დრაკონი


მესიზმრა, ვითომ, ვიჯექი ერთხელ იქ, საიდანაც უკან არასდროს ბრუნდებიან - გაღმა მხარეს - მაგრამ, იმის გამო, რომ დაბადებიდან რუსთავში ვცხოვრობ, ჩემთვის გაღმა გასვლა და ისევ აქეთ მხარეს გამოსვლა პრობლემას არ წარმოადგენს. მოკლედ, ვიჯექი რუსთაველის ქუჩის რომელიღაცა ნომერში, გრძელ სკამზე, ზურგი მოგრძო მაგიდის კიდეს მქონდა მიყრდნობილი და სახლებს ვუყურებდი. ყველაფერი სავსე მქონდა - ანუ, ახლა რას ნიშნავს ეს: გული სავსე მქონდა გამოუთქმელი სევდით და, ბიოლოგიურად, როგორც ცნობილია, სისხლით; ტვინი სავსე მქონდა ფიქრებით, ნაოჭებითა და ნეირონებით; ცხვირი სავსე მქონდა ქვედა ჰაიმორული ღრუების არაჰემოლოგიური დაჩრდილვის შედეგად შიგ ღრუებში ჩამდგარი და უკვე იქიდან გადმოსული ლორწოვანი მოყვითალო სითხით; ჩემი ყურები იყო გადავსებული ჰანგებით და, შესაბამისად, ჩამესმოდა ქვეცნობიერად ბოხი, ოდნავ დაჭიმული ხმით ნათქვამი სიტყვები: ,,Oh, my sweet decadence”. მართლაც და, შავ ზეცას ვუყურებდი ჩემი შავი თვალებით, ვიქექავდი შავ, ხშირ წარბებს თითებით, შავი თმებიდან მომწვანო წიწვებს, რომლებიც გამუდმებით, შეუწყვეტლად მეცემოდნენ თავზე, ვიცლიდი, და მერე, სირცხვილის საკმაოდ მძლავრი გრძნობის გადაგორების შემდეგ, ძირს დავიხედე, სადაც ასეთი სურათი დამხვდა: ნაცრისფერ ასფალტს მტრის სისხლივით მისხმოდა შავი ნარწყევი. ხინკლის ცომეულს რომ ამოიღებს კაცი დალევის შემდეგ, ბუნებრივია და, შეიძლება ითქვას, ნორმალურიც კი, მაგრამ სულ არაფრისგან შავი მასა, ნავთობივით ბლანტი, თითქოს საბადო მეპოვნოს საკუთარ კუჭში ან ღვიძლში, ან ნაღველში, ან, რა ვიცი, საიდანაც მოდის მთელი ეს ყველაფერი. მოკლედ, ეს არაყია უზმოზე, საკუთარ ორგანიზმში ნავთობის საბადოს რომ გაპოვნინებს და აღმოგაჩენინებს. მაგრამ არა, რადგან არაყი ეშმაკმა ღმერთთან საუკუნო შეჯიბრებისას შექმნა იმის მერე, რაც ღმერთმა ადამიანებს ღვინო უბოძა დაკარგული სამოთხის წამიერად დაბრუნების სიტკბოების შესაგრძნობად. მომენტებში ღმერთი ბებიას ჰგავს: ბებია ჩხუბობს, გსჯის; როცა ეუბნები, ათი ლარი მინდაო, შეიძლება იმდენი ილაპარაკოს, რომ აღარც კი მოგინდეს ფულის აღება, მაგრამ მერე თვითონვე ეცოდები და ხუთ ლარს მაინც გაძლევს. მოკლედ, არაყი მომავალი ან, თუნდაც, ახლანდელი ჯოჯოხეთის მძაფრად შესაგრძნობი სითხეა, ღვინო - დაკარგული სამოთხის მოსაგონებელი, და ლუდი არის ყველაზე ადამიანური რამ, რადგან, თუ სევდა გაქვს მორეული, უფრო ნაღვლიანდები, და თუ მხიარულ გუნებაზე ხარ, უფრო კარგ ხასიათზე დგები. არაყს რომ დალევ, მაგარი კაცი იმ შემთხვევაში იქნები, როცა იმ ფიქრებს აჯობებ, რომლებიც მოგაწვება. ის შავი ნარწყევი იყო რა: - იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა!.. - იყო ის კუპრი, რომელსაც ასხამენ ადამიანთა ცოდვილ სულებს ჯოჯოხეთში, რათა დაიტანჯონ, და მართლაც, მისი ამოღებისას ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ვულკანის გავარვარებული მაგმა ამოდიოდა ჩემი ყელიდან. რატომაც არა?..
მერე სიზმარშივე გამოვფხიზლდი კიდეც ცოტათი იმის შემდეგ, რაც გრძელ სკამზე ხან ერთ რომელიმე წერტილს ვიყავი მიშტერებული, და ხან ქარწამობერილი ლერწამივით ვირხეოდი წინ და უკან, წინ და უკან, წინ და უკან, წინ და უკან, წინ და უკან. რა ვქნა-მეთქი, ვფიქრობდი, და საბოლოოდ მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა ამეწია ჩემი მძიმე ერთი ადგილი, და უნდა მევლო იქით, საითკენაც დადიოდა ბევრი ჩემამდე - ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მევლო მტკვრისკენ, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდამდე. ასეც მოვიქეცი - განა, რა მიშლიდა ხელს - და, გადავხედე რა მტკვარს მოჩხრიალეს, წამსვე შევიგრძენი მისი ზედაპირიდან და, ამავდროულად, უღრმესი ძირიდან წამოსული მღელვარე ქარი, რომელმაც მაიძულა, მეფიქრა: ,,ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი? მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი“. ხიდის იქით - ძველი რუსთავისკენ - გადავიხედე, და თვალში მომხვდა ერთადერთი: ამაოება. გამოვიხედე მერე აქეთკენ, ახალი რუსთავისკენ, და აქაც იგივე გამეჩხირა თვალის ფოსოში. რა მექნა, აღარ ვიცოდი. რა ვქნა, განა, გადავხტე-მეთქი? ავედი მოაჯირზე. ადრენალინის მოზღვავებას სულაც ვერ ვგრძნობდი, ამიტომაც გადავიფიქრე და ისევ ძირს ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ისევ ჩამესმა გონებაში Psychonaut 4-ის სულში ჩამწვდომი რიფები და გრაფის ხმა, რომელიც ამბობდა ჩემს სათქმელს: ,,Нет уже сил, хоть за что-то держаться; Весь мой мир словно не мой“. მაგრამ არა, რატომ-მეთქი, გავიფიქრე და ლოყაზე გავილაწუნე ჩემი არც ისე სუსტი ხელი. მაინც რა არის-მეთქი ჩვენი ყოფა, წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?* არ ვიცოდი იმ წამს არაფერი, არ მესმოდა არც შიგნიდან აღძრული ქვეცნობიერი ხმები, არც გარედან შემომავალი ბგერათა ერთობლიობა. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო დილემა, გამეგრძელებინა თუ არა ყველაფერი ისე, როგორც მანამდე იყო, თუ აქვე დამესრულებინა ყოველივე? ამაო კია მართლაც ყველაფერი, თითქოს უაზრო, საკმაოდ დაბლა დაცემული ისე, რომ მისი აწყობა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ... სიზმრისეულმა ხმამ მითხრა სტროფი:
მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა - 
          უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა. 
          არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, 
          იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს.
ავდექი და გავაგრძელე ის გზა, რომელიც ჩემამდეც გაუვლიათ, იმ იმედით, რომ, სანამ სახლამდე მივიდოდი, კიდეც გამოვფხიზლდებოდი.
წინა ღამე საცოდავად გაიწელა სასმლისა და რამოდენიმე უკანონო ტაბლეტის დახმარებით. ძილში რასაც ვითვლიდი, მოკლედ, სამი წუთი და თოთხმეტი წამი მოვასწარი დაძინება, მეტი ვერა, არადა ძილის წინ იმედი მქონდა, დავხუჭავ თვალებს და მეორე დილით ვეღარ გავახელ-მეთქი, მაგრამ, აი ესაა, რაცაა - ის სიზმარი ვნახე, ზევით რომ მოგითხრეთ. სიცოცხლე, ჩემი აზრით, მეტად ჯიუტი რამაა, და მით უფრო ძლიერად გებღაუჭება ყოველ წამს, რაც უფრო მძლავრად გძულს იგი. თუმცაღა ხომ არ დავნებდებოდი?! არა, რა თქმა უნდა. დანებება ადამიანის სისხლში არაა და არც არასდროს ყოფილა. ახლა შეიძლება იკითხოთ, მაშ, ფრანგები ადამიანები არ არიანო? რა ვიცი, შეიძლება მართლაც არ არიან. მთლიანად, მთელი არსითა და სიმძლავრით მტკიოდა მთელი სხეული, ჯანმრთელობა საკმაოდ მქონდა შერყეული. რომ მიგახვედროთ, რას ვგრძნობდი, გეტყვით ასე: ტვინის თითოეულ ნაოჭს ვგრძნობდი, მთელ ნეირონთა გროვას აღვიქვამდი მაგ ტვინითვე, მაგრამ ნერვული სისტემა მენგრეოდა იმის გამო, რომ ვერ ვაკონტროლებდი თითოეულ ნეირონსა თუ ნაოჭს. ადამიანის ტვინს გააჩნია სამოცზე მეტი მორფოლოგიული ველი, რომლის სტრუქტურული წყობა, რაოდენობრივად და ხარისხობრივად, უნიკალურია - ყველას აქვს ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსხვავებული ველი; ანუ, თითების ანაბეჭდი, ათი მილიონიდან, ერთი შეიძლება დაემთხვეს, ტვინის ველთა სტრუქტურული განლაგების დამთხვევა კი შეუძლებებლია, უბრალოდ შეიძლება ორ ადამიანს მეტნაკლებად მსგავსი სტრუქტურა გააჩნდეს, და ნათესაურ კავშირს არა აქვს მნიშვნელობა ამაში - ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ყველას, როცა შევამხანაგდებით სრულიად უცხო ადამიანთან და არა, მაგალითად, ბიძაშვილთან, ან თუნდაც არ ვიჭერთ ახლო ურთიერთობას საკუთარ დასთან ან ძმასთან. ტვინის თითოეული ველი პასუხისმგებელია სხეულის ამა თუ იმ ნაწილის მოქმედებაზე - მაგალითად: მოტორიკაზე, შეგრძნების ორგანოებზე, ძილზე და სხვა. ნებისმიერ ჩვენს მოქმედებას აკონტროლებს ორი, ნახევარსფეროებში დიამეტრალურად განთავსებული, ველი - ერთი მთავარია და უფრო მოქმედი, მეორე კი სარეზერვო და უფრო მცირე. ასევე, გაგვაჩნია ველი, რომელიც აკონტროლებს ნეირომედიატორების შემცვლელ - ანუ, მათი გამოყოფის გამაძლიერებელ - ნივთიერებებს, როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა. ამაზე ცოტა კონკრეტულად: ადამიანის ორგანიზმი ფიზიოლოგიურად გამოიმუშავებს ენდოგენურ ალკოჰოლს, რომელიც დაახლოებით 0.04-0.1 მლ-ს უდრის ას გრამ სისხლში. როცა ჩვენ საჭმელს მივირთმევთ იმის მერე, რაც თორმეტი საათი არაფერი არ გვიჭამია, კუჭი წარმოშობს პირობით ენდოგენურ ალკოჰოლს. ასევე გამოიყოფა შაქარი, რომელიც, პირველ რიგში გიჟივით მირბის ტვინამდე, რომ მიურბენინოს მას კვების მოწოდებაზე ინფორმაცია. ამ ბუნებრივი სპირტის - ენდოგენური ალკოჰოლის - რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში ჯამში შეადგენს სხეულის წონის ნახევარს კუბურ სანტიმეტრში. რითაც იკვებება ადამიანი, ყველაფრის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს შაქარი და სპირტი. ამის გარეშე ტვინი ვერ მიიღებს სათანადო ინფორმაციას და ვერ დაყმაყოფილდება. ვსინჯოთ: ავივსოთ კუჭი ქაღალდით, გაძღომის გრძნობას კუჭში კი მივაღწევთ, მაგრამ ტვინი ვერ მიიღებს ინფორმაციას ამის შესახებ, რათა მისი მთავარი ინდიკატორები - შაქარი და ჩემი ძმაკაცი ალკოჰოლი - არ წარმოშობილან. შესაბამისად, ჩემი აზრით, სისხლის ანალიზი, თორმეტ საათიანი შიმშილობის და ჭარბად მირთმეული კვების მერე, აჩვენებს სპირტის რაოდენობას. ეს ენდოგენური ალკოჰოლი არის ზუსტად ის დოზა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. აქედანაა გამოთვლილი ის სამასი პრომილი ალკოჰოლის მიღება, რაც ევროპაშია დაშვებულია მძღოლებისთვის. ეჰ! მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანმა ისწავლა ამ ალკოჰოლის გამომუშავება და ტვინისთვის სხვა დოზებში მიწოდება. ტვინს აქვს დიდი მიდრეკილება დამოკიდებულებაზე. მიიღო რა თავისი დოზა ტვინმა, შემდეგში უფრო მეტი ალკოჰოლი მოითხოვა და დაიწყო ვაჭრობა - კიდევ მომეცით, თორემ დამატებით ნეირომედიატორებს მეტს არ გამოვყოფო. ცნობილია, ალკოჰოლის მიღების დროს გამოიყოფა სამივე მედიატორი: დოფამინი, ენდორფინი და ამინო-ზეთოვანი მჟავე. და როცა მიიღებს ტვინი მორიგ ულუფას, გამოყოფს დამატებით წამახალისებელს - მედიატორებს - რაც იმ წამსვე იწვევს სიამოვნებას, დანარჩენი მეზობელი ველების გააქტიურებას, რომლის ბოლო არ გვინდა რომ ჩანდეს. ესაა სიმთვრალე. რაც უფრო მეტს ვაწვდით სპირტშემადგენელს, მით უფრო იცვლის ფორმას ამაზე პასუხისმგებელი ველი, ზომებში ფართოვდება და ზეწოლას უწევს გვერდით მყოფ ველებს - მოტორიკის ველს, ძილის ველს, მეტყველების ველს - ესაა მიზეზი იმისა, რომ დალოცვილი სიმთვრალისას ვბოდიალობთ, ენა გვებმება და გვეძინება. დილით ნაბახუსევზე პირში სიმშრალის, თავის ტკივილის და სხვა ძლიერი გამანადგურებლების მიზეზი, ზუსტად, გუშინ გაღიზიანებული და გადიდებული ველის ადგილზე მობრუნების მცდელობაა. შესაბამისად, დასკვნა: ალკოჰოლიზმი ტვინის ერთ-ერთი ველის გაღიზიანება და ზომებში ცვლილებაა, და მისი პირველადი ფორმის დაბრუნება შუძლებელია - ანუ, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და სხვა დამოკიდებულებები ტვინის ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა და აღმზედელობითი მეთოდებით მისი განკურნება შეუძლებელია. ეს კარგი, გასაგებია, მაგრამ არც კი ვიცი, იმას რა ჰქვია, ეს ყველაფერი რომ იცი და მაინც ვერაფერს აკეთებ გამოსასწორებლად.
უკვე მართლა გამეღვიძა. არც ისეთი ბნელი ყოფილა დილა, როგორიც მეგონა, მაგრამ მაინც დაჰკრავდა შორი კოსმოსიდან მომზირალი საუკუნო სიშავე, რომელსაც ახლაც აქვს ძალა, შთანთქოს ნებისმიერი ჩვენგანი და, ალბათ, იმ დილასაც ჰქონდა. ნაბახუსევზე თავი მისკდებოდა, მაგრამ საკმაოდ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი. ძლიერი თავის ტკივილის დროს მდუმარედ კი არ ბრაზობ, არამედ გმინავ, მაგრამ ეს გულწრფელი გმინვა კი არ არის, არამედ ღვარძლიანი გმინვაა, ხოლო მთავარი აზრი სწორედ ამაშია - გაწამებულის სიამოვნება ამ გმინვით გამოიხატება, რადგან, რომ არ სიამოვნებდეს, გმინვასაც არ მოჰყვებოდა. დაფიქრდით, რატომ კვნესის ქალი, და რატომ ხვნეშის კაცი სექსის დროს? მოუსმინეთ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანის კვნესას თავის ტკივილის დროს, და დაინახავთ, რომ ტკივილის მეორე დღეს ის ისე აღარ იკვნესებს, როგორც ამას პირველ დღეს აკეთებდა; ის ისე აღარ ხვნეშის, როგორც დაღლისგან სულამოხდილი მუშა კაცი, არამედ ისე, როგორც განვითარებულ და ევროპულ ცივილიზაციას ნაზიარებ ადამიანს შეეფერება. მისი გმინვა, დროის გასვლის პარალელურად, სულ უფრო ბრაზიანი და ამაზრზენია, და არც დღისით წყდება, არც - ღამით. ამ ადამიანმა თავადვე იცის, რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც განზრახ აღიზიანებს, და ისიც კარგად იცის, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები, ვის წინაშეც ასე მონდომებით გმინავს და ოხრავს, ზიზღით უსმენენ მას და მისი ოდნავადაც კი არ სჯერათ, გულში კი იძახიან, განა არ შეუძლია, უფრო უბრალოდ იხვნეშოსო? ისინი ფიქრობენ, რომ ეს პიროვნება ამ საქციელს სიბოროტით და ბოღმით სჩადის. იმ პიროვნებამაც იცის, რომ მისი გარშემომყოფნი ასე ფიქრობენ, მაგრამ ზუსტად ის შეურაცხმყოფელი ფიქრები ანიჭებს ამ კაცს სიამოვნებას, რადგან იცის, ის აწუხებს მათ, არ აძინებს, მაგრამ მაინც უნდა, რომ არც მათ დაიძინონ მასთან ერთად, და მათაც იგრძნონ ის თავისტკივილი, ამ ადამიანს რომელიც აწუხებს. და, მიუხედავად იმისა, რომ მეც ასეთი ყაიდის კაცი ვიქნებოდი, ვინმე რომ მყოფოლა, ჯობია, ისევ ჩემს თავს დავუბრუნდე და თხრობა გავაგრძელო: კიდურებსაც კი ვერ ვამოძრავებდი, მაგრამ უცებ უბე გამომებერა, ჰოდა დაზელვა მომინდა - ბახუსიც გადამავიწყდა, და სასიამოვნოდაც მივიზილე. მახსოვს, ერთხელ ლაბორატორიაში ცდის შემსწრე გავხდი: ვირთხა ჩასვეს გალიის ერთ უკიდურეს მხარეს, ხოლო მეორე უკიდურეს მხარეს დადეს საჭმელი; ეს ვირთხა, ჩვეულებრივ, რა გასაკვირია, მიდიოდა იქამდე და ჭამდა. ცდის მომდევნო ეტაპზე გალიის ძირზე დენი გაატარეს და კარგა ხნის განმავლობაში ზრდიდნენ ძაბვას ნელ-ნელა; მალე, როცა ძაბვის დონემ გარკვეულ ნიშნულს მიაღწია, მღრღნელი საჭმელთან აღარ მიდიოდა. ჩატარებული მორიგი ცდა, დროის გასვლის შემდეგ, ცოტა განსხვავებული აღმოჩნდა: საჭმელი ისეთი რამით ჩაანაცვლეს, რაც ვირთხას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა - გამაბრუებელი საშუალება; აღმოჩნდა, რომ ცხოველმა იმაზე ბევრად დიდი ძაბვა აიტანა სიამოვნების მისაღებად, ვიდრე ეს საჭმლის ჭამის შემთხვევაში მოხდა. 
ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, ქალებმა დამღალეს, მაგრამ, იმის გამო, რომ საკუთარ თავს რამდენჯერმე ვაიძულე, შეყვარებული ვყოფილიყავი, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავსაც დავუღლივარ. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში არ მჯეროდა, რომ მიყვარდა და, შესაბამისად, შინაგანად, ალბათ, მეცინებოდა კიდეც, მაგრამ მაინც ვიტანჯებოდი იმ სიყვარულით, ვეჭვიანობდი ხოლმე ძლიერად, თანაც ნამდვილად, და ასე შემდეგ, ხოლო დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ისეთი მოწყენილობის ბრალი იყო, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, მე კი მისი დასრულება გადავწყვიტე. მოკლედ, ქალი, როგორც ქმნილება, უძლიერესია, კი, მაგრამ... აი, ძლიერ კაცს უნარი აქვს, სიტუაცია ქალის მხრიდან დაინახოს - ასეთ დროს ამბობენ ზუსტად, კაცს ქალის ესმისო - მაგრამ ქალს ისიც შეუძლია, კაცის გადმოსახედიდან შეხედოს სიტუაციას და, ასევე, ორივე ობიექტის მიღმა, სადღაც გვერდიდან იყურებოდეს. ქალები ჩვენ, კაცებს, ისევე გვეპყრობიან, როგორც კაცობრიობა ეპყრობოდა და დღემდე ექცევა თავის ღმერთებს - გვაკერპებენ, მაგრამ, ამავდროულად, თავს გვაბეზრებენ, რომ მარადჟამს მათი უსასრულო და უკიდეგანოდ უაზრო სურვილების თავდაუზოგავ აღმსრულებლებად ვიქცეთ. ადამიანი, ზოგადად, არაა მარტივი არსება, გასაგებია, მაგრამ ყველაზე რთული კაციც კი იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე - ყველაზე მარტივი ქალი. ხანდახან მართლა გინდა კაცს, ყველა ერთად დაამწკრივო, აგინო და მერე ბოდიშები მოუხადო, მაგრამ აღარ შემოირიგო. პირველად ქალი რომ გადააგდებს კაცს, და თუ ამ კაცს ის მართლა უყვარდა, მერე ეს კაცი, დროის გასვლისდა პარალელურად, ათჯერ მეტ ქალს გადააგდებს, რისი ერთადერთი მიზეზი არის ცნობიერისა და ქვეცნობიერის მწირი კავშირი ერთმანეთთან, ვინაიდან: ქვეცნობიერში მუდამ არსებობს დახატული შენი იდეალური ქალის, შენი ერთადერთი სიყვარულის სახე, მაგრამ სუსტი ცნობიერი ვერ ცნობს, ვერ აღიქვამს რა მის სახეს, რომელიც ქვეცნობიერმა წარმოუდგინა, წამსვე იწყებს მის ძიებას სხვა ქალებში, რაც, უმეტეს შემთხვევებში, კრახით სრულდება. მაგრამ რად გინდა - ერთ ქალს მხოლოდ მეორე დაგავიწყებს იქამდე, სანამ ურთიერთობა არ დასრულდება, ხოლო, როგორც კი დასრულდება, იმ ორის დასავიწყებლად მესამეს პოულობ, თუმცაღა, უნდა ითქვას, ერთ ქალს მეორესთან ახლოსაც ვერ დააყენებ, რადგან იმ ერთმა გადაგაგდო, ის მეორე კი შენ თავად გადააგდე. მოკლედ, უნდა წავიდეს კაცი, ყველას აგინოს, მერე ბოდიშები მოუხადოს, მერე ისევ აგინოს, მერე ისევ პატიება სთხოვოს, აგინოს, და ასე შემდეგ, უსასრულოდ. 
ავდექი, მივბანცალდი მაცივრამდე - თუმცა იმ გზაზე ორჯერ კედელს მივეჯახე - გამოვაღე მისი კარი, ამოვიღე ,,ბორჯომის“ ბოთლი, სავსე არყით, და დილიდან სმას შევუდექი, მაგრამ, ორი ჭიქა რომ გამოვცალე, გავჩერდი, ბოთლი ისევ უკან შევდგი და ლოგინში დავბრუნდი. ასეა, ხანდახან თავსაც კი აკონტროლებს ადამიანი. დავწექი, და უცბად ერთი ამბავი მომაგონდა: ექვსი წლის რომ ვიყავი, ჩემს უბანში ერთი გოგო ცხოვრობდა - თიკო. როგორც მახსოვს, ყველას მოსწონდა, მაგრამ უკვე ჰყავდა შეყვარებული ზუთხი - ასე ეძახდნენ იმ ბიჭს. ჰოდა, კი არ იმჩნევდნენ ხალხში, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინც დაეტყოთ, რომ ხშირად მოსდიოდათ კამათი. საჭირო საქმისთვის ჩავრთავ: ჩემი - და თიკოს, რა თქმა უნდა - კორპუსის გვერდზე იყო გასართობი პარკი, სადაც სულ ორი ატრაქციონი ფუნქციონირებდა: დენზე მიერთებული პატარა მანქანები, ორმოცდაათ თეთრიანი ჟეტონები რომ უნდა ჩაგეგდო, თუ კატაობა გინდოდა, და ლიანდაგზე ამერიკული გორკების სტილის - ოღონდ, ბევრად უფრო მსუბუქი, ბავშვებისთვის - დრაკონ-ვაგონი. ერთ დღეს, როცა მეც იმ პარკში ვიყავი დრაკონზე საკატაოდ, თიკო და ზუთხიც მოვიდნენ, რიგი დაიკავეს და ჩემ უკან დადგნენ. ისე, რა რიგი მაგას ეთქმოდა - სულ ოთხნი ვიყავით - მაგრამ მაინც. არც არასდროს ყოფილა მაგ ატრაკციონზე ბევრი ხალხი. მე სულ წინ დავჯექი, რადგან, როგორც ნათქვამი ჰქონდათ ჩემთვის, კუდი მაგრად იქნევსო, მე კი მეშინოდა. ჩემ უკან ერთი უცნობი დაჯდა, თიკო და ზუთხი კი ერთად დასხდნენ სულ უკან - აი, იქ, მაგრად რომ იქნევდა. მოკლედ, ორი წრე დაარტყა ამ დრაკონმა, ვიხალისე. ერთი წუთი სულის მოსათქვამად რომ გავჩერდი, რაღა მექნა - გადმოვედი, მაგრამ თიკო ვერ დავინახე, ზუთხი იქ იყო, უკვე კიბეებზე ჩადიოდა. თუმცა ვიფიქრე, ალბათ, იჩხუბეს და თიკო გაიქცა-მეთქი. მეორე დღეს ქვემო ქართლის ტელევიზიაზე გამოაცხადეს, თიკო იაშვილის ცხედარი გვიან ღამით იპოვესო გასართობი პარკის ერთ-ერთ ატრაქციონზე, ყელი ჰქონდაო გამოჭრილი. მე წინ ვხალისობდი, უკან კი ზუთხიმ თიკო მოკლა, ჩემგან ხუთ მეტრში. წარმოიდგინეთ, ბედი ხომ უნდა, უკან, კუდის მხარეს იმ დღეს არავინ დამჯდარა ან, მიგდებული გოგო რომ დაინახეს, არავის შეუწუხებია. მაგრამ მთავარი და ყველაზე ირონიული: ბავშვთა გასართობი პარკის ორიდან ერთ მხიარულ ატრაქციონზე მთელი დღე ცხედარი კატაობდა, სანამ ატრაქციონის მუშამ დრაკონ-ვაგონის წმენდა არ გადაწყვიტა. ალბათ, ამოუყვანა ყელში იმანაც ზუთხის, ზუთხიმ კი ყელი გამოჭრა. წმინდა წყლის კაცური ამბავია, ვითომ?!
წავედი რკინიგზის სადგურზე, მატარებლის ბილეთი ავიღე და თავი ქვიშხეთისკენ დავადე. მეთქი, ჩემი ერთადერთი სიყვარული უნდა ვნახო - ის გოგო, რომელმაც თავად გადამაგდო, მაგრამ მაინც მიყვარდა - და, თუ მოვკვდები, მოვკვდე, მაგის დედაც ვატირე, მთავარია უკანასკნელად დავინახო, მისი თმის სუნი შევიგრძნო, მისი სქელი ტუჩებიდან წამოსული ენერგია, ჩემს ბაგეებს რომ იზიდავდა ასე ძლიერად, კიდევ ერთხელ შევისისხლხორცო... რად გინდა სხვა ამ დროს? არა, სასმელი მაინც გინდა, მგონი, მეტი არაფერი. სიგარეტიც შეიძლება. სახლი. ჩუსტები. ლეპტოპი. ტელეფონი. მოკლედ, კაპიტალიზმმა რა მოიტანა!.. ვაგონში ვიჯექი, ხედს გავყურებდი - შეკიდებოდნენ მთვარეს თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები, როგორც მძიმე მტევნები; ქანდაკებებმა ჩამიარეს მოხდენილ წყებად. 
- შვილო, - მომმართა ჩემ წინ მჯდომმა მოხუცმა ქალმა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, - მართლა ასე ძალიან გიყვარს?
- ჰო, რა, - ვუთხარი, - მერე რა, ვის არ ჰყვარებია!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი