თეთრი ცხელება


საზოგადოდ, ყველაზე რთული დაწყებაა. მართლაც, როდის დაიწყო ეს ყველაფერი? იქნებ, ჩვენი გაცნობის დღიდან ან, სულაც, გაცილებით ადრე? 
ცხელი და ჩახუთული საღამო იყო. ცაზე ვარსკვლავები ისეთი სიმჭიდროვით იყვნენ განლაგებულნი, რომ, გეგონებოდათ, ვერ გაუძლებს და, სადაცაა, ზეცა ჩამოიქცევაო. ჰაერი ისეთი სიმძიმით აწვებოდა ატმოსფეროს, ხალხი ფიქტიურად იჭყლიტებოდა. მე და ის - ან, თუ უფრო არაეგოისტურად გვინდა, გაიჟღეროს, ის და მე - ვისხედით გრძელ სკამზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩის რომელიღაცა კორპუსის წინ, პირდაპირ ბინის ეზოში. ყველა უხერხულად გვიყურებდა, რადგან, ეჭვი არაა, შეყვარებული წყვილი ვეგონეთ, მაგრამ, ფაქტი იყო, უბრალოდ დავპატიჟე გარეთ გამოსასვლელად. მე, უბრალოდ, ისეთი ადამიანი ვარ, როცა ვინმე მიყვარს, ვერ ვმალავ ან, უფრო სწორად რომ ვთქვა, ვცდილობ, დავმალო, მაგრამ ისე უნიჭოდ გამომდის, მაგ ყველაფერს სააშკარაოზე გამოტანა მაინც ჯობია. მოკლედ, მშვიდად ვისხედით, ასე თუ ისე. ხელები მიკანკალებდა და მთლიანად ოფლში ცურავდა ჩემი გაცვეთილი ტანსაცმელი, ის კი იჯდა თავშეკავებული მოხდენილობით, დასათრგუნად განწირული სიამაყით, ლამაზი თმით, ცხვირით, თვალებით, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, დამებინდა თვალები და კაკუნი გავიგე. ტანში გამცრა და შემჟრჟოლა. იმ წამსვე გავიფიქრე, მეთქი, რომ მოვკვდე, ცუდი იქნება? მწერები მაწუხებდნენ. 
- სუნი აგდის ოფლის, - მითხრა სტუმარმა ხმამ. ამ დროს მეორეჯერ გაისმა კაკუნი და, ისე, რომ შემოსვლის ნებაც არ მიმიცია, მეორე ხმა გაჩნდა, თუმცა, როგორც ჩანდა, ის ჩემს მხარეს იყო, ჩემკენ, მე მიცავდა, მე. 
- მერე რა, - გამოეპასუხა, - ოფლი უფერული, მლაშე სითხეა, რომელსაც ფიზიკური ან დიდი გონებრივი დატვირთვის შემდეგ გამოყოფს საოფლე ჯირკვლები. თუმცა, სიმართლე ითქვას, არცაა საჭირო დატვირთვა - ყოველთვის გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები მცირე რაოდენობით მაინც გამოყოფენ თავიანთ სეკრეტს, ერთადერთი აუცილებელი პირობა ისაა, რომ, უბრალოდ, ორგანიზმი ცოცხალი უნდა იყოს. ამ სიცხეში კაცი ოფლიანდებოდეს, გასაკვირია?
- არ იჩხუბოთ, გთხოვთ, - შევეხვეწე და ცრემლები წამომივიდა.
- რა? მითხარი რამე? ისე, რომ მითხრა, ცუდი არ იქნება - ბოლო-ბოლო, ხომ გამოვედი შენთან ერთად გარეთ, არა? - სიცილით მითხრა მან, მაგრამ, სინამდვილეში, როგორც ყველა ქალის ნათქვამ ყოველ სიტყვაში, მის ამ წინადადებებშიც იგრძნობოდა საყვედურის შემცველი ქვეტექსტი. მოკლედ, მას ერქვა ეკა, ბევრი რომ აღარ გაინტრიგოთ, თორემ შესავალი მიილია და ამ ინტრიგას თავდაპირველი ფასიც, რაღა თქმა უნდა, დაეკარგა. 
- არაფერი, - თქვა პირველმა ხმამ. შემაშინა ისევ, - უბრალოდ, გოგო გამოიყვანა გარეთ; ფული არ აქვს, სუნი - იცოცხლე, ისეთი. ვფიქრობ, ესაა პრობლემა. მერე კიდევ, ხუთი ლარი მაინც არ უნდა ჩაიგდო ჯიბეში, შე საცოდავო, როცა ასეთი ამბავია? ახლა ეს ორი ლარი გამომართვი, და იმყოფინე, როგორც გინდა, - მე ვიგრძენი, როგორ ჩაცურდა ჩემი შავი შარვლის მარცხენა ჯიბეში რკინის მონეტა. - მიდი, ჩაამთავრე ეს დღე როგორმე, არ შერცხვე ამ გოგოსთან, და მერე თავი მოიკალი.
- ჰო, ბოდიში, - ვუთხარი ეკას, - ფიქრებში გავერთე და... მაპატიე. 
- უყვარს ამას ეს გოგო, - მეორე ხმამ გამიხეთქა გული, ჩემმა საყვარელმა დამცველმა - კიდევ კარგი, ეგ მაინც მყავდა, თორემ შემჭამდა ის, პირველი, - და მოკალი, აჰა! თავის მოკვლა რა გამოსავალია - უნდა ადგეს და იშოვოს რამე სამსახური, მერე ფულიც ექნება და კეთილდღეობაც. თან, მომისმინე ახლა, გასიებული ბურჟუა კაპიტალისტივით ნუ ლაპარაკობ, გესმის?! გოგო თუ უყვარს და ფული არ აქვს, რა, სირცხვილია? ფულის გამო უნდა შეიყვაროს გოგომ?! 
- ამას რისი შოვნის თავი აქვს, - დამცინა პირველმა ხმამ, - თავისი განათლებაც კი ვერ შველის - სამი სამსახურიდან მარტო სასმლის გამო გამოაგდეს. მერე, აქაო და, მე მოწოდებით მუსიკოსი ვარ, ბანკში ან მაღაზიაში როგორ ვიმუშავოო. ვაი, შე საცოდავო. მიდი, გადააგორე ეს დღე და, დამიჯერე, დაისვი დანა ყელზე - რა სანახავი იქნება!.. 
- მაქვს თავი, - კანკალით ვთქვი, - ხომ მაქვს?
- რისი თავი? - ჩამეკითხა ეკა, - ლაპარაკის? თუ ამასობაში ისევ ფიქრებში იყავი გართული? იცი, კარგი ბიჭი კი ხარ, თან ძალიან, მაგრამ, რა გითხრა... ცოტა დაბნეული მეჩვენები.
- რა საჭიროა ბანკში და მაღაზიაში მუშაობა? - ისევ მიცავდა მეორე ხმა. კარგი კაცი იქნებოდა, ხორცი რომ ჰქონოდა შესხმული, ჩემი აზრით, - მუსიკოსი კაცი ყოველთვის იშოვის ისეთ სამუშაოს, რომელიც მუსიკასთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში იქნება. მე ვფიქრობ, გენიოსიც კია ეს კაცი, არა? ხომ ხარ?
- ვარ! - ვთქვი, - ვარ, როგორ არ ვარ!
- მერე, რატომ ხარ დაბნეული? - ეტყობოდა ეკასაც, რომ აღარ სიამოვნებდა ჩემთან ყოფნა, - სადმე ხომ არ წავსულიყავით?
- რომელ სამუშაოზე მელაპარაკები, - დამცინოდა ისევ ის პირველი ხმა, - რესტორანში მღეროდა და - ეს ხომ მაინც არის მუსიკასთან დაკავშირებული - მერე თქვა, ეს მე არ მეკადრებაო; წავიდა, დალია და დილით ისევ იმ რესტორანში გაიღვიძა, ოღონდ, როგორც - კლიენტმა. უსირცხვილო კაცია. ღვთისმშობლის ხატი, მოოქროვილი, ლომბარდში წაიღო, საუკეთესო სასმელი რომ ეყიდა, მიუხედავად იმისა, რომ იაფზეც არ ამბობს ხოლმე უარს. რა კაცი ეს არის!
- აუჰ, - მეორე ხმამ ამოიგმინა, - შე საცოდავო მართლა... წადი, მართლა მოიკალი თავი. ოღონდ, მართლა. ყელზე დაისვი რამე ბასრი. რა სანახაობა იქნება!.. ოღონდ ჯერ ეს დღე ჩაამთავრე, უსირცხვილო, გესმის?
- ჰო... ეკა, - ვუთხარი, - მიყვარხარ. ხვალ ცოცხალი შეიძლება აღარც ვიყო. ორი ლარი მაქვს და, რა ვიცი, ,,ანაკომი“ გინდა?
ჯერ ძალით გაიცინა, მაგრამ მერე, როცა მიხვდა, სერიოზულად ვუთხარი, ერთი ულამაზესად შემომხედა, შესაბრალისი სახე მიიღო, შუბლზე მაკოცა და წავიდა. აი, მითხარით ახლა, როგორ არ გამოვიჭრა?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი