მაგრამ იმ წამსვე ვამბობ მტკიცე უარს, და მეც მივდივარ, რომ ჩავეხუტო. ლევიოსა! მეც ჰაერში ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი