კარიბჭე


მხოლოდ თანდაყოლილ და მუდმივად თანამდევ თვითგანადგურებას შეიძლება დაერქვას სიკვდილი, და მხოლოდ ასეთი თვითგანადგურების - ანუ, სიკვდილის - ნიჭით დაჯილდოებულ არსებას შეიძლება ეწოდოს ცოცხალი. თავს ვიკლავ? - მაშ, ვკვდები; მაქვს არჩევანი, მოვიკლა თავი თუ გავაგრძელო ცხოვრება? - მაშ, ცოცხალი ვარ. 
სმა რომ დავიწყე, მალე ვთვრებოდი. მეგონა, ხშირად რომ დავლევ, ორგანიზმი მიეჩვევა და ნელა დავთვრები-მეთქი, მაგრამ, რაც დრო გავიდა, მით ნაკლები მჭირდება დასათრობად. ლოთობა ცუდი საქმეა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობას გინგრევს, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს მთლიანად გიპყრობს შური, ამავდროული ამპარტავნება, მრისხანება და სხვა მრავალი სიკვდილის ტოლფასი სენი; სასმელს ადამიანი ცხოველის დონემდე დაჰყავს, მაგრამ სასმელთან ერთად შეძენილ თვისებებს - წამოდგომის შანსის არმქონე დეკადანსამდე. ვგრძნობდი, ბოლო პერიოდში თითოეული წვეთი მიხურებდა სხეულს, და მაიძულებდა, სერიოზულად მომაკვდინებელი ფიქრებისგან თავის გადასარჩენის მიზნით, უფრო მეტი დამელია, რომ უსიზმროდ ჩამძინებოდა. 
არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მგონია, მამაჩემი ჩემზე უარესი იყო. ალბათ, სულაც არ ყოფილა ისეთი საშინელი რეალურად, როგორც მე ვარ, მაგრამ ადამიანის არსის სამხრეთი პოლუსის ბუნება მაიძულებს, ვიფიქრო, რომ ბევრი რამ - თუ არა ყველაფერი - ჩემს არეულ ცხოვრებაში მისი ბრალია. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასე არაა. ცხოვრება როცა ირევა, მიზეზი ყოველთვის ისაა, რომ, დალაგებული ყოფიერების პერიოდში, ჩვენ მიერ მოსასწრები საქმე დროში ვერ ჩავატიეთ. და საერთოდაც, თუ გავიაზრებთ, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, ჩვენივე მიქარული საქციელებისდა გამო ხდება, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება. მიქარული საქციელი, თავის მხრივ, მცირე ცოდვის ფესვია, მაგრამ ცოდვა, თავის მხრივ, სიკვდილის დასაწყისია. თუმცა არსებობს კი მცირე ცოდვა? რომელიმე ტბას მცირე მაშინ ეწოდება, როდესაც მას დიდ ზღვას ვადარებთ, თუმცა სინამდვილეში იგი სულაც არაა პატარა, რადგან საკმაო რაოდენობის წყალს იტევს; მცირე ცოდვა მხოლოდ მომაკვდინებელთან შედარებით გვეჩვენება მცირედ, მაგრამ, თავისთავად აღებული, მაინც დიდი ბოროტებაა, იმიტომ, რომ ცოდვა - დიდიც და მცირეც - ორივე ერთი წერტილიდან იღებს სათავეს; ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად და თამამად ვათვალიერებთ ქალის ლამაზ სახეს, მაგრამ სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლევს ბინძურ ფიქრებს, სრულიად მოიცვან ჩვენი არსება; ისინი ჩვენს გონებას იპყრობენ, შემდეგ კი უკვე იმის მისწრაფებაც გვიჩნდება, რომ ხელით შევწვდეთ იმ ტკბობას, რაზეც ვოცნებობდით, მერე აზრის საქმედ სრულყოფის პროცესს ვიწყებთ, ვასრულებთ; მოქმედების რამოდენიმეჯერ გამეორება პროცესს ჩვევაში გადაზრდის, ჩვევას - ჩვეულებაში, და ბოლოს ის ცოცხალ არსად მოგვევლინება, ცოცხალი არსი კი აუცილებლობას ჩამოაყალიბებს, ცუდი საქმის აუცილებლობა კი ჭეშმარიტი სიკვდილის უახლოესი მეგობარია. თუმცა თესლი მცირე ზომისაა, მისგან მაინც დიდი ხე ამოიზრდება. 
სადაც მარტოობა მთავრდება, იქ ბაზარი იწყება, და სადაც ბაზარია, იქ მუდამ ვაჭრების ხმაური და ბუზების ბზუილი ისმის, ამიტომაც ვცხოვრობ განმარტოებით. არც არასდროს ესმოდა მეზობელს მეზობლის და, მეტიც, ერთმანეთის ავიც უკვირთად თა კარგიც. თუმცა, ეს ალბათ მხოლოდ მე ვფიქრობ ასე, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი - არც არასოდეს ჩამოჰკიდებია ჭეშმარიტება აბსოლუტიზმის მაჯას. და მაინც, ყველაფრით კმაყოფილ მარტო მცხოვრებ კაცსაც ურჩევნია, კაცის მკვლელის ხელში ჩავარდეს, ვიდრე აღმოჩნდეს ქალზე ფიქრებში. ყოველთვის მაკლდა. 
ორი დღის წინ საკუთარ სახლში დავდიოდი, როცა უცნაური გარემოება - ხორცშესხმული - აღმოვაჩინე ჩემი გრძელი დერეფნის ბოლოს. აშკარად, როცა სახლს ვაშენებდი, ამ კორიდორის ჩრდილოეთ მცირე კედელზე არანაირი ოთახის კარი არ გამიკეთებია. თავიდან ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, და არც გამკვირვებია, რადგან ორი კვირა გადაბმული სმის მერე პირველი სრული დღე ხდებოდა, არ დამელია, და თავისუფლად შეიძლებოდა, თეთრი ცხელება მქონოდა დაწყებული, მაგრამ არა - ჩემზე ძლიერმა ქვეცნობიერმა ხმამ ღრმა სიშორიდან მიკარნახა, ცხადში ხარო, მეგობარო. ცნობისმოყვარეობა, რა თქმა უნდა, ვერ დავძლიე - ისე, საინტერესოა, ცნობისწადილის მხეცური გრძნობა აჯობებს ჩემს არსებაში, თუ სასმლის უმტკიცესი მოთხოვნილება - და გავეშურე იქითკენ, საითაც უცნობი კარი დამხვდა. შუა გზაში შევხტი, რადგან კარს მიღმა რაღაც გავიგონე, და ეს რაღაც არ იყო არც ვნებიანი კვნესა ქალის, არც მამაკაცის ცხოველური ქოშინი, არც ფორტეპიანოს კლავიშების რბილი ხმა, არც ვიოლინოს სიმის მხატვრული რხევა, არც დიდი ხნის გარდაცვლილი მამის ხმა, არც მკვდარი დედაჩემის მონატრებული შეძახილი... ეს იყო ხავილი, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და მეტამორფოზას განიცდიდა, გადადიოდა სასოწარკვეთილ და უიმედო თხოვნისებრ ყივილში. შიშისა და ცნობისმოყვარეობის ვექტორებმა საპირისპირო მიმართულება მიიღეს უცებ ჩემს პიროვნებაში, მაგრამ, როგორც ეს ნებისმიერ ადამიანში მოხდებოდა, ცნობისწადილის ვექტორის სიგრძემ შიშის ვექტორის სიგრძეს გადააჭარბა, მომართა ტოლქმედი ძალის ვექტორი სათავისოდ, და მეც ისევ გავაგრძელე გზა უცნობი კარისკენ. ნელ-ნელა ხმა მეცნო... ასე ერთხელ მიყვირია. ფრთხილად მივედი ხის შესასვლელთან, ჩავჭიდე მრგვალ სახელურს ჩემი ძლიერი მტევანი, დავაპირე გამოწევა და, გამოვქაჩე თუ არა, ძირს დავეცი. სამჯერ რომ ვცადე კიდევ გაღება და სამივეჯერ რომ დავეცი ძირს, გადავწყვიტე, იმ წამს აღმოჩენილ და შემჩნეულ ჭუჭრუტანაში შემეხედა, რომ საბოლოოდ გამერკვია, რა ხდებოდა ჩემს კუთვნილ სახლში. შევიხედე. შევიხედე და... მე ვიყავი, ზუსტად ვიცი, დავინახე. თან მე ვიყავი მწამებელიც და წამებულიც. თავქვე მყავდა საკუთარი თავი ჯვარზე გაკრული, ზედ თავზე დამსხვრეული არყის ბოთლის ნატეხებისგან გაკეთებული გვირგვინი მედგა, ვყვიროდი ტკივილისგან, სახე დამმანჭვოდა. მერე ეს სურათი გაქრა, მაგრამ იგივე შინაარსის, თუმც განსხვავებული სიუჟეტის სცენა წარმოიქმნა: შიშველი ვიდექი, მარტო დიდი ბათინკები მეცვა, ზამთრის; მარჯვენა ხელში დანა მეჭირა და წამდაუწუმ ბარძაყში ვირტყამდი; ბარძაყიდან სისხლი წრფივად გადმოდიოდა და ნაკადულივით ანკარად ჩაედინებოდა ფეხსაცმელში; იწყებდა სიარულს ეს ჩემი თავი - ანუ, შემიძლია ვთქვა, ვიწყებდი სიარულს მე - და, ედებოდა რა ჩემივე სისხლს ჩემი ტერფები, ჭყაპუნობდა ისე, თითქოს თავსხმა წვიმის შემდეგ გაჩენილ გუბეებში მევლოს რეზინის ბოტებით. სცენა მალე ისევ გამოიცვალა. ახლა ჩემი თავი, რომელიც იმ ოთახში სამი იყო სხვადასხვა როლში, ეუბნებოდა მეორე ჩემს თავს, რომელსაც თავი ყულფში ჰქონდა გაყოფილი:
- შენ დამნაშავე ხარ, მეგობარო, უნდა მოკვდე.
ამის გამგონე მესამე ჩემი თავი აღშფოთთა, მიირბინა დამსჯელთან და ბრაზიანი ტონით იკითხა:
- რა ხდება, რა ამბავია?!
- ეს კაცი სიმართლეს ლაპარაკობდა, ძმაო, გესმის? - კითხვა დაუბრუნა დამსჯელმა ჩემმა თავმა. - გესმის?!
- აბა, რატომ სჯით, რატომ ახრჩობთ?! - გაუგებრობაში მყოფმა მესამე ჩემმა თავმა იკითხა. ამ დროს კიდევ ერთი ჩემი თავი უკვე ლურჯდებოდა.
- რატომ?! - გაუკვირდა დამსჯელს, - რატომ! იმიტომ, რომ ზუსტად ესაა სიმართლის ფასი, ჩემო ძმაო. ასე რომ არ იყოს, ხომ ყველა სიმართლეს ილაპარაკებდა?!
მერე ისევ აიშალა ფიგურები ისე, როგორც აშლიდა გაბრაზებული დამარცხებული ჭადრაკის დაფას, და შემდეგ ისევ მშვიდად დაეწყო ახალი სცენა, სადაც მე ვიწვოდი. ვიწვოდი, ვიწვოდი და ამ ცეცხლში გახვეული ვითხოვდი შველას, თუმცა ჩემს ამ თხოვნას ობიექტი არ ჰყოლია - უბრალოდ ვისვრიდი ჰაერში სიტყვებს: ,,გთხოვთ, მიშველეთ, დამეხმარეთ“. თხოვნა ჯერ ისე რა ასასრულებელია, მერე - მიმართვის ობიექტის გარეშე. ან ვისთვის მეთხოვა რაიმე? - არავინ მყავდა. 
აღარ შემეძლო იმის ყურება, რას მიშვრებოდნენ, ამიტომ თვალი გამოვარიდე ჭუჭრუტანას და, რა წამს ეს ვქენი, წამსკდა თვალებიდან სისხლი. რა საცოდავია ის ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ ძლიერ სულიერ ტკივილს დიდი ხანი ძილი ან ბევრი შოკოლადი მოურჩენს. მხოლოდ ტირილი, მეგობრებო! მხოლოდ ცრემლები! ყველაფერი მომისწრია, სიყვარულის გარდა, არადა, როცა იბადები ადამიანი, სიყვარულისთვის იბადები; გაჩენის მომენტიდან მზად ხარ, გიყვარდეს. ახლაც, ალბათ, ჯერ კიდევ ვიწვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი