ანდრომედა
დილა იყო მეტად მზიანი. ჰაერი, ჯერ კიდევ O2-ით მდიდარი, ნელ-ნელა ივსებოდა CO2-ით. ანდრო, მე და სიკო - ანდროს დებილი ლაბრადორი - მოვდიოდით ფალიაშვილის ქუჩის დაღმართზე. ბახის არია ჩამესმოდა იმ წამს ყურებში, მაგრამ მერე საკუთარმა გონებამვე გამომაფხიზლა, გამიქრო ყველანაირი შინაგანი ბგერები, და დავრჩი იმ ხმაურის ამარა, რაც სუფევდა იმ დილით - თუმცა ჯერ კიდევ სუსტი, მაგრამ გაძლიერებისთვის განწირული და მზად მყოფი. მოკლედ, კი დავუბრუნდი ამ სამყაროს ცნობიერი გონებით, მაგრამ ჩემმა უძლიერესმა ქვეცნობიერმა წამსვე დათრგუნა ცნობიერება და, შესაბამისად, ახლა უკვე ბახის გარეშე, გადავედი გონებით განზომილებაში. ჩემი აზრით, თუ ადამიანის სხეული სულს აკავებს - ანუ, თუ ადამიანის სხეული სულის ციხეა ან, მეორეს მხრივ, თავშესაფარი - მაშინ, ლოგიკურად, სულის საბუდებელს ადამიანის ორგანიზმში უნდა ჰქონდეს გარკვეული ლოკაცია, ადგილმდებარეობა. არ მგონია, ეს ადგილი გონება იყოს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გონებით სხეულის საზღვრების გაცდენა შეგვიძლია და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ წარმოსახვის მეშვეობით ვახერხებთ ნებისმიერ ადგილას მოხვედრას ჩვენს ცნობიერ აღქმადობაში, მაინც, ვფიქრობ, ცივი გონება უფრთო არწივია ძლიერი ნისკარტით; სხვა გადმოსახედიდან, სხეულს ჩვენი გულიც სცილდება ხშირად და, მეტიც, ის არც კია დამოკიდებული ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რადგან თავად წარმოქმნის იმპულსს; გულს ძგიდის მარცხენა მხარეს აქვს სინოატრეალური და ანტრივენტრიალური ნერვული სადგურები; გული სინოატრეალური ნერვული სადგურით თავად წარმოქმნის იმპულსს და, შესაბამისად, წარმოქმნილ იმპულსზე იკუმშება; რაღა თქმა უნდა, კი, ეს ყველაფერი ტვინთან შეთანხმებულია, მაგრამ ტვინის მიერ გამოგზავნილი იმპულსი - როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს - მაინც ვერ მოქმედებს გულის მუშაობაზე ვერანაირი ძალით. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა - და კიდევ იმის მიუხედავადაც, რომ გული სიკეთისა და სიყვარულის სიმბოლოა - გულის ქონა გონების გარეშე პირდაპირი დებილიზმია, რასაც საბოლოოდ ფატალურ შედეგებამდეც კი მიჰყავს ადამიანი ხანდახან. მოკლედ, ჩემი აზრით, თუ გადავთვლით გულის ცენტრიდან და თავის ტვინის ცენტრიდან თანაბარ მანძილს - რახანაც ერთადერთი ჭეშმარიტი სულიერი განვითარება გულისა და გონების თანაბარი, შეთანხმებული და კანონზომიერი განვითარებაა - მივადგებით იმ წერტილს, სადაც ადამიანის სული ხორცშესხმის გარეშეა მატერიალიზებული. თვით ფიზიკაშიც კი, მაგნიტურ ან, თუნდაც, ელექტრულ ველს ვერც ერთი ჩვენი გრძნობათა ორგანო ვერ აღიქვამს, მაგრამ ისინი, ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლად, მატერიის სახეს წარმოადგენენ და, შესაბამისად, არსებობენ კიდეც. გადავწყვიტე, ეს ჩემი ჰიპოთეზა იმ მომენტშივე შემემოწმებინა. ლაბრადორი სიკო შემეცოდა, ამიტომ ანდროს მივვარდი და, დაახლოებით, იქ, სადაც ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს, ხელი ძლიერად მოვუჭირე. - ჰა, გაჩერდი, რას უკეთებ ანდროს! - დამიყეფა სიკომ და, გათამამებულმა, დამიღრიალა კიდევაც. არ მომეწონა, რადგან, ზოგადად, როცა არსებას ზედმეტი მოსდის თავისზე მაღალ არსებასთან მიმართებაში, არ მომწონს. - შენ ჩუმად იყავი მანდ, - არც კი შემიხედავს, ისე ვუთხარი, რადგან ეს ანდრო მიძალიანდებოდა. ჯანზე კი იყო, ისე. ყეფდა ეს დებილი სიკო, სუფთა სულელი, არ ჩერდებოდა - მგონი, ჩაიწყვიტა კიდეც რამდენიმე იოგი. მოკლედ, კეთროვანი კაცის ენა ვერ ინარნარებს ქალიშვილის შიშველ მკერდზე ისე მონდომებით, როგორი ენთუზიაზმითა და თავგამოდებითაც იცავდა სიკო ანდროს. თვალები რომ დაებინდა სიკოს პატრონს, მაშინ გავუშვი ხელი, და დავაკვირდი, რას მოიმოქმედებდა. გაშვებამდე წამის მეასედით ადრე მის თვალებში უცებ გედი დავლანდე, რამაც მომენტალურად გამახსენა, ,,თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს“. ასეა, ეგრეა ნამდვილად. საბოლოოდ, როგორც უკვე მიხვდით - სინამდვილეში, ვიცი, ვერ მიხვდით, და არ გეგონოთ, თითქოს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს ვაკნინებდე - მე და ანდრომ მაგრად ვიჩხუბეთ, მომერია და, ამ ყველაფრის მერე, აღარც კი შევხვდით ერთმანეთს. ერთი კვირის თავზე სასოწარკვეთა მომეძალა, მერე სულიერი გაჭირვების არეალშიც შევდგი ფეხი, შემდეგ კი - მთელი სხეულიც. ისე მოხდა, რომ - ბედის ირონია - ფარისებრი ჯირკვალი გამიდიდდა იმხელაზე, თითქოს გასკდომას ლამობსო. ეს იყო, ცხადია, იოდდეფიციტი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რით აკომპენსირებდა მდგომარეობას ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, როცა ჰორმონის კომპონენტი ორგანიზმს არ მიეწოდებოდა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, უცებ დავკარგე განა ცხოვრების აზრი, არამედ ის მონდომება, რომელიც ადამიანს აიძულებს, სიცოცხლეს აზრი უპოვოს. წავედი ფალიაშვილის ქუჩიდან - ჩემი სახლი აქ მდებარეობს, ოთხ ნომერში - მეგობრობის პირველი გასასვლელის იქით, რუსთავის ცნობილი სასტუმროსკენ. შევედი სასტუმროს ისტორიულ შენობაში, ავედი ბოლო სართულზე, იქიდან ტყუილებისა და ვერაგობის ხარჯზე აღმოვჩნდი სასტუმროს სახურავზე, სახურავიდან კიდევ ერთხელ გადმოვხედე რუსთავს ოთხივე მიმართულებით, ოთხივე მხრიდან, პირჯვარი გადავიწერე ერთხელ, გავშალე ხელები, მიწას სახით დავხედე და გადმოვხტი, მაგრამ მართლაც საოცრება მოხდა - ყელმა ქავილი დამიწყო, და ჩემი სხეული კი გადმოხტა, თუმცა მე, რეალური მე, არაფიზიკური, დავრჩი სასტუმროს სახურავზე. ვხედავდი, როგორ მივფრინავდი, მერე დავინახე, როგორ გადამეხსნა სახე შუაზე, როცა კიბეზე დავენარცხე, და როგორ მივანთხ-მოვანთხიე ჩემი ბლანტი, წითელი სისხლი ერთობ გრაციოზულად. მერე მე, რეალური, არაფიზიკური, ჩემდა უნებურად ავიჭერი ჰაერში, გავცდი დედამიწის ატმოსფეროს თითოეულ ფენას, ავედი კოსმოსში, ვაკუუმში, უკან მოვიტოვე მზის სისტემა, გავცდი სხვა სისტემებს, ჩამოვიცილე გალაქტიკა ირმის ნახტომი და, აი, ასე უცბად, ანდრომედას გალაქტიკაში ამოვყავი თავი. ნერვები მეშლება ახლა - სასმელი მაინც იყოს აქ! რა მინდოდა, რას ვხტებოდი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი