C2H6O


ვერ მოგატყუებთ, არ მახსოვს, ციოდა თუ არა, მაგრამ მგონია, რომ, წესით, სიცივე უნდა ყოფილიყო, თუ გაჩერებაზე აღმართულ ელექტრონულ აბრას დავუჯერებთ, რომელიც ხან 2017, ხან 2033, ხანაც 2098 წელს აჩვენებდა ეკრანზე. მოკლედ, შიშველ, ძუძუსთავების გარშემო უმეტესად თმიან ტანზე ჩემი მტვრისფერი პალტო შემოვიცვი, ზოლიანი კაშნე ყელზე თვითმკვლელის თოკივით გავიკვანძე, ფეხები, ქუსლზე გახეულ ჭრელი წინდებით, ტალახიან ბათინკებში ჩავყავი, მერე, რახან წითელი ტრუსებისა და ჩემი სამში გრძელის ამარა ვიყავი, შარვალში ჩავყავი ცოტათი მეტად ბანჯგვლიანი, მაგრამ მაინც კარგად გრძელი ფეხები, რომ დამესვარა და ბათინკებიდან შარვლის შიდა მხარეზე გადასული ტალახი ჩემს ბეწვებს შეზელოდა. ცალსახად ვერ იტყოდით, ოფლის სუნი ამდიოდა, უკანალის წვენის თუ ზანგის, მაგრამ ნესტოებს თავადაც მიწვავდა. გავიარე მერე სამზარეულოსკენ, გამოვაღე გამორთული მაცივარი - იქნებ ამ ერთხელ გამიმართლოს და რამე სასმელი დამხვდეს-მეთქი, ვფიქრობდი და ვოცნებობდი, მაგრამ სულ ტყუილად: ერთი კვერცხი მქონდა - ან, თუ ჩათვლით, სამი - და ერთიც მაიონეზი. ავიღე ეს ,,სლობოდა“, მოვხსენი თავსახური, მოვუჭირე ხელი ბოლოში და პირში ჩავიცალე. ა, ეგრე-მეთქი, მახსოვს, გავიფიქრე. მაგრამ ვეღარ ვითმენდი, ამიტომ მამაჩემის დანატოვარი სუნამოების კოლექციისკენ გავწიე, Bleu de Chanel Paris ამოვიღე, თავსახური და ის მოვხსენი, საიდანაც დეოდორანტივით ასხამს, და პირში ნახევრამდე ჩავიცალე, რომ ჩემს სისხლში  C2H6O-ს - სპირტის ან, თუ გნებავთ, ალკოჰოლის - რაოდენობა დამებალანსებინა. ენა და სასა სასტიკად ამეწვა, მართალია, მაგრამ თავი მაინც უკეთ ვიგრძენი. მერე, მეთქი, ეს სპირტი უეჭველად ნაჯერ ნახშირბადატომთან მიერთებულ ერთ ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფს შეიცავს და ერთ ატომიანია, ჰოდა მე რა უნდა დამაკლოს-მეთქი, - პირიქით. ამიტომ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ წყალი მინდოდა. წავედი კიდეც სამზარეულოში ისევ, მოვუშვი ონკანი, დასაჭრელი ფრჩხილები წყლით გავივსე და ასე ვსვამდი H2O-ს. მერე შტეფსცელს - სინამდვილეში, დენცქვიტას - მოვკარი თვალი, და გამახსენდა, რომ დენი არის დამუხტული ნაწილაკების მიმართული და მოწესრიგებული მოძრაობა, მაგრამ ხანდახან და უმეტესად, შესაძლოა, ნაწილაკები მოწესრიგებულად არ მოძრაობდნენ, მაგრამ მთავარია, მათი მოძრაობა მიმართული იყოს - ანუ, ესეც დენია. მერე ისიც გავიხსენე, რომ დენის მახასიათებლად შემოიტანეს დენის ძალა - I - რომელიც პირდაპირპროპორციულია ძაბვისა - U - ხოლო უკუპროპორციულია წინაღობისა - R; ასევე I=q/t, ეს კი ნიშნავს, რომ დენის ძალა ტოლია გამტარის განიკვეთში გამავალი მუხტის ფარდობისა იმ დროსთან, რა დროშიც ამ მუხტმა გაიარა. შემდეგ ის, რომ მე დენის ძალა გამახსენდა, და ის, რომ წყალს ვსვამდი, რაღაცნაირად დავაკავშირე, საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ წყალი ძალიან კარგი გამტარია, რადგანაც მისი აგებულება წინაღობას არ აძლევს საშუალებას, დიდი რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდეს. მოკლედ, ვიფიქრე, ძალიან ბევრ წყალს დავლევ, მერე კი დენცქვიტაში თითებს შევყობ - იქნებ, დენმა დამარტყას და მოვკვდე-მეთქი. გავაკეთე კიდეც, მაგრამ ოდნავ მიჩხვლიტა ნემსივით, ამიტომაც ამ საქმეს თავი დავანებე და გარეთ გავედი სახლიდან.
ჩვიდმეტ ნომერ სამარშრუტო ტაქსს დავაჯექი, რადგან ზუსტად ორმოცდაათი თეთრი მქონდა, მე კი დახარჯვა მინდოდა. გადაიარა ხიდი, გაღმა და გამოღმა რუსთავს რომ აკავშირებს. ისე, რუსთავი უნიკალური ქალაქია - მხოლოდ რუსთაველი თუ დაბრუნდება, გაღმა გასული, მშვიდობით უკან. მერიასთან მოუხვია, მერე ორმოცდაათ მეტრში ისევ შეუხვია, მერე კი აღარ მიმიქცევია ყურადღება, რას აკეთებდა - მარტო იმაზე ვფიქრობდი, ეს მძღოლი ნერვებს მიშლის-მეთქი; დავგეგმე კიდეც გონებაში, ახლა ავდგები, თმის ღერებს მტკივნეულად დავაწიწკნი და, გაბრაზებული რომ შემოიხედება, ცხვირში შევაფურთხებ ან ნიკაპზე შუა თითს მივადებ-მეთქი, მაგრამ, საუბედუროდ, აღმოჩნდა, რომ თავის ბოლო გაჩერებამდე უკვე მიეღწია და მე მიცდიდა, როდის ჩავიდოდი და, შესაბამისად, ფულს მივცემდი. ოქროსფერი ორმოცდაათ თეთრიანი ამოვიღე და მძღოლის თვალწინ ისე შევათამაშე, თითქოს ფილოსოფიური ქვა მჭეროდა ხელებში, მერე გავუწოდე, ხელის გულზე დავუდე, თითები მოვუმუშტე, მყარად გეჭიროს-მეთქი, თვალი ჩავუკარი, ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნდე და ჩავედი. ჩემგან მარჯვნივ ეკლესია იდგა, პირდაპირ - ჩრდილოეთით - ქალაქის საავადმყოფო, ხოლო პირაპირ და მარცხნივ - ჩრდილო-დასავლეთით - ფსიქიატრიული კლინიკა. ჰოდა, ჩრდილო-დასავლეთისკენ წავედი, ჭიშკართან შევჩერდი და დავიყმუვლე, რომ ძმებს გაეგოთ, ვინ მოსულიყო. იმ წამსვე ვიგრძენი პალატებიდან წამოსული მღელვარების ნაკადი. მიმღებში დავდექი, მორიგე ექიმთან მივედი და ვუთხარი:
- ნაპოლეონი აქ გყავთ?
ერთი კარგად შემათვალიერა - დარწმუნებული ვიყავი, მოვეწონე - და მხოლოდ მერეღა მიპასუხა:
- დიახ, ორი, - და გაიღიმა, - ერთი ნამცხვარია, მეორე - იმპერატორი.
- იმპერატორთან მოვედი, - თვალი ჩავუკარი. 
- აჰა, - ფურცლებში ქექვის შემდეგ მითხრა, - მედოიძე ნიკოლოზის ვინ ხართ?
მე, ცბიერმა, ფურცლისკენ თვალი გავაპარე, სადაც ზემოთ ხსენებული სახელი და გვარი ეწერა, მერე კი მის გასწვრივ ამოვიკითხე: ,,ასაკი - 56 წელი“. 
- ძმის შვილი ვარ, - ვუთხარი, თუმცა მაინც გავრისკე - იქნება და, ძმა არ ჰყოლოდა.
- მაშინ აქეთ მობრძანდით, - გამიძღვა, - ამ ბოლო დროს აგრესიული აღარაა, რაც ძალიან გვახარებს. მაგრამ, ისე, აქამდე არასდროს მოსულხართ აქ. რამე ხომ არ მოხდა? თუ რაიმე ისეთი ამბავი გაქვთ სათქმელი მისთვის, ჯობია, ვიცოდეთ...
- არა, არა! - შევძახე, - უბრალოდ, Ich bin gerade aus Leipzig angekommen, და ნახვა მომინდა, ფისუნი, - და მხარზე ხელი დავადე.
მოკლედ, მედოიძე ნიკოლოზ-ნიკა-ნიკოლაის თავიდან მის - ანუ, ნაპოლეონის - დიდებაზე ვესაუბრე, შემდეგ მის ძლიერ მხარეებს მოვუხარე ქედი, ბოლოს კი ვეჩხუბე, სულელი ხარ, ვატერლოო რომ წააგე-მეთქი. დადუმდა, სუნთქვა შეკრა, კრიჭა გახსნა, თქვა, აღარ ვარო ნაპოლეონი, და ტირილი დაიწყო. რა გინდაო, მკითხა კიდეც. 
- გეჩხუბებიან აქ, ძმისგულო? არ ჯერათ შენი?
- მწყინს, - მითხრა.
- ვინც გაწყენინებს, ისე უყურე, როგორც - შენზე სუსტს, - ვუთხარი, - პატარა ბავშვმა რომ ხელზე გიკბინოს, გადაუხდი სამაგიეროს? არა. ჰოდა, არც არავის გადაუხადო, იმიტომ, რომ ბოროტები კი არა, სუსტები არიან. შენ ზღვა ხარ, ნიკოლაი, და ზღვა არასოდეს გადმოდის კალაპოტიდან იმის დასახრჩობად, ვინც მას ქვებს ესვრის. 
გამოვედი. 
მორიგე ექიმს ვთხოვე, ძალიან კი მრცხვენია, მაგრამ ხუთ ლარიანი ხომ არ გექნებათ-მეთქი? გერმანული ფული ბანკში მაქვს, ისე კი ჯიბეში ხუთი თეთრიც არ მიგდია-მეთქი. მომცა, კეთილი იყო. ზედა ტუჩსა და ცხვირს შუა ამოწვერილ ქალურ ულვაშებზე ვაკოცე, ერთ ღერს კი ენაც ავუსვი. მადლობა-მეთქი, ვუთხარი და წავედი.
ამბობენ, ღვინო ღმერთმა შექმნა, არაყი კი - სატანამო. ამიტომაც ლუდი ვიყიდე. 
ვსვამ ახლა და, დამიჯერეთ, არაფერი მაწუხებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი