нежность
Ты моя нежность, ты моё небо, за тобой встану, где бы ты не был. Ты моё сердце, ты моё чудо, обниму нежно и с тобой буду. *** მე რწმენა მეკარგება, ხვალ აღარ გათენდება დღე. მე თავი მეზიზღება - ვინც მიყვარს, ეს ხარ მხოლოდ შენ. *** მაშინ მაგრად ვლოთობდი. ახალი წლების მერე სამი კვირა არ გამოვფხიზლებულვარ და, იმ სამი კვირის შემდეგ, ცოტა აზრზე რომ მოვედი, ყურში სულ ჩურჩულები მესმოდა და მეგონა, ვიღაცა შეთქმულებას მიწყობდა მოსაკლავად, მაგრამ, კიდევ კარგი, გონება ძლიერი მაქვს - გავაანალიზე, რომ ეს შესაძლო მომასწავლებელი ნიშნები იყო თეთრი ცხელების, ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა კიდევ დამელია. ორმოცდაათი გრამი რომ ჩავარტყი, კიდევ ორი კვირა გადავაბი სმა, და უკვე ბოლოს თავი საავადმყოფოში ამოვყავი მწვავე ინტოქსიკაციით - ჩემი ღვიძლი ვეღარ ფილტრავდა სასმელს მავნე ნივთიერებებისგან, ჰოდა გადავიწვი. ერთი დღე აპარატზეც ვიყავი შეერთებული, მაგრამ ეგ არაფერი - გამოვედი. მეორე დღეს დავდიოდი კიდეც, ჰოდა სახლში წამიყვანეს. ყველა ბოთლი მე დამელია, თუ დედაჩემმა გადაასხა უნიტაზში, არ ვიცი, მაგრამ თაროები სულ ცარიელი დამხვდა. ამხადეს ტვინი სახლში, რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ ვუსმენდი - სხვა ხმებიც ჩამესმოდა, რომლებიც შეთქმულებას მიწყობდნენ. მერე მორჩა დედაჩემი ჩოჩქოლს, როგორც იქნა, და თავისთან წავიდა, ხოლო ჩემი ცოლი მომდგა, თიკასთან - დაქალია მისი - უნდა წავიდე, თავს არაფერი აუტეხოო. გავიდნენ თუ არა, ავვარდი საწოლიდან და სასმელს დავუწყე ძებნა. ვერაფერი რომ ვერ ვნახე, იმის იმედიღა მქონდა, სამედიცინო სპირტს მაინც ვიპოვი-მეთქი, ოთხმოცდაათ პროცენტიან ეთანოლს, მაგრამ ეგეც ვერ ვიპოვე. ცოტა ხანში ხმებმა შემომიტიეს და პირდაპირ მუქარაზე გადმოვიდნენ. ჭკუიდან ვიშლებოდი. ცხელება მეწყებოდა. ოცი გრამი მაინც უნდა დამელია რამე ან, თუნდაც, ათი. ბოლოს გამინათდა გონება - შევვარდი აბაზანაში, უჯრიანი სარკე გამოვხსენი და ჩემი ცოლის ,,შანელი“ დავლიე. ხმებიც მიწყდა. მოკლედ, გადავრჩი. ერთი თვე რომ გავიდა, ისევ გადავიკარგე, ახლა უკვე - ერთი კვირით. თუმცა მერე თავს ძალა დავატანე და გალეშვამდე სმა შევწყვიტე. ყოველ დღე ვსვამდი ისევ, რა თქმა უნდა, მაგრამ არა გათიშვამდე. ერთ დღესაც სახლში დავბრუნდი, და რას ვხედავ - ჩემს ცოლს ვიღაცა ჭიმავს! ზოგადად, ჩემი ცოლი ძალიან ლამაზი კია, თან - მეგრელი, კოლხური ეშხი დაჰრავს; თვალები ისეთი აქვს, გარდამავალი ფერის, მაგრამ ღიასკენ იხრება უფრო, თუმცა, ვფიქრობ, აღმოსავლელი რომ ყოფილიყო - ვთქვათ, ქართლელი - მუქი ფერის ექნებოდა თვალებიც; ცხვირი სულ ოდნავ მოკაუჭებული აქვს, რაც მის ისედაც მკაცრს იერს კიდევ უფრო ამკაცრებს, ამ სიმკაცრის შემყურე ობიექტი კი ჭკუიდან გადაჰყავს; ფეხები მუდამ პირწმინდად გაპარსული აქვს, ხოლო ტერფები ისეთია, მის წინაშე უეჭველად უნდა დაეცე და დაკოცნო. მოკლედ, ვიდექი კარის ჭრილში, ვიღაცა კაცი კი ჩემს ცოლს ისევ ჭიმავდა, და ეს ჩემი მეუღლეც კვნესოდა სიამოვნებით. ვიდექი ასე ორი წუთი, და მხოლოდ მერეღა დამინახა მანანამ. მაგრად შეჰკივლა. გავედი სასტუმრო ოთახში, კარადა გამოვხსენი, ჩემს ჯინსის შარვალს ქამარი მოვხსენი, და ისევ საძინებელში დავბრუნდი. ის ტიპი გაქცეული დამხვდა, ჰოდა ჩემს ცოლს მივადექი, ვცემე და ვცემე, ვურტყი და ვურტყი. საათნახევარი ხელი არ გამიჩერებია - ქამრის ჯერ ტყავის ბოლოს ვურტყამდი, მერე კი, დანაშაული რომ აღიარა, რკინის ბოლოთი დავუწყე ცემა, რადგან უფრო გავბრაზდი. სულ დაებუშტა ის ლამაზი სახე, არადა მართლა მიყვარდა; თვალიდან სისხლი სდიოდა, პირიდან ორი კბილი გადმოაფურთხა. ქამარი რომ გამიწყდა, ხელით ვურტყამდი - ჯერ გაშლილით, მერე მომუშტულით. ბოლოს შემეცოდა, და ფეხების რტყმა დავუწყე ნეკნებში, მაგრამ ისეც არ ვურტყამდი, რომ ჩამტვრეოდა. მაპატიეო, რომ დაიყვირა, მთლად გადამეკეტა - ლოგინზე ავედი, გადმოვხტი და მთელი ტანით ზედ დავახტი. ამოიგმინა და ნახველს სისხლი ამოაყოლა. მერე, როგორც იქნა, იკადრა - ასე მითხრა, ფეხებს დაგბანო - მაგრამ მაინც არ კმაროდა. ფურთხებაც დავუწყე, თუმცა ბოლოს მთხოვა, გაჩერდი, და ფეხებს დაგბან, მერე კი მაგ დანაბან წყალს დავლევო. ეგრე-მეთქი, შე ქალო! ახლა დაგინდობ-მეთქი, ვუთხარი, ოღონდ, ფეხებს რომ დამბან, თან მიმღერე-მეთქი. კარგიო. ტაშტი გადმოიღო, ცხელი წყლით აავსო, მერე მომიტანა, ფეხები ჩამაყოფინა, ტერფებზე მომეალერსა, თან მბანდა, თან მღეროდა, Ты моя нежность, ты моё небо-ო. მე სავარძელში ვესვენე და ვტკბებოდი. დაბანას რომ მორჩა, პირსახოცით რბილად გამიმშრალა ტერფები, მერე ტაშტი მოიყუდა და წყალი გამოცალა. - შეგერგოს! - მე ვუთხარი, და მერე მხურვალედ ვაკოცე. მართლა მაგრად მიყვარდა ეგ ოხერი ქალი, და ახლაც მიყვარს კიდევ უფრო ძალიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი