კოლხი მედეას ამბავი უწიწაკოდ


კოლხეთის დაბლობზე დავაბიჯებდი, ხელში ვაშლი მეჭირა, თავზე ოქროს გვირგვინი მედგა, ფრაკი მეცვა წითელი. ცხელოდა, მაგრამ ღრუბლების სქელი გროვა დამცველი ბრბოსავით გადაფარებოდა მზეს, ამიტომ სიცხე ვერ ატანდა. თუ წარმოიდგენთ ბალახიან უდაბნოს - ანუ, ადგილს, სადაც მხოლოდ ბალახია, თან უიმბლდონის ცენტრალური კორტის დონეზე მოვლილი - გეტყვით, რომ, აი, ზუსტად ეგეთი ადგილი იყო, სადაც დავაბიჯებდი. მერე, ძლივს, ჰორიზონტზე ერთადერთი ხე გამოჩნდა. დავიძარი მისკენ. სიარულში აღმოვაჩინე, რომ ნიუტონის მეორე კანონი - მოდერნიზებულად და ჩემი მიზნისკენ პირშექცევით, რა თქმა უნდა - ამოქმედებულიყო და, შესაბამისად, რა სიჩქარითაც მე ვუახლოვდებოდი ხეს, ხეც იმ სიჩქარითვე მოდიოდა ჩემკენ. ბოლოს, როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით - კაპილარებივით დატოტილი მუხა აღმოჩნდა, რომელსაც უკანა მხარე არ უჩანდა, ჰოდა, მეც ჩემი წილი ცნობისწადილი რომ დამეკმაყოფილებინა, შემოვუარე, შემოვუარე და, რას ვხედავ, ოქროს საწმისი ჰკიდია ზედ. ოქროს საწმისი ვიპოვე-მეთქი, შევყვირე გახარებულმა. ტოტზე მკიდიაო, ხემ მიპასუხა. თავიდან შემეშინდა, მაგრამ მერე მომავალი გამოვიცანი, და ისე, ვითომც არაფერი მქონოდა დასაკარგი, მომეცი-მეთქი, ვუთხარი. ტოტზე მკიდიაო, გამიმეორა. რა ვერ გაიგეო, მერე უკნიდან მომესმა ქალის ნატიფი ხმა - აი, ისეთი, ეგრევე ჟრუანტელმა დამიარა; ჰო, მოკლედ: რა ვერ გაიგე, ტოტზე ჰკიდიაო. საწმისი მინდა-მეთქი, ქალს ვუთხარი. მე, საერთოდ, ხეზე მკიდიაო. მეწყინა, და ეს მანაც იგრძნო, ამიტომ, დანაშაული რომ გამოესყიდა, მუხიდან ვაშლი მოწყვიტა და გამომიწოდა. რომ ვიუარე, შერცხვა - მსხალი ხომ არ გერჩივნაო. მუხაზე ვაშლიც არის-მეთქი და მსხალიც? კი, ტოტზე კიდიაო. შენი ხათრით, შევჭამ-მეთქი, დავყევი მერე, ჩავკბიჩე ნაყოფი - უტკბილესი იყო, მაგრამ, სახელის კითხვა როგორც კი დავაპირე იმ საოცარი ქალისთვის, თვალებზე ბინდი გადამეკრა და ძირს დავვარდი, თუმცა, სიმართლე ითქვას, მედეა რომ იყო, კი მივხვდი მაგას. ზუსტად ვერ ვიტყვი, შემიყვარდა თუ არა, მაგრამ მაგას რა აზრი აქვს - გამეღვიძა, ჩამიშხამდა მთელი ძილი!.. თბილისის ქუჩაზე ამოვყავი ისევ თავი, რუსთავში, ჩემს სახლში. ისე, საკმაოდ საინტერესო ფენომენია, როცა ქალაქის ქუჩას მეორე ქალაქის სახელს არქმევ. არის რუსთავში ქუჩები - მაგალითად, თოდრიას ქუჩა, რომელიღაც მიკრო რაიონები - სადაც ადამიანის პიროვნების ფსიქოლოგიურ არსში იგი* დომინირებს და, შესაბამისად, უბიძგებს მას, არსებობა ინსტინქტებამდე დაიყვანოს, და პიროვნების მოცემულობა მთლიანად ინსტინქტების საბადოდ აქციოს, დაუოკებელი სურვილები წარმოშვას, გააუვნებელყოს ლოგიკა და მორალური შეზღუდვები, მთელი პიროვნება ამოქმედოს მხოლოდ სასიამოვნოს და არასასიამოვნოს გარჩევის პრინციპით და, შესაბამისად, ადამიანისთვის მოქმედების ერთადერთ საშუალებად დასვენება და განტვირთვა დახატოს. არსებობს ასევე ადგილები - მაგალითად, მეგობრობის და რუსთაველის გამზირები - სადაც ადამიანი ბოლომდე ცნობიერი ხდება და, შესაბამისად, ჭეშმარიტად პასუხისგებაში მოდის საკუთარ მოქმედებასთან და სურვილებთანაც კი. და ბოლოს, არსებობს ისეთი ადგილიც - აი, ზემოთ ხსენებული თბილისის ქუჩა - რომელიც პიროვნებაში სოციალიზაციური ევოლუციის სიჩქარეს საგრძნობლად ზრდის, რომლის ტროტუარზე გავლისას ყველაზე ამორალური ადამიანიც კი გარკვეული მორალის მატარებელი ხდება, და რომლის ასფალტის ფეხსაცმლის ძირზე შეხებაც კი დომინანტურ გრძნობებს - სიყვარულს, შიშს, ცნობისმოყვარეობას - აღძრავს პიროვნებაში. შესაძლოა, ძალიან შევიჭერი ახლა და გავუტიე, მაგრამ, მოდით, საქმეს დავუბრუნდეთ:
გამეღვიძა-მეთქი, ვთქვი და აღარ დავამთავრე, შესაბამისად, მარტივი მისახვედრია, რომ მეძინა, და ის სიუჟეტი, რომელიც დასაწყისში დაიხატა, ქვეცნობიერის ხატება იყო. კოლხ მედეაზე ვფიქრობდი, იქნებოდა თუ არა იგი ბედნიერი თავისი პირველადი არსებობის დროს - პირველადი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ რეინკარნაციის შანსებს არ ვანულებ და, შესაბამისად, ფაქტად ვიღებ, რომ, თუ არის, იყოს, თუ არა და, ნუ იქნება. წარმოვიდგინე, როგორ გამოყვა მედეა იასონს საბერძნეთში, როგორ გაუჩინა შვილი, როგორ უყურა ქმრის და შვილის სიკვდილსაც შემდეგ, როგორ შეიცნო ყოფის აუტანლად მსუბუქი ამაოება, და როგორ დაასრულა სიცოცხლე რომელიღაც თავისივე ბალახეული ნაყენით. ,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს, განა?” თვითმკვლელები ვერ ისვენებენ, ამიტომ მრავალი მომავალი სიცოცხლით იტანჯებიან და, რამდენჯერაც მოკვდებიან, ხელახლა იბადებიან იქამდე, სანამ ბოლო არ მოვა და, თუ ეჭვი გეპარებათ, სიტყვაზე მენდეთ. ვიფიქრე, ახლაც უნდა იყოს-მეთქი მედეას რეინკარნირებული სული რომელიმე ცოცხალი ქალის ან, თუნდაც, გოგონას სხეულში. მოსვენება არ მომცა ამან, ჰოდა ამოვიცვი ტრუსები - არ მეცვა, ჰო, ცხელოდა და ვგრილდებოდი - მერე წინდები, შარვალი... მოკლედ, შევიმოსე, რა, და დავეშვი დაღმართზე, მეგობრობის გამზირს რომ უერთდებოდა. გავედი კიდეც მერე გამზირზე, ცენტრალურ გზასთან. ,,ვეჯინისკენ” გავიქეცი - მეთქი, უეჭველი უნდა შემხვდეს სადმე რეინკარნირებული მედეა. არ ვიცი, რატომ - ალბათ, ალღომ მიკარნახა - ზოომაღაზიაში შევედი. გამყიდველი ჩაკუზული დამხვდა - დიდი ალბათობით, რომელიმე ცხოველის საჭმელს ეძებდა ქვედა დახლებში - ხოლო კედელთან ერთი გოგო ატუზულიყო - ასე, ოცი წლის; თვალები სუფთა წყლისფერი ჰქონდა, თმა - ძალიან შავი, ნაკვთები - ნაღდი კოლხური.
- გოგონა, თქვენ რა გქვიათ? - ჩავეკითხე, თან სახეზე მივაშტერდი.
- მე? - გაუკვირდა.
- დიახ, თქვენ. - დასტური მივეცი.
- მე... დეა მქვია. აქ დაქალს გამოვეგზავნე - ძაღლი ჰყავს მშიერი და...
- ააა! - დავიყვირე. მაგრად ვყვიროდი მერე სულ: - და რა ძაღლია ეგ მერე?!
- რა ვიცი, ქუჩაში იპოვა... - შეეშინდა ჩემი ღრიალის.
- აჰა! ჰოდა წავალ!
- მოიცადეთ, - გამაჩერა, მერე ჩემკენ ხელი გამოიშვირა, შეკრული მუჭი, ნელა გაშალა, თითქოს აკრძალულ ვაშლს მაძლევსო, - ,,პედიგრი” არ გინდათ? 
- ვაf, ვაf!!! - დავუყეფე, და გამოვიქეცი.
გიმნაზიისკენ გამოვრბოდი და, მაგ ასახვევს რომ მივუახლოვდი, მერეღა გადავიფიქრე შეხვევა, და ისევ წინ გავაგრძელე გზა. ყველა წერტილში ოფლი გამდიოდა. ნერვები მქონდა მოშლილი - როგორ, განა, ასე მარტივად რამ მაპოვნინა ეს დალოცვილი, ა?! ვიფიქრე, უეჭველი დავლევ-მეთქი, მაგრამ სახეში შემოვირტყი მაგ ფიქრის გამო, რომ ამხელა არაალკოჰოლური პაუზა ვიღაცა კოლხი მედეას გამო უნდა შემეწყვიტა! რაც რუსთავში ,,შაურმა ქლაბი“ გამოჩნდა, ყველა საშაურმე ჩემთვის ისეთივე არარაობად იქცა, როგორც - ყოფილი შეყვარებული, რომელიც, რეალურად, არც კი გყვარებია. გავიქეცი ისევ, ,,ბიბლუსს” გავცდი, ოცი მეტრი კიდევ ვირბინე, საშაურმეში შევვარდი, დახლთან მივვარდი.
- გისმენთ, - მითხრა საშაურმის თანამშრომელმა გოგომ. ზედა ტუჩზე ან, თუ უფრო ზუსტი ვიქნები, ტუჩის ზევით - იქ, სადაც მე ულვაშები მაქვს - წერტილოვანი პირსინგი ეკეთა. ცეცხლოვანი ქალი იყო. კოლხ მედეას ჰგავდა, მაგრამ კოლხი მედეა აღარ მაინტერესებდა, მორჩა, ფაფუ!
- ერთი ძალიან ცხარე გამოუშვით, მეტი წიწაკით, შვიდ ლარიანი! - ცხარე მინდოდა, ჰო, იმიტომ, რომ თავი დამეტანჯა, მაგრამ მეორე წამსვე დავმშვიდდი, ღრმად ჩავისუნთქე და ისევ იმ გოგოს ვუთხარი: - ცხარე არა, უკაცრავად, უწიწაკო ჯობია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი