3.14


,,იძლევა დრო-სივრცე იმის საშუალებას, რომ დროისმაგვარი მრუდი დახურული იყოს? ანუ, შესაძლებელია თუ არა, დროისმაგვარი მრუდი საწყის წერტილში ბრუნდებოდეს? - ასეთ კითხვებს ვუსვამდი საკუთარ თავს იმ საღამოს, როცა მაგიდაზე ჭიქა და ნახევარი ბოთლი შტროხი მედო, - თუ დამკვირვებლები დრო-სივრცის გარეთ მოხვდნენ, უსასრულობაში, განა, იმას იფიქრებენ, რომ მათი მოგზაურობა დრო-სივრცეში მოხდა? - შტროხი ჭიქაში დავასხი  და ხახაში გადავუძახე, - კოსმოსური სიმი არის გრძელი და ძალიან წვრილი ობიექტი. ერთი კოსმოსური სიმის გრავიტაციული ველი ბრტყელი და გახვრეტილი სივრცეა, რომელსაც ბოლოში გააჩნია ეს სიმი. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი კოსმოსური სიმის გარშემო  ივლის, მანძილი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, დრო კი საერთოდ არ მოექცვა ზეგავლენის ქვეშ. ანუ, ერთი კოსმოსური სიმის გარშემო არსებული დრო-სივრცე დახურულ დროისმაგვარ მრუდს არ შეიცავს. მიუხედავად ამისა, თუ მეორე კოსმოსური სიმი პირველის მიმართ მოძრაობს, სივრცის დისტანციაც მცირდება და დროის ინტერვალიც. თუ კოსმოსური სიმები, ერთმანეთთან შეფარდებით, თითქმის სინათლის სიჩქარით იმოძრავებენ, ორივე სიმის გარშემო არსებული დრო შეიძლება ისეთი დიდი რაოდენობით დაიზოგოს, რომ ადამიანი მგზავრობის დაწყების  დრომდე რამდენიმე ხნით ადრეც კი დაბრუნდეს იქ, საიდანაც დაიწყო. ანუ, არსებობს დახურული დროისმაგვარი მრუდები, რომლებსაც შეგიძლია გაჰყვე და დროში იმოგზაურო. ასევე, არსებობს პარალელური სამყაროები უსასრულობას გამოკლებული ერთი რაოდენობით. ჩვენ წარსული იმიტომ გვახსოვს, რომ ის უკვე მოხდა, მაგრამ, თუ პარალელურ განზომილებაში ჩვენი მომავალი მეორე ჩემი თავის წარსულია, მაშინ შევძლებ თუ არა, გავიხსენო ის, რაც არ მომდარა, მაგრამ, ამავდროულად, მოხდა? და თუ სამყარო უამრავი სხვა სამყაროსგან შედგება, მაშინ რა არის გადასასვლელი გზა მათში? შავი ხვრელი, ნუთუ? სწორია დებულება: ,,როდესაც საწყისი კვანტური მდგომარეობა გრავიტაციულ კოლაფსს განიცდის და იქმნება შავი ხვრელი, მაშინ შავი ხვრელის აორთქლების უკანასკნელი პროცესი იქნება კვანტური; ასევე, შავი ხვრელის მიერ შთანთქმული ინფორმაცია გარე სამყაროსგან სამუდამოდ იმალება და ვერასდროს გამოდის დღის სინათლეზე - მაშინაც კი, როდესაც შავი ხვრელი ორთქლდება და ქრება“? მაგრამ არა, არა მგონია! ვფიქრობ, შავი ხვრელიდან წამოსული გამოსხივება ენერგიას წაიღებს, რის გამოც შავი ხვრელი მასას დაკარგავს და შეიკუმშება; საბოლოოდ, შავი ხვრელი აორთქლდება და სრულიად გაქრება, მაგრამ ინფორმაცია არ დაიკარგება, თუმცაღა გამოუსადეგარი და მეტად უხერხული ფორმით დაბრუნდება - ეს ყველაფერი იმას ჰგავს, წიგნი რომ დაწვა: ფიზიკურად, წიგნში არსებული ინფორმაცია არ დაიკარგება, თუ მთელ კვამლს და ფერფლს შევაგროვებთ, მაგრამ მისი წაკითხვა იქნება ძლიერ რთული და თითქმის შეუძლებელი,“ - შტროხი მოვსვი, შუა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს მივაბჯინე, საფეთქლებზე მივიდე, დავიზილე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ფიზიკისა და ასტროფიზიკის თემა იმ მომენტშივე უნდა ამომეწურა. ასეც მოვიქეცი - მეტი ფიქრი აღარც გამიგრძელებია არც დიდ აფეთქებაზე, არც შავ ხვრელებზე და არც სხვა მსგავს თემაზე. 
- მრავალო, მრაავაალოო, დასალევად წაავალო, - წავიღიღინე ბარიტონულად, მაგრამ, როცა მივხვდი, ,,წავალო“ უაზრობა იყო ჩემი მხრიდან, გადავაკეთე: - დასალევად ჩავაალო, - თუ გაინტერესებთ, სად ,,ჩავალო“, გეტყვით: ჩემი არც ისე მოკრძალებული სახლის პირველ სართულზე, რადგან იქ მაქვს ყველანაირი სასმლის ყველანაირი ბოთლი - სავსეც, ცარიელიც და ნახევრად სავსეც ან, თუ პესიმისტი ბრძანდებით, ნახევრად ცარიელი. 
დაძონძილი მაისური გავიხადე, მივედი ფანჯარასთან, გადავიხედე, შუშებს შევაფურთხე და, სპირტის სუნი რომ ვიგრძენი ჩემი ფურთხისგანვე ამომავალი, ისევ ავლოკე და უკანვე შევათვისებინე ჩემს ორგანიზმს. ფანჯრის რაფაზე ამოტვიფრულ ტექსტს შევხედე წარსულისკენ სიყვარლით მომზირალი თვალებით - Нет уже сил по барам спиваться, но и нет сил прекращать запой. Нет уже сил хоть за что-то держаться. Весь мой мир словно не мой - და ის დღე გამახსენდა, როცა სამართებლით მეტად მონდომებულად ვჩიჩქნიდი ამ სიტყვებს. მოკლედ, ვგიჟდებოდი უმოქმედობისა და უსაქმურობისგან, ასევე, რაღა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, სმისგან. დავხედე საათს - ღამის სამი საათი და ცამეტი წუთი იყო ზუსტად - და, როცა უსაქმობისგან ხსნა არსაიდან ჩანდა, ჩემმა კარმა გაიღრჭიალა, ნელა გაიღო, ჩემს ოთახში კი ჩემი შავი კატა შემოვიდა, კარლ მარქსის* წვერივით გაბურძგნული, კარი არ მიუხურავს, ისე მომაჩერდა მეგრული წიწაკასავით მწვანე თვალებით.
- რა გინდა, ვლადიმერ ილიჩ? - ვკითხე, რადგან შევატყვე, რაღაცას დიდი ზეგავლენა მოეხდინა მასზე.
- მოვიდა, - მითხრა ჩუმად, თითქმის ჩურჩულით.
- ვინ მოვიდა, ულიანოვ? - დაეჭვებულმა ვკითხე კატას, თუმცა ის, აშკარად, დაზაფრული იდგა და ხმას ძლივს იღებდა.
- ის  მოვიდა, ლუკიანე, ის, - მითხრა და ერთი ღრმად ჩაისუნთქა.
- არ იტყვი წესიერად, ილიჩ, ვინ მოვიდა?! - გავუბრაზდი.
- დილის ვარსკვლავი მოვიდა.
რაკი ეს თქვა, მე წამსვე გავაანალიზე ყველაფერი და ისევ ჩემს კატას მივუბრუნდი:
- ჩადი, ვლადიმერ, და ასე უთხარი, წუთი წუთზე ჩამოვაო, - კატა გაბრუნდა, მაგრამ მერე რაღაც გამახსენდა და ისევ დავუძახე: - ილიჩ!.. მოიცადე. მომისმინე, გარეთ წვიმს, ამიტომ სველი იქნება, ჰოდა გახადე, რაც აცვია, საკიდზე დაკიდე, ბუხარი აანთე და ვისკი მიეცი ან, თუ საკუთარი შემოქმედების გასინჯვა უნდა ახლა, სამოც გრადუსიანი ჭაჭა გადმოუღე და ასე უთხარი, ლუკიანემ შემოგითვალათ, გადაკარით და გაგათბობთო.
ჩემი ძმაკაცი კატა - ვლადიმერ ილიჩ ულიანოვი - კიბეებზე რბილად დაეშვა, მე კი უცებ გამოვივლე პირი მენთოლიანი სავლებით, რომ სასმლის სუნი არ ამსვლოდა, ამოვიცვი სუფთა საცვალი, თეთრი, ფითქინა, ასეთივე წინდები, ნაჭრის შარვალი, ზოლიანი ზედა და შავი პალტო, თითქოს გარეთ გავდიოდი წვიმაში მართლაც. მოკლედ, მეც ნელა ჩავდიოდი კიბეზე, გამბედაობას ვიკრეფდი თითო საფეხურის გაცდენასთან ერთად, და ბოლოს ჩემ წინ ის  გამოჩნდა: ადამიანის ტყავისაგან შეკერილი შავი კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა, გალაკული, შავი თასმები მაღალ შავ წინდებში ჩაეტანა, ერთმანეთზე გადადებულ, გადაჯვარედინებულ ფეხებს ასევე შავი და ასევე კლასიკური შარვალი უმოსავდა; შიშველ, ოდნავ ბეწვიან ტანზე მუქი ლურჯი პერანგი ეცვა, ზედ კი თხელი შავი პიჯაკი შემოეცვა. ცალყბა ღიმილით შემომეგება, ასევე გავუღიმე მეც.
- ცისკრის ვარსკვლავი ამოდის! - წავიმღერე ხმამაღლა კიბის ბოლო ორი საფეხურიდან, - ამოდის, და ორ ზღვას შუა ბრწყინდება!
- ფორმაში ხარ, - შემაქო და გაიცინა, მერე ხელის სკამისკენ გაშვერით მანიშნა, დაჯექიო.
- აბა, აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო? - ღიმილით ვკითხე.
- ყველაზე არაზუსტი ზედსართავი შეგირჩევია ჩემი დახასიათებისთვის, - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, - მაგრამ, ლუკიანე, უნდა გითხრა: აქ რომის პაპის დავალებით ვარ.
- რამხელა ირონიაა - ის ბატონი გზავნის მსახურს, რომელიც თავად იმის მსახურია, ვინც მას ახლა ემსახურება!.. პარადოქსები, იცოცხლე, გიყვართ ორივეს!
- მომისმინე, - დასერიოზულდა, - პაპმა იცის შენი გავლენა ორთოდოქსებზე, და ისიც იცის, რომ შენნაირი მორწმუნე დღეს არ მოიძებნება, ამიტომაც გთავაზობს, დაითანხმე სინოდი, რომ საბოლოოდ გაერთიანდეს ის, რაც უაზროდ გაიყო 1054 წელს - მართლმადიდებლობა და კათოლიკეობა. წარმოიდგინე, მოსისხლე მტრები - კათოლიკები და პროტესტანტები - უკვე შეერთდნენ, და რა სჭირს მართლმადიდებლობას? განა, არ კარგავს ძალას და გავლენას თუნდაც ხალხზე, როცა ხედავენ, როგორი დასუსტებულია ეკლესია?
- შენ მე სულელი გგონივარ, ვარსკვლავო? - მეც დავსერიოზულდი უკვე, - 1054 წელს მოხდა დიდი განხეთქილება - სქიზმა - და მიზეზი ჩემთვისაც კარგად ცნობილია და, მითუმეტეს, შენთვისაც: კათოლიკურმა ეკლესიამ სარწმუნოების სიმბოლო - მრწამსი - შეცვალა ფილიოკეს ჩამატებით; თუ პაპს უნდა შერიგება, ჩამატებული უნდა ამოიღოს, ხომ იცი.
- ლუკიანე, მომისმინე...
- არა, დამაცადე, - შევაწყვეტინე, - მამა, ძე და სულიწმინდა; მამა - პირველი ჰიპოსტასი, შემოქმედი, არავისგან იშვება და არავისგან გამოდის; ძე - მეორე ჰიპოსტასი, მამისგან შობილი; სულიწმინდა - მესამე ჰიპოსტასი, მამისგან გამომდინარე. ვარსკვლავო, კათოლიკური ეკლესიის მიერ მოხდა უაზრობის ჩამატება მესამე ჰიპოსტასის ბუნებაში - თითქოსდა სულიწმინდა ძისგანაც გამომდინარეობს, რაც ჭეშმარიტად უხეში დარღვევაა - რა გამოდის, სულიწმინდა ღვთისმშობელს მიუდგა და იშვა იესო, სრული ღმერთი და სრული კაცი? თუ სულიწმინდა ძისგანაც გამომდინარეობს, ვიღებთ ინცესტის მსგავს დარღვევას და უაზრო პარადოქსს - ანუ, შვილიც მიუდგა დედას. მეორე სერიოზული დარღვევა, ჩემო ვარსკვლავო, არის დოგმატი მარიამის ყოვლად... - აქ სიტყვა გავწყვიტე, რადგან აზრზე მოვედი, - ჯანდაბა, ვარსკვლავო, სულ დამავიწყდა, ვის ველაპარაკებოდი, - და გამეცინა, - ვიცი, იქ იყავი, და ისიც ვიცი, რომ ეს ყველაფერი შენთვისაც ცნობილია - განა შეიძლება, არ იცოდე? მოკლედ, ჩემი პასუხი ნათელია, თუმცაღა გაფასებ, რომ იმედი არ დაკარგე და ამხელა გზა გამოიარე ჩემთვის. ერთი ხომ არ დაგველია რამე, შენი თაოსნობით შექმნილი? ,,Finlandia“ მაქვს ლურჯიც და წითელიც - აირჩიე.
თუმცა დილის ვარსკვლავს არაფერი აურჩევია, უბრალოდ გაწბილებული - თუმცა, არ იმჩნევდა - და იმედგაცრუებული სახით მომაჩერდა, საკიდზე ჩამოკიდებული მშრალი შავი პალტო მოიცვა, კარი გააღო და წვიმაში გაუჩინარდა. გამოვიხურე მე კარი, რაგდან შემცივდა ცოტათი და შემეშინდა, არ გავცივებულიყავი. წავედი სასმლების კარადისკენ, დავხედე ჯერ ლურჯ, ხოლო შემდეგ წითელ ,,Finlandia“-ს და, რომ ვერ გადავწყვიტე, რომელი დამელია, ორივე თითო ჭიქა ჩამოვისხი და გადავკარი. შემახურა სხეულში. საათს რომ შევხედე, სამი და თხუთმეტი იყო ჯერ მხოლოდ. გამიკვირდა, ნუთუ სულ ერთ წუთში მოვასწარით-მეთქი ამდენის თქმა. ამ დროს სამზარეულოდან ვლადიმერ ილიჩი გამოვიდა, კუდს ინტერესით აქიცინებდა, მერე კი გვერდზე მომიჯდა. გაკვირვებულმა შევხედე და ვკითხე:
- ილიჩ, ხომ არ იცი, რა უნდოდა?
- აბა, მე რა ვიცი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი