ნაღვლის ბუშტი - ანუ, ოცდამეერთეს სევდა


მუქი ყავისფერი ფარდის მიღმა მზიან ამინდში რომ გაიხედო, რა ფერსაც აღიქვამს თვალი, ისეთი ფერის ცა იყო იმ დღეს, მაისის შუა რიცხვებიდან ერთ-ერთ რიცხვში. რომ გავიღვიძე, თავი ბალიშიდან ვერ ავწიე, რადგანაც ისე დამმძიმებოდა, თითქოს ქალას ძვლების შიგნით არსებულ ღრუში ტვინი კი არა, ტონიანი ლითონი მდებოდა. არ მახსოვდა, წინა დღეს - ან, თუნდაც, ღამეს - რა მოხდა, და არც ის ვიცოდი, მომდევნო დღეს რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ იმ მომენტში უცებ მომინდა ფორტეპიანოზე დაკვრა და, იმის გამო, რომ სახლში ინსტრუმენტი არ მქონდა, მომენტალურად მომეცა ძალა, ავმდგარიყავი და წავსულიყავი მეორე მუსიკალურ სკოლაში, რომელიც მეგობრობის გამზირის ორმოცდაერთ ნომერში მდებარეობდა - და, იქნებ, მდებარეობს კიდეც - რომ იქ რომელიმე ოთახის გასაღები მეთხოვა ჩემი ნაცნობი დარაჯისთვის, და ფორტეპიანოზე მშვიდად დამეკრა. მოკლედ, დავძლიე ჩემი ტონიანი თავი, ავწიე ბალიშიდან, ჩვეული პროცედურები ჩავიტარე და გადავწყვიტე, გავსულიყავი სახლიდან, მაგრამ წამიერად შემძრა თავმა შიგნიდან, ამატკია ზედა და ქვედა ჰაიმორული ღრუები, ამიწუილა ყურები, ჰოდა, ამიტომ მივხვდი ყველაფერს - გავედი სამზარეულოში, გამოვაღე ჩემი ოქროსფრად შეღებილი კარადა, ამოვიღე პატარა არყის ჭიქა, ჩამოვისხი ჭაჭა, გადავკარი და, როცა მთლიანად გამიარა ყველანაირმა ტკივილმა, ავდექი და წამოვედი ისე, რომ არც კი მიმილაგებია სამზარეულო. ვერ ვითმენდი, რომ მივსულიყავი მუსიკალურ სკოლაში, რადგან ჯერ არ არსებული მელოდია მიტრიალებდა თავში, ეს კი მე უნდა გამომეცადა ფორტეპიანოზე, რომ მერე, ამ გამოცდის შემდეგ, ნოტებით ჩამეწერა კიდეც. სოლ მინორი-მეთქი, მახსოვს, ასე გავიფიქრე. სოლ მინორი ყველაზე სევდიანი, ნაღვლიანი ტონალობაა. მერე სიტყვებზე მოვყევი ფიქრს - მაგალითად, ნაღველზე: მეთქი, ნეტავ, რატომ დაარქვა ჩვენმა წინაპარმა ნაღველს ნაღველი ან, მეორე მხრივ, ღვიძლის ქვეშ მდებარე ნაღვლის ბუშტის წვენს - ნაღველა, ან ნაღვლის ბუშტიც კი? მერე სიუჟეტი დამეხატა და თვალწინ წარმომიდგა: ძველად იბერიაში ან, თუნდაც, კოლხეთში დადიოდა ერთი კაცი, რომელიც მუდამ სევდით იყო განმსჭვალული; ასაკი - ოცდახუთიდან ოცდაათ წლამდე; საბოლოოდ, ოცდათერთმეტის რომ გახდა, გარდაიცვალა; დაფიქრდნენ დასახლების უხუცესები, დაეწვათ თუ დაემარხათ, და საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯერ გაეჭრათ მისი სხეული, რადგან ასეთი ნაღვლიანი კაცი, ასეთი სევდიანი, მათ ლოკაციაზე ჯერ არ დაბადებულიყო; გაჭრეს და, ბუნებრივია, დახვდათ შინაგანი ორგანოები, რომელთა უმეტესობას უკვე იცნობდნენ, მაგრამ იყო ერთი, რომელიც, კი, შესაძლოა ენახათ კიდეც მანამდე, თუმცა სახელი ჯერ არ დაერქმიათ; მოიყვანეს ექიმი, უთხრეს, ამ პატარა ბუშტს დახედე, ღვიძლის ქვემოთ, და გვითხარი რამე, რაც გაგიხარდებაო; ექიმი დააკვირდა, და საბოლოო დასკვნის დრო რომ მოვიდა, თქვა, ეს ბუშტი აქამდეც მაქვს ნანახი, მაგრამ ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში არაო; შესაძლოა, ამ კაცის საყოველთაოდ ცნობილი ნაღველიც კი აქედან იყოსო გამოწვეული; ამ სიტყვებმა დააფიქრა მოსახლეობა და, ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ, ამ ღვიძლის ქვემოთ დაკიდებულ ბუშტს ნაღვლის ბუშტი ეწოდა, მის წვენს კი - თავად ნაღველი. რა ვიცი, სიმართლეა თუ არა - იქნებ, იყოს კიდევაც - მაგრამ, მგონი, ბუნებრივად ჟღერს. ჰა, არა?
მოკლედ, მე ამ ფიქრების დროს უკვე ქუჩაში ვიყავი და კარგა მანძილიც გამევლო. სულ ასიოდე მეტრი მქონდა დარჩენილი, სანამ მეორე მუსიკალურ სკოლამდე მივაღწევდი, ამიტომ გადავწყვიტე, მეყიდა უკვე რამე სასმელი, რომ დამედგა ფორტეპიანოს თავზე, როგორც გამართული მეტრონომი, და მშვიდად დამეწყო საქმე, რომელიც ასე მექაჩებოდა თავისკენ. ანუ, ესეიგი, შევედი მაღაზიაში, სამი ქილა ,,ტუბორგი“ ვიყიდე და ისევ გავაგრძელე გზა, ქვაფენილით გაგებული. მეორე მუსიკალურ სკოლას რომ მივადექი, უკვე ისე ცხელოდა, გველი რომ ვყოფილიყავი, ტყავსაც გავიხდიდი, მაგრამ არ ვარ გველი, არც ვიყავი, თუ დაიჯერებთ. შევედი შენობაში, შვიდი ნაბიჯი გადავდგი ზღურბლიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და პატარა ოთახის ხის კარს მივადექი, დავაკაკუნე, შევაღე და ჩემი ნაცნობი ნუგო-ნუგზარი დავინახე. 
- ნუგზარ, ძმაო, როგორ გამიხარდა შენი ნახვა! - ისე მოვატყუე, რომ, ლამის, მეც დავიჯერე და კინაღამ ვუთხარი, ერთ დღეს ჩავუსხდეთ სადმე, კარგად მოვილხინოთ-მეთქი, - როგორ ხარ?
- არამიშავს, რამაზ, ჯიგარო, - ხელი ჩამომართვა და მჭიდროდ გადამეხვია, - არ გამოჩენილხარ, რამდენი ხანია. 
- კი, ეგრეა, - დავეთანხმე ფაქტზე, - და ახლაც იმიტომ მოვედი, რომ შენი იმედი მაქვს.
- აბა, მითხარი, რა ხდება? - დოინჯი შემოირტყა მენჯზე.
- არაფერი ისეთი... უბრალოდ, თავისუფალი კლასი თუ მოიძებნება, გთხოვ, რომ გასაღები მათხოვო - სულ ერთი საათით მინდა. 
- სამი თავისუფალი კლასი მაქვს, და აუცილებლად მოგცემ გასაღებს, ძმაო, მაგრამ, - მარჯვენა ხელზე ჩამოკიდებული პოლიეთილენის ცელოფნის შიგთავსს მოავლო თვალი ნუგზარმა, - ბავშვები სწავლობენ აქ, და შეეცადე, არავინ დაგინახოს, როგორ დალევ. 
- დავმალავ, ძმაო, ნუგო, - შევძახე დაპირების ტონით, - შენ ოღონდ გასაღები მომეცი.
მომცა გასაღები ნუგზარმა, რომელიც ნომერ მერვე კლასს აღებდა, და მეც, რაღა თქმა უნდა, ამ კლასისკენ გავეშურე, თან სამ ქილა ლუდს უნიჭოდ ,,ვმალავდი“ ხან სად, ხანაც - სად. კლასის კარი რომ შევაღე და ფორტეპიანოს მივუჯექი, ხუთ წუთში ვიღაც ქალი შემოვიდა - დირექტორმა მე მომცა ნება, ამ კლასში შემოვსულიყავიო. რა მეთქვა - კარგით, რაზეა-მეთქი საუბარი, და დავუთმე ჩემი ადგილი. გავედი დერეფანში და მივაკითხე ისევ ნუგზარს. დღის ორი საათი იყო. ვუთხარი, ასე და ასე მოხდა, კლასიდან გამოსვლა მომიწია-მეთქი. ნუგომ დამამშვიდა, სამ საათამდე მთავარი დარბაზიც ცარიელია და შეგიძლია, იქ დაუკრაო. მე ვუთხარი, ჯიგარი ხარ-მეთქი, და გავიქეცი დარბაზისკენ, კარი შევაღე, მერე ეგრევე გიჟივით მოვიხურე და, სცენაზე მდგარ როიალთან რომ უნდა ავვარდნილიყავი უკვე, დავინახე, ზუსტად იმ როიალს, მე რომ მინდოდა დაკვრა, ვიღაც ქალი დარაჯობდა. 
- უკაცრავად, - ვუთხარი, - თავისუფალი არაა როიალი? დაკვრა მინდა...
- იცით, - ძალიან ბებრული ხმა ჰქონდა, - შიგნით მუმია წევს და, კლავიშს რომ დააჭიროთ თითი, ჩაქუჩი მოხვდება და იტირებს ან, უარეს შემთხვევაში, გაბრაზდება, გადახსნის როიალს, ამოვა და დაგვხოცავს. მე ვფიქრობ, ჯობია, კუთხეში რომ პიანინო დგას, იმაზე დაუკრათ.
რაღა მეთქვა - მუმია არისო და, ინტრიგანი ხომ არ ვიყავი, რომ ასე ჯიბრზე გამენთავისუფლებინა? ამიტომ, მივუჯექი კუთხეში მდგარ ფორტეპიანოს, მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, აღმოვაჩინე, რომ მელოდია, რომელიც მთელი დღე მიტრიალებდა გონებაში, გამქრალიყო. ყველას დედა ვატირე-მეთქი, გავიფიქრე, ერთი ქილა ლუდი ერთი მოყუდებით გამოვცალე, ნარჩენი იქვე დავაგდე და ეზოში გავედი. მზე აჭერდა, მართალია, თუმცა მაინც მომინდა, ცაში ამეხედა. წამით მზის მძლავრმა ელვარებამ დამაბრმავა, მაგრამ მერე უეცრად მოვკარი თვალი ცხრა სართულიანი შენობის სახურავზე მდგარ ფიგურას, რომელიც ადამიანს ჰგავდა - ქალს ან გოგოს. ისე, ქალი ხომ რთული მექანიზმია, მაგრამ, ჩემი აზრით, გოგო ქალზე რთულია, რადგან ბოლომდე ქალი არაა, თუმცა ძალიან უნდა ქალობა. აქვე დავამატებ, უცნაურად რომ არ მოგეჩვენოთ: მეორე მუსიკალური სასწავლებელი მდებარეობს მეგობრობის გამზირის ორმოცდაერთ ნომერში, ცხრა სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე. ახლა ამბავს ვაგრძელებ: მოკლედ, დავინახე ეს ქალი თუ გოგო და, აწი მე რაღა გამაჩერებდა, ჯერ ხელების ქნევა დავიწყე, ვუყვიროდი, დამელოდე-მეთქი, მერე კი მოვურბინე კორპუსს, სადარბაზოში შევვარდი, ავირბინე ცხრა სართული და სახურავის ღია ჭრილს მივადექი. ჯერ პატარა რკინის კიბეზე ავცოცდი, შემდეგ ჭრილში შევედი ან, თუ უფრო სწორი იქნება, ავედი, აქედან კი სხვენზე აღმოვჩნდი. სხვენში კიდევ იყო ერთი ღია ჭრილი, რომელიც წამსვე მეცა თვალში და მზერა მომჭრა. მივირბინე მასთან, ავხტი და სახურავზე აღმოვჩნდი. მისი ზედაპირი სწორი იყო, მეორე ბოლოში კი ღია წაბლისფერი, თითქოს უძლური ცეცხლის ალისფერი თმების მქონე გოგონა იდგა, რომლის სხეულის ირგვლივაც შემორტყმულიყო მკვეთრი ცისფერი აურა. მასთან მივედი, და რას ვხედავ - ბარბარე რუსიძე! გავგიჟდი, გადავირიე - მეთქი, რა უნდა ბარბარეს ასეთ მშვენიერ დღეს სახურავზე!..
- ბარბარე! - შენიშვნის ტონით დავუძახე.
- ვა, რამაზ, - გამიღიმა უდარდელად, - როგორ ხარ? რა გინდა აქ?
- იგივეს კითხვას ვაპირებდი, - ვუსაყვედურე თითქოს, - შენ რა გინდა აქ?
- მე? - გაიკვირვა, - მე... რა ვიცი. უნდა გადავხტე.
- რატომ, კი მაგრამ? - გამიკვირდა, რადგან არაფერი ეტყობოდა პოტენციური თვითმკვლელისა.
- რატომ და, რა ვიცი, - მისი აურის ფერისდა შესაფერისად საუბრობდა - ლაღად, - სიმართლე რომ გითხრა, მალე სკოლას ვამთავრებ, და სამედიცინოზე ვაბარებ, არადა არ მინდა სამედიცინო; ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი, რომ იურიდიული მინდა; არც სიმღერა მინდა; ფიზიკაც არ მინდა; სამთო გეოლოგიაც კი არ მაინტერესებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს; ანუ, რამაზ, მართლა არ ვიცი, რა მინდა და, ალბათ, ამიტომაც ვდგავარ აქ, სახურავზე, და ხელში რძის ბოთლი მიკავია, რომ სევდა გამიქარვოს.
- გადახედე ხალხს, ბარბარე, - ვუთხარი დაფიქრებულმა, - როგორ გგონია, ამათ იციან, რა უნდათ? მაგრამ, განა რამდენი დგას ახლა სახურავზე?
- მე. რას სვამ? - ჩამეკითხა.
- ლუდი მაქვს, გინდა?
- არა, - ამრეზით მომანჭა სახე, - ალკოჰოლი დარდს ვერ გააქარვებს.
- ვერც რძე, - მოკლედ მოვუჭერი.
- თუ პრობლემა ნაღვლის ბუშტშია, შესაძლოა მოაგვაროს კიდეც, - შემომიტია მშვიდად.
- ე, შენ საიდან... - გამიკვირდა, საიდან გაიგო ჩემი შეთხზული ლეგენდის შესახებ, მაგრამ, როცა უკვე უნდა მეკითხა, კიდეს მიუახლოვდა და ხელები გაშალა, ამიტომ აზრი გამიწყდა და დავუძახე: - მოიცადე, ბარბარე!..
- რა იყო, რამაზ? - მკითხა და კიდევ ერთხელ შემომანათა იმდღევანდელი ცასავით ლურჯი თვალები, - რამე გაქვს სათქმელი? ხდება რამე?
ლამაზი გოგო იყო ბარბარე, თუმცა - მეტად გამხდარი. ცხვირი ოდნავ გამრუდებული ჰქონდა და, თუ მცირე დროით მაინც დააკვირდებოდა ადამიანი, მის ყბაზე მცირე პროგენიასაც შენიშნავდა, მაგრამ ყველაზე მშვენიერი ნაწილი, რაც მის სახეზე მდებარეობდა, იყო ზუსტად ყბა, ცხვირი და, შემდეგ, თვალები. 
მოკლედ, მივედი ბარბარესთან, ჩემი საკმაოდ ძლიერი მკლავი მკერდთან დავადე, გამოვწიე კიდიდან, მერე კი ვუთხარი:
- ჯერ მე მაცადე.
ნელა დავიხიე უკან, მერე კი, მოულოდნელად, გიჟივით ვაკოცე ბარბარეს მარწყვივით ტკბილ ტუჩებში, გავექანე კიდისკენ, ზურგი ქვევით მოვაქციე, სახე - ზევით, რომ ცისთვის ბოლომდე მეყურებინა, და დაუოკებელი სიცილით გადავხტი გასაფრენად, რა. 
მარტო თქვენ კი არა, - მეც მაინტერესებს, საიდან ან, თუნდაც, როგორ ვწერ მე ამ ყველაფერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი