თანამეცხედრე
,,ანუ, მიცნობთ და მე არ გიცნობთ? შემთხვევით დამამატეთ მეგობრებში, მე დაგამატეთ, თუ?..“ - ასეთი იყო მისი პირველი სიტყვები ჩემდამი, რომელიც გაისმა არა მისი ბაგეებისგან მოწყვეტით, არამედ - ჩემს გონებაში, რამეთუ ასეთი არაფერი უთქვამს, მაგრამ მომწერა. ,,თქვენ დამამატეთ, შემიძლია დაზუსტებით ვთქვა,“ - სამ წამიანი ფიქრის შემდეგ ვუპასუხე ასე. ნუ გაიკვირვებთ - სამ წამში ადამიანი რამოდენიმე სიზმრის ნახვასაც ასწრებს, არამცთუ - ფიქრს. მაგრამ, იქნებ, ფიქრი უფრო მძიმეა ასაწევად, ვიდრე - სიზმარი? ,,ბოდიში, ბატონო დემეტრე, გასაგებია,“ - ასე მომწერა და, როგორც მე მივხვდი, ჩემმა მოკლე და, ცოტა არ იყოს, ცივმა პასუხმა, ერთის მხრივ, უკარნახა, რომ ან არ მეცალა, ანდაც, უბრალოდ, სურვილი არ მქონდა მიმოწერის გაჩაღებისა. არ იყო ტყუილი ეს მოცემულობა, მართლა, მაგრამ რაღაცა უხილავი მაინც მაიძულებდა, რომ ქალს ასე უზრდელურად - მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავად იქცევიან საშინლად ამ კომპონენტში - არ მოვქცეოდი. ,,ისე, მეცნობით, მაგრამ არ გიცნობთ, ზუსტად ვიცი,“ - მაინც მივწერე. და თუმცა იმის მეტი, რომ ამ შეტყობინებას ნახავდა, იმედი არ მქონია არაფრისა, მაინც გამომეპასუხა ოდნავ უცნაურად და, შეიძლება ითქვას, მოულოდნელადაც: ,,თავად არ ვიცნობ საკუთარ თავს, ამიტომ გასაკვირი არაა, თქვენც არ მიცნობდეთ“. ,,კარგი ნათქვამია, მაგრამ ეგ ისედაც ყოველთვის იგულისხმება და, შესაბამისად, სხვა რამ ვიგულისხმე, უფრო მარტივი, ქალბატონო ნატაშა,“ - ისე ვიფიქრე, რომ პათეტიკური ქალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, შევცდი. რომც არ შევმცდარიყავი, მაინც, განა ცნება ,,პათეტიკურობა“ და ,,ბანალურობა“ იმის შემოღებული არაა, ვისაც რეალობისგან თავის არიდება სურს? რადგან ნებისმიერი არსებული რეალობა პათეტიკურია და ბანალური. ,,ჰო, ყველაფერი რთულად მარტივია“, - სიმართლე ვთქვა, ამ პასუხმა ძლიერ გამაღიზიანა, ამიტომ ჩემი შუბლზე შეკრული კიკინა - იმ სიგრძე თმა არ მქონდა, რომ უკან შემეკრა, მაგრამ იმ სიგრძისა კი მაინც იყო, რომ თვალებზე ჩამომშლოდა ხოლმე - გავიხსენი და, გაბრაზებულ-გაღიზიანებულმა, დასაბანი თმა პირდაპირ თვალებზე ჩამოვიყარე, მერე წელში მოვიხარე, სახელოები ავიკაპიწე და კომპიუტერის ეკრანს ჩასაფრებული ლომივით შევხედე. ,,რთულად მარტივი კი, მაგრამ მარტივად რთული თუა, ეგაა მთავარი,“ - აი, ასე ვუპასუხე. ,,არა, - წამსვე მომწერა, - აბსოლუტური არაფერია სამყაროში, მაგრამ სამყარო, თავის მხრივ, აბსოლუტურია ყველა კომპონენტში,“ - მიუხედავად იმისა, რომ რთულად დასაკავშირებელი იყო წინა შეტყობინებასთან ეს, მაინც დავაკავშირე, რადგან ამ სიტყვებში გამოიკვეთა ამ ქალის სახე ყველაზე უკეთ. ,,ჩვენი სამყაროს აბსოლუტურობას დასაწყისი ჰქონდა, ამიტომ დასასრულიც ექნება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურობაც არაა აბსოლუტური,“ - ნელ-ნელა ვართულებდი მეც და, ეჭვი მქონდა, ისიც. ,,დასაწყისიც უსასრულოა - რაღაცის დაბადება არაფრისგან. არაფერიც ხომ რაღაცისგან დაიბადა. დაბადებამდეც უსასრულობაა და მას შემდეგაც. ზუსტად უსასრულობაა აბსოლუტური, მაგრამ ისიც მხოლოდ თეორიულად,“ - ღრმად მოაზროვნე ქალი ყოველთვის ყველაზე საშიშია. ,,არაფერი“ უფრო დიდი ყველაფერია, ვიდრე - ,,ყველაფერი“. ამიტომ, თუ ,,არაფერი“ უსასრულობაა, მაშინ ის უსაზღვროა, მაგრამ თუ ,,არაფერი“ ,,ყველაფერია“, და ,,ყველაფერს“ საზღვრები აქვს, მაშინ ,,არაფერიც“ სასრული გამოდის და, შესაბამისად, უსასრულობაც, სასრული უსასრულობა კი, ცხადია, უსასრულობა აღარ არის,“ - ასე თუ უნდა, უფრო განვანათლებ-მეთქი, გადავწყვიტე. ,,მთელი აღმოსავლური ფილოსოფია დაბადებიდან დაობს: ყველაფერი ან არაფერი. მე მგონია, ასეთი რადიკალური ფიქრი შთამბეჭდავი, მაგრამ ოდნავ უსაფუძვლოა, - წარმოვიდგინე, როგორ ლაპარაკობდა, როგორ ამბობდა ამ სიტყვებს, - უსასრულობა უსაზღვროა, მაგრამ საზღვრები ყველაფერს სჭირდება“. ,,კი, იმიტომ, რომ ყველაფერი არაფერია, და არაფერი - ყველაფერი. მეშინია, რომ შეიძლება უსასრულობა არ არსებობდეს,“ - ტანში შემჟრჟოლა, რადგან პირველად გავამხილე ჩემი შიში ვიღაცასთან, მითუმეტეს ქალთან. ,,შიში კარგია. კარგად, უცნობო,“ - ასე დაასრულა და საიტიდან გავიდა. უცნობოო. მე კი ისე მარტივად გავიცანი. თუმცა იმ დღეს პროფილი გავაუქმე, მაინც არასოდეს დამვიწყებია მისი სახელი და გვარი. ან კი როგორ უნდა დამვიწყებოდა - იმ დღიდან თერთმეტ თვეში ცოლად შევირთე. *** ნატაშა ბუაძე; მამა - მირიან ბუაძე, დედა - იანა როდჩენკო. მართლაც, ჩავხედე თუ არა თვალებში ნატაშას, მივხვდი, რომ მხოლოდ ერთი სისხლი არ უნდა ჰქონოდა. მის ოდნავ წაგრძელებულ, დაჭიმულ, მკვრივ, სწორ, სიმეტრიულ, ოდნავ დაძარღვულ, დინამიურ, ვარდის სურნელოვან კისერსაც რომ მოვავლე თვალი, აი, მაშინ მივხვდი, რომ ვინმე უკრაინელი უნდა ჰყოლოდა, რადგან მხოლოდ უკრაინული სისხლის პატრონს შეუძლია ასეთი უნაკლო კისრის ქონა. იანა - დედამისი - რომ ვნახე პირველად, კიდევ უფრო განმიმტკიცდა ეს აზრი. ისედაც, ერთადერთი, რითიც მამამისს ჰგავდა ნატაშა, იყო თვალის ფერი, თორემ ჭრილიც კი, თავის ფორმაც, კისერიც, თმის ფერიც, თმის მოცულობაც კი და ყველაფერი, რაც ადამიანს აძლევს გარეგნობას, ჰქონდა იანასი, უბრალოდ იანას თვალის ფერადი გარსი ცისფერი ჰქონდა, ნატაშას კი - გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული საკუთარ თავში ჩაქცეული ვარსკვლავივით შავი. ასეთი ჭკვიანი ქალი მე ცხოვრებაში არ მენახა. მის თვალებშივე აირეკლებოდა ხოლმე სულის ბნელი კუნჭულები; გუგებში მიშტერებისას ვხედავდი, რომ ამ ქალს შეეძლო გაგანია შემოდგომაში, ხეზე შერჩენილი ფოთლების ფერებში გამოწყობილი, მწვავე ფოთოლთცვენისას დამდგარიყო ყველაზე დიდი ხის ქვეშ, ეტრიალა ექსტაზამდე თავბრუსხვევით, ეყურებინა მისკენ მსუბუქად მოლივლივე წითელ-ყვითელი ფოთლებისთვის, დალოდებოდა ძლიერ ქარს, შემოდგომაზე რომ იცის ხოლმე, დალოდებოდა იმ ქარს, რომ დაენახა, როგორ მიჰყვებოდნენ ფოთლები მას, ხოლო შემდეგ თვითონაც დაეკარგა მთელი მასა და წონა, აჭრილიყო ჰაერში, შერეოდა ფოთლებს და გაფრენილიყო სადღაც შორს; ამავდროულად, ისევ მისივე თვალებში ჩანდა შავი, ავი სულისკვეთება, ცეცხლის ენების ფერი მელიის კუდი, თუმცა, გამომიტყდა თუ არა თავის სიყვარულში, ის მელიაც გაქრა მისი ყოვლისმომცველი თვალებიდან და ის ავი ზმანებებიც. უნამუსო ვიყავი, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ნამუსის გარეშევე მოვკვდები. თავისი სიცოცხლის ოცდამერვე გაზაფხულს ხვდებოდა ქუჩაში, მტვერში, რუსთავის საფუძვლიან და ძირფესვიან ქარში მაშინ ნატაშა, როცა მოულოდნელად, მაგრამ მაინც თითქოს გათვლითა და დაგეგმარებით შევხვდით ცურტაველის ქუჩაზე - ის ქვევიდან მოდიოდა, მე ქვევითკენ. ისე საქმიანად გამოიყურებოდა, ისე ევროპელი ქალივით ოფიციალურად ეცვა, როგორც, დიდი ალბათობით, წლების წინ - დედამისს. მე შემრცხვა საკუთარი თავის - ზურგზე გახეული მტვრისფერი მანტო მემოსა, გახუნებული შარვალი და ტალახიანი ბათინკები; თავი ისეთი ცხიმიანი მქონდა დაუბანლობის გამო, რომ, როცა ეს გავაანალიზე, ჯიბიდან ქუდი ამოვაძვრინე და წამში დავიფარე. მიუხედავად იმისა, რომ განზრახული მქონდა, თუ ვერ შემამჩნია, მე არაფერს ვეტყვი-მეთქი, მაინც გამექცა თვალი ჩემდა უნებურად მისკენ მაშინ, როცა მხრებით ერთმანეთის პარალელურ სიბრტყეებზე აღმოვჩნდით. - ბატონო დემეტრე, - თან გახარებული, თან დაღლილი, თან ზემდგომი, თან მდაბალი და თან სამყაროსეული ყოვლისმომცველობითი - როგორიც თავად იყო - ღიმილი მომაგება, - ნუთუ, ეს თქვენ ხართ, აი! ისე გააუქმეთ საკუთარი პროფილი ერთი კვირის წინ, რომ იმის იმედიც აღარ მქონდა, რომ მეფიქრა, რუსთავი პატარა ქალაქია და სადმე აუცილებლად შევხვდები-მეთქი. როგორ ხართ? იმ მომენტში ჩემი გონება შეტოკდა, ჩემმა სინდისმა თითქოს მომავალი განჭვრიტა და წინასწარ დამიწყო ქენჯნა; ჩემ თვალწინ გაჩაღდა ცხარე, მშფოთვარე და განწირული ბრძოლა საკუთარ ნატაშას კისერივით დაძაბულ ნებისყოფასა და შინაგან უსუსურობას შორის. ბოლოს ორივემ მოიგო, მე კი ერთადერთი დამარცხებული გამოვდექი. - მადლობა, რომ მომიკითხეთ, ქალბატონო ნატაშა, - მართლა გულწრფელად გავუღიმე. - დიახ, ინტერნეტზე საბოლოოდ და სამუდამოდ უარი ვთქვი, თქვენ კი, როგორც ჩანს, გეძინებოდათ. იმ დღის სიზმარი ხომ არ გახსოვთ? თქვენ როგორ ბრძანდებით, ქალბატონო ნატაშა? ეს კაცი, გზის გადაღმიდან თქვენ რომ გაცქერდებათ დაჟინებით, თქვენი ქმარია? - არა, რას ბრძანებთ, - სიცილით შეიცხადა და მოხდენილი კარიერისტულობით მოიხსნა ტყავის ყავისფერი ჩანთა, მარჯვენა მხარზე რომ ეკიდა, - რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახლა მეჩქარება - სახლში დედა მელოდება, სასწრაფო საქმე მაქვსო, - მერე ჩანთა გახსნა და ოდნავ მაგარი, მოყვითალო, პატარა მართკუთხედად დაჭრილი ძვირიანი ფურცელი ამოაძვრინა, - ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. ლაპარაკი თუ მოგინდეთ, მომწერეთ ან დამირეკეთ. - ლაპარაკი თუ მომინდა, რატომ მოგწეროთ? მაშინ მოწერა რომ მომინდეს, იქნებ, დაგირეკოთ, ნატაშა? - გავეხუმრე ჩემი ჭკუით. - იქნებ, ასე ჯობდეს მართლაც, - ღიმილიანი სერიოზულობით მითხრა, და მე გავუგე, ის კი წავიდა. *** რომ ვთქვა, არ მიყვარდა-მეთქი, მწარედ და უნამუსოდ მოვიტყუები, მაგრამ, რომ ვთქვა, ნორმალური ადამიანივით მიყვარდა-მეთქი, ეს უფრო დიდი სიცრუე გამომივა. დიდი სიყვარული ვერასდროს გადაიზრდება დიდ სიძულვილში, თუმცა ცხოველური სიყვარული, უდიდესი ალბათობით, განწირულია იმისთვის, რომ ცოტაოდენი, სულ მცირედი დროის გასვლის შემდეგ ცხოველურ სიძულვილად იქცეს. თუმცაღა მაინც რა - ჩემი პრობლემა ესეც არ იყო, არამედ მხოლოდ ის, რომ საკუთარი თავი მეცოდებოდა. ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის შეცოდებას დაიწყებს, განწირულია მწარე და გამოუვალი იმედგაცრუებებისათვის. არა, მართლა მიყვარდა ნატაშა, უბრალოდ, ალბათ, ჩემი თავი მაინც პირველ ადგილზე მეყენა. დავჯდებოდი ხოლმე დილაობით, როცა უკვე ჩემი ცოლი ნატაშა სამსახურში იყო, დავიდგამდი წითელი ღვინის ბოთლს და ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ ჩემი ცხოვრება უთავბოლო ტრაგედიაა და, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, მაინც თანაგრძნობის ღირსია; ერთადერთი ვარ დედამიწაზე, ნომერ პირველი, გენია უპირველესი, მაგრამ შეშლილი და შეურაცხადი, არაფრის მაქნისი და ზარმაცი, ნარცისი და ეგოისტი, ამპარტავანი და შვიდივე მომაკვდინებელი ცოდვის ზურგით მატარებელი; ცოლიც გაურკვეველი სიყვარულითა და იმის იმედით შევირთე, რომ ის ფული, რასაც გამოიმუშავებდა, მეც მერგებოდა წილად, შემდეგ ამ წილს გადავინახავდი, თვეობით დავადებდი წილს წილზე, მოვაგროვებდი რამდენიმე ათასს და დავუდებდი გამომცემლობას, რომ დაებეჭდათ ჩემი გენიალური წიგნი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აქციეს ზურგი, რომ ბიუჯეტში ფული არ ჰყოფნიდათ; მე არ ვმუშაობდი, როგორც ალბათ უკვე მიხვდით - ანდაც როგორ უნდა მემუშავა, როცა ვიცოდი, ვიყავი უნივერსალი და განუმეორებელი ჩემს სფეროში. დავიჩაგრე. ერთადერთი ოცნება მქონდა - დიდება. წერის შემდეგ უპირველესი ჩემთვის დიდება იყო, ხოლო დიდების შემდეგ - ფული, რადგან ჩემი ცოლი ნატაშა უკვე მესამე თვეში ჩამდგარიყო და მაინც მუშაობდა. კი, წილს წილზე მაძლევდა ჩემი ნატაშა, მაგრამ მე, წარსულის უიმედობისა და მომავლის მეოცნებეობით განმსჭვალული კაცი, სამ მეოთხედ ნაწილს სასმელში ვხარჯავდი, ეს ყველაფერი კი ნატაშას ბოლოს უღებდა. მორჩილად იტანდა რაღაც პერიოდი ჩემს ლოთობას, მაგრამ ბოლოს - ისიც ადამიანი იყო - ყელში ამოუვიდა ყველაფერი, და მთელი თვეების დაგროვებული ბოღმა, საყვედურები და გესლი ერთ დღეს დამანთხია თავზე. მე, რახან ამ დღეს დიდი ხანი იყო, ველოდებოდი, და რახან ისედაც უკვე კარგად გამომთვრალი ვიყავი, მშვიდად და აუღელვებლად ვუსმენდი მთელ ამ სპექტაკლს და ამ გამოსვლებს, ჩემი სიმშვიდე კი ნატაშას გაცოფებას აორკეცებდა. ბოლოს, თითქმის ნახევარ საათიანი გაუჩერებელი, ამოქოქილი და დასაგესლად მიმართული საუბარი უცებ შეწყვიტა ტკივილიანი მოულოდნელობით, გაჩერდა, მიყურა, მიყურა და ტირილი დაიწყო მოთქმით, გოდებით. პირველად მაშინ შემეცოდა, რადგან ის, რასაც ადრე ვხვდებოდი და ვიაზრებდი, ცხადად დამდგომოდა თვალწინ. ვუთხარი, ნატაშა, მიყვარხარ-მეთქი, და ზუსტად ვიცი, რომ იმ მომენტში მას უფრო შევეცოდე, რადგან მიხვდა, მის გარდა არც არავინ მყავდა, არც არავინ მიყვარდა და არც არავინ მსურდა გვერდში. და თუმცა იმასაც აანალიზებდა, რომ მიქარა ჩემზე ქორწინებით, მაინც იცოდა, რომ ვერ მიმატოვებდა. მაშინ ორივეს ტირილი აგვივარდა. მე აცრემლებული ვკოცნიდი სულ ოდნავ გამობერილ მუცელზე და, ცრემლების ზღვაში მოცურავე, ვეუბნებოდი ჩემს მუცლად მყოფ შვილსაც, მიყვარხარ-მეთქი. ნატაშა ისევ აგრძელებდა მუშაობას, მე - სმას. გაგიჩნდებოდათ, ალბათ, კითხვა, თუ გენიოსია ეს კაცი, მარტო რატომ ზის და სვამსო ასე უთავბოლოდ. ადრეულ ასაკში დავწერე პირველი წიგნი, რომელიც იმდენად მრავლის მომცველი იყო და იმდენად მკაფიო განაცხადს წარმოადგენდა ჩემს გენიოსობაზე, რომ მკითხველის ერთ ნახევარს დაწყებამდევე ეგონა, ამ პატარა ბიჭმა რა უნდა დაწეროსო და, შესაბამისად, არასერიოზულად იკითხებოდა, ხოლო მეორე ნახევარი ფიქრობდა, ასეთი ძლიერი ნაწარმოები ბავშვის დაწერილი ვერ იქნება - მოიპარავდაო უსინდისოდ, ბავშვს კი ვინ მოკითხავდა ამას, ამიტომ გადაწყვიტეს, დავიწყებას მისცემოდა ეს ყველაფერი. ფართო საზოგადოებას ვერ ეღირსა ჩემი წიგნები და, მოკლედ, ყველაფერი ჩაფლავდა, მე კი დავრჩი ჰაერში და, მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა მაგ ამბების შემდეგ, დღემდე არავინ მიცნობს, როგორც - მწერალს. მთაწმინდაზე ასულს, ყოველთვის შემიპყრობდა ხოლმე ენით გამოუთქმელი სევდა, რომელიც შიგნიდან მჭამდა და სულიერ ორგანოებს მიწვავდა; ვხედავდი იქ, ჩემს ახლო მწოლიარე, მეფური ძილით მძინარე აკაკის ლანდს, ბარათაშვილის ტანჯულ, რომანტიკულ, მორწმუნე და იმედის სხივით განათებულ საფლავს, გალაკტიონის მშვიდად მომზირალ თვალებს ძველი გენიოსისას, რომელშიაც ჯერ კიდევ იკითხებოდა რითმები, გრძნობა, უიმედობა, ნერონის ცეცხლი და სიყვარული. და მე ვიჯექი ყველას წინ, გადავყურებდი თბილისს და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლიური ქალაქი არ იყო, მკლავდა და მანადგურებდა მე ის აზრი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ სადმე უბრალო და არაფრით გამორჩეულ სასაფლაოზე დამაგდებდნენ მოვალეობის მოხდის მიზნით, არადა ვიცოდი, მელოდა მამა დავითი. ვფიქრობდი, ერთადერთი, ვინც მე გამიგებს, ნიკოლოზია-მეთქი ბარათაშვილი, რადგან ყველაზე მეტად მას ჰქონდა გამოცდილი დაუფასებლობა და, როგორი მწარე და ირონიულიც არ უნდა იყოს, ისიც კი არავინ იცის ზუსტად, ნამდვილად ბარათაშვილი მარხია მთაწმინდის პანთეონში თუ ვინმე სხვა, შემთხვევითი პიროვნება. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ მისი სახელი უკვდავია და იცოცხლებს მანამ, სანამ ჩვენი ქვეყანა იარსებებს. არ მინდოდა სიკვდილი, არ ვტყუი, მართლაც არ მინდოდა, მაგრამ ვოცნებობდი, რა იქნებოდა, სულ რომ არ დავბადებულიყავი-მეთქი. და რატომ არ მინდოდა? იმიტომ, რომ ხარბი ვარ, შურიანი და მშიშარა: ვინ დალევდა ჩემ მაგივრად? ვიღაცას რატომ უნდა რგებოდა ის, რაც, წესითა და რიგით, ჩემი იყო? ანდაც, საერთოდ, რა მელოდა სიკვდილის შემდეგ მე, ცოდვილს? ბოლო და უმძიმესი ცოდვა ხომ მაშინ დავიდე ზურგზე და, რაც ყველაზე მტკივნეული იყო, გულზე, როცა ნატაშა მოვიყვანე ცოლად - ამ საოცარმა ქალმა დაინახა ჩემში ის, რაც ვერ დაინახა ვერავინ ნატაშამდე, შემდეგ შევუყვარდი და მეც, ამით გაგულისებულმა, ცოლობა შევთავაზე, თუმცა მანამდე ვესაუბრე ჩემს გენიოსურ ბუნებაზე, ჩემს მომავალზე, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო, რადგან გარდაუვალობად მიმაჩნდა, ჩემს შანსებზე იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება მქონოდა საყვარელ ადამიანთან ერთად, და ასე შემდეგ. ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო წარსულზე ტირილი და მომავალზე ოცნება. გამომყვა ნატაშა ცოლად, და მანდ დაიწყო ორმხრივი ჯოჯოხეთი. ერთხელ ნატაშა, უკვე მეხუთე თვეში მყოფი, ჩემთან მოვიდა, მზრუნველი და სიყვარულით გაჟღენთილი მანერებით ჩამიჯდა კალთაში, შუბლზე მაკოცა, კისერზე მომხვია ხელები, მომეხუტა, შუბლი შუბლზე მომადო, თავისი ყოვლის მომცველი და თითქმის ყოვლის შემძლე თვალებით ჩემს გენიოსურ თვალებში ჩამხედა და მითხრა, გთხოვ, დღეს არ დალიოო. რა მექნა ან რა მეთქვა საერთოდ - ქალს ყოველთვის ჰქონდა და აქვს კაცზე ძალაუფლება - ჰოდა მეც ვუთხარი, კი გამიჭირდება, მაგრამ, შენი და ბავშვის ხათრით, დღეს გავძლებ-მეთქი როგორმე. გაიხარა და მხიარულად მაკოცა ცხვირზე, მაგრამ თითქოს შევამჩნიე რაღაცა გამომცდელი და წინდახედული მის მზერაში. საოცარი ქალი იყო მართლაც - სხვა ასეთი, მისნაირი ან ამ მასშტაბის დიდებულების მატარებელი ქალი მე არასოდეს მენახა. წავიდა იმ დღეს სამსახურში, მე კი მოვყევი ფიქრს, თუ რა უნდა მექნა. ჯერ დავიწყე ტელევიზორის ყურება, შემდეგ ისევ საკუთარ ბედს დავუბრუნდი და, საბოლოოდ, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ისევ დალევაზე შევჩერდი. გადმოვიღე ჩემი ნახევრამდე ჩაცლილი ღვინის ბოთლი, მოვიყუდე და, სამი წამი გავიდა თუ არა, ეგრევე მიმეძინა. გამოღვიძებულმა შევამჩნიე, რომ უკვე მოსაღამოვებულიყო, ხოლო, თავი რომ ავწიე, გამწყრალ და პრეტენზიულ პოზაში მდგომი ნატაშაც დავინახე, მე დამყურებდა. შე აფერისტოო, ასე დაიწყო და, ვინ იცის, რამდენი ილაპარაკა. ლოთი ხარო, ცეროზით მოკვდებიო, მეც თან წამიყოლებ და ბავშვსაცო, შენი თავის გარდა არავინ გაინტერესებსო, აკი არ დავლევო? მე ჩავაგდეო წამალი ბოთლში, რომ შენი ნებისყოფა შემემოწმებინა, შე უნებისყოფოო. აქ კი ვეღარ მოვითმინე, წამოვდექი და მეც დავუწყე ჩხუბი, შე გველო, ცოლად რატომ მოგიყვანე-მეთქი, რა გამოცდებს მიწყობ-მეთქი, ერთი ჭიქა უნდა დამელია-მეთქი, წერა მინდოდა-მეთქი. მერე ისევ ნატაშამ გააგრძელა, ოთხი წელია არაფერი დაგიწერია და ნუ მატყუებო, არაფრის მაქნისი ხარო, რატომ გამოგყევიო ცოლად, ფულს რატომ გაძლევო, რატომ ვმუშაობ ორსული ქალიო, რატომ არ ზრუნავო ჩემზე. მოკლედ, აწიოკდა ბინა, შეინძრა კორპუსი, ბოლოს კი ნატაშა გაფითრდა, ფერი დაკარგა, თვალები ზევით წაუვიდა და გონება დაკარგა. მე მივვარდი, სახეში გავარტყი და, რომ მივხვდი, მომწონდა, იქამდე ვურტყი, სანამ მართლა არ გამოფხიზლდა, თუმცაღა სახე დაწითლებული ჰქონდა და, რა გასაკვირია, რომ სტკიოდა. ამის შემდეგ წყალი მოვუტანე, დავალევინე, ხოლო მერე კი გარეთ გავედი და, წლობით უმოქმედობის შემდგომ, დავიწყე ჩემი ლიტერატურული საღამოს ორგანიზება. მოვიარე ყველაფერი, შევიარე ყველგან, შევაწუხე ყველა იქამდე, სანამ ჩემსას არ მივაღწიე. ოთხი დღის შემდეგ უნდა გამართულიყო ღონისძიება ორგანიზებულად, ლამაზად და მოწესრიგებულად. ნატაშასთვის არაფერი მითქვამს. მე წლების წინ დაწერილი მოთხრობებიდან ხუთი ყველაზე ჩვეულებრივი ამოვარჩიე ჩემს ლიტერატურულ საღამოზე წასაკითხად, სადაც, რა თქმა უნდა, ნასვამი მივედი. სულ ჩვიდმეტი კაცი დაესწრო საღამოს, მაგრამ ჩვიდმეტივე აღფრთოვანდა. უშუალოდ რომ ვსაუბრობდი დამსწრეებთან, ყველაფერს მივედ-მოვედე - ჩემს ტალანტს, სხვების აშკარა უნიჭობას და ჩემს ცოლს, რომელიც ხელს მიშლის, თორემ დავწერდი-მეთქი. ნატაშა მიწასთან გავასწორე ვიღაცა უცხო ხალხის თვალწინ, რომლებიც ისეთივე უნიჭოები იყვნენ, როგორც ისინი, ვისზეც ვსაუბრობდი საღამოზე; მე ხაზი გავუსვი ჩემს ერთადერთობას და, თუმცა ჩვიდმეტი მისმენდა სულ, ჩვიდმეტივე მართლაც დარწმუნდა ყოველივეში. ყველაფერს მიჯერებდნენ იმის მერე, რაც მათ თვალში გეიზერივით ავიჭერი ზევით და ავმაღლდი. ნატაშას ისევ ვასწორებდი მიწასთან, ვუწოდებდი ჩემში გენიის ჩამკვლელ ქალს, ტირან ცოლს, ცივსისხლიანს და - ეს ყველაფერი ხომ ტყუილია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტყული - დავაბრალე, ვითომ აბორტს იკეთებდა, მე კი ძლივს გადავაფიქრებინე. არც კი ვიცი, მართლა, რაში დამჭირდა ასეთი რაღაცების თქმა - ალბათ, მაინც იმიტომ, რომ საკუთარი სისუსტე გადამეფარა და ვიღაცა დამემცირებინა, ხოლო, რახან ლიტერატურულ წრეში საერთოდ არავინ მიცნობდა და, შესაბამისად, არც სიტყვა მეთქმოდა, ერთადერთი ადამიანი, ვის გვერდითაც ვიდექი და ვისთანაც ჩემი შედარება შეიძლებოდა, იყო ჩემი ცოლი ნატაშა. კი, ვხვდებოდი ყოველივეს და მესმოდა ჩემი ბოლო დონის სიმდაბლე, მაგრამ იმდენად მომწონდა სხვისი ფეხქვეშ გათელვა, რომ ჩემი პირიდან ამოსული სიცილი ჯოჯოხეთელი დემონის სიცილს ჰგავდა. და ყველაზე საშინელება - ამასაც კი ვხვდებოდი. საზიზღარი ვიყავი და დღემდე საშინელი ვარ. საცოდავი ნატაშა, როგორ მიყვარდა... ერთხელ მითხრა ნატაშამ, ამოვიყვანო დღეს სახლში დაქალებს. იმ დღეს ამინდი ზომიერად მზიანი, ზომიერად ღრუბლიანი, ზომიერად ნესტიანი, ზომიერად ცივი და ზომიერად გრილი იყო - მოკლედ, მთლიანად ზომიერი, როგორც ზომიერ სარტყელში მყოფ ქვეყანას შეეფერება - ამიტომ მეც, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნორმალურ ხასიათზე ვიყავი, თავი სულ ოდნავ მიბჟუოდა, ნაპწკენივით წუოდა ყურებიც, ჰოდა ვუთხარი ნატაშას, ეს დღე თქვენია - გოგოები ამოიყვანე-მეთქი. ნუ, ეჭვი არ შეგეპაროთ - და შეიძლება მართლაც არ გეპარებათ - რომ მოვიდოდა და მეტყოდა, დღეს მაინც ნუ დალევო, და მე ისევ ვეტყოდი, აბა რა, მაგას როგორ გაწყენინებ-მეთქი. ასეც მოხდა - იმედები არ გაგიცრუეთ, დანო და ძმანო. იმედგაცრუება შეიძლება იყოს იმდენად მცირე, რომ იმ მომეტში გამართლებად იქცეს და არა წუხილის მიზეზად, მაგრამ, ამავდროულად, იმედგაცრუების მეორე და ნამდვილი სახე არის დამანგრეველი, არის ცუნამი ნაპირს მოვარდნილი, რომელიც დაგლეწავს, ჩამოგშლის და გადაგრეცხავს, მაგრამ ზოგი ცუნამი ნაპირს ზედმეტობას მოაშორებს ხოლმე, და ზედმეტი ტვირთისგან დაცლილი ნაპირი გასცქერის ზღვაში შეჭრილ ცოდვებს, და ხვდება, რომ ერთი ცუნამი ღირდა იმის წაღებად, რაც ახლა მისი აღარ არის, არამედ მხოლოდ შორეულ წარსულში იყო მისი. ერთხელ მითხრა ჩემმა ნატაშამ - როგორ მიყვარდა! - რომ ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანზე ოდნავ არამნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის. მოკლედ, ამოიყვანა ორი ქალი და ერთიც ვიღაცა კაცი თუ ბიჭი თუ რა ვიცი, ვინ ან რა. მე ჩუმად ვიჯექი ჩემს ოთახში, რომ რამე ისეთი არ მექნა, მეორე წამსვე რომ სანანებელი გამხდომოდა, მაგრამ, მოვკარი თუ არა თვალი მამრის მხრებს, დავიწყე ეჭვიანობა: ვფიქრობდი, ეს არის ჩემი პირდაპირი დაცინვა, ჩემი არაფრის მაქნისობის და მძორობის ჩემივე თვალწინ ხაზგასმა-მეთქი; ეს არის ბოძზე მიჯაჭვული კაცისთვის სილის გაწვნა და ფურთხება, როცა იცი, რომ ჯაჭვებს ვერ გაწყვეტს-მეთქი; ეს არის სოდომი, გომორი და პორნოგრაფიული ორგია-მეთქი; ჩემს გვერდითა ოთახშივე დაიწყებენ ერთმანეთის ფლობას, და მე, არაფრის შემძლე და ყოვლად უმაქნისი კაცი, მოვისმენ, როგორ იკვნესებს ჩემი საკუთარი ცოლი სიამოვნებისგან, რომელსაც მე ვერ ვანიჭებ, ამიტომაც გაიჩინა ვიღაცა-მეთქი; ჩემი სახლის დივანზე დაკავდებიან უმსგავსობით, ის ორი ქალი კი, ნატაშამ სასხვათაშორისოდ რომ ამოიყვანა, ამ ყველაფერს გადაიღებს და რომელიმე საიტს გაუგზავნის, რომ მერე მე, მთვრალმა და აღგზნებულმა, ფიქრებით, რომ ჩემს ცოლს ვერ შევაწუხებ და თან ფეხმძიმედაა, ჩავრთო ინკოგნიტო ინტერნეტ ბრაუზერში რომელიმე მათგანი, და მთავარ გვერდზე ვიპოვო ორსული ჩემი ცოლის გაბახება-მეთქი. ვეღარ მოვითმინე, წამოვვარდი ჩემი რბილი სავარძლიდან, გამოვხსენი ძველ ფეხებზე ძლივს მდგარი ხმაურიანი სერვანდი, გამოვიღე კონიაკი, მოვიყუდე, ერთი ღრმა ყლუპი საყლაპავში გადავუშვი, თავზე დავახურე, ოთახის კარი გავაღე და მისაღებში გავვარდი, მაგრამ, ხედი უკვე მკაფიოდ რომ გადამეშალა თვალწინ, სიცილი ამივარდა წამით, თუმცა მალევე დავსერიოზულდი. ეს კაცი თუ ბიჭი თუ რა ვიცი - ბიჭივით(?) კი გამოიყურებოდა - აკრულიყო საყრდენ კედელზე, მარცხენა ხელზე ცისარტყელის ფერებში შეღებილი მაღალყელიანი სამაჯური ეკეთა, თმის რაღაცა ნაწილი ვარდისფრად შეეღება, წვერი, ეტყობოდა, ძლივს ამოსდიოდა ხოლმე, წითელი შარვალი და ყვითელი მაისური ეცვა, ფეხზე კი გაუგონარი და ჯერ არ ნახული სტილის ფეხსაცმელები მოერგო. გამარჯობაო, რომ მითხრა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. - ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები ისე, რომ ჩაგიწყდება ყველანაირი ხმა გამოუთქმელი და ჩვენთვის მიუწვდომელი ტკივილისდა გამო, მაგრამ, სულის კანს რომ დახედავ, ჯერ ერთი დამწვარი ადგილიც კი არ გექნება, - ასე მივეგებე, თან პირზე ცინიკური და ეშმაკეული ღიმილი მეკერა, - ათასი წელი რომ გავა და ისევ რომ დაიხედავ სულის კანზე, ერთ დამწვარ წერტილს აღმოაჩენ მხოლოდ; ორიათასი წელი რომ გავა, სულის კანზე მეორე დამწვრობაც გაგიჩნდება და, იცი, რა? პირველად იგრძნობ სიხარულს ამდენი ხნის მერე, რადგან გეგონება, რომ შენი სულიც ოდესმე მთლიანად დაიწვება და დაიფერფლება; სამიათასი წელი რომ გავა, მესამე დამწვარი ადგილი გამოჩნდება შენი სულის ზედაპირზე, და უცებ მოგეპარება ერთ-ერთი დემონი, სამკაპს ხვრელში შეგთხრის, შეგირჭობს, რომელიც, თავის მხრივ, ჯერ სულის სწორ ნაწლავს გახევს, შემდეგ - დანარჩენ ნაწლავებს, საყლაპავს გაგიხლეჩს და პირიდან ამოგივა, მერე კი ისევ ცეცხლზე დაგაწვენენ, რომ ჭრილობები მოიშუშო; ამასობაში გავა კიდევ ათასი წელი, იდგება შენი ტანჯვის მეოთხე ათასწლეული, და შენ, უკვე ჭრილობებმოშუშებული, შენიშნავ მეოთხე და ყველაზე დიდ დამწვარ ადგილს, რის გამოც აღტაცება შეგიპყრობს, რომ დამთავრდება ოდესმე შენი ტკივილიც, და გადმოგივარდება ცრემლი, რომელიც სინამდვილეში ნავთია, და რომელიც დაესხმება ჯოჯოხეთის ფსკერს, გაიშლება და ისევ შენ შეგეშხეფება, ეს კი ორმაგად დაგტანჯავს. მილიონი წელი რომ გავა, ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო, შენ მთლიანად დამწვარი და დაშანთული იქნები, იკანკალებ იმის მოლოდინში, რომ ეს იქნება ბოლო მომენტი, ბოლო ჟამი შენი ამ გაწამებისა; აალდება ცეცხლი ჯოჯოხეთის ჰაერში, შენ კი ინატრებ, რომ შეგეხოს, რათა დაგწვას და ბოლო მოუღოს შენს ტანჯვას სამარადჟამოთ, თუმცა ამ დროს შემოვა თვით ლუციფერი, დაგიდგებათ შენ და შენნაირებს ცხვირწინ, ხელებს გაშლის, გადაგხედავთ და ატეხს გულიან სიცილს. გაინტერესებს, რატომ? იმიტომ, რომ აპირებს, თქვას, გველებო, კანი გამოიცვალეთო. იტყვის კიდეც და, რახან ჯოჯოხეთის ბატონი და პატრონი ისაა, შენ უნებურად შეასრულებ მის ბრძანებას - ფრჩხილებით ამოიჭრი სულის კანის ადგილს იმისთვის, რომ თითები კარგად ჩააჭდო და გაიძრო ეგ შენი ტყავი. დაინახავ, რომ კანის ქვეშ კიდევ არის სულიერი კანის უამრავი ფენა, და შენ მიხვდები, რომ ეს შენი ტანჯვა არის სამარადისო. მაგრამ, ახლა კარგად მომისმინე, სანამ იმაზე იფიქრებ, რომ ეგ შენი კანის ფენებიც ოდესმე გამოილევა და მაინც დაისვენებ საბოლოოდ, ფენას ფენა დაემატება. რა უნდა ქნა, იცი? უნდა თქვა: ,,უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“. ამ დროს დედამიწაზე დაისადგურებს გაზაფხული, ხალხი კი აღდგომის დღესასწაულს იზეიმებს, გაიხსნება ჯოჯოხეთის კარი და, სულელო, გადარჩები. როგორ გგონია, რატომაა აღდგომა მოძრავი დღესასწაული? მხოლოდ იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში იესოს სახელს ხან როდის ახსენებენ, ხან - როდის, თუმცა კი პერიოდი ერთია - გაზაფხული. ასე რომ, ძვირფასო, იფიქრე - ფიქრი ტანჯვაა, მაგრამ მხოლოდ ფიქრშია ხსნა. გაფითრებული და, სიმართლე ითქვას, შეშინებული მიყურებდა. იმ მომენტში ვერ გავიხსენე, რა ვილაპარაკე, მაგრამ შევაშფოთე, მივხვდი. მართლა არ მინდოდა, ნატაშასთვის მეწყენინებინა და, რახან ის ვიღაცა ნატაშას ახლობელი იყო, ჩემს ცოლს მივვარდი, ბოდიშები ვუხადე და ვკითხე, ნატაშა, მითხარი, რამე ზედმეტი ხომ არ მომივიდა-მეთქი. ვხედავდი, ნატაშას როგორ მოადგა ცრემლები თვალებზე, მაგრამ ეს ცრემლები არ იყო იმ მიზეზით გამოწვეული, რომ მე ის დავამცირე, არამედ მის თვალებში ჩანდა ცოტაოდენი გაკვირვება, გაკრთა მცირე სიამაყეც კი, დიდი სიბრალული და, რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა მე, სიყვარული. ბიძგი მომცა, წამოდექიო, და მეც ავდექი, მერე კი ყველას უთხრა, ჩემი ქმარი დემეტრე, ავად რომ იყო, გამოკეთებულა, მაგრამ მცირე გავლენა მაინც დაუტოვებიაო ავადმყოფობას. ამის თქმა იყო და, ვიგრძენი, სახლში დაჭიმული და ნატაშას კისერივით დაძაბული აურა როგორ მოეშვა, თითქოს შვება ჰპოვაო. მერე ვიღაცამ გაიცინა კიდეც - ორი ქალიდან ერთ-ერთი იყო - მას მეორეც აჰყვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ბიჭიც კი, ვისაც სრული სერიოზულობით ვესაუბრე წამების წინ. ერთ-ერთი ქალი იყო ნინო - ჩემი ნატაშას მეჯვარე - ხოლო მეორეს არ ვიცნობდი. ეს არისო ნათია, ასე მითხრა ნატაშამ, ჩვენს ქორწილშიც იყო, იქნებ გახსოვდესო. უი, ნათია, როგორ ხარ-მეთქი, მივედი და გადავკოცნე, არადა არც კი გაიფიქროთ, რომ მახსოვდა, ვინ იყო. ის კაცი თუ ბიჭი - რა ვიცი, ვერ გავარკვიე ასაკი - იყო ირაკლი გოცირიძე, გოგოების ახალი თანამშრომელი. ხელი გავუწოდე, სასიამოვნოა-მეთქი. ჩემთვისაცო, კი მითხრა, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით მიყურებდა. ბოლოს ვუთხარი, მე არ შეგიშლით-მეთქი და, მიუხედავად იმისა, რომ მითხრეს, არ გვიშლიო, მაინც ჩემს ოთახში დავბრუნდი და ერთიც მოვიყუდე. თუმცა, სანამ სტუმრები არ დაშლილან, მეტი არ დამილევია. როცა ნინო, ნათია და ირაკლი მიდიოდნენ, მე გასაცილებლად გავედი, რა თქმა უნდა და, როგორც არ მჩვევია ხოლმე, თბილი სიტყვებიც ვუთხარი თითოეულ მათგანს. მაგრამ უცებ გავშეშდი, როცა ნინოს კაბას მოვკარი თვალი. საფეთქლები ამიტოკდა, კეფა ამეწვა, და მივხვდი, ღმერთო, მივხვდი, რომ აი, აი, აი, ნანატრი მუზა, აი, ნანატრი სული, აი, ოთხწლიანი უმოქმედობის დასასრული, აი! გავიქეცი, ხელები მოვხვიე, ჰაერში ავწიე და ისე დავატრიალე, რომ კაბას ეფრიალა. - მადლობა, ნინო, მადლობა! - ვყვიროდი მთელ ხმაზე, მერე კი ჩემს ოთახში გავიქეცი, - მშვიდობით, ხალხო! ჩემს თავს ხშირად ვუსვამდი და ახლაც ვუსვამ კითხვას, თუ რატომ შემიყვარდა მაინც და მაინც ნატაშა ბუაძე. პასუხამდე ერთხელ მივედი და, ღმერთო, სულ ვნატრობდი, ნეტავ ტყუილი იყოს-მეთქი: ის იყო ერთადერთი ამ სამყაროში, ვისაც - შესაძლოა, დიდი გაჭირვების ფასად, მაგრამ მაინც - ჩემი გაძლება და ატანა შეეძლო; ნატაშა რომ კაცი ყოფილიყო, აუცილებლად ჩემი თავი იქნებოდა. იქნებ, მასში ზუსტად ჩემს თავს ვხედავდი, და მე, როგორც წმინდა წყლის ეგოისტს, ეს ჩემი თავი შემიყვარდა მასში? ნეტავ, ვცდებოდე. მოკლედ, მე ჩემს ოთახში შევიკეტე, ამოვიღე ლეპტოპი, გავშალე ვორდის ფაილი, თითები კლავიატურაზე, როგორც ფორტეპიანოს კლავიშებზე, ისე დავაწყვე, შრიფტი გავამუქე, ოდნავ გავადიდე სათაურისთვის, და დავაწერე: ,,არგო“. მე ვწერდი განცდებით, გრძნობით, და თითების ბალიშებითვე ვგრძნობდი ვიბრაციებს, რომელსაც ჩემი სული გამოსცემდა, და რომლითაც იკვეთებოდა ის და სხეული. ყოველ დაწერილ წინადადებაზე ვხვდებოდი, რისი წერა დავიწყე, და ყოველ მიხვედრაზე ახალი წინადადება მაფიქრდებოდა. მე არ ვიყავი ის კომპოზიტორი, რომელიც ფორტეპიანოს უზის ნოტების ამოსარჩევად, არამედ ვიყავი ის, ვისაც თავში აქვს მუსიკა და ერთადერთი, რაც აკლია, ფურცლებზე გადატანაა. ოთხი წელი იყო გასული იმის შემდეგ, რაც მე წერა შევწყვიტე, გესმით? და, აი, დადგა მომენტი, როცა წლობითი მარხვა დავარღვიე მხოლოდ იმისთვის, რომ სამადლობელი სიტყვა შემეწია ღმერთისთვის. ნატაშა არ მაწუხებდა და, როცა მხოლოდ ღამის სამ საათსა და თოთხმეტ წუთზე გაჩერდა ტკაცუნი ჩემი ლეპტოპის კლავიატურაზე ბრახუნით შექმნილი, მაშინღა შემომიღო კარი. მის სახეს და, რაც მთავარი და დაუფარავი ჰქონდა, კისერს დაემჩნა დაძაბულობა, ოდნავი შიშიც, სიყვარულიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეჭვიანობაც. როცა მითხრა, რა იყო, ნინო რა გიჟივით აიტაცეო ჰაერში, მაშინ მივხვდი, რომ მართლაც ეჭვიანობდა, თან - არც ისე მსუბუქად. მუზა მომცა-მეთქი, რომ ვუთხარი, ცოტა კი ჩამშვიდდა, მაგრამ კისერი მაინც დაძაბული დარჩა. ორსული ქალი იყო, არც ისე ბევრი ჰქონდა დარჩენილი გაჩენამდე, ამიტომ არაფერს ვფიქრობდი ისეთს, რაც მას არ შეეფერებოდა. მერე მითხრა, ხვალ ექიმთან ჩავეწერე, არ გინდა, გაიგო, შენი შვილი ბიჭია თუ გოგოო? მე ვუთხარი, ბიჭია, რად უნდა ამდენი ფიქრი და მსჯელობა-მეთქი. არ გამომყვებიო? რა თქმა უნდა, მაგრამ ნახავ, ბიჭი აღმოჩნდება-მეთქი. წერა იმ დღეს შევწყვიტე და ჩვენს საერთო საძინებელში გავედი, რომ დაღლილ ორსულ მეუღლეს გვერდზე მივწოლოდი. როგორ მინდოდა, ოდესმე ჩემი კოცნით მისი კისერი მომედუნებინა!.. მაგრამ არა, ვერ მოესწრო ამ ცხოვრებაში. მივუწექი ჩემს ნატაშას გვერდით და მუცელზე და შუბლზე კოცნა დავუწყე, მერე კი ორივეს ჩაგვეძინა. დილით ექოსკოპიაზე გავეშურეთ. კი, მეჩქარებოდა სახლში დაბრუნება, რადგან ჩემი ,,არგო“ მელოდა შინ - უნდა მიმეხედა, თუ მინდოდა, რომ იმ დღესვე დამესრულებინა. ჩემი მუცლადმყოფი შვილის პაწაწინა ნაგაზი რომ გვანახეს კომპიუტერის ეკრანზე, ვუთხარი ჩემს ცოლს, აი, ხომ გეუბნებოდი-მეთქი. ნატაშასაც გაუხარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მომეჩვენა, თითქოს გოგო უფრო გაუხარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამბობდა, კაცისთვის ბევრი რამე უფრო მარტივია, ამიტომ ყველა ქალი ცოდოაო რაღაც დონეზე. როგორ მიყვარდა! იმ წამსვე სახელზე ფიქრი დაიწყო - თავიდან თქვა, ჟოლო უნდა დავარქვაო. გაკვირვებულმა რომ შევხედე, გაიცინა თავისი ფერიის ჯადოსნური ფანტელებისმაგვარი ღიმილით, მითხრა, ვხუმრობ, ფალოსი უნდა დავარქვაო. ექიმს გაეცინა, მე კი რაღაცნაირად თითქოს შემეშინდა, რადგან აქამდე მისი პირიდან ამომავალი მცირედი უხამსობაც კი არ მახსოვდა, მითუმეტეს - ბავშვთან მიმართებაში. იაკობიო, ბოლოს თქვა და, იაკობი-მეთქი, დავუდასტურე მეც. სახლში რომ მივედით, ჩაჯდა ერთ სავარძელში, მუცელზე მოიკიდა ხელი და მთელი დღე ასე ეფერებოდა იაკობს, თან უმღეროდა, dobru noc, ma mila, dobru noc-ო*. ასეთი ტკბილი ხმა არსად მომესმინა, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი ჩემს სამუშაო ოთახში და ,,არგოს“ წერა გამეგრძელებინა. ასეც მოვიქეცი, თუმცა მაინც ვუსმენდი ამ საოცარ ქალს, რომელიც ჩემი მეუღლე იყო, და ვხვდებოდი, როგორ გამიმართლა მე, და როგორ არ გაუმართლა მას ზუსტად ამის გამო. მოკლედ, ვწერე და ვწერე, გავცდი ათ თაბახს და, ბოლო - მეთოთხმეტე - ფურცელს რომ მივადექი, თვალები დავხუჭე, გონებაში უკანასკნელი წინადადება დავაწყვე და შემდეგ ფურცელზე გადავიტანე. ბოლოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ყველაზე პატარა შრიფტით მივაწერე თარიღი, თუ როდის იწერებოდა ეს შედევრი, წერტილი დავსვი და სავსე ჭიქა კონიაკი გადავკარი აღსანიშნავად. ცოტა ხანი სკამზე ვტრიალ-ვწრიალებდი, შემდეგ კი ვორდის ოფციები ჩამოვშალე და print-ს დავაწექი, პრინტერში თოთხმეტი თაბახი ჩავდე და დაველოდე, დაბეჭდილი როდის ამოვიდოდა. არ ვიცი, თუ შეიძლება ასეთი რამ, მაგრამ, წესით, ფურცლებზე დახედვითვე და ასოების წყობითვე მიხვდებოდა ადამიანი, რომ ეს იყო ლიტერატურული მწვერვალი, მხოლოდ ერთეულების დაპყრობილი. როგორღაც დავაწყვე თაბახის ფურცლები ერთმანეთის ქვეშ აკურატულად და ლამაზად, სტეპლერი ხუთჯერ დავარტყი სიმეტრიულად გაზომილ ადგილებზე, ჩემი სამუშაო ოთახის კარი გავაღე და დედობრივი სიყვარულით მოალერსე ნატაშასთან გავედი, რომ ჩემი ახალი ხელოვნების ნიმუში მეჩვენებინა. მხოლოდ მაშინღა შეწყვიტა თავისი მუცლის ფერება, ამომხედა და, სანამ ნაწერს გამომართმევდა, მაგრად ჩამეხუტა. ასე ვიყავით წუთების განმავლობაში, და ეს წუთები იყო ჩემთვის ყველაზე მტანჯველი, რადგან მახსოვდა, რას ვუწოდებდი ჩემს მეუღლეს ხალხში. შემდეგ გამომართვა, მე კი გადავწყვიტე, სხვა ოთახში გავსულიყავი და ასე დავლოდებოდი. გამიკრთა კიდეც ფიქრი გონებაში, ხომ არ გამოვცალო-მეთქი კონიაკის მთელი ის ბოთლი, მაგრამ მერე, სასწაულებრივი და უხილავი ძალის ჩარევით, ამ ჩემს მანკიერ სურვილზე მტკიცედ განვაცხადე ღონიერი უარი. ხან ვიჯექი, ხან ვიწექი, ხანაც ვიდექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. ზუსტად ჩემი ასეთი დგომითი მდგომარეობის - ცუდად კი ჟღერს - დროს შემოვიდა ოთახში ნატაშა, მოვიდა ჩემთან, ქვემოდან ამომხედა და აცრემლებული თვალები შემომანათა. ხან ხელი გამოიწოდა ჩემკენ, ხან თვითონ წამოვიდა, ხან მომეკრა, ხან წასვლა დააპირა - მოკლედ, აშკარა იყო, ყოყმანობდა. - მითხარი რამე, ნატაშა, - ხმა ამოვიღე ბოლოს. - რა გითხრა, დემეტრე, აბა, რა გითხრა... - ასეთი ხმა მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა, ჩემთან ჩხუბის შემდეგ, სინდისი აწუხებდა. - რამე მითხარი, - არ ვეშვებოდი, - მითხარი, რომ გენიალურია. ხომ არის გენიალური, ა, ნატაშა, ხომ არის? გაშრა, გაქვავდა. იცოდა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი იდეები იყო, ამიტომ უარესი ყოყმანი დაიწყო. - არა, - თქვა ბოლოს, - არ არის გენიალური - სულ ცოტა აკლია, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერია. ყველაფერი შემიძლია დავიფიცო, იმ წამს გავფითრდი, თვალები წყლით ამევსო, შუბლი კი ოფლით დამენამა. თითქოს შეეშინდა ნატაშას, თითქოს ბნელი აურის სუსხიანი ბუსუსები იგრძნო ჩემგან გამომავალი, ამიტომ მომეხვია და მხურვალედ მაკოცა - უნდოდა, საკუთარი დანაშაულის გრძნობა გაექარვებინა, ჩემთვის კი ცოტათი ეამებინა. მაგრამ, გესმით, ჩემი ნაშრომი, ჩემი უძილობის ნაყოფი, რომელზე ერთი დახედვაც კი საკმარისი იყო, რომ კაცს ეთქვა, გენიალურიაო, ჩემმა ცოლმა ერთი წინადადებით გააცამტვერა. - ჰა! - აღმოხდა უცებ, - შენც იგრძენი, დემეტრე? ნახე, თითქოს მუცელში რაღაცა მომხვდა შიგნიდან. შენი შვილი მირტყამს. მოდი, მოეფერე, დემეტრე, მოდი. მე საკრავის მომხიბვლავი ხმით დაჰიპნოზებული გველივით დავიკლაკნე, მუხლებზე დავეცი, აკანკალებული ხელები ჩემი ცოლის საშვილოსნოში მჯდომი შვილისკენ გავიშვირე, ნატაშას მუცელს შევეხე, ხელები მოვხვიე და, როგორც ადამიანი, ისე ჩავიკარი გულში. ფრთხილადო, კი მითხრა ნატაშამ ჩუმად, მაგრამ იცოდა, ბავშვს არაფერს ვავნებდი. - იაკობ, შვილო, - დავუწყე ჩემს ჯერ არ დაბადებულ ძეს საუბარი, - აბა, რას აკეთებ - მშობელ დედას როგორ ურტყამ? გამოსვლა გინდა? თავს რად იღუპავ, იაკობ, რა გინდა გარეთ? მხნეობა და მოთმინებაა საჭირო, ამიტომ ცოტაც მოიცადე. იმ დღეს, როცა დაბადება მოგიწევს, ვინ იცის, მე სად ვიქნები; დედაშენი დაღვრის წყლებს თავისი საშოდან, პირველად დამირეკავს მე, მაგრამ მე ტელეფონი გამორთული მექნება, როგორც ყოველთვის, შემდეგ კი, იმის მაგივრად, რომ სასწრაფოში დარეკოს, დედამის იანას შეეხმიანება და ეტყვის, დედა, მგონი, მეწყებაო; იანა გაგიჟდება, გამოქანდება თავისი ლურჯი ტოიოტას ჰიბრიდით, ჩაისვამს მუცელმტკივან შვილს, გააქანებს უახლოეს საავადმყოფოში, თან გზაში მიუთითებს, ღრმად ისუნთქოს თუ რაზე იფიქროს საერთოდ; იქნებ, ერთი-ორჯერ მეც გამლანძღოს, შვილი ებადება, ეს კი სად გდიაო? რა, მტყუანი იქნება? დედაშენ ნატაშას დააწვენენ სამშობიარო პალატაში, თავს მოევლებიან ექიმები, ბებიაშენი იანა კი დერეფანში იტრიალებს რეტიანივით, შვილიშვილის გამოჩენას დაელოდება და იმედოვნებს, რომ დედას დაემსგავსება და არა მამას, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ აბსურდია - როგორი სხვანაირიც არ უნდა იყოს ბავშვი მშობლისგან, საკვანძო მომენტებში ვაჟი ყოველთვის მამის ასლი და პროტოტიპია, ამიტომ ბოდიში, იაკობ, ბებიკოსთან - მე დამემსგავსები. მე იმ მომენტში, როცა დედაშენი ჭინთვებს დაიწყებს, ვიქნები უკვე გვარიანად მთვრალი, შემდეგ გული რეჩხს მიყოფს, წინათგრძნობა შემჭამს და, ძალაუნებურად, ჩავრთავ ტელეფონს, დავურეკავ ჩემს საყვარელ მეუღლე ნატაშას, ყურმილს კი ჩემი სიდედრი იანა აიღებს, ვაჟბატონო, სად ბრძანდებიო, შემომჩივლებს, შენს ცოლს მშობიარობა დაეწყო, აი, წუთი-წუთზე გააჩენსო. გამოვვარდები მეც ქუჩაში გიჟივით, გავაჩერებ პირველივე ტაქსს, ვეტყვი, საავადმყოფოში გამაქანე-მეთქი და, როცა მკითხავს, რომელ საავადმყოფოშიო, მე სულელივით ამოვიღებ ჩემს ტელეფონს, დავრეკავ ისევ ნატაშას ნომერზე, რომელზედაც ისევ იანა მიპასუხებს, და ვკითხავ, რომელ საავადმყოფოში ხართ-მეთქი. საქალაქოშიო, მიპასუხებს, დავუკიდებ ყურმილს და მივუბრუნდები ისევ ტაქსისტს, საქალაქო საავადმყოფოში გამაქანე, ჩემი ცოლი მშობიარობს-მეთქი. გამაქანებს მართლაც, ას ათი კილომეტრ/საათით წაიყვანს თავის მწვანე ,,მერსედესს“, ოსტატურად შევარდება საავადმყოფოს ეზოში, დაატორმუზებს, მე ჯიბეებს მოვიჩხრეკ, რომ ფული მივცე, მაგრამ მივხვდები, რომ არაფერი მაქვს, ამიტომ ვეტყვი, ჯიგარო, დამელოდე, ახლავე ჩამოვალ-მეთქი. მთელი სისწრაფით შევვარდები იქ, სადაც ჩემს ცოლს ჩემი სიდედრი დაელოდება, ვეტყვი, იანა, ტაქსის ფული მომეცი, გთხოვ, მე გამთავებია-მეთქი. ოხ, შე უპასუხისმგებლო კაცოო, მეტყვის, მაგრამ მაინც გამომიწოდებს რკინის ორლარიანს, მე კი ისევ ჩავირბენ საავადმყოფოს ეზოში, რომ ტაქსისტს ეს ფული გავუწოდო, მაგრამ აღმოვაჩენ, რომ თურმე წასულია, რადგან გაიგო ჩემი მდგომარეობა, როცა ვუთხარი, ჩემი ცოლი მშობიარობს-მეთქი. ამ ორლარიანს მევე ჩავიჯიბავ, რომ გაჭირვების ჟამს იაფიანი სასმელი ვიყიდო, რაც მომივა. ავვარდები ისევ საავადმყოფოს იმ დერეფანში, სადაც ჩემი სიდედრი ჩემივე ცოლის მშობიარობას და შენს გამოჩენას, ჩემო იაკობ, დაელოდება, მერე შევაღებ პალატის კარს, ვიტყვი, მე ნატაშა ბუაძის მეუღლე ვარ და მშობიარობაზე დასწრება მინდა-მეთქი. უარს არ მეტყვიან, ნატაშასაც გაუხარდება, რომ მივედი. ექიმივით გამომაწყობენ, დედაშენი კი, იაკობ, მეტყვის, მოდი ჩემთან, დემეტრე, ხელს ჩაგჭიდებო. ძლიერად მომიჭერს ხელს - ისე, რომ მეც კი მართლა მეტკინება - და მეტად ხმამაღლა გაიჭინთება. ფეხები გაშლილი და მაღლა აწეული ექნება ლამაზად და, ამავდროულად, შემაშფოთებლად. მერე ქალ ექიმს ვიღაცა კაცი ექიმი შეცვლის, რომელიც პირდაპირ ჩემი ცოლის საშოს მიაჩერდება ბავშვის მოლოდინში. ბიჭო, ვის ან რას უყურებ-მეთქი, დავიყვირებ, გავუშვებ ნატაშას ხელს, გავიქცევი იმ ექიმისკენ, მერე კი უცებ ნატაშა წინანდელზე ხმამაღლა დაიჭინთება, იმ ექიმის ხელში კი პატარა ბავშვი, პატარა იაკობი გაჩნდება, და მე, დაბნეული, შეშინებული და მთვრალი, მიმოვიხედავ პალატაში აქეთ-იქით, ბოლოს კი დავეცემი და გული წამივა. რომ გამოვფხიზლდები, შენ უკვე დედაშენის ხელებში იწვები უსაფრთხოდ, მე კი მოვალ, დაგხედავთ ორივეს და გავიფიქრებ, როგორ გამიმართლა მე, რომ თქვენ მყავხართ, და როგორ არ გაგიმართლათ თქვენ, რომ მეც თქვენ გეკუთვნით. მერე გავა წელიწადი, შენ დაიწყებ ლაპარაკს, ჩემო იაკობ, მე გასწავლი პირველ ლექსს, დედა - პირველ სიმღერას, შენ მალევე აითვისებ ამ ყველაფერს, მე კი მივხვდები, რომ მამის გენიოსური ბუნება შენზე გადმოვიდა. წლების შემდეგ მიხვალ ბაღში, იქნები ყველაზე ზემდგომი შენი გონებითა და, რაღა თქმა უნდა, გულით, შენი ცოდნით და შენი სიკეთით. სკოლაში ვერ გაგიგებენ, არ მოგეწონება, პირველად გასინჯავ მწარე იმედგაცრუების შემზარავ გემოს, მე კი, მამაშენი, ვიქნები შენი ნამდვილი მასწავლებელი. დრო გავა, მე მოვკვდები ისე, რომ შეიძლება არ დავიმარხო მთაწმინდაზე, მაგრამ შენ შენს თავში იგრძნობ გენიოსურ სულს, გაგიჩნდება ულევი ამბიციები, დაიწყებ წერას უზადოდ, როგორც ამას მამაშენი აკეთებდა - იქნებ, უკეთესადაც კი - დაიწყებ საკუთარი თავის წარმოჩინებას, მაგრამ მალევე მიხვდები, რომ არავის სჭირდები, არავის უნდიხარ; ასეა ეს ქვეყანა აგებული და მოწყობილი და, ჯერ სადა ხარ - როცა შენი დიდი ნიჭის შესახებ შეიტყობენ, უარესიც იქნება: შური და ტყუილები. თუ რამეს მიაღწევ, გაგანადგურებენ ის ადამიანები, რომლებმაც მიგაღწევინეს იქამდე, სადაც იქნები მაშინ - არასოდეს გეტყვიან კარგზე ცუდს, კი, მაგრამ არც კარგი დასცდებათ, არამედ დაუფარავი ნიჰილიზმით იქნებიან შენი კარგისადმი განმსჭვალულნი, მაგრამ, მთავარია, ერთი შეცდომა დაუშვა, რომ მთელ შენს უარყოფით ფაქტებსა და ფაქტორებს ცხვირწინ დაგილაგებენ, რომ შემდეგ თავადვე განიხილონ შენი რაობა. შენ, იმედგაცრუებული და დაღლილი ამ ყველაფრისგან, დაიწყებ სმას და აშვებულ ცხოვრებას, რის გამოც ვეღარც კი დაწერ, მაგრამ მალევე მოხდება სასწაული, და შენ შეგხვდება ქალი, რომელსაც შეიყვარებ, შეიყვარებ და ცოლად მოიყვან. წლები გავა იმის მერე, რაც ვერ დაწერ, მაგრამ კიდევ მოხდება სასწაული, და შექმნი ისეთ ნაშრომს, როგორიც არავის შენამდე არ შეუქმნია, მერე კი მიხვალ საყვარელ მეუღლესთან, რომ წააკითხო, გაუზიარო და, როცა ჰკითხავ, გენიალურია თუ არა, გიპასუხებს ცოტა დააკლდაო. ამის თქმა იყო და ნატაშა გაფითრდა, მე კი ავდექი, შავი მოსაცმელი მოვისხი და გარეთ გასვლა დავაპირე, თუმცა არ ვიცოდი, სად ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა დალევა. ამიტომ, თავი რომ არ დამემცირებინა ნატაშასთვის ფულის თხოვნით, ჩემი სერვანდიდან ჯერ კონიაკის ის ბოთლი გადმოვიღე, მაგრამ, როცა ვნახე, ნახევრამდე იყო ჩაცლილი უკვე, სხვა ბოთლი ავირჩიე, რადგან ვიცოდი, არ მეყოფოდა. გარეთ ქარი იყო ძლიერი, და ჯერ კიდევ თებერვლის სუსხი გამოჰყოლოდა მარტის თვის ჰაერის მასების მოძრავ ნაკადს. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ატეხილი კატების კნავილი აპობდა ჩუმ ჰორიზონტს, და მე ეს ხმაური მეჩვენებოდა, როგორც განწირული ბავშვის გულამოსკვნილი ტირილი. მე სწრაფი ნაბიჯით დავდიოდი სულ ერთი მიმართულებით - მარტორქასავით პირდაპირ. თუმცა მერე, როცა ძირამდე დავიყვანე ბოთლში კონიაკი, თავში საშინელი და შემაძრწუნებელი აზრი გამიკრთა, რომელზე უარიც ვერ ვთქვი, იმდენად ვიყავი გაბრაზებული თუ, უბრალოდ და მარტივად, გაოგნებული იმის გამო, რაც ნატაშამ მითხრა. არ არის გენიალური - სულ ცოტა აკლია, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერიაო, გესმით?! ასე მითხრა, ხომ კარგად გახსოვთ თქვენც, არა? ხომ არ ვიგონებ, არა?! ვინ ვარ-მეთქი მე, მახსოვს, ასე გავიფიქრე მაშინ: მე ვიყავი და ახლაც ვარ ლოთი, არარაობა, ადამიანი, რომელიც საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობს ღმერთისგან მომადლებულ ულევ და ხანდახან მართლაც მიუწვდომელ ნიჭს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის დახმარებით უნდა განახორციელოს დიადი მიზანი - მოამზადოს სული მარადიული განსასვენებლისათვის; მე დაკარგული პიროვნება ვარ, როგორც ოჯახისთვის, ისე - ქვეყნისთვის და, ღმერთმა ნუ ქნას, რომ თავად ღმერთისთვისაც; მე ვარ კაცი, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საკუთარ სულს, და კაცი, რომელიც მზად იყო, გამოუსწორებელი და მწარე დაღი დაესვა საკუთარი შვილის შინაგანი სამყაროსთვის; ალკოჰოლის ზემოქმედება გაივლის, მაგრამ დარჩება მისი მიღების შედეგად დანგრეული და მიუსაფარი სული. მოკლედ, ჯერ განმარტოება გადავწყვიტე, რადგან ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც - ენით, განმარტოებით ყოფნისას კი ამ ცოდვას გაურბის, მაგრამ, სიმართლე ითქვას, რეალური განმარტოება არ არსებობს, იმიტომ, რომ, თუ ღმერთი არ იქნა შენთან, ეშმაკი მაინც გვერდში გეყოლება, რომელიც თავის დროს დაელოდება; წმინდა სინდისის მქონე ადამიანს არც კი სჭირდება განმარტოება, რადგანაც ის ყველასთან მშვიდ ურთიერთობას დაიჭერს, მაგრამ, აი, ადამიანი, რომელსაც სინდისი ხალხში ქენჯნის, განმარტოებაშიც დაიტანჯება და ვერ მოისვენებს. ჩემი იდეა იყო ასეთი: უნდა დამევლო ყველა ნაცნობის კარზე, უნდა მეთქვა, როგორი ქაჯია ჩემი ცოლი, როგორ ირტყამს მუშტებს მუცელში მხოლოდ იმის გამო, რომ მე შეიძლება ცუდი მამა ვიყო, როგორ მაგდებს სახლიდან და მოკვლით მემუქრება; უნდა მეთხოვა მათთვის დახმარება, ისინი კი, ვინ იცოდა, რას გააკეთებდნენ. იმ ღამეს ასეც მოვიქეცი, ყველა დახმარებას დამპირდა, შეფარებაც კი შემომთავაზეს, მაგრამ არავისთან დავრჩი და გარეთ გამოვედი, რომ დამეძინა რომელიმე გრძელ სკამზე სადმე, პარკში. დამესიზმრა, როგორც ,,სიზმარაშია“* - მე ჩემს არარსებულ, მეფური ძვირფასეულობით შემკულ საწოლზე მეძინა, როცა ვირთხები ცეკვითა და სიმღერით შემოიჭრნენ, დამინგრიეს საწოლის ფეხები, დამაგდეს მიწაზე, ამიტაცეს თავისი უშველებელი წინა თათებით და გამიტაცეს სადღაცა შორს, მე მგონია - ჯოჯოხეთში, და ასევე მგონია, ეგ ვირთხები დემონები იყვნენ. ნატაშას მთელი კვირები ურეკავდნენ ჩემი ნაცნობები, რამდენიმემ სახლშიც ააკითხა. ვუყვარდი ჩემს ცოლს, ჩემს მეუღლეს, ჩემს თანამეცხედრეს, მართლა ვუყვარდი, და მეც მიყვარდა ისევე მდაბიოდ, როგორიც თავად ვიყავი და ვარ. მეშვიდე თვეში იყო - მე უკვე დაბრუნებული ვიყავი შინ მაინც იმ სამარცხვინო ქმედებების შემდეგაც კი, როგორც მათხოვარი - როცა ერთ დღეს საპირფარეშოში შევიდა მოსაშარდად, თან კარგად გამობერილი მუცელი ხელით ეკავა, რაც მანიშნებდა, რომ სტკიოდა. შევიდა და ათი წუთის შემდეგ გამოვიდა, ხელები სისხლიანი ჰქონდა, თვალები - ცრემლიანი, მაგრამ არ ერიდებოდა და სისხლსაც ურევდა ცრემლებს თვალებზე ხელების მოსმით. მუცელი საერთოდ აღარ ჰქონდა გამობერილი ოდნავადაც, უნიტაზში კი ჩამოშლილი და ფურცელივით ნაკუწებად დახეული ჩემი არდაბადებული შვილი ეგდო, მთლიანად აზელილი მასა, თითქოს ნარწყევივით, მაგრამ ნარწყევი კი არა, ჩემი სისხლი და ხორცი იყო. კვირები ტიროდა ნატაშა, მე იმდენი ვსვი, სანამ ღვიძლის დაშლა არ დამეწყო, მერე ნატაშა ნერვიულობით გარდაიცვალა, მე კი დავრჩი ასე, ატირებული, და დაშლილი ღვიძლის ამარა, დაშლილ სულთან და შერყეულ გონებასთან ერთად. ისღა დამრჩენია, დაველოდო დროს, როდის მივუწვები ჩემს საყვარელ მეუღლეს გვერდით, რომ ახლა მართლა ერთად გავწიოთ რაღაცა ახალი უღელი ჩვენს იაკობთან ერთად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი