სარკევ, სარკევ
დასაწყისი: მოკლედ, ერთ დღეს ძველ რუსთავში, მოედნის გვერდზე რომ ვიწრო ქუჩაა და იმ ქუჩაზე ბარ-რესტორანი ,,პრაღა“, რომელიც პირდაპირ ასევე ბარ-რესტორან ,,ბერლინს“ უყურებს, იქ, ხინკალს ვჭამდი. ჩემ წინ გაწყობილ ხის მაგიდაზე ოთხ წილადად იდო ასი ხინკალი, და თითოეულს ორთქლი ასდიოდა. უცებ, შევამჩნიე, რომ ერთი მათგანი გახეულიყო და წვენი გადმოსდიოდა, ამიტომ, ბიბლიური იგავისდა თანახმად, მივატოვე ის ოთხმოცდაცხრამეტი ხინკალი და იმ ერთს მივუბრუნდი საჭმელად. ახლა ვხვდები, რომ ეს ისტორია არანაირ კავშირში არაა იმასთან, რისი მოყოლაც მინდა, ამიტომ, თქვენის ნებართვით, დასაწყისს შევცვლი. ახალი დასაწყისი: ადამიანი, როგორც ერთი არსი, ჟამთასვლასთან ერთად ორ არსს ჰქმნის. - ყინულია შენს ღიმილში, - ვუთხარი, - ტყუილად მიღიმი. ვერ მგრძნობ და, შესაბამისად, მატყუარა ხარ. - რატომ ვერ გგრძნობ მე შენ, როცა შენ მე უფრო ვერ მგრძნობ, ა? - ასეთი იყო მისი პასუხი. - მე რომ ვერ გგრძნობდე, არ ვიტყოდი, ყინულია-მეთქი შენს ღიმილში, რადგან, თუ სიცივე ვერ იგრძენი, როგორ იგებ, ყინულია თუ უბრალო მინა შენ წინაშე? - და რის გამო, ა? - განა, არ იცი? ჩვენ ჩვენი საქმეებით ვფასობთ ადამიანების თვალში. მე რომ ღმერთი ვიყო, გულით განგსჯიდი, მაგრამ, სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, ადამიანი ვარ, ამიტომ ეს არ შემიძლია. და, სანამ იტყოდე, დაგასწრებ და მე ვიტყვი: ვიცი, არა მაქვს უფლება ვინმეს განსჯის, მაგრამ მწამს, შენ ვინმე არ ხარ. - ჯოჯოხეთი მელის? და რა, გგონია, მე არ ვიცი ეს ყველაფერი? - ღრმა ირონია შეიმჩნეოდა იმ წამს მის ხმაში, რომელიც გამოწვეული იყო საბოლოო არსის გააზრების დრამატულობით. ადამიანი როცა ცუდს სჩადის რამეს, ყოველთვის იცის, რომ ჩადენილი ცუდია, მაგრამ, იმის გამო, რომ საკუთარ თავთან სახელი გაიტეხა და მის თვალში მუდამ ავხორცია თავადვე და ირონიული, შინაგანადვე ბრკოლდება და აღარ ცდილობს, რამე გამოასწოროს. - არა, რას ამბობ. ტყუილია შენთვის ეგ ყველაფერი: არ არსებობს შენთვის არც ეშმაკი და არც ჯოჯოხეთი - შენი სული დაიღუპება იქამდე, სანამ მოკვდება შენი სხეული, ამიტომ არაფრის გეშინოდეს. - რა თქმა უნდა, ეს იმაზე შემაშინებელია, ვიდრე ნებისმიერი ეშმაკი ან ჯოჯოხეთი შეიძლება იყოს, და დარწმუნებული ვარ, შენ ეს იცი. - რატომაც არა?.. - თუ მართალია ეს ყოველივე, რაც გაიფიქრე - და შენ იცი, მე მესმის შენი ფიქრები - მაშინ, გამოდის, ჩემი არსებობის დაკარგვით არაფერს ვკარგავ, რადგან არ ვარ იმ ცხოველზე მეტი არაფრით, რომელმაც ცეკვა და ხტუნვა შიმშილისა და გვემის ხარჯზე ისწავლა. - თუ მომისმენ, ასე გეტყვი: არსებობის დაკარგვით არსებობას დაკარგავ, არსებობა კი, თავის მხრივ, ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობაა. შენ ვერ დათრგუნავ სიკვდილით სიკვდილს, რადგან ერთადერთი, ვინც დაითრგუნება, მე ვიქნები. - მე გზა ერთი მაქვს. - შენ არ ხარ ერთადერთი, ვისაც გზა ერთი აქვს. ვერ ივლის ადამიანი ათ გზაზე ერთდროულად, თუმცა, უნდა იცოდე, რომ ეს ათივე გზა ბოლოს ერთდება. აქედან გამომდინარე, მე თამამად ვასკვნი, გზა ყველას ერთი აქვს, თუმცა სხვადასხვა, მაგრამ, რახანაც ისინი ბოლოში ერთდება, გამოდის, ყველა ერთ მიზანს ემსახურება გარდაუვალობის პრინციპით. - მაშინ, თუ სიტყვებზე მეკიდები ბავშვივით, ასე ვიტყვი: მე ბოლო ერთი მაქვს, რადგან გააზრებულად ვეფლობი ჭაობში. იმის გამო, რომ დამემტკიცებინა მისთვის, ბოლო ერთი არ ჰქონდა, გადავწყვიტე, ორი დასასრული დამეწერა: დასასრული1: - ძმაო, მისმინე, - ვუთხარი, - აწ შენი ხელობით იღუპები, ამიტომაც ჩემი ხელით დაგასამარებ. და სარკე დავამსხვრიე. და იმასვე დავემსგავსე საბოლოოდ, ვისაც ვუყურებდი სარკეში. დასასრული2: - მე ერთს გეტყვი, ჩემო ძმაო, - ვუთხარი, - შენ იღუპები, მაგრამ მაინც მიყვარხარ. სარკე მაინც დავამსხვრიე. ხო აზრზე ხართ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი