ანა და მარია


ზუსტად მახსოვს, ეს იყო 2013 წლის ცხრა ივნისის ღამე, რომელიც, რეალურად, უკვე აღარ იყო ცხრა ივნისი, არამედ - ათი. ქობულეთში ვიყავი ერთ-ერთ შავიზღვისპირა სასტუმროში, რომელიც სულაც არ იყო შავი. სასტუმროს მეოთხე სართულზე ვიყავი ასული, მომცრო აივანზე, და ზღვას არ გავყურებდი. ვიდექი ამ ვიწრო აივანზე, ვუცქერდი პალმებიან ჰორიზონტს, როცა უცებ მომინდა, ქვევით დამეხედა და, რატომაც არა, დავიხედე კიდევაც, თუმცა არაფერი განსაკუთრებული მე იქ არ დამხვედრია - იდგა ერთი მუქი იასამნისფერი მანქანა, ორი გაშლილი ქოლგა და ასფალტი. არ ვიცი, დასავლეთის, ზღვიდან წამოსული ნოტიო ჰაერის ბრალი იყო ეს ყველაფერი თუ სხვა რაიმე აუხსნელის, მაგრამ ენით გამოუთქმელი სევდა კი შემომაწვა მე იმ წუთებში და, დავხედე თუ არა კიდევ ერთხელ ნაცრისფერ ასფალტს, გავიფიქრე, ბარემ ხომ არ გადავხტე-მეთქი. დაიღვრებოდა კი ერთი მსხვილი ცრემლი მაინც იმის გამო, რომ, აი, მოვკვდი ამხელა კაცი? იქნებ, გაუხარდებოდათ ის, რომ, როგორც იქნებოდა, დავისვენებდი ამქვეყნიური უაზრობისგან? ხელები გავშალე და საკუთარ თავს მოვატყუე, ვხტები-მეთქი, მერე ცოტა გადავიწიე კიდეც წინ, მაგრამ ისე შემეშინდა, აივნის კარებს ავეკარი ზურგით. დავჯექი ძირს, შემოვიწყვე ხელები თავზე, თუმცა, რომ მივხვდი, ასე დიდი ხანი ვერ გავძლებდი, გაძლების მაქსიმალურ დროს დავასწარი - ავდექი, კარი გამოვაღე, დერეფანში გავედი, კიბეებზე დავეშვი, შემოსასვლელი კარიც და მთავარი ჭიშკარიც დავხსენი, გავედი ცარიელ ქუჩაში და ღრმად ჩავისუნთქე. მოკლედ, სიკვდილზე და, განსაკუთრებით, თავის მოკვლაზე რომ დაიწყებს ადამიანი ფიქრს, სანამ არ მოკვდება, იქამდე ვერ ჩერდება, მაგრამ მერე ფიქრობს, რატომ მოვკდი, რა მინდოდაო; თუმცაღა ქალსაც აქვს - უფრო კონკრეტულად, ქალის სიყვარულს - ის მკურნალი ძალა, რომ სიკვდილზე ფიქრს მოგწყვიტოს, მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თვითონ ქალი არ მიგატოვებს, მერე კი ბევრად მეტს იფიქრებ იმაზე, რასაც მოწყდი. ახლა გავაგრძელებ იმას, რასაც ვყვებოდი: მოკლედ, გავედი ქუჩაში, ჩავუყევი მეფე დავით აღმაშენებლის გამზირს იქამდე, სანამ ღია მაღაზია არ ვიპოვე. მარკეტი პატარა იყო, და თავისუფლად შეიძლებოდა არ ჰქონოდათ ის, რაც მე მინდოდა, მაგრამ, რახან სხვა გზა არ მქონდა, შევედი მაინც. 
- გამარჯობა, - ვუთხარი გამყიდველს იმ წამსვე, როგორც კი შევდგი ფეხი.
- გამოუმარჯოს, - ასე მიპასუხა ან, რაც უფრო მეტად სავარაუდოა, მე გავიგე ასე უცნაურად.
- ერთი იმედი მომეცით, თუ შეიძლება, - ვთხოვე.
- რაი? - საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ გაიკვირვა ხმამაღლა.
- იმედი მინდა. რა ღირს? - გავუმეორე კითხვა დამატებითურთ.
- ჰელე, ტელევიზიის ჩართვა გინდა? არ მაქვს აგერ მე ტელევიზორი, - ულამაზესი აქცენტით წარმოთქვა. 
- არა, ტელევიზია არა, - თავი გავაქნიე და ახსნას მოვყევი: - უიმედოდ ვარ. დილით ჩამოვედი აქ, ახლა უკვე ღამეა, მაგრამ იმედი არ მიჩნდება მაინც, ჰოდა, რა ღირს, მითხარით, და გადავიხდი ნებისმიერ თანხას.
- ახლა რაშია საქმე, თუ იცი, - დაფიქრდა ამ სიტყვებით, მერე კი მითხრა, - ბევრი იმედი მაქ მე - დაწყებული ნახევარი ლიტრიდან, დამთავრებული ორლიტრა ნახევრით - და გააჩნია, რომელ გინდა და. 
- ,,ბავარია“ იმედი გაქვთ? ორი ლიტრი.
- რაფერ არ მაქვს ,,ბავარია“ იმედი! - გაიბრწყინა სახე ძალით. - თან ორი ლიტრი. ექვსი ლარი და თეთრი ოთხმოცდაათი მოიტა.
- აჰა შენ შვიდი ლარი, და ერთჯერადი ჭიქაც მომეცი ერთი ცალი, - ვუთხარი იმ მომენტში, როცა გავუწოდე ხუთ ლარიანი კუპიურა და რკინის ორ ლარიანი მონეტა. მერე ვკითხე: - თავის მოკვლაზე გიფიქრია?
- არა, ძმა, - ასე მიპასუხა და თან მომცა ორი ლიტრი ,,ბავარია“ და ერთი გამჭვირვალე ჭიქა.
- კაი მაშინ, - ვუთხარი, ნავაჭრი გამოვართვი და წამოვედი ისევ სასტუმროსკენ.  
გამოვდგი თუ არა ფეხი მაღაზიიდან და ორი მეტრი გავიარე, მოშიშვლებულ მხარზე წვიმის მეტად ცივი წვეთი დამეცა, რამაც მაფიქრებინა, რომ ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად აზრიან სამყაროს უაზროს დაარქმევს, თავად გრძნობს საკუთარ თავს უაზროდ, მაგრამ საგნისთვის უაზროს დარქმევაში ის უკვე აზრს ნელ-ნელა ხედავს, და იცის, ფაქტი, ნესვის დიდი და მძიმე ნაყოფი რომ პატარა და სუსტ ბალახსაა გამობმული, ხოლო კაკლის მსუბუქი და პატარა ნაყოფი - უზარმაზარ ხეს, ერთი შეხედვით უსამართლობაა, მაგრამ, როგორც კი დაწვება კაკლის ხის ქვეშ და თავში ნაყოფი დაეცემა, ხვდება, ნესვი რომ დაცემოდა, კიდევაც გაუხეთქავდა თავს. მეორე წვეთიც რომ დამეცა ახლა უკვე მეორე მხარზე, ფიქრი შევწყვიტე, რადგან ისე მომინდა უცებ დალევა, რომ გონების ყველა წერტილიდან გამომავალი უხილავი ძალწირი ლუდის ბოთლისკენ გამექცა. ნაბიჯის სიჩქარეს მოვუმატე საგრძნობლად. საკუთარ აზრებს ისე ვყავდი დატყვევებული ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ყოველ დღე დღეში რამდენჯერმე ვსვამდი, მაგრამ განა იმიტომ, რომ დალევა ან ფიქრს ასუსტებს - არადა, პირიქით, აძლიერებს კიდეც მომენტებში - ან იმიტომ, რომ ცუდ გუნებაგანწყობილებას კარგით ცვლის, არამედ, რა ვიცი... არ ვიცი, რატომ. ალბათ, მიზეზი მაინც ის იყო, რომ ჩემს სულში არსებული სიცარიელე ხორცში არსებული სიცარიელე მეგონა, და მუცელს ვივსებდი სასმლით; ანდაც იმიტომ, რომ ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემას მიდუნებდა და ტვინზე აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ ვიღებდი, ის კი აკეთებდა ყველაფერ იმას, რის უფლებასაც ჩემი ადამიანური არსება არ ან ვერ აძლევდა ხოლმე. სასტუმროშიც მაგიტომ მიმქონდა ლუდი იმ დღეს, ხომ ხვდებით. გზაში, რომლის გავლა ხუთ წუთში თავისუფლად შეიძლებოდა, ძლიერად გამიწვიმდა, მაგრამ სისველეს, რაღა თქმა უნდა, არ შევუშინდი, და გავაგრძელე სიარული კუს ნაბიჯებით. თავიდან ვიფიქრე, ნომერში ავალ-მეთქი, მაგრამ მერე ერთი კონტრარგუმენტის გარეშეც უარვყავი პირველი აზრი, და გადავწყვიტე ისევ იმ აივანზე ჯერ ასვლა და შემდეგ გასვლა, რომლიდანაც დავეშვი მაღაზიაში. 
აივანზე რომ ავედი, ქვევით აღარ ჩამიხედავს, თორემ, ვიცოდი, ერთიც რომ გადამეხედა, შეიძლებოდა მართლა გადავმხტარიყავი. მივჯექი კუთხეში, ცივ იატაკზე საჯდომი დავდე, გაყინულ მოაჯირს ზურგი მივაჭდე, თუმცა შემეშინდა, არ მოტყდეს და მე არ გადავვარდე-მეთქი. ჯოჯოხეთის სტანდარტებით, მშვენიერი საღამო იყო. ცხელოდა. ჭიებისგან გამოხრული ასწლოვანი ხმელი ხესავით იწვოდა დედამიწა, ხოლო ცა თითქოს ჯიბრზე ამატებდა ცეცხლზე ნავთს. წვიმდა. ზეცის ერთ მხარეს შავი ღრუბლების მასიური ფენა მოგროვილიყო, იგივეს თქმა შეიძლება მეორე მხარეზეც, მაგრამ შუაში ამ ღრუბეთა მასებს ჰყოფდა ვარსკვლავებით სავსე გრძელი ვაკუუმი, ლურჯ-მოიასამნისფრო. პირდაპირ რომანტიულ და სასიყვარულო ხასიათზე მოვიდოდა ადამიანი ამ ცის შემხედვარე, და მეც ასე მომივიდა, ეჰ. ჰოდა, ვინ, ვინ ჩავიხუტო-მეთქი გულში, ვფიქრობდი, და ავიღე ლუდის ბოთლი, ჩავიკარი და ჩავბურჯღნე. ამ დროს შემოაღეს მეოთხე სართულის აივნის კარი. გავხედე, და რას ვხედავ - გოგოა, თან საკმაოდ ლამაზი, ჩემზე ოდნავ დაბალი, სავსე მკერდით და ულამაზესი ცხვირით. აი, მართლაც, ისეთი გოგო იყო, უეჭველი ანა უნდა რქმეოდა. გავიფიქრე, რომ წავიდეს, მართლა გადავხტები-მეთქი.
- ხომ არ შეგიშალე ხელი, უკაცრავად? - მკითხა, მაგრამ ისე, რომ პასუხსაც არ დაელოდა, აივნის მეორე კუთხეში მიჯდა. 
- არა, რას ამბობ, - ვუთხარი მეც და ფეხები მოვკეცე, მისთვის მეტი თავისუფალი ადგილი რომ მიმეცა, - პირიქით. დიდი ალბათობით, სიკვდილს გადამარჩინე.
- ანა მქვია.
- ვიცი, ჰო. და სასიამოვნოა შენი ახლა გაცნობა, - ვუთხარი და ხელი გავუწოდე. ჩამომართვა, - მე ვარ ალიკა.
- ალიკ, ლუდს ხომ ვერ გამინაწილებდი? - ხელი გამომიშვირა პასუხის დალოდების გარეშე. 
- ერთი ჭიქა თუ გინდა მხოლოდ და სხვისი ნაპირალის დალევა ზიზღს არ გგვრის, გამომართვი ეს ჭიქა და დაგისხამ, - ვუთხარი, და გამომართვა ერთჯერადი, გამჭვირვალე ჭურჭელი. დავუსხი, მე ბოთლიდან მოვსვი.
მადლობა გადამიხადა, დიდი ყლუპი მოსვა და მერე მითხრა:
- კარგია, სასიამოვნო დასალევია. რატომ სვამ?
- კარგი ახლა, შენც ნუ დაიწყებ, - ავიქნიე ხელი გაღიზიანებულმა. მერე, რომ არ სწყენოდა, საუბრის გაბმა დავიწყე: - ოცი წლის ხომ არ ხარ, ანა?
- კი. შენც?
- და შეყვარებული ხომ არ გყავს, ანა?
- არა, მაგრამ არც შენ მომწონხარ. შენ?
- და ნომერში, ალბათ, დაქალთან ერთად ხარ, ხომ?
- კი, შენ?
- დედაშენი ექიმია, მამაშენი - ქიმიკოსი, მაგრამ გაურკვეველი გზებით შოულობს ფულს; შენ ძალიან მორცხვი პიროვნება ხარ, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა დგები ყოველთვის და, შესაბამისად, ისე იქცევი, ვითომდა პირიქით, ღია და პირდაპირი იყო. შეყვარებული რატომ არ გყავს?
- ვიცნობთ ერთმანეთს? - ცოტა გაკვირვებული იყო, წარბები შეეჭმუხნა.
- შენი დაქალი ისეთი მორცხვია, არც კი უკოცნია საპირისპირო სქესისთვის. დედაშენი და მამაშენი ერთად აღარ ცხოვრობენ, შენ კი მათი ცალ-ცალკე ატანა არ შეგეძლო, სახლიდან წამოხვედი და შენს თავს უთხარი, რომ ახლა ორივე შენგან შორს იქნებოდა. ორი წელია, მამიდასთან ცხოვრობ, რადგან ერთადერთი პიროვნებაა, ვისაც არც მამაშენი ეხმიანება, არც - დედაშენი. შენ კი გეკონტაქტებიან იშვიათად - ძირითადად, მაინც მამა - მაგრამ მამიდას არავინ აწუხებს, ვერც მასთან მისვლას ბედავს ვინმე. აქ რამდენი დღით ხარ?
- დავიჯერო, ეგ არ გეცოდინება? - მოღუშული იყო, არ ესიამოვნა.
- მეც ორი დღით ვარ. ბევრს რომ ჭამ, შენი თავის გრცხვენია, და მერე ორი დღე შიმშილობ, მაგრამ მესამე დღეს მაინც იმ დოზა საკვებს იღებ, შიმშილობა რისთვისაც დაიწყე; მერე ამას ხვდები და ისევ ჩვეულებრივად ჭამ იქამდე, სანამ ისევ ნერვები არ მოგეშლება და ორი დღე ხელახლა არ იშიმშილებ. საკუთარ ფორმებზე ფიქრობ, მოკლედ. შეყვარებული რატომ არ გყავს?
- საიდან გაიგე ეს ყველაფერი? - ახლაღა დასვა ის შეკითხვა, ასე დიდხანს ძალიან რომ უნდოდა, დაესვა.
- ლუდი რომ მოსვი, შემოგხედე თუ არა, წამსვე ყველაფერს მივხვდი. რატომ არ გყავს შეყვარებული? - მე ისევ ჩემს კითხვას ვსვამდი დაუღალავად. 
- თვალის ქვეშ ორი გრძელი ზოლი გაქვს ასეთ ახალგაზრდა ბიჭს, - თითი გამოიშვირა ჩემკენ და ისე მითხრა, - სვამ. 
- გრძელი ცხვირი გაქვს, - ამ ჯერზე მე გავიშვირე თითი მისკენ, - ხშირად და ადვილად ჰყოფ სხვის საქმეებში. 
- ნუ მეუხეშები, გეთაყვა, - გაიღიმა პირველად იმ დღეს, - ცას ახედე.
- სანამ მოხვიდოდი, იქამდე ავხედე.
- რამდენი ვარსკვლავია, თუ ხედავ, - ცაში იყურებოდა თვითონ, თითქოს აქ არ იყო, - წვიმაც კი არ მოდის ღრუბლებიდან, უყურე, არამედ - ამ ცარიელი ადგილიდან. თითქოს მოსემ გაყოო შუაზე, არა? წარმოიდგინე, სამყაროში, დაახლოებით, ორასი მილიარდი გალაქტიკაა; დედამიწა კი, უყურე, სად მდებარეობს: მზის სისტემაში, რომელიც, თავის მხრივ, ,,ირმის ნახტომის“ გალაქტიკაშია, ,,ირმის ნახტომი“ - ლოკალურ გალაქტიკების ჯგუფში; ეს ჯგუფი შედის გალაქტიკათა გროვაში, რომელიც თავად შედის ქალწულის თანავარსკვლავედში; ეს ქალწულის თანავარსკვლავედი, რომელიც ორიათას გალაქტიკას იტევს, ეკუთვნის ლანიაკეას გალაქტიკურ ზეგროვას, რომელიც უკვე ასიათას გალაქტიკას მოიცავს. ხვდები, ალიკ, როგორი პატარები ვართ? ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. მე სულ მინდა თავის მოკვლა. სიმართლე გითხრა, აქაც იმიტომ გამოვედი, მეთქი, გადავიხედები, სიმაღლეს გადავზომავ თვალით - იქნებ, გადავხტე. მაგრამ შენ დამხვდი. ჩემი აზრით, ყველამ უნდა მოიკლას თავი, რადგან არაფერს აქვს აზრი.
სასტიკად არ მომეწონა ის, რაც ბოლოს თქვა. მაშინღა მივხვდი, რატომ არ ჰყავდა შეყვარებული. ისე, ადამიანებს ყოველთვის უჭირდათ შუაში დგომა, და სულ უკიდურესი რადიკალიზმის ზღვარზე დადიოდნენ. თუმცაღა ისიც ნათელია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რადიკალიზმი მეორეზე ყოველთვის უპირატესია. 
მოკლედ, მოვიყუდე ლუდი და სულის მოუთქმელად გამოვცალე, მერე ფეხზე ავდექი და, რომ შემაქანა, მოაჯირს მივასკდი. ვიფიქრე, ახლა მოტყდება და თან გამიყოლებს-მეთქი, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომსვლია. ანას დავემშვიდობე - ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი, და გულზე დაკიდებულ ჯვარს ხელი მოვუჭირე, რომ, მისი იმედით მაინც, ბოლომდე არ მივცემოდი სასოწარკვეთას.
***
ზუსტად მახსოვს, ეს იყო 2017 წლის ცხრა ივნისის ღამე, რომელიც, რეალურად, უკვე აღარ იყო ცხრა ივნისი, არამედ - ათი. ქობულეთში ვიყავი ერთ-ერთ შავიზღვისპირა სასტუმროში, რომელიც სულაც არ იყო შავი. სასტუმროს მეოთხე სართულზე ვიყავი ასული, მომცრო აივანზე, და ზღვას არ გავყურებდი. ვიდექი ამ ვიწრო აივანზე, ვუცქერდი პალმებიან ჰორიზონტს, როცა უცებ მომინდა, ქვევით დამეხედა და, რატომაც არა, დავიხედე კიდევაც, თუმცა არაფერი განსაკუთრებული მე იქ არ დამხვედრია - იდგა ერთი მუქი იასამნისფერი მანქანა, ორი გაშლილი ქოლგა და ასფალტი. არ ვიცი, დასავლეთის, ზღვიდან წამოსული ნოტიო ჰაერის ბრალი იყო ეს ყველაფერი თუ სხვა რაიმე აუხსნელის, მაგრამ ენით გამოუთქმელი სევდა კი შემომაწვა მე იმ წუთებში და, დავხედე თუ არა კიდევ ერთხელ ნაცრისფერ ასფალტს, გავიფიქრე, ბარემ ხომ არ გადავხტე-მეთქი. დაიღვრებოდა კი ერთი მსხვილი ცრემლი მაინც იმის გამო, რომ, აი, მოვკვდი ამხელა კაცი? იქნებ, გაუხარდებოდათ ის, რომ, როგორც იქნებოდა, დავისვენებდი ამქვეყნიური უაზრობისგან? ხელები გავშალე და საკუთარ თავს მოვატყუე, ვხტები-მეთქი, მერე ცოტა გადავიწიე კიდეც წინ, მაგრამ ისე შემეშინდა, აივნის კარებს ავეკარი ზურგით. დავჯექი ძირს, შემოვიწყვე ხელები თავზე, თუმცა, რომ მივხვდი, ასე დიდი ხანი ვერ გავძლებდი, გაძლების მაქსიმალურ დროს დავასწარი - ავდექი, კარი გამოვაღე, დერეფანში გავედი, კიბეებზე დავეშვი, შემოსასვლელი კარიც და მთავარი ჭიშკარიც დავხსენი, გავედი ცარიელ ქუჩაში და ღრმად ჩავისუნთქე. მოკლედ, სიკვდილზე და, განსაკუთრებით, თავის მოკვლაზე რომ დაიწყებს ადამიანი ფიქრს, სანამ არ მოკვდება, იქამდე ვერ ჩერდება, მაგრამ მერე ფიქრობს, რატომ მოვკდი, რა მინდოდაო; თუმცაღა ქალსაც აქვს - უფრო კონკრეტულად, ქალის სიყვარულს - ის მკურნალი ძალა, რომ სიკვდილზე ფიქრს მოგწყვიტოს, მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თვითონ ქალი არ მიგატოვებს, მერე კი ბევრად მეტს იფიქრებ იმაზე, რასაც მოწყდი. ახლა გავაგრძელებ იმას, რასაც ვყვებოდი: მოკლედ, გავედი ქუჩაში, ჩავუყევი მეფე დავით აღმაშენებლის გამზირს იქამდე, სანამ ღია მაღაზია არ ვიპოვე. მარკეტი პატარა იყო, და თავისუფლად შეიძლებოდა არ ჰქონოდათ ის, რაც მე მინდოდა, მაგრამ, რახან სხვა გზა არ მქონდა, შევედი მაინც. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მოხდაო უკვე ეს ყველაფერი. თავბრუ მეხვეოდა და ავტომატურად ვმოქმედებდი, რამაც დეჟა-ვუს შეგრძნება ათმაგად გამიმძაფრა.
- გამარჯობა, - ისევ ვუთხარი გამყიდველს იმ წამსვე, როგორც კი შევდგი ფეხი.
- გამოუმარჯოს, - ასე მიპასუხა ან, რაც უფრო მეტად სავარაუდოა, მე გავიგე ასე უცნაურად ისევ.
- ერთი იმედი მომეცით, თუ შეიძლება, - ისევ ვთხოვე.
- რაი? - საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ გაიკვირვა ისევ ხმამაღლა.
- იმედი მინდა. რა ღირს? - კიდევ გავუმეორე კითხვა დამატებითურთ.
- ჰელე, ტელევიზიის ჩართვა გინდა? არ მაქვს აგერ მე ტელევიზორი, - ისევ და ისევ ულამაზესი აქცენტით წარმოთქვა. 
- არა, ტელევიზია არა, - თავი გავაქნიე და კიდევ ახსნას მოვყევი: - უიმედოდ ვარ. დილით ჩამოვედი აქ, ახლა უკვე ღამეა, მაგრამ იმედი არ მიჩნდება მაინც, ჰოდა, რა ღირს, მითხარით, და გადავიხდი ნებისმიერ თანხას.
- ახლა რაშია საქმე, თუ იცი, - დაფიქრდა ამ სიტყვებით, მერე კი მითხრა, - ბევრი იმედი მაქ მე - დაწყებული ნახევარი ლიტრიდან, დამთავრებული ორლიტრა ნახევრით - და გააჩნია, რომელ გინდა და. 
- ,,არგო“ იმედი გაქვთ? ორი ლიტრი.
- რაფერ არ მაქვს ,,არგო“ იმედი! - გაიბრწყინა სახე ძალით. - თან ორი ლიტრი. ექვსი ლარი და თეთრი ორმოცი მოიტა.
- აჰა შენ ექვსი ლარი და ორმოცდაათი თეთრი, და ერთჯერადი ჭიქაც მომეცი ერთი ცალი, - ვუთხარი იმ მომენტში, როცა გავუწოდე ხუთ ლარიანი კუპიურა, რკინის ლარიანი და ორმოცდაათ თეთრიანი მონეტა. მერე ვკითხე: - ოთხი წელი გავიდა, და თავის მოკვლაზე ისევ არ გიფიქრია ჯერ?
- არა, ძმა, - ისევ ასე მიპასუხა და თან მომცა ორი ლიტრი ,,არგო“ და ერთი გამჭვირვალე ჭიქა.
- კაი მაშინ, - ვუთხარი ისევ ეს, სხვა რა მეთქვა, ნავაჭრი გამოვართვი და წამოვედი ისევ სასტუმროსკენ.  
გამოვდგი თუ არა ფეხი მაღაზიიდან და ორი მეტრი გავიარე, მოშიშვლებულ, ფერმკრთალ მხარზე წვიმის მეტად ცივი წვეთი დამეცა, რამაც ისევ ზუსტად ის მაფიქრებინა, რომ ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად აზრიან სამყაროს უაზროს დაარქმევს, თავად გრძნობს საკუთარ თავს უაზროდ, მაგრამ საგნისთვის უაზროს დარქმევაში ის უკვე აზრს ნელ-ნელა ხედავს, და იცის, ფაქტი, ნესვის დიდი და მძიმე ნაყოფი რომ პატარა და სუსტ ბალახსაა გამობმული, ხოლო კაკლის მსუბუქი და პატარა ნაყოფი - უზარმაზარ ხეს, ერთი შეხედვით უსამართლობაა, მაგრამ, როგორც კი დაწვება კაკლის ხის ქვეშ და თავში ნაყოფი დაეცემა, ხვდება, ნესვი რომ დაცემოდა, კიდევაც გაუხეთქავდა თავს. მეორე წვეთიც რომ დამეცა ახლა უკვე მეორე მხარზე, ფიქრი შევწყვიტე, რადგან ისე მომინდა უცებ დალევა, რომ გონების ყველა წერტილიდან გამომავალი უხილავი ძალწირი ლუდის ბოთლისკენ გამექცა. ნაბიჯის სიჩქარეს მოვუმატე საგრძნობლად. საკუთარ აზრებს ისე ვყავდი დატყვევებული ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ყოველ დღე დღეში რამდენჯერმე ვსვამდი, მაგრამ განა იმიტომ, რომ დალევა ან ფიქრს ასუსტებს - არადა, პირიქით, აძლიერებს კიდეც მომენტებში - ან იმიტომ, რომ ცუდ გუნებაგანწყობილებას კარგით ცვლის, არამედ, რა ვიცი... არ ვიცი, რატომ. ალბათ, მიზეზი მაინც ის იყო, რომ ჩემს სულში არსებული სიცარიელე ხორცში არსებული სიცარიელე მეგონა, და მუცელს ვივსებდი სასმლით; ანდაც იმიტომ, რომ ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემას მიდუნებდა და ტვინზე აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ ვიღებდი, ის კი აკეთებდა ყველაფერ იმას, რის უფლებასაც ჩემი ადამიანური არსება არ ან ვერ აძლევდა ხოლმე. სასტუმროშიც მაგიტომ მიმქონდა ლუდი იმ დღეს, ხომ ხვდებით. გზაში, რომლის გავლა ხუთ წუთში თავისუფლად შეიძლებოდა, ძლიერად გამიწვიმდა, მაგრამ სისველეს, რაღა თქმა უნდა, არ შევუშინდი, და გავაგრძელე სიარული კუს ნაბიჯებით. თავიდან ვიფიქრე, ნომერში ავალ-მეთქი, მაგრამ მერე ერთი კონტრარგუმენტის გარეშეც უარვყავი პირველი აზრი, და გადავწყვიტე ისევ იმ აივანზე ჯერ ასვლა და შემდეგ გასვლა, რომლიდანაც დავეშვი მაღაზიაში. 
აივანზე რომ ავედი, ქვევით აღარ ჩამიხედავს, თორემ, ვიცოდი, ერთიც რომ გადამეხედა, შეიძლებოდა მართლა გადავმხტარიყავი. მივჯექი კუთხეში, ცივ იატაკზე საჯდომი დავდე, გაყინულ მოაჯირს ზურგი მივაჭდე, თუმცა შემეშინდა, არ მოტყდეს და მე არ გადავვარდე-მეთქი. სიკვდილი რომ გინდა ადამიანს, ესეიგი რაღაც ძლიერი და ფასეული გაკლია. ჯოჯოხეთის სტანდარტებით, მშვენიერი საღამო იყო. ცხელოდა. ჭიებისგან გამოხრული ასწლოვანი ხმელი ბაობაბივით იწვოდა დედამიწა, ხოლო ცა თითქოს ჯიბრზე ამატებდა ცეცხლზე ნავთს. წვიმდა. ზეცის ერთ მხარეს შავი ღრუბლების მასიური ფენა მოგროვილიყო, იგივეს თქმა შეიძლება მეორე მხარეზეც, მაგრამ შუაში ამ ღრუბეთა მასებს ჰყოფდა ვარსკვლავებით სავსე გრძელი ვაკუუმი, ლურჯ-მოიასამნისფრო. პირდაპირ რომანტიულ და სასიყვარულო ხასიათზე მოვიდოდა ადამიანი ამ ცის შემხედვარე, და მეც ასე მომივიდა, ეჰ. ჰოდა, ვინ, ვინ ჩავიხუტო-მეთქი გულში, ვფიქრობდი, და ავიღე ლუდის ბოთლი, ჩავიკარი და ჩავბურჯღნე. ამ დროს შემოაღეს მეოთხე სართულის აივნის კარი. კისერი ჩრდილო-დასავლეთით მოვაბრუნე, თვალები ფართოდ გავაღე, და რას ვხედავ - გოგოა, თან ისეთი, რომ, მართლა, როგორც კი დავინახე, შემიყვარდა. სახე ჰქონდა წვრილი, ულამაზესი, ცხვირიც ასეთივე წვრილი და ლამაზი ჰქონდა, პატარა და ოდნავ წაწვეტებული; თვალები - ოდნავ მოჭუტული, თვალის ფერადი გარსი - შავი, შავი; ტანი ჰქონდა, როგორც ყველაფერი, წვრილი, გამხდარი და გამოყვანილი - ზუსტად ისეთი, შეხებას რომ დააპირებ, ხელი აგიკანკალდება და გადაიფიქრებ; მისი ფეხებიც წვრილი იყო, მაგრამ, სუსტიო, ვერ იტყოდით; თმა ქერად ჰქონდა შეღებილი, მაგრამ ბუნებრივი ფერიც უჩანდა თმის ღერების თავებში. მოკლედ, სიყვარული იყო, რა - რა აზრი აქვს გარეგნობას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი ვილაპარაკე. რომ გამოვიდა აივანზე და მკაფიოდ დამინახა, უკან გაბრუნდა და გასვლა დააპირა, მაგრამ წამოვხტი და შევაჩერე. მე გავალ-მეთქი, რომ ვუთხარი, არა, რას ამბობო, ასე მიპასუხა, და უფრო შემიყვარდა. ისეთი გოგო იყო, უეჭველად ღვთისმშობლის სახელი უნდა რქმეოდა, მაგრამ ამხელა პასუხისმგებლომის მორიდებოდა და ერთი ასო ჩამოეშორებინა. ასეც იყო. 
- დავრჩები, კარგი, - თქვა ბოლოს, - მაგრამ შენც დარჩი. არ მინდა, ცუდად გამოვიდეს. 
- ჩემი ყოფნა თუ გაწუხებს, - ვუთხარი უხერხულად, რადგან ,,თქვენობით“ მინდოდა საუბარი, თუმცა, რახან თავად არ დაუწყია ასე, არც მე დავიწყე, - მაშინ წავალ, რადგან, არ მინდა, მხოლოდ ნამუსის გამო გაატარო დრო იმ ადამიანთან, ვისაც არც იცნობ და, თან, ლუდის სუნი ასდის და ბოთლიც გვედზე უდგას.
- არა, არა, - მშვიდად თქვა, - რახან ასეა, ასეც იყო საჭირო. ,,განგებასა ვერვინ შეცვლის - არ საქმნელი არ იქმნების“, - შოთას* სიტყვები გაიმეორა და გამიღიმა. რა ღიმილი იყო!.. კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. 
- ეგრეა, - დავეთანხმე, - ,,არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა“. 
- მართლა ასე ფიქრობ? - მკითხა და ოდნავ სევდიანად, მაგრამ უმშვენიერესად ამომხედა - ჩემზე დაბალი იყო საკმაოდ, - თუ უბრალოდ იმიტომ თქვი, მე რომ ვთქვი პირველად?
- არა, მართლა ასე მგონია, - ვუპასუხე და, რეალურად, არც მომიტყუებია.
- რატომ სვამ? რა ლამაზი ცაა, ნახე, - ცას არ ვუყურებდი, მაგრამ მარია კი ლამაზი იყო.
- მარია... - აღმომხდა კიდევაც.
- ვიცნობთ ერთმანეთს? - ძალიან გაუკვირდა და, მგონი, შეეშინდა. 
- შარშან ილიას უნივერსიტეტში შოპენის საღამოზე უკრავდი, და იქიდან მახსოვხარ, - არც კი ვყოფილვარ იქ, მაგრამ, ხომ ხვდებით.
- ე, იქ იყავი? - გაებადრა მთლიანი სახე, - რა მაგარია! არ მახსოვხართ, არადა ცოტა ხალხი იყო.
- არაუშავს. პირველ რიგში ვიჯექი, ისე. ასეთი ძლიერი კონცერტი ბოლოს როდის მოვისმინე, არ მახსოვს, - ვუთხარი და ისევ მომინდა თავის მოკვლა უცებ, წამის სიძლიერით. ავიწიე ფეხისწვერებზე, გადავიხედე აივნიდან, მერე მარიას ვკითხე: - გადახტებოდი?
- არა, - მიპასუხა, მერე კი წამსვე მკითხა: - შენი სახელი?
- ალიკა ვარ მე. რომ გადავხტე, გეწყინება?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ არ გადავხტები.
- რამდენი ვარსკვლავია, თუ ხედავ, - ცაში იყურებოდა თვითონ, თითქოს აქ არ იყო, - წვიმაც კი არ მოდის ღრუბლებიდან, უყურე, არამედ - ამ ცარიელი ადგილიდან. თითქოს მოსემ გაყოო შუაზე, არა? წარმოიდგინე, სამყაროში, დაახლოებით, ორასი მილიარდი გალაქტიკაა; დედამიწა კი, უყურე, სად მდებარეობს: მზის სისტემაში, რომელიც, თავის მხრივ, ,,ირმის ნახტომის“ გალაქტიკაშია, ,,ირმის ნახტომი“ - ლოკალურ გალაქტიკების ჯგუფში; ეს ჯგუფი შედის გალაქტიკათა გროვაში, რომელიც თავად შედის ქალწულის თანავარსკვლავედში; ეს ქალწულის თანავარსკვლავედი, რომელიც ორიათას გალაქტიკას იტევს, ეკუთვნის ლანიაკეას გალაქტიკურ ზეგროვას, რომელიც უკვე ასიათას გალაქტიკას მოიცავს. ხვდები, ალიკ, როგორი პატარები ვართ? - ღმერთო, როგორ არ მინდოდა, ისევ იმ სიტყვებით გაეგრძელებინა, რაც ოთხი წლის წინ მქონდა მოსმენილი! ასე წაიყვანა საუბარი შემდეგ მარიამ: - ძალიან, ძალიან პატარები ვართ, მაგრამ - რა საოცრებაა - მთელი ეს ვარსკვლავები იმ ატომებისგან შედგებიან, რა ატომებიც ჩვენს შემადგენლობაში შედის. ჩვენ დიდი ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ იგივე წონა გვაქვს - თუ უფრო მეტი არა - როგორც იმ ვარსკვლავს, აი, ყველაზე ძლიერად რომ კაშკაშებს. ჩემიც, შენიც და სირიუსის, აგერ რომ მოჩანს, ატომები ერთ მომენტში წამრმოიქმნა, უბრალოდ, სამყაროს გაფართოებასთან ერთად, სივრცის სხვადასხვა წერტილში აღმოჩნდა, გესმის? შენ ის ხარ, რაც ეს ვარსკვლავია, რაც მე ვარ, რაც ეს მზეა, რაც სამყაროა. ადამიანი მხოლოდ სამყაროს ნაწილი კი არა, არამედ სრული სამყაროა. გგონია, სამყარო სხვა ატომებისგან შედგება? გგონია, სამყარო არ ფიქრობს, არ გრძნობს, ვერ ხედავს? სამყარო - ეს შენ ხარ, მე ვარ, ერთად და ცალ-ცალკე. ყველაფერს აქვს აზრი ამ ქვეყანაზე.
ენა ჩამივარდა. ზუსტად სამყაროს გაფართოების სიჩქარით ფართოვდებოდა ჩემი სიყვარული მარიას მიმართ. უნდა მეკითხა, რატომ არ ჰყავდა შეყვარებული? თუ არ უნდა მეკითხა? მე ვფიქრობ, სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელიც ადამიანს სამოთხიდან შემორჩა, და მხოლოდ ეს გრძნობა დააბრუნებს მას ედემში. ადამიანს ყველაფერი რომ ჰქონდეს, მაგრამ სიყვარული - არა, ეს იგივეა, არაფერი რომ არ ჰქონდეს. მოკლედ, მერე, როგორც ყოველთვის, ცნობისწადილმა რომ გადაწონა სხვა ყველაფერი და იმ ხერხს რომ მივმართე, რომლითაც ანას ცხოვრება შევიტყვე და მარიას შოპენის საღამო, ისიც დავინახე, რომ ამ ჩემ წინ ატუზულ გოგონას, რომელიც, ეჭვი არ იყო, შემყვარებოდა, ვიღაცა ჰყავდა - ანუ, ხომ ხვდებით, ურთიერთობა ჰქონდა ჩემზე უფროს კაცთან, ასე ოცდაათი წლის. 
ისევ მომინდა სიკვდილი, იმ აივნიდან გადახტომა. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, სიყვარულის ნაკლებობას ვერაფერი შეავსებს, თუმცა თავად სიყვარულს სხვა ყველა დანარჩენი სიცარიელის შევსება შეუძლია. თუ ადამიანს სიკვდილი უნდა, ეს ნიშნავს, რომ მას ცხოვრებაში ჭეშმარიტი ხელოვნება სჭირდება, მაგრამ, თუ ადამიანს, კონკრეტულად, თავის მოკვლა უნდა, მას აუცილებლად სიყვარული აკლია.
რა ვიცი. არ ვიცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი