ნაკადული - ანუ, ტუჩები კოლხი მედეასთვის


გერმანიაში, ერთ-ერთ პატარა ქალაქ ბად ჰერსფელდში დიდი ავტობუსი გაჩერდა სპეციალურად მონიშნულ ადგილას - შეიძლებოდა, ,,გაჩერება“ დამეწერა სპეციალურად მონიშნული ადგილის მაგივრად, მაგრამ გრადუსული გადახრა იქნებოდა ტაფტოლოგიისკენ, და ამიტომაც ისე იყოს, როგორც არის. მოკლედ, დიდ ავტობუსში ავედი და, ქართულ ყვითელ ავტობუსებს დაჩვეულმა, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი გავიკვირვე - თუნდაც, მაგალითად, ტრანსპორტის ფიზიკურ ცენტრში მოთავსებული საპირფარეშო, ინტერნეტი, სისუფთავე, ნაგვის ურნა და ასე შემდეგ. დავიკავე კუთვნილი ადგილი, და ფანჯრიდან გადაშლილ ხედს გავაცქერდი, მაგრამ, ორი წუთი არ იყო გასული, ჩემ გვერდზე მჯომმა მგზავრმა მხარი რომ გამკრა და მიმანიშნა, ღვედი გაიკეთეო. საქართველოში - იშვიათად, მაგრამ მაინც - მძღოლსაც კი შეიძლება არ ეკეთოს უსაფრთხოების ღვედი, არამცთუ რიგით მგზავრს, რომელიც, თუნდაც, მძღოლის სკამიდან მეთერთმეტე რიგის ერთ-ერთ ადგილზე ზის. ჰოდა, მეც გავიკეთე ღვედი, რადგან, ჩემი აზრით, რა ქვეყანაშიც ჩადიხარ, ისეთი ქუდი უნდა დაიფარო, და გავაგრძელე ფანჯრიდან გადაშლილი ხედით ტკბობა. თითქოს უსულო, მაგრამ მაინც მეტყველი შენობები იყურებოდნენ ოთხივე მიმართულებით და, მახსოვს, გავიფიქრე, ეს ნაგებობები რომ ადამიანები იყვნენ, ნამდვილი გერმანელები იქნებოდნენ-მეთქი. ასეც იყო. ავტობუსის მარშრუტი ბად ჰერსფელდიდან აიზენახამდე მოიცავდა გზას და, აიზენახში ოცდაორ წუთიანი შესვენების შემდეგ ქალაქის ცენტრში - დიახ, ზუსტად ოცდაორი წუთი, გერმანულად პუნქტუალური კონკრეტულობით - დაბრუნდებოდა ჩვენს წასაყვანად იქ, სადაც ვიქნებოდით. ხედი შეიცვალა, როცა ქალაქის საზღვრებს გავცდით და ავტობანზე გავედით: გამოჩნდა ლუდის ქარხნები, პურის ყანები, ქარის ტურბინები, რომლებიც, სხვათა შორის, ერთი ბრუნის შედეგად ერთი სახლისთვის ორმოცდარვა საათის სამყოფ ენერგიას იძლევა; ასევე ჩანდა სიმინდის ნათესები, გრუნტის მიწები, აქა-იქ სახლებიც, მთა და მთაზე ნისლიც, და ეს ნისლი, ვატყობდი, ანტილოპას ჩასაფრებული ვეფხვივით მოიპარებოდა ჩვენკენ - ანუ, ავტობანისკენ. მერე, ისევ სიმინდის ყანებს რომ გავხედე, კითხვა გამიჩნდა, ამიტომ ჩემ გვერდით მჯდომს მივუბრუნდი და ვუთხარი - რა თქმა უნდა, გერმანულად - უკაცრავად, გზასთან ასე ახლოს რომ არის დათესილი ამდენი რამე, თან გვერდზე რომ ქარხნებიცაა, არ გეშინიათ-მეთქი? რატომო? კითხვითვე მიპასუხა. ავუხსენი, მანქანების და ქარხნების გამონაბოლქვი ტყვიასა და სხვა მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც გარეთ გამოიყოფა და, დიდი ალბათობით, თქვენი მოსავალი იკრავს-მეთქი. ბოლოს, როცა ასეთი აირების გამოყოფა ოფიციალურად დადასტურდაო, მითხრა, იმის მერე თხუთმეტი წელი გავიდაო. გავიკვირვე, მაგრამ ეს გაოცება დიდად არ შემიმჩნევია, მადლობა გადავუხადე და ისევ ფანჯრისკენ ვიბრუნე პირი. თავი ორი დღის დასაბანი მქონდა. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი სტანდარტებით, დასაბანი არ იყო, მაგრამ გერმანულ ავტობუსში, როცა თითოეული ადმიანი სხვადასხვა არომატითაა გაჟღენთილი, წესით, დასაბანად ითვლება. კიდევ ერთი სიმართლეც რომ ვთქვა, არ მომწონდა ამდენი არომატის აღრევა, არც ცალკე აღებული მომწონდა რომელიმე, რადგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ბუნებრივი სუნია, დოზირებული ჰიგიენის, ცხოვრების წესისა და სხვა მრავალი ფაქტორის შედეგად წარმოშობილი, მაგრამ, ვისთვისაც ეს ოდესმე მითქვამს, ყველამ ფსიქიკურ გადახრაში გამიტარა, სინამდვილეში კი ამ ჩემი აზრის რეალური არსი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული ეს არომატი, რომელიც გადამეტებული ჰიგიენისა და თავის მოვლის შემდეგ ჩნდება, ფარსია - თუნდაც, იმიტომ, რომ ხშირად შემინიშნავს ადამიანი გერმანიაში, ათასი ყვავილის არომატი რომ ასდის, მაგრამ საუბრის დროს პირიდან ცუდი სუნი ამოსდის; შესაბამისად, ეს ყველაფერი გარეგანია და, აქედან გამომდინარე, რაც მხოლოდ გარეგანია, ის არ შეიძლება, ნამდვილი იყოს და, მაშასადამე, უეჭველად ფარსია. ამ ფიქრებიდან გამორკვევის შემდეგ წამსვე მამაკაცის საუბარი, ოდნავ ბოხი ხმა გავიგონე ჩემს თავს ზემოთ მოთავსებულ დინამიკში, რომელიც, თურმე, მძღოლს ეკუთვნოდა - ესეც ახალი ფაქტი იყო ჩემთვის. ევროპული უშუალობა მომეწონა, ფაქტი ასეთია. ოც წუთში აიზენახში შევალთო, ეს თქვა მძღოლმა მიკროფონში, და მისი ხმა მთელ ავტობუსში გაისმა. მერე დაამატა, მშვიდობიანად ვმგზავრობთ და, ასე თუ დავასრულებთ, კარგი იქნებაო ძალიან. ამ დროს ჩემ პირდაპირ, სკამის მარცხენა მხარეს გავაპარე თვალი. გოგო იჯდა - დიახ, მაშინ გოგო იყო, რადგან მეც ჯერ კიდევ ბიჭი ვიყავი, ყმაწვილი - და, მოდით, ბევრს აღარ მივედ-მოვედები, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეგრევე შემიყვარდა. ცხვირი ისეთი ფორმის ჰქონდა, თითქოს ოსტატ მოქანდაკეს საგანგებოდ გამოეყვანა მისთვის; მისი თვალები იყო მუქი ფერის, მაგრამ ერთი წამით შეხედვაც კი მეყო იმის გასარკვევად, რომ თვალის ფერად გარსში ორ ფერს შორის მიდიოდა ბრძოლა - შავსა და ცისფერს შორის, და ამ ორი ფერის კომბინაცია იძლეოდა ფრიად საუცხოო და არც ისე გავრცელებულ ფერს, რომელიც არც ყავისფერი იყო, არც მწვანე, არც თაფლისფერი და, სიმართლე ითქვას, არც კი ვიცი, ასეთ ფერს ქართულ ან ნებისმიერ სხვა ენაზე შესაბამისი აღწერილობითი სიტყვა თუ გააჩნია; ამ გოგონას აურა იყო მუქი ლურჯი, რაც, თუ აურების დახასიათებაში რამე გაგეგებათ, დამეთანხმებით, უძლიერესია; წარბები იმდენად მკაცრ შესახედაობას აძლევდა მის სახეს, რომ მისი ღიმილი ფასდაუდებელი და ყველაზე დამატყვევებელი უნდა ყოფილიყო სამყაროში. მოკლედ, მაგრად შემიყვარდა, და იმ წამსვე ცუდად გავხდი, იმდენად შემიპყრო უიმედო მოწყენილობამ. თუმცა ამ დროს მეტად საგულისხმო ფაქტი მოხდა: ჩვენი ავტობუსი ტრანსპორტთა მწკრივს მიჰყვებოდა, როცა ჰორიზონტზე შავი კატა გამოჩნდა; მწვანე ,,ოპელს“, რომლის შემდეგაც ერთი პატარა ,,მიცუბიში“ მოდიოდა და შემდეგ ჩვენ, ამ შავმა კატამ გადაურბინა; ,,ოპელმა“ დაამუხრუჭა, კატას ასცდა, ცხოველიც დაფრთხა, ,,ოპელის“ უკან მომავალი ,,მიცუბიშიც“ აიცილა და, ერთი შეხედვით, როცა უკვე სამშვიდობოს იყო, ჩვენმა ავტობუსმა სიგნალის თანხლებით დაარტყა. მკაფიოდ გავიგე, ჯერ როგორ დაიკნავლა უკანასკნელად კატამ სიმწრისგან, როგორ გადატყდა ცხოველის ნეკნები, როგორ დაეხა კუნთები. მერე, როცა ყველაფრის გაკეთება გვიანი იყო, ავტობუსმა გადაუარა და ნაწლავები ზედ გზაზე გადმოაყრევინა. ხალხმა ამოიგმინა, მძღოლს სასო წარეკვეთა და ლამის იქვე მდგარ ბოძს შეახეთქა ავტობუსი. ჩემ გასწვრივ, მაგრამ მეორე ბოლოში მჯდარმა ქალმა, რომელსაც  მაისური ეცვა წარწერით ,,Vegan Power”, ტირილი დაიწყო და მძღოლისკენ საჩხუბრად გაეშურა, მაგრამ, წამოდგა თუ არა, ღვედმა უკანვე დააგდო თავის ადგილზე. მე, საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი, მთელი ეს ამბავი, აქედან დაიწყო, ამიტომ თხრობას გავაგრძელებ, და თქვენ გადაწვიტეთ. მოკლედ, ავტობუსი გზიდან გადავიდა და გაჩერდა, მძღოლი გადმოვიდა, საბარგულიდან ცელოფანი და ბარი ამოიღო - არც კი ვიცი, რად უნდოდა, მაგრამ, ფაქტია, თან ჰქონდა - მკვდარი კატა ცელოფნით აიღო, მიწაზე გადავიდა, ბარით ამოთხარა და კატა დაასაფლავა. ამ ცერემონიალს ყველა მგზავრი დაესწო, და ჩემი მხრიდან დანაშაული იქნებოდა, ავტობუსში რომ დავრჩენილიყავი. რომ არ მოვიტყუო, მართლა შემეცოდა საწყალი ცხოველი, და ზუსტად ამიტომაც ვთქვი - ოღონდ, ქართულად - საცოდავი კატა-მეთქი. ამ დროს ის გოგო, ზემოთ რომ ვახსენე, შემობრუნდა ჩემკენ, თვალები გამისწორა, წარბები ოდნავ შეჭმუხნა და მეორე სოპრანოს ხმით დაილაპარაკა, ჩამეკითხა:
- ქართველი ხარ?
*** 
ბავშვობა, ჩემი აზრით, ყველაფრის სათავე და განმაპირობებელია, ამიტომაც მინდა, ერთი ამბავი მოვყვე, რის შემდეგაც, აშკარად მკაფიო წირული გამოვლინებების ხარჯზე, მივედი იმ დასკვნამდე, რომლის გაანალიზების მერეც გერმანიაში წავედი: ჩემს ოჯახს უჭირდა იმ დღიდანვე, მე რომ დავიბადე და, დიდი ალბათობით, ჩემს დაბადებამდეც. როცა ემბრიონული განვითარების ეტაპი ბოლომდე ამოვწურე, დედაჩემის საშოდან გამოვძვერი, მაგრამ აქ ერთი ფაქტია საგულისხმო - თავით არ გამოვსულვარ, როგორც ეს ნორმალურ შემთხვევებში ხდება, არამედ, შეიძლება ითქვას, საშვილოსნოში უკუღმა ვიჯექი და, ქვეყნიერებაზე ჩემი მოვლენის დრო რომ დადგა, ჯერ ფეხები გადმოვყავი, შემდეგ ჩემი პატარა საოხრე, და პირველი დასამახსოვრებელი მოქმედება ჩავიდინე - ექიმს ზედ დავაფსი. აქედან დაიწყო ჩემი პოსტ-ემბრიონული განვითარება, რომელიც ახლაც გრძელდება, მაგრამ, მგონია, უკვე დასასრულსაა მიახლოებული. მოკლედ, საფენები არ იყო მაშინ, მე რომ დავიბადე, ჰოდა დედაჩემი ტილოს მიკეთებდა - ისე, ახლა პამპერსები რომ აცვიათ ახალშობილებს - და ეს ტილო იყო განა ერთჯერადი, არამედ მრავალგამოყენებადი, რადგან, როცა ერთხელ გავსვრიდი, ჩემთან ერთად გარეცხავდნენ ხოლმე და ისევ იმას მაცვამდნენ. მამაჩემს, თავიდანვე ვგრძნობდი, არ ვუყვარდი, რადგან სულ ეჭვი ჰქონდა, რომ სხვა კაცისგან იყო დედაჩემი ორსულად. დედაჩემი - ლალი - მართლაც შემჩნეული იყო საეჭვო ურთიერთობებში რამდენჯერმე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აკრძალული აქტის გაუთვალისწინებელი პირმშო არ ვარ. მამაჩემი - მალხაზი - როგორც უკვე ვთქვი, გიჟი იყო - სულ ფსიქოლოგიური და სამეცნიერო წიგნებით დადიოდა ხელში, რომელიც, სიმართლე ითქვას, იმ დროში მარტივი საშოვნელი არ უნდა ყოფილიყო. ათას ექსპერიმენტს ატარებდა ჩემზე - ძირითადად, ფსიქოლოგიური სახის: აი, მაგალითად, სამი წლის რომ გავხდი, ჩემს ოჯახს ორჯერ უფრო ძლიერად გაუჭირდა მატერიალური თვალსაზრისით, და მამაჩემმა მალხაზმა გადაწყვიტა, ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ ჩუსტი ვიყავი და ჭამა არ მჭირდებოდა; იმდენჯერ მიმეორა, რომ, საბოლოოდ, დავიჯერე და, რახან სამი წლის ვიყავი, რამხელა ფეხიც მქონდა, ის ზომა მოვირგე და ვთქვი, ოცდაცხრა ზომა ჩუსტი ვარ-მეთქი; მამაჩემმა მხარი ამიბა, სწორიაო, დედაჩემი კი ჩემგან თავს შორს იჭერდა რატომღაც. მახსოვს, ერთხელ მამაჩემი დათვრა, ჰოდა, სახლში რომ მოვიდა, მე, ჩვეულებისამებრ, კარებთან დავხვდი იატაკზე განთხმული; თავიდან ფეხსაცმელები გაიხადა, მერე ჩემზე ფეხებით შედგა, რომ მე - ანუ, ჩუსტები - ჩავეცვი, მაგრამ შემდეგ უცებ ჰაერში ახტა და იატაკზე დახტა. თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, ყვიროდა, წიხლებს მირტყამდა, ორმოცდასამი ზომა ფეხი მაქვს, და შენ, ოცდაცხრა ზომა ჩუსტი, ჩემთან მოდიხარ, რომ ჩაგიცვაო. გაგიჟებული იყო, მაგრად მცემდა ფეხებით, თუმცა მერე დამშვიდდა და მითხრა, დღეიდან აღარ ხარო ჩუსტი, - შენ დღეიდან კალათი ხარო; ორი დღე იმაზე მელაპარაკებოდა, თუ რა გრძნობაა, როცა კალათი ხარ, რა უნდა ქნა ასეთ დროს. ყველაზე გასაკვირი კი მართლაც ის იყო, რომ საერთოდ არ მშივდებოდა და, აგერ, დაახლოებით, სამი კვირა იყო, არაფერი მეჭამა, მაგრამ თავისუფლად და ერთგვარი მონდომებითაც კი ვასრულებდი დაკისრებულ სამუშაოს - ჯერ ჩუსტობას, შემდეგ კი უკვე კალათობას. მეორე დღეს, ნაბახუსევი რომ იყო მალხაზი, ასე მითხრა, ჩადი, ,,ბორჯომი“ ამომიტანეო. მე ვერ მივხვდი იმიტომ, რომ კალათი ვიყავი, და ვერ წარმომედგინა, როგორ შეეძლო კალათს, კიბეებზე ჩაერბინა - მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდით ჩვენ - ან ლიფტს ჩაჰყოლოდა ქვევით, შესულიყო მაღაზიაში და ,,ბორჯომი“ ეყიდა. ჩემი აზრით, მამაჩემსაც გაახსენდა მერე ჩემი კალათობის ამბავი, ამიტომ ფანჯარასთან მივიდა, მეზობელ ვანიას დაუძახა, ორი ,,ბორჯომი“ მიყიდე და ფულს კალათით ჩამოგიშვებო. წავიდა ვანია მაღაზიაში, იყიდა ორი ბოთლი მინერალური წყალი, ამ დროს კი მამაჩემმა თოკი მომაბა, ერთ ბოლოს ფული გამოაბა, მეორე ბოლო კი ხელებში დაიჭირა, და მეშვიდედან გადამაგდო. ზუსტად მიწასთან გავჩერდი. ეტყობოდა, ვანიამაც იცოდა ჩემი კალათობის ამბავი, რადგან თოკიდან ფული მოხსნა, ორი ბოთლი ,,ბორჯომი“ კი ხელებში შემომაჩეჩა, მერე ხმამაღლა დაუსტვინა, რითაც მამაჩემს ანიშნა, რომ კალათი აეწია. აწია კიდეც მალხაზმა, ორჯერ კორპუსის კედელსაც მიმანარცხა, მაგრამ მე, როგორც ჭეშმარიტი კალათი, არაფერს ვიმჩნევდი. ერთადერთი, რაც ყოველთვის მიკვირდა, სიმართლე რომ ვთქვა, დედაჩემის ინერტულობა იყო ამ საქმეში, არადა მეგრელი ქალი გახლდათ, თან ზოდიაქოთი ვერძი იყო, აპრილში დაბადებული, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა, ფაქტი ფაქტია; ასევე, მინდა, აქვე დავამატო, რომ დედაჩემისთვის საერთოდ არ მქონდა ნაკოცნი - მხოლოდ ერთხელ, და ისიც ფატალური შედეგით დასრულდა. მაგრამ, ამაზე - მოგვიანებით. 
ასე გავიდა ორი წელი. მოკლედ, ხუთი წლის რომ გავხდი, იშოვა მამაჩემმა ფული, და საბოლოოდ მითხრა, ადამიანი ხარ და, შესაბამისად, შეგიძლია ჩუსტიც იყო, კალათიც, ღორიც და ნამდვილი კაციცო. შენ ვინ ხარ-მეთქი, რომ ვკითხე, გამიბრაზდა ძალიან - განა, გასაგები და აშკარა არ არისო? მეც ასე მეგონა, და ვუთხარი კიდეც, მინდა, შენ დაგემსგავსო-მეთქი. ეს ნამდვილად გაუხარდა. ამიტომაც ოთხზე დავდექი, უკანალი ავიბზიკე და ღრუტუნს მოვყევი, თან ყველაფრის ჭამა დავიწყე, რაც ძირს ეყარა. გადაირია ამაზე მალხაზი, მაგიდა გადააყირავა, მახსოვს მკაფიოდ, ჭიქა მესროლა, რომელიც თავში გამარტყა, ძირს დამაგდო, მერე ქუსლიანი ფეხსაცმლით შედგა ჩემზე, მაფურთხა ბევრი, გაშლილი ხელიც ბევრი მირტყა, მუშტითაც დამალილავა, თავიც კი ჩამარტყა თავში და, საბოლოოდ, იმდენი ქნა, საავადმყოფოში გამაქანეს, რადგან მართლა ვკვდებოდი. იმ დღეს გადავრჩი, და ორი დღე-ღამის შემდეგ ისევ გამომწერეს და სახლში დამაბრუნეს. შინ, ამდენი ხნის შემდეგ პირველად, დედა დამხვდა თბილად - გულში ჩამიხუტა, მაგრად ჩამიკრა, შუბლზე და თვალებზე მკოცნა, თმები ამიჩეჩა სიყვარულით. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, და რატომღაც მგონია, არც ის ყოფილა ასეთი ბედნიერი ოდესმე. ამ სიყვარულმა ძლიერმოქმედი წამლის ეფექტი იქონია ჩემზე - ორი დღის მერე ჩიტივით ვიყავი ან, თუ უფრო სწორად ვიტყვი, ფეხზე წამოვხტი და ვთქვი, ჩუსტი ვყოფილვარ, კალათი ვყოფილვარ, ღორი ვყოფილვარ, და ახლა ჩიტობა მინდა-მეთქი. დედაჩემს ცრემლები წამოუვიდა, მახსოვს, მამაჩემმა კი შემაგინა და აივნის კარი გამიღო - აჰა, გაფრინდიო. გავფრინდები-მეთქი, რომ ვთქვი, მართლა გავედი აივანზე, მოაჯირზეც კი ავედი, ხელები გავშალე და, გაფრენა როგორც კი დავაპირე, უკნიდან დედაჩემმა დამიჭირა, ჩამომიყვანა და ჩამიხუტა. რატომ გამაჩერე, ჩიტი ვარ და გავფრინდებოდი-მეთქი, ვუთხარი, მან კი ასე მითხრა, ადამიანი ხარ, ადამიანს კი ვერ გაფრენა აქვსო მისჯილი. დედას დავუჯერე - მაგის მერე არც კი მიცდია ისევ ჩიტობა ან ღორობა, ან კალათობა და ასე შემდეგ. ერთ საბედისწერო დღეს, როცა მხოლოდ დედაჩემის მხრიდან ალერსი მომბეზრდა და მეც მომინდა, მას მივალერსებოდი, მახსოვს, პირი უცნაური სითხით გამევსო. მოვიდა დედაჩემი და შუბლზე მაკოცა. მე ავფორიაქდი, რადგან არასოდეს მეკოცნა დედაჩემისთვის, ჰოდა გადავწყვიტე, ეგ ყოფილიყო პირველი ჯერი და, თვალდახუჭულმა, სადაც მომიხვდა - ტუჩებში - იქ ვაკოცე. ვაკოცე და, ვაი, მაგ კოცნას - სამ წამში დედაჩემ ლალის ღიმილი შეეყინა, სახე გაუშავდა, თვალები გაუქვავდა და ნესტოები შეეკუმშა, მეოთხე წამზე კი გარდაიცვალა. ზუსტად იმ დღეს მივხვდი, რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, შხამიანი ვარ. 
თავიდან, შიშის პირველი და უდიდესი ეფექტისდა გამო, კარადაში შევიმალე, მაგრამ მერე, ჩემი იმდროინდელი თავის აზრით, ბრწყინვალე იდეა მომივიდა თავში, და საკუჭნაოში შევიკეტე კალათებთან ერთად, მეც ძველი პროფესია გავიხსენე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ დრო იყო, ისევ კალათად ვქცეულიყავი; მამა ვერ დამინახავს-მეთქი, ვფიქრობდი, იმიტომ, რომ გადაჩვეულია ჩემს კალათად ყოფნას და ვერ მიცნობს-მეთქი, ჩვეულებრივი, რიგითი კალათი ვეგონები-მეთქი. თავიდან, მალხაზი რომ შემოვიდა სახლში, მოვედიო, შეუძახა გარდაცვლილ ცოლს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეგონა. მოვედიო, შეუძახა და, სასტუმრო ოთახში რომ შემოვიდა - იმ ოთახში, სადაც დედისადმი პირველი ალერსი გამოვცადე, პირველი კოცნა, და რომელიც, სამწუხაროდ, ფატალური შედეგით დასრულდა - მისი ფეხის ხმა მიწყდა, რადგან, დიდი ალბათობით, იატაკზე გაგებულ მოზაიკურ ხალიჩაზე განთხმული პირსისხლიანი მეუღლე დაინახა. ზუსტად სამი წუთი და თოთხმეტი წამი იდგა ასე გაუნძრევლად, მერე კი რბილი და ფრთხილი ნაბიჯი გადადგა, თითქოს სახლში შემოჭრილ და სადმე კუნჭულში მიმალულ ქურდს უვლიდა გვერდს შეუმჩნევლად, უვნებელი რომ გადარჩენილიყო. საკუჭნაოდან მესმოდა, როგორ გააღო მამაჩემმა ჯერ ტუალეტის ღრჭიალა კარი - ძალიან, ძალიან ნელა - და შემდეგ როგორ დაბრუნდა სასტუმრო ოთახში, მისი გავლით საძინებელში რომ შესულიყო; შევიდა ისევ ისე ნელა და ფრთხილად საძინებელშიც, ისევ ისე უჩუმრად, სინდის ქენჯნილი მძარცველივით შეაღო კარი, მაგრამ, თითქოს იმედგაცრუებულმა, არადა, მეორე შეხედვით, გულზე დადებული ლოდისგან გათავისუფლებულმა გამოიხურა იგი. აივანზე რომ გავიდა მალხაზი, და მერე, რომ გამოვიდა უკან, გამბედაობა მოემატა - ისე ჩუმი და ფრთხილი ნაბიჯებით აღარ დადიოდა. საბოლოოდ, რა გასაკვირია, საკუჭნაოსაც მოადგა, ნელა გადასწია ხის სრიალა კარი, და თავისი გაყინული, მედუზა გორგონას მზერის მხილველი ბერძენი ჯარისკაცივით გაქვავებული მზერა მომაგება. მეც ზუსტად თვალებში ვუყურებდი, რადგან კალათი ვიყავი, და შეუძლებელი იყო, ისე დავენახე, როგორც ადამიანი, თუმცა მაინც ძალიან შემეშინდა, კანკალმა ამიტანა, მაგრამ მალევე დავწყნარდი, როცა გავიხსენე, რომ კალათი ვიყავი, ხოლო კალათები, როგორც ცნობილია, არ კანკალებენ. მერე ოფლმაც კი დამიწყო გამოჟონვა - მოკლედ, ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ ჩემს კალათობაში მე თვითონვე შემეტანა ეჭვი - მაგრამ, მამის რეალურად დამთრგუნველი მზერის შემყურემ, წვეთები უკანვე შევიბრუნე კანში, რომ მალხაზს რამე არ ეეჭვა. კარგა ხანი მიყურა ასე, მართლა, მერე სულ ოდნავი ემოცია გაუკრთა სახეზე - მგონი, სინდისმა აუტოკა მარჯვენა წარბი - თუმცა შემდეგ ისევ ისეთი სახე მიიღო, ნახევარი წუთი კიდევ მიყურა, და მერე საკუჭნაოს კარიც მიკეტა. ამოვისუნთქე. მაშინ მეგონა, ისეთი მაგარი კალათი ვარ, საკუთარმა მამამაც ვერ მიცნო-მეთქი, და ამიტომ გადავწყვიტე, იქამდე დავრჩენილიყავი ასე, სანამ რამე ანტი-კალათური არ შემაწუხებდა. 
პანაშვიდი ორ დღეზე გადანაწილდა, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ბევრი ხალხი იყო მოსული ოჯახში - საკუჭნაოდან თითოოროლა ადამიანს ვარჩევდი ხოლმე, მეჩხერად რომ გადი-გამოდიოდნენ ჩვენს სახლში. გასვენების დღეს ღრუბლები შეიყარა, მაგრამ არ უწვიმია. სავარაუდოდ, უკანასკნელი ფული გაიღო მამაჩემმა დედაჩემის საფლავისა და იმ კეთილდღეობისთვის, რომელიც ლალის ამ ცხოვრებაში ნამდვილად არ ღირსებია. არ ვიცი, რატომ გამახსენდა ეს ჩართვა ახლა, მაგრამ, რახან ფიქრმა ასე მოიტანა, ჩავამატებ: ერთხელ, მახსოვს, მამაჩემმა ტოტალიზატორში წამაგო და, შესაბამისად, ჩაბარებას მიპირებდა, მაგრამ - ეს იყო ერთადერთი მკაფიო წინააღმდეგობა დედაჩემის მხრიდან, რომელიც შემომრჩა მეხსიერებაში - დედაჩემმა ლალიმ თავი გაიგიჟა, ყვირილი მორთო მთელ სახლში, ბოლოს პატარა სკივრი გახსნა, ქორწილისდროინდელი ძვირფასეულობა რომ ელაგა შიგ, ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო და მალხაზს გაუწოდა, შვილის ფასს, წესით, გასწვდებაო. ახლა ამბავს დავუბრუნდეთ: მოკლედ, რომ გაასვენეს დედაჩემი სახლიდან, გულმა ვეღარ გამიძლო, დედა მომენატრა - ანუ, შეიძლება ითქვას, ანტი-კალათური, ადამიანური რაღაც დამემართა - ჰოდა გამოვძვერი საკუჭნაოდან, დაცარიელებულ სახლში ტირილი მოვრთე, დედის ნახვა მომინდა ძალიან, და ვინანე, რატომ მანამდე არ გამოვედი-მეთქი. მერე წელზე თოკი გამოვიბი, რათა ჩემი კალათობის მრავალფუნქციურობა დამედასტურებინა ჩემივე თვალში, ფანჯარა გამოვაღე და ასე თოკგამობმული გადავხტი მეშვიდე სართულიდან, მაგრამ, ჰაერში რომ ვიყავი გამოკიდებული და ქვევით მივდიოდი, უკვე გვიანი იყო იმის გაანალიზება, თოკის მეორე ბოლო რომ არ ეჭირა არავის. უცებ ვიცვალე მდგომარეობა - პირსახე ცისკენ ვიბრუნე, ზურგი მიწას მივუშვირე - და ასე გავაგრძელე ფრენა, ოღონდ არ ვიცი, რისი იმედი მქონდა. წამიც არ იქნებოდა გასული - ეს მე მეჩვენებოდა ასე საუკუნედ - ჩემი სახლის ფანჯარაში დედის აჩრდილს რომ მოვკარი თვალი, რომელსაც ჩემს წელზე გამობმული თოკის ბოლო ეჭირა ხელში, სახე თბილად გაცისკროვნებოდა, მიყურებდა და, აშკარა იყო, სიყვარულით ევსებოდა მთელი არამატერიალური სხეული. როცა უკვე, წესით, ბეტონზე უნდა დავნარცხებულიყავი და მეტად ხანმოკლე სიცოცხლე დამესრულებინა, დედაჩემმა - ან, თუ ასე უფრო სწორი იქნება, დედაჩემის აჩრდილმა - თოკს ძლიერად ჩაავლო ხელები და იქ გამაჩერა, სივრცის რა წერტილშიც ვიყავი იმ წამის მეასედში. მე ისევ წამში ვიბრუნე პირი მიწისკენ, დედაჩემის პროცესიას რომ ავდევნებოდი კუდში ავისმომასწავებელი ნისლივით, სასაფლაოზე რომ მიიკლაკნება ხოლმე, მაგრამ ჩემი მეზობლის სარეცხის თოკიდან ვერ დავიძვრინე თავი. მეორე წუთში იმ მეზობელმაც გამოიხედა, ვის თოკებშიც გავიხლართე, თოკებიდან დამიხსნა, კარიდან გამიყვანა და პროცესიას შემაერთა. შემდეგში ასე მითხრეს კიდეც, მაგ თოკებმა გადაგარჩინაო, მაგრამ მე ხომ ვიცი, დედაჩემმა რომ გამოქაჩა თოკს და მე ჰაერში გამაჩერა. დედაჩემის წაბლისფერ კუბოს ავედევნე, ჯვარი რომ ჰქონდა გამოკვეთილად ამოჩუქურთმებული. იმედი მქონდა, მამაჩემი დამინახავდა და თავისთან მიმიხმობდა. დამინახა კიდეც, მაგრამ კუბოს ერთი ბოლო მას ეჭირა, მას მიჰყავდა დედაჩემი საუკუნო განსასვენებლის კარამდე, და ამიტომ ჩემთვის არ ეცალა. მეზობელმა შემომთავაზა, მასთან ერთად მევლო, თუმცა მე ვიუარე, პროცესიას ოდნავ ჩამოვრჩი, და შემდეგ ალფა მგელივით უკან მივყვებოდი მთელი გზა, როგორც, ზევით რომ ვახსენე, სასაფლაოს ავი ნისლი, რომელიც, ვინ იცის, იქნებ სასაფლაოს მკვიდრთა სულებით საზრდოობს და, რაც მეტი ადამიანი კვდება, მით მეტად იზრდება ამ ნისლის მოცულობაც. დასაფლავებამდე - ანუ, იმ მომენტამდე, სანამ მიწას მიაყრიდნენ - ორი წუთით ადრე კუბოსთან დინჯად მივედი მე, ჩია ტანის პატარა ბიჭი, სასაცილოდ დიდი ბათინკები რომ ჩამეცვა ზოლიან შორტებზე, დავიხარე და, ახლა უკვე დარწმუნებულმა, რომ ვეღარაფერს ვავნებდი, გულწრფელად ვაკოცე დედაჩემის ცხედარს. შემიძლია დავიფიცო, მკაფიოდ დავინახე, როგორ გაებადრა სახე, როგორ გაუბედნიერდა გამომეტყველება, როგორ გამიღიმა კიდეც ფართოდ, მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩემ გარდა სხვას ეს არავის შეუმჩნევია. 
ქელეხი არ ყოფილა, რა გასაკვირია, და, სახლში დაბრუნების დრო რომ დადგა, მამაჩემი მე არ დამლოდებია, ისე გაემართა შინისაკენ. ისევ იმ მეზობელმა მითხრა - აი, პროცესიაზე რომ შემომთავაზა, ჩემთან ერთად იარეო - წამოდი, სახლში მიგიყვანო, და მე ისევ ვიუარე, მაგრამ ზედმეტად პატარა შესახედაობა მქონდა, თან რეალურად პატარაც ვიყავი, იმისთვის, რომ ასეთ შორ მანძილზე საკმაოდ საშიშ ქალაქში მევლო მარტოს, ჰოდა მომკიდა ხელი და თავისთან ერთად წამიყვანა. რა გქვიაო, რომ მკითხა, ვერაფერი ვუპასუხე, რადგან არ გამახსენდა, სახელი თუ დაურქმევიათ ჩემთვის ოდესმე - დაურქმევიათ-მეთქი, თორემ სახელით არც არასოდეს მოუმართავთ ჩემთვის. ორი წუთი ვიფიქრე, ვიფიქრე, და ბოლოს გადავწყვიტე, ჩემი სახელი მე თვითონვე მომეფიქრებინა და, ამ ხერხით, ახალი პიროვნება შემექმნა. გაუბედავობა რომ შემატყო მეზობელმა, ასე მითხრა, კარგი, მაშ ჯერ მე გეტყვი, რომ ნიკოლოზიაო ჩემი სახელი. პირველად გავუღიმე უცხო ადამიანს - უცხოს კი არა, მამაჩემისთვისაც არასოდეს გამიღიმია, მხოლოდ დედას თუ დავანახვებდი ხოლმე ჩემს ბედნიერ სახეს, ისიც იშვიათად - მერე ხმაც ამოვიღე და ასე ვუთხარი, ჩემი სახელი სოსოა, იოსები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სოსელოც დამიძახოთ-მეთქი. კარგი, სოსელო, წავიდეთო ახლა სახლში, ნიკოლოზმა ასე მითხრა. დავიძარით შინისაკენ ძველი სამარშრუტო ტაქსით, მტვრიანით, მგზავრობის საფასური ნიკოლოზმა გადამიხადა. ჩამოვედით მერე პირდაპირ ჩემი კორპუსის - ან, რახან ნიკოლოზიც ჩემი მეზობელი იყო, უმჯობესია, ვთქვა, ჩვენი კორპუსის - წინ, სადარბაზოსთან მივედით. მკითხა, ხომ მიაგნებო აქედან შენს სახლს. თავი დავუქნიე. აბა, ძლიერი უნდა იყო, კარგად იყავიო. ნახვამდის-მეთქი, ნიკოლოზ ბიძია. გაუხარდა ასეთი მიმართვა - ,,ბიძია“. შევბრუნდი მერე სადარბაზოს შიგნითკენ, შევედი კიდეც, ავუყევი კიბეებს, თან ვითვლიდი მათ რაოდენობას - პირველ სართულზე ცხრა კიბე იყო, მეორიდან კი თითოეულ სართულზე ათი საფეხური შემხვდა. მეშვიდეზე რომ ავედი, ვიფიქრე, ჯერ ზევით ავალ, დარჩენილი ორი სართულის საფეხურების რაოდენობასაც გადავამოწმებ, და მერე ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ ამ დროს ჩემი სახლის კარი გაიღო თითქოს თავისით, რადგან არავინ დამინახავს მე მისი გამღები იქ იმ მომენტში. რატომღაც აღარ გავაგრძელე გზა და, შესაბამისად, პირდაპირ ჩემს სახლის ზღურბლს გადავაბიჯე. უცებ ჩემ წინ რაღაცამ გაიშხუილა, შემდეგ იქ შერხეული ჰაერის ნაკადს მიმართულება მისცა და ეს მთელი აირი სახეზე მომელამუნა, მაგრამ თვითონ ეს ზმნა - ,,მომელამუნა“ - რბილ და რომანტიკულ განწყობას ტოვებს, არადა ჰაერის ის მასა აშკარად სიძულვილითა და სიმხეცით იყო სავსე. თავიდან აზრზე ვერ მოვედი, მაგრამ მერე, ქამრის ბოლო რომ მომხვდა სახეში გამეტებით, ყველაფერი გავაანალიზე. აქ მოდიო, მიყვიროდა მალხაზი, როცა დამინახა, როგორ გავრბოდი. საკუჭნაოში შევიმალე ისევ, თუმცა ვიცოდი, რომ მაინც მომაგნებდა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ფეხის ხმა საძინებლისკენ წავიდა, მერე საწოლის ჭრაჭუნიც გავიგონე. მალხაზი დაწვა, მე თავი დამანება. ლამის ჭკუიდან გადავედი, მაგრამ მერე ამ ამბისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და, სიმართლე ითქვას, მშვიდობით ვიყავით მე და მამაჩემი - მე ჩემთვის, ის თავისთვის - იქამდე, სანამ ერთ საღამოს ძალიან არ გამოთვრა და, სახლში რომ მოვიდა, ლალი, მოვედიო, არ დაიძახა. მოკლედ, ლალი, მოვედიო, შეუძახა ცოლს იმ იმედით, რომ ან რამე საჭმელს დაახვედრებდა მზად, ან წინდებს გახდიდა, ანდაც მთლიანად ტანსაცმელს გააძრობდა და დასაძინებლად საწოლში ჩააწვენდა ჩვილი ბავშვივით. თუმცა მერე, აშკარა იყო, გაახსენდა, ცოლი რომ გარდაცვლილი ყავდა, ფეხსაცმელები თავისით გაიხადა, დიდი გაჭირვებით, და საკუჭნაოს კარს გაუქანა. მე სასტუმრო ოთახში ვიყავი, ჩვეულებრივ, და არა საკუჭნაოში, მაგრამ მას, ალბათ, ეგონა, რომ იქ ვიყავი ისევ, რატომღაც. სასტუმრო ოთახშიც შემოვიდა. უფეხსაცმლოდ, წინდებში იდგა და ტერფებზე უსიამოვნო სუნი ასდიოდა ისეთი, ცხვირს რომ მიწვავდა. ოთახის შემოსასვლელი კარის ჭრილში იდგა მალხაზი და, შემიძლია დავიფიცო, ზუსტად ოცი წუთი იხსნიდა ქამარს, შავი შარვლის ყელზე რომ შემოერტყა. საბოლოოდ, როცა მოიხსნა, ხელში ისე შეათამაშა, დასავლეთელი კოვბოები რომ ათამაშებდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, თვალებში შემომხედა და ჩემკენ დაიძრა. ვიცოდი, მაგრად მცემდა, თუმცა ადგილიდან არ მომიცვლია ფეხი, და ღირსეულად დაველოდე იმას, რასაც მიპირებდა. მართლაც მაგრად მცემა, თან ამოიჩემებდა ხოლმე ერთ წერტილს ჩემს სხეულზე, და მხოლოდ მანდ მირტყამდა იქამდე, სანამ კუნთი არ ჩამეხეოდა. დამალილავა, კუნთები დამიხია, ბოლოს ხელში ამიყვანა და საწოლზე მომისროლა, მერე აღარ ვუცემივარ. რატომღაც ტკბილად ჩამეძინა. ღამე ვიგრძენი, როგორ მომიწვა მალხაზი გვერდზე, და როგორ დაუწყო ჩემს დალურჯებულ ადგილებს კოცნა, თუმცა ამის მერე აღარც მინახავს, რადგან, რომ გავიღვიძე, თავზე ბებიაჩემი მედგა - დედაჩემის დედა - ინეზა ბებო, თან შევამჩნიე, რომ კედლებიც არ იყო ისეთი, ჩვენ რომ გვქონდა სახლში, არც ფარდები. მერეღა მივხვდი, ბებიასთან რომ გადმომიყვანეს საცხოვრებლად. მანამდე არასოდეს მენახა ინეზა ბებო. წლების მერე ასე მითხრა, მამაშენი უკრძალავდა დედაშენს ჩვენთვის შენი თავის ნახვებას, მერე კი თვითონ მალხაზმა მოგიყვანაო ჩვენთან. ინეზა ბებო ბევრს მკოცნიდა, მაგრამ მე აღარ დამიშვია ის შეცდომა, რაც დედასთან მომივიდა - მე არ ვკოცნიდი, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩემი ნერწყვი შხამს შეიცავდა. რომ ვკითხე, მამაჩემი სად წავიდა-მეთქი, ასე მითხრა, შენ დღეიდან ჩემთან ცხოვრობ, მამაშენი ეშმაკსაც წაუღიაო. დიდი ალბათობით, ასეც იყო - ეშმაკმა წაიღო მამაჩემი მალხაზი, არადა მიყვარდა ძალიან, ხომ იცით. 
მოკლედ, ბებიას ვუთხარი, სანამ ერთად ცხოვრებას შევუდგებოდეთ, ჯერ ჩემი სახელი უნდა ისწავლო-მეთქი. აბა, რა გქვიაო, მკითხა, თან თვალები აუცრემლიანდა. მე ვარ სოსო, იოსები, მაგრამ შენ სოსელო დამიძახე-მეთქი, ასე ვუთხარი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შევთანხმდით ამაზე. მერე, თხუთმეტი წლის რომ გავხდი, პირადობა ავიღე, სადაც ეწერა: ,,სახელი - იოსებ არველაძე; დაბადების თარიღი - 20.12.1997; დაბადების ადგილი - რუსთავი, ქვემო ქართლი; პირადი ნომერი - 3500558855“. თექვსმეტი წლისამ მუშაობა დავიწყე კაფე საპელმენე ,,მერანში“, მეგობრობის გამზირზე რომაა რუსთავში, ხოლო ოცი წლის რომ გავხდი, რახან ფული მქონდა უკვე მოგროვებული, და რახანაც ვიზალიბერალიზაცია იყო მოქმედებაში შესული, ინეზა ბებოს გამოვუცხადე, სამოგზაუროდ მინდა-მეთქი წასვლა გერმანიაში. ბებო, ღმერთმა დაგლოცოსო, ასე მითხრა, ჰოდა მეც ჩავალაგე ბარგი, ელექტრონულად ვიყიდე ბილეთი, წავედი თბილისის აეროპორტში, იქიდან გავფრინდი კიევში, სადაც სამი საათი გავჩერდი, და შემდეგ კიევიდან ფრანკფურტში ჩავფრინდი, სადაც ორი დღე დავრჩი შემთხვევით გაცნობილ გერმანელ ახალგაზრდა კაცთან, ხოლო მერე, პატარა ქალაქების ისტორიას რომ გადავხედე, ბად ჰერსფელდში მოვინდომე წასვლა და დარჩენა.
*** 
- დიახ, ქართველი ვარ, - გავეცი პასუხი შეკითხვაზე იმ გოგონას, ყველაზე ლამაზი რომ იყო, ხომ გახსოვთ, - შენც? - თუმცა ეს კითხვა აზრს მოკლებული იყო, მაინც დავუსვი, რადგან, ვინ იცის, იქნებ, უბრალოდ იცოდა ქართული ენა.
- კი, მეც, - მითხრა, ერთი წამის განმავლობაში მზერით შემჭამა, ხოლო შემდეგ გაიღიმა. - საით გაგიწევია?
- აიზენახში, ვარტბურგის ციხესიმაგრე1 და ბახის მუზეუმი უნდა ვნახო. - ვუპასუხე. დარწმუნებული ვიყავი, თავადაც ზუსტად იგივე მარშრუტი ჰქონდა, მაგრამ მაინც ვკითხე: - და შენ სად მიდიხარ?
- მშვენიერია, - თქვა და გაიღიმა, მაგრამ ამ ღიმილის დროსაც კი მაკვირდებოდა, მათვალიერებდა, - ზუსტად იგივე მარშრუტი მაქვს მეც. ვთხოვოთ ვინმეს, გაგიცვალოს ადგილი, და ჩემ გვერდით დაჯექი. ნუ, რა თქმა უნდა, თუ სურვილი გაქვს.
- მგონი, არ დაგვჭირდება, - ნაძალადევად გავუღიმე, რადგან სულაც არ მეღიმებოდა, არამედ თავბრუ მეხვეოდა და, სიმართლე ითქვას, მუხლებიც მეკეცებოდა. იმდენად ღრმა მზერა ჰქონდა ამ გოგოს, თვალებში რომ ჩაგეხედათ, იფიქრებდით, ამ თვალების ფესვები ზღვის ფსკერიდან მოდისო. ისეთი დიდი და, შეიძლება ითქვას, დიადი ეფექტი მოახდინა ჩემზე ამ გოგონამ, ისეთი მოულოდნელი და ისეთი შიშისმომგვრელი, რომ სხეული შიგნიდან გამეყინა, და ჩემი შოკური მდგომარეობა უფრო მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე გაგრძელდებოდა ნებისმიერი ულამაზესი მდედრის დანახვისას. ამ მდგომარეობიდან თუ გამოვიდოდი ოდესმე, არ მეგონა და, ვფიქრობ, არც გამოვსულვარ დღემდეც კი, რადგან ასეთ სტატიკურ მდგომარეობას თავი რომ დააღწიო, თავხედი უნდა იყო, თუ შენ აძლევ საკუთარ თავს ამის უფლებას. მაშასადამე, ამ მდგომარეობას პირველი ძლევს არა ძლიერი, არა ჭკვიანი ადამიანი, არა სხვა და სხვა, არამედ - თავხედი. ძლიერი ადამიანი შედარებით უფრო გვიან გამოდის ექსტაზიდან, ჭკვიანი კი სამუდამოდ მისი ზეგავლენის ქვეშ რჩება, ამიტომაცაა ხოლმე, რომ ლამაზი ქალი ხვდება არა ძლიერ კაცს, არა ჭკვიან მამაკაცს, არამედ თავხედს, და ცხოვრობენ ისინი არა ტკბილად და ბედნიერად, არამედ - მწარედ და უბედურად. ამ დროს ჭკვიანი კაცი ფიქრობს, ექსტაზის ქვეშ მყოფსაც შემიძლიაო მასთან ყოფნა. მოკლედ, რას ვიზამთ!.. ახლა საქმეს მივუბრუნდები: არ დაგვჭირდება-მეთქი, რომ ვუთხარი ამ გოგოს, მიზეზიც განვუმარტე, ჩემ წინ ზიხარ და, თუ კისერი არ გეტკინება, ისეც ვილაპარაკებთ-მეთქი. კარგიო, დამთანხმდა, მაგრამ მე მერე მისი სახელის გაგება მომინდა, თუმცა კითხვა შემრცხვა, და ასეთი ხერხი მოვიფიქრე: - კარგი, მოკლედ, - ვუთხარი, - ავიდეთ უკვე ავტობუსში, თორემ გავა, ელენე.
- ელენე? - გაიკვირვა. არ ვიცი, მიმიხვდით თუ ვერა, მაგრამ მაინც ავხსნი: ეს სახელი შევურჩიე, რადგან ვიცოდი, გაიკვირვებდა, მერე კი თავის ნამდვილ სახელს მეტყოდა. საკმაოდ უაზრო გზით შემოვლაა, მართალია, მაგრამ იმ დროს სრულ ჭკუაზე ნამდვილად არ გახლდით.
- განა, ელენე არ გქვია? - ჩავეკითხე მეც ვითომ გაკვირვებით.
- არა, ელენე არა, - და ისე გამიღიმა, თითქოს საერთოდ ყველაფერს მიხვდაო, - მედეა მქვია. და შენ, ტატო?
- ტატო? - გავიკვირვე.
- განა, ტატო არ გქვია? - ახლა მართლა გამიღიმა, ოღონდ რაღაცნაირად, თითქოს უპირატესი ღიმილით.
- სოსო, იოსები, მაგრამ შენ შეგიძლია სოსელო დამიძახო, - ვუპასუხე და მეც გავუღიმე.
- სოსელო, - უფრო ფართოდ გაიღიმა. რაც მეტ ფართობზე შლიდა თავის ღიმილს, უფრო ცუდად ვხდებოდი და, შემიძლია დავიფიცო ყველაფერი, გული წამივიდოდა და წავიქცეოდი, ეს რომ არ ეთქვა: - ავიდეთ ავტობუსში, ასე ჯობია, თორემ ჩვენ არ დაგველოდება - ხომ იცი გერმანული პუნქტუალურობა, ისედაც გავჩერდით ამ კატის გამო, თან...
ავტობუსის ასასვლელ კიბეებთან მივედით და, ფეხი რომ შევდგი პირველ საფეხურზე, მერეღა დამარტყა თავში ფიქრმა, რას აკეთებ-მეთქი, და იმ წამსვე ჩამოვედი, ხელი გავიშვირე ავტობუსის შიგნითა მხრისკენ, მედეას ვანიშნე, მხოლოდ შენს შემდეგ-მეთქი, ისევ გამიღიმა - თან ახლა ისე, რომ კბილებიც გამოაჩინა - ფეხი შედგა საფეხურზე და ავიდა ზევით. უცებ მთელი თვალწინ გადაშლილი სამყარო დამიტრიალდა გონებაში, თვალებში ამეგლისა თითქოს ხეები, ასფალტი, სახლები, მინდვრები და ავტობუსი ერთად და, ზუსტად ვიცი, პატარა მოაჯირისთვის რომ არ ჩამევლო ხელი, წავიქცეოდი. ქალის ბუნება რომ განვიხილოთ ჩვენ, კაცებმა - კი, მართალია, ვინ ვართ ჩვენ ქალებთან შედარებით, მაგრამ მაინც - აღმოვაჩენთ, რომ ღმერთმა განგებ მისცა მას ძლიერ განსხვავებული თვისებები, ვინაიდან ამ თვისებების მდგომარეობაც კი და მნიშვნელობაც აბსოლუტურად განსხვავდება კაცისგან; თუ კაცის თვისებებს მივიჩნევთ, მაგალითად, სამხრეთ პოლუსად, ქალის თვისებები უკიდურეს ჩრდილოეთში იქნებიან განთავსებულნი. თავბრუ მეხვეოდა-მეთქი, ხომ ვთქვი, მაგრამ მაინც არ შემიმჩნევია, რადგან სტროფი გამახსენდა ერთი: ,,არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების“2. ასეა, ვფიქრობ, მაგრამ მთელი ცხოვრება რომ არ დაიმჩნიო, გულში უნდა კლავდე ყველაფერს და, მაშ, რა აზრი აქვს ცხოვრებას ღია სიყვარულის გარეშე? ამიტომ, ალბათ, ზღვარი უნდა ჰქონდეს მოთმინებასაც. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ადამიანი სიკვდილის პირასაა - და მე ვახსენე დასაწყისში, რომ ჩემი პოსტ-ემბრიონული განვითარება უკვე დასასრულს უახლოვდება - და თუ გადმოხედავს განვლილ ცხოვრებას, კითხვას დაუსვამს მთელ არსებობას, ოდესმე დამთავრდება თუ არა ტანჯვა, და შემდეგ აღმოაჩენს, რომ ადამიანის ტანჯვა უსასრულოა, ხოლო ადამიანის არსი - სასრული. ახლა, შეიძლება, სულაც ამაოდ ვმეტყველებ, და შესაძლოა ჩემნაირ კაცისთვის, ვისაც დრო ამაოდმეტყველების სიფხიზლეში გაჰყავს, უმჯობესი ყოფილიყო, დღე ძილში გაეტარებინა, თუმცა დედამიწა სავსეა ადამიანებით, რომლებიც სიცრუითა და ამაოდმეტყველებით განდიდნენ, მაგრამ ახლა, ჯობია, საქმეს მივუბრუნდე. ისე, რამდენჯერაც გადავუხვიე საქმეს და მერე ვთქვი, ჯობია, საქმეს მივუბრუნდე-მეთქი... ნეტა, თუ დაუწერია ვინმეს ამდენი ,,ჯობია, საქმეს მივუბრუნდე“ ერთ პატარა პროზაულ ნაწარმოებში? საინტერესოა.
- ხანდახან ისე მეშლება ნერვები, - შემომიბრუნდა მედეა მოულოდნელად, როცა უკვე ჩვენ ჩვენს ადგილებზე ვისხედით ავტობუსში, - რომ კაცის მოკვლაზეც კი დავფიქრებულვარ, თან საკმაოდ ღრმად და ისე, ასრულებაც რომ შემეძლო, მაგრამ მერე, მეთქი, რატომ უნდა მოვკლა ვინმე - ისევ ჯობია, მე მოვკვდე, არა?
- მედეა! - შევუძახე ერთი და, ყველამ ჩემკენ რომ გამოიხედა ავტობუსში, ხმას დავუწიე: - მედეა.
- ჰო, სოსელო, გისმენ, - მარცხენა თვალით მიყურებდა სკამის საზურგის მიღმა.
- შენ როგორ უნდა მოკვდე, ამიხსენი ერთი! აი, მედეა, შენნაირ მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,
რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,
დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა,
მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.
გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,
შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!
ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა
შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!
მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,
მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,
რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,
მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!
წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,
მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.3

მოკლედ, ახლა რისი თქმა მინდა: თუ გგონიათ, რომ, რაც ზემოთ დავწერე, სიმართლეა, იმ დიალოგიდან, მედეამ რომ დაიწყო კაცის მოკვლაზე, მაშინ ძლიერ შემცდარხართ, რადგან ასეთ უაზრო საუბარს ჩემი კოლხი მედეა არასოდეს იკადრებდა! ახლა კიდევ ერთ ფიქტიურ დიალოგს მოვიყვან. იკითხავთ, რატომო. რავიცი, აბა!..
- მედეა, - გავძახე ჩუმად, დაშოშმინებულმა, იმის შიშით, ისევ მთელ ავტობუსს რომ არ მოეხედა ჩემკენ.
- ჰოუ, სოსელო, - ჩურჩულითვე გამომეპასუხა ჩემ წინ მჯდარი კოლხი მედეა, ყველაზე ლამაზი გოგონა და, საერთოდ, რაღა გოგონა, ქალი იყო! ვფიქრობ, სიტყვა ,,გოგონა“ მის მნიშვნელობას აკნინებს, ამიტომ ქალად მოვიხსენიებ აწი.
- მისმინე, მედეა, ძალიან ლამაზი ხარ. შანსი არაა, არ უნდა მოკვდეს შენი სილამაზე, ხომ გესმის, არა? - ავადმყოფურად ვეუბნებოდი ამას, თან შუბლზე ოფლი მასხამდა. - შვილი უნდა გააჩინო - აი, ამის თქმა მინდოდა! როცა ორმოცჯერ დაიზამთრებს შუბლი მწყაზარი,
მაშინ ღაწვებიც დროის ხნულით ნაოჭდებიან,
ეგ სამოსელიც შეიქმნება ძონძი საზარი,
და სილამაზის ნაფლეთები გამოჩნდებიან.
მაშინ გკითხავენ, რა უყავი სიტურფის სხივებს,
საით დამარხე წარსულ დღეთა საგანძურები,
შენ უპასუხებ: „სილამაზეს სამარედ მივეც
ეს ჩაცვინულნი თვალნი ჩემნი დატანჯულები“.
შენი პასუხი შენს დაცინვად მოგეჩვენება,
არა სჯობია, მაშინ გქონდეს ყველგან სათქმელად:
„აი, ეს არის ჩემი შვილი, ჩემი მშვენება,
ჩემი სიბერის პატიება და გამართლება“.
მემკვიდრე შეჰქმენ, რომ დაგიცხროს ეს იარები
და სიბერეში სიჭაბუკეს ეზიარები!4
- ვახ, სოსელო! - გაიცინა ჩემმა კოლხმა მედეამ. - არ მინდა შვილი, არა. თან რას მიმანიშნებ - შენგან გავაჩინო?
- მედეა! რას ამბობ, ქალო, უჰ! სარკეში იგრძნობ – დროა უკვე გახდე მშობელი;
განმეორება საჭიროა ბუნების განძთა.
მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელი
და ვინმე ვაჟკაცს არ მოაკლო მამობის განცდა.
ყველა კაცისთვის სანატრელი დედაკაცი ხარ,
ყველა ვაჟკაცი შემოგწირავს თავის მშვენებას,
მაგრამ საკუთარ სილამაზეს გაუტაცნიხარ
და არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება.
დედაშენისთვის წარსულ დღეთა სარკე შენა ხარ,
მას ნეტარ აპრილს გაუცოცხლებს სიყრმე შვილისა,
როცა შენს შუბლსაც ნაოჭებით ჟამი შელახავს,
მაშინ გაგიღებს შვილი სარკმელს სიყმაწვილისას.
უშვილ-უძირო თუ დარჩები მიუსაფარად,
მაგ შენს სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს.5
ესეც არ მითქვამს, რაღა თქმა უნდა, უბრალოდ მინდოდა თქმა, მაგრამ არ გამოვიდა. კიდევ ერთი ასეთი დიალოგი არსებობს, რომელიც უნდა თქმულიყო და არ ითქვა:
- მედეა, - ვუჩურჩულე სკამის საზურგის უკნიდან, და ჩემი პირიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი, ბგერებს რომ მოჰყვებოდა, მის სახეს მივაფშვნიტე, რამაც თმები ოდნავ აუტოკა. როგორ მომინდა მისთვის კონცა იმ მომენტში, რომ იცოდეთ!.. მაგრამ ჩემს თავს აღვუთქვი პირობა, რომ კოცნის გარეშე ჩაივლიდა მთელი ჩვენი ურთიერთობა. ვერ მოვკლავ-მეთქი ასეთ საოცრებას, ვფიქრობდი ჩემთვის.
- რა იყო, სოსელო? - ჩამეკითხა და რატომღაც გულით გამიღიმა.
- ძალიან მახინჯი ვარ, მედეა? - ვკითხე, თან ცრემლებს ვიკავებდი ძლივს.
- არა, სოსელო, საკმაოდ კარგად გამოიყურები, - ასე მითხრა და, სახეზე დაეტყო, დაეჭვდა რაღაცაში.
- ჰოდა, მედეა, არ მინდა, რომ მემკვიდრის გარეშე მოკვდეს შენი სილამაზე, გესმის? გააჩინე ბავშვი, გთხოვ. ჩემგან გააჩინე, თუ გინდა, ოღონდ გააჩინე, - სისულელეებს ვბჟუტურობდი, თან თავს ვერ ვაკონტროლებდი, - სანამ შენს ზაფხულს ზამთრის ცივი ხელი გაგუდავს,
მაგ სილამაზით დაამშვენე თასი საბედო,
სიტურფის განძი მიაბარე სანდო საბუდარს,
მშვენიერებამ თავის მოკვლა რომ ვერ გაბედოს,
ვინ გაგამტყუნებს, სილამაზე რომ არ დანაცრო,
ხარკის გაღებას მშვენებისთვის ვინ არ ეცდება,
შენივ თავისთვის გააჩინე შენი სანაცვლო,
ათჯერ გამრავლდი, სიხარულიც გაათკეცდება.
ათი სიცოცხლე გაგიჩნდება ამოსარჩევად,
ბედით იქნები ათჯერ უფრო გატაცებული,
მაშინ სიკვდილის წასართმევი არრა დაგრჩება
თუკი სიცოცხლე შვილს ექნება გადაცემული.
 სიკვდილი აღარ მოგადგება თავის სანთლებით,
მემკვიდრეებად არ დაგრჩება მიწის მატლები.6
- კარგი, რა, სოსელო, - მაგრად შევეცოდე, ვხვდებოდი, - არ მინდა შვილი.
- მართალია! - დამარტყა უცებ გონებაში, - სწორია! შენი შვილი რომ შენზე ლამაზი იყოს, ჩემი ხელით დავახრჩობ, მედეა, იმიტომ, რომ შენ ხარ ერთადერთი ჭეშმარიტი სილამაზე. არა! სილამაზე არა! სილამაზე არაფერია! შენ ხარ ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარული!
მოკლედ, ამხანაგებო, ამ დიალოგებიდან არც ერთი არ ყოფილა სიმართლე, არც ერთი არ მომიყვანია მოქმედებაში, თუმცა ვფიქრობდი მათზე ბევრს. ახლა, მოდით, იქ დავბრუნდეთ, ავტობუსში რომ ავედით მე და კოლხი მედეა, რომ დავიკავეთ ჩვენი კუთვნილი ადგილები, და რომ გავუდექით ისევ გზას აიზენახამდე. მოკლედ, დიახ, ავტობუსში ავედით მე და კოლხი მედეა, დავიკავეთ ჩვენი კუთვნილი ადგილები, და გავუდექით ისევ გზას აიზენახამდე. ავტობუსი ჩვეულებრივზე ჩქარა დადიოდა, რაც აშკარა შესამჩნევი იყო, რადგან, ჩემი აზრით, დათქმულ დროზე არ მისვლა გერმანელებისათვის არც ისე საპატიოა - განა, კანონი სჯის მათ ამის გამო, არამედ, უბრალოდ, სინდისი არ აძლევს მათ საშუალებას, დათქმულ დროს გადააცილონ წუთები. არც მქონია იმის ილუზია, რომ გზაში მე და მედეა ვილაპარაკებდით და, სიმართლე ითქვას, არც სურვილი გამჩენია საუბრისა, რადგან, ჩემი გადმოსახედიდან, ყველაფერი საუკეთესოდ ხდებოდა: მედეა იჯდა ჩემ წინ მდგარ სავარძელში, ფანჯარასთან, როგორც - მე; იყურებოდა სახის მთელი ფართობით ფანჯრის იქით გაშლილი ხედისკენ, მე კი მთელ მის მშვენებას შევყურებდი პირდაპირ - ისე, თავის მიბრუნებაც რომ არ დამჭირვებია; კინკრიხოს მარცხენა ნაწილი მქონდა ფანჯარაზე მოხერხებულად მიყუდებული, და ჩემი თვალებიდან გამოსული უხილავი, ას ოთხმოცი გრადუსით გაშლილი ძალწირები პირდაპირ მედეას სახის ნაკვთებში შედიოდა. კამათის დაწყება არ ღირს იმაზე, შემიყვარდა მე ეს ქალი - ხომ გახსოვთ, შევთანხმდით, რომ ქალს დავუძახებდი აწი - თუ არ შემიყვარდა, რადგან ფაქტი ერთია და უკანასკნელი - შემიყვარდა, და მორჩა! როგორც კი დავინახე მედეა, იმ წამიდან დაიწყო ჩემი გულის წვა. ერთ ღამეს, მახსოვს, დამესიზმრა ასეთი რაღაც: ტყეში ვიყავი სულ შიშველი, გარშემო სასაფლაოს ნისლი მეხვია - აი, ხომ გახსოვთ, ის ნისლი, გარდაცვლილების სულებით რომ საზრდოობს და, რაც მეტი კვდება, მით უფრო რომ იზრდება; ჩემს თავს ზევიდან დავყურებდი, და ის მე  იდგა ტყის შუაგულში, ტვინგამოცლილი სახით, და იყურებოდა ისეთი თვალებით, როგორითაც მე არასოდეს გამიხედავს; უცებ ნისლიდან ჩემი ერთადერთი სიყვარული - მედეა - გამოვიდა, ტანთ გაუმჭვირვალე კაბა ემოსა, და ისიც ისეთი თვალებით იყურებოდა, არასოდეს რომ არ გამოუხედავს ასეთი მზერით; ამ დროს მემ მარჯვენა ხელი წინ გაიწვდინა, მერე იდაყვში მოხარა, თითები გაავარჯიშა და პირდაპირ საგულეში, ორ მკერდს შუა შეიყო, ცოტა ხანი იქ აფათურა და შემდეგ გული გამოიღო; მარცხენა ხელში მეს უცებ ასანთის ანთებული ღერი გაუჩნდა; მემ გული წინ გაიშვირა, მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეული ასანთის ღერი გულს ქვევიდან შეუნთო და ცეცხლი შეუკიდა; ცოტა ხანი დაიცადა, სანამ მთლიანად დაიფერფლებოდა გული, ხოლო შემდეგ, ნაცარიღა რომ შერჩა ხელში, ისევ არსაიდან გაჩენილ პოლიეთილენის პატარა ცელოფანში - აი, ისეთში, წამლები რომ ყრია ხოლმე - ჩაყარა ეს ფერფლი, ცელოფანს თუ პაკეტს თავი შეუკრა, მედეასკენ წავიდა, ცალ მუხლზე დაუჩოქა, პაკეტი, ხელისგულზე დადებული, მედეასკენ გაიშვირა და უთხრა, ეს საკმეველია, ჩემზე ილოცეო.
აიზენახში მალე ჩავედით. ავტობუსი ვარტბურგის ციხესიმაგრის ძირში გაჩერდა, მძღოლმა მიკროფონში რაღაც წარმოთქვა გერმანულად, მგზავრებმა ტაში შემოსცხეს, მეც ავაყოლე ოდნავ უხერხულად. ავტობუსი რომ იცლებოდა - უფრო სწორად, სკამებიდან რომ დგებოდნენ მგზავრები და სკამებსშორისი გასასვლელისკენ დგამდნენ ნაბიჯს - მე ჩემ გვერდზე მჯდომ მგზავრს ფეხი ავუყოლე და, სკამთაშორის გასასვლელში რომ აღმოვჩნდი, ერთი გრძელი ნაბიჯით გადავინაცვლე მედეას გვერდით, და მხარში ამოვუდექი. ავტობუსის კიბეებამდე რომ მივედით, პირველი, რაღა თქმა უნდა, ის ჩავუშვი და, როცა ჩადიოდა, მისი კისრისკენ გამეპარა თვალი რატომღაც: ხერხემლიდან ამომავალი ბოლო მალების გასწვრივ შესხმულ ხორცზე ახალდანამული ბალახივით ამოწვეროდა ქერა ბეწვები. როგორ უხდებოდა, რომ იცოდეთ! ლამის მივედი და ავულოკე, ოღონდ სიყვარულით. თუმცა, ჩემი შხამიანი ენის გადამკიდე, რაღა თქმა უნდა, ამას არ ვიზამდი. ორი წამი რომ შევყოვნდი, ჩემ უკან მდგარმა გერმანელმა მანიშნა, ჩადიო, და მეც ჩავედი. მედეამ მითხრა მერე, მოვედით, ახლა კი ზევით უნდა ვიაროთო. ხრეშიან გზას გავუდექით მე, მედეა და, თუ საერთოდ მხედველობაშია მისაღები, ოცი-ოცდახუთი გერმანელი. მალე ხრეშიანი გზა კიბეებით შეიცვალა, რამაც მაიძულა, ის ლიტრობით დალეული გერმანული ლუდი გამეხსენებინა, წინა დღით რომ გადავუშვი მუცელში. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ ვიმჩნევდი - მედეა მედგა გვერდზე და, რას ამბობთ, ლუდით გასიებული მუცლისგან გამოწვეული დისკომფორტი აღმებეჭდებოდა სახეზე?! მარდად მივაბიჯებდი. მედეამ მკითხა, საიდან ხარო. რომ ვუთხარი, რუსთავიდან-მეთქი, გაჩერდა, თვალები გაუფართოვდა და წარბები შუბლზე აეზიდა. მეც რუსთავიდან ვარო, მერე მითხრა. გამიხარდა, და რა გამიხარდა! ისე, სინამდვილეში, წარმომავლობით მეგრელი იყო, ნაღდი კოლხი, გვარად ვარდია - მაშასადამე, მისი სრული სახელი იყო მედეა ვარდია. ეს რომ მითხრა - ანუ, გვარი რომ გამაცნო - წამსვე სტროფი გამახსენდა, ჰოდა ვუთხარი ასე: მედეა ვარდია, ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს-მეთქი7. ვერძი იყო ზოდიაქოთი, აშკარა შეიქმნა ეს ჩემთვის თავიდანვე, და მართლაც, აპრილის დასაწყისში მაქვსო დაბადების დღე, ასე მითხრა. გამიხარდა, რომ გამოვიცანი, და პირდაპირ ციხესიმაგრისკენ გავეშურეთ. რახან 2017 წელი იდგა, მარტინ ლუთერის საეკლესიო რეფორმიდან8 500 წელი, პროტესტანტული სამყარო - განსაკუთრებით, გერმანელები - ამ წელს განსაკუთრებულად მიიჩნევდნენ და, რა გასაკვირია, ვარტბურგის ციხესიმაგრეშიც, სადაც მარტინ ლუთერი მარტვილობდა, დიდი პოსტერი შემოგვეგება მისი გამოსახულებით. შესასვლელში აპარატურა დაგვირიგეს, რამაც ასევე გამოიწვია ჩემი გაოცება, რადგან ეს აპარატურა საკმაოდ დახვეწილი სისტემის ნაწილი იყო, კერძოდ: მოწყობილობას ჰქონდა ღილაკები ციფრებით, პატარა ანტენა და მოსასმენი; რომ შეხვიდოდი მუზეუმში, ექსპონანტს თავისი ნომერი ეწერებოდა, რომელსაც შენ აკრეფდი მოწყობილობაზე, შემდეგ მას ყურზე მიიდებდი და, შესაბამის ენაზე, შენ რომ მიუთითებდი, მოცემულ ექსპონანტზე ინფორმაცია მოგეწოდებოდა. შესასვლელში ასევე გვითხრეს, რაც შეიძლება, დაიშალეთ, ერთმანეთს რომ ხელი არ შეუშალოთო. უკან რომ მოვიხედე და გვერდებზეც რომ მივიხედე, მედეა უკვე აღარ დამხვდა, რამაც, ცოტა არ იყოს, გამაწბილა და ჩემში იმედგაცრუების ცუნამი წარმოშვა. ცხვირპირჩამოყრილი შევედი მუზეუმად ქცეულ ციხესიმაგრეში და, მეგონა, გემოს ვერ ჩავატან-მეთქი ჩემი ცნობისწადილის დაკმაყოფილებას, როცა პირველივე დანაყოფ ოთახში იესოს სკულპტურას მოვკარი თვალი. შორიდანვე გამაქვავა, მეც თვალები მოვჭუტე და, მკვდარ თაგვს რომ უახლოვდება მშიშარა დიასახლისი, რომ არ იცის ზუსტად, მკვდარია თუ ცოცხალი, ისე მივედი პატარა ქანდაკებამდე, მერე წელშიც გავსწორდი და თვალებიც ჩვეულებრივ ზომაზე გავახილე. ხის იყო ეს ნაკეთობა: იესო ქრისტე იდგა ქვაზე, ტერფისა და ხელის გულები დახვრეტილი ჰქონდა, თავზე ეკლის გვირგვინი ედგა, თვალები უკეთილშობილესი ჰქონდა, ხელები იმ კაცივით აეშვირა ჰაერში, თოფს რომ უმიზნებენ და სიკვდილი არ უნდა. ერთი გერმანელი ქალი გავაჩერე უცებ, უკან რომ ჩამიარა, გვერდით დავიყენე და ვუთხარი ასე:
- შეხედეთ ამას, აი, - რომ მოისმინა ჩემი საუბარი, თავი გაიქნია, არ მესმისო, მაგრამ მე არ დავნებდი და ვანიშნე, მომისმინე-მეთქი კარგად, - როგორ გგონიათ, რას გამოხატავს ეს ყველაფერი, ა? უყურეთ, აი, ყურადღებით დააკვირდით - განა, არ გებრალებათ? ესაა მეორედ მოსვლა. ხელისა და ფეხის გულები დახვრეტილი აქვს, ეკლის გვირგვინიც ადგას, მაშასადამე, ჯვარცმა წარსულია. ოცდამეერთე საუკუნე ცეცხლსასროლი იარაღის პერიოდია, ამიტომაც აქვს ხელები უდანაშაულოდ აწეული ჰაერში - გვეუბნება, არ მესროლოთ, იესო ვარო. აი, ესაა. არანაირი რისხვით არ იქნება მეორედ მოსვლა, მაგრამ, ფაქტი ფაქტია, ჩვენ უკანასკნელი საუკუნის შვილები ვართ, და იესოს არ უნდა ვესროლოთ!
- Sorry, - მითხრა საბოლოოდ ინტერნაციონალურ ენაზე, - I couldn’t understand anything you said.
- No problem, - ვუთხარი და ერთი ნაღვლიანად გავუღიმე. 
- წლები ითვალეთ, - იესოს ქანდაკება ალაპარაკდა. მე მიყურებდა, - მალე მოვალთ. მამა ღმერთმა რომ სამყარო შექმნა, დიდი წინადადების ბოლოში ერთი წერტილი დასვა. მე რომ მოვედი ამ ქვეყანაზე განკაცებული, წინადადებას მეორე წერტილი მივუმატე.. და წლების შემდეგ მესამე წერტილს ელოდოთ უნდა... მაშასადამე, მთავრდება რაღაც, რაც ახლის დასაწყისია. და შენც, იოსებ, ისე არ მოკვდები, საქმე ბოლომდე არ მიიყვანო.
- უფალო, - მივმართე უცებ, - საქმე მაქვს.
- შენს უკან რიგია, დროზე წადი აქედან, - ვითომ გამაგდო, არადა, მე კი გამოვედი, მაგრამ მას მერე მთელი ცხოვრება ვგრძნობდი მის ჩემ გვერდით ყოფნას. 
რომ იბადება ადამიანი - ანუ, ემბრიონულ განვითარებას რომ ასრულებს და პოსტ-ემბრიონულს იწყებს - თავისთავად უკეთესი და უმჯობესი ხდება სხეულით, უფრო სრულყოფილი, ვიდრე მუცლადმყოფობის პერიოდში; და ასევეა სულიც, ჩემი აზრით - სხეულიდან გამოდის იგი გარდაცვალების შემდეგ, რადგან სხეული სულის საშოა, და უკეთესი ხდება ხორცის გარეშე; ისევე, როგორც საშვილოსნოში განვითარებადასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან. ალბათ, დაინტერესდებით, რატომ დავიწყე ამაზე საუბარი - იმიტომ, რომ, ზუსტად მახსოვს, ძალიან მომინდა გარდაცვალება იმ მომენტში. არის ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში მომენტები, როცა იგი აცნობიერებს, თუ როგორ ართმევს ხელს დაბადების დღე გარდაცვალების დღეს, და აანალიზებს, რომ სიცოცხლე გარდაცვალების დასაწყისია. უცებ, ამ ფიქრებში გართულს, გერმანელი კაცის ხელი დამედო მხარზე, მივბრუნდი. წარბები შეკრული ჰქონდა და მეუბნებოდა:
- გულს ეტყოდე მარადის, საყვარელო, განსვლისათვის შენისა ამიერ სოფლით და დღისა მისთვის საშინელისა. და ვითარ იყო ჟამსა მას, ოდეს სული შენი გვამისა შენისაგან განეშორებოდის, დავრდომილი სარეცელსა ზედა შენსა, ძმაო, და ვერ შემძლებელ იყო ყოვლადვე შეწევნად თავისა შენისა, დააჰნერგე გონებასა შენსა მარადის, რეცა სახლეულნი და მეგობარნი შენნი მსხდომარე არიან გარემოის შენსა და მწუხარედ იგლოვენ და სულ-თქუმით ტირან წარყვანებისათვის სულისა შენისა, და ვერვინ მათგანი შემძლებელ არს ვედრებად ანგელოზთა მათ, რომელნი ასწრაფებდენ სულსა შენსა გამოსლვად გვამისაგან.
- მოიცა... - დავიბენი, - რა მითხარი?
- Du stehst mitten auf dem Weg. Sich irgendwo bewegen wir haben nicht genug Platz, um unseren Weg zum Museum fortzusetzen9, - გაიმეორა.
- ა, ჰო! - შევძახე და, გზას რომ ვუღობავდი, გამოვიწიე, ხალხი რომ გამეტარებინა. 
ვარტბურგის ციხესიმაგრე ორმოც წუთში დავათვალიერე, იმ დროს, როცა ხალხი ოც წუთში უკვე გარეთ იყო. მე, სიმართლე გითხრათ, დროს ვწელავდი, ნერვების მოშლას რომ გადაეარა როგორმე - ხომ არ დაგავიწყდათ, კოლხმა მედეამ რომ მიმატოვა ციხე-მუზეუმის შესასვლელში?! არადა როგორ მინდოდა, ის იესოს ხის ფიგურა მეჩვენებინა მისთვის, მაგრამ რად გინდა, აჰა, მომშორდა და თავისთვის ათვალიერებდა სასახლეს. ბოლო სართულზე მყოფ ტაძარში შევყოვნდი დიდი ხანი და, როცა სხვები სპეციალურ მოწყობილობებში უსმენდნენ მასზე ინფორმაციას, მე მშვიდად ვიჯექი და მუსიკალურ ცენტრში ჩართულ ბახის ადაჟიოს ვუგდებდი ყურს და, სიმართლე ითქვას, გულსაც. ქალი შემიყვარდა, და იმანაც მიმატოვა-მეთქი, ვფიქრობდი, და უფრო მეტად მეშლებოდა ნერვები, მაგრამ ბახი ჩემს გულს მალამოდ ედებოდა და მამშვიდებდა, თუმცა მაინც თითოეული ნოტებსშორისი პაუზაც კი მედეა ვარდიას თავს მაგონებდა, რასაც ჩემი ნერვული სისტემა მთლიანად გამოჰყავდა მწყობრიდან. საბოლოოდ, მაინც გავედი ციხესიმაგრის სამუზეუმო ნაწილიდან, და სუვენირების მაღაზიაში ამოვყავი თავი. ბევრი რამ იყო იქ, მაგრამ მხოლოდ კონიაკმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, პატარა ბოთლებში რომ ჩამოესხათ. ერთი ბოთლი ორი ევრო და ოთხმოცდაათი ცენტი ღირდა, ჰოდა ორი ცალი ვიყიდე, Kassierer-ს10 ექვსი ევრო გავუწოდე, რის მერეც ოცი ცენტი დამიბრუნა, ნავაჭრი პატარა ცელოფანში ჩამიდო და, ბედნიერ დღეს გისურვებთო, ასე მითხრა, ოღონდ - გერმანულად. გამოვედი საერთოდ ციხესიმაგრიდან. გარეთ რომ ვიყავი უკვე, მაშინღა გამახსენდა, ბახის მუზეუმში იგივე ავტობუსით რომ უნდა წავსულიყავი, და აი, მაშინ მივხვდი, ისევ რომ ვნახავდი ჩემს კოლხ მედეას! გამიხარდა, ხომ იცით, აი. და მართლაც, ქვაფენილ დაღმართს რომ მივუყვებოდი, გზაში შემომეყარა და გვერდში ისე ამომიდგა, ვითომც არაფერიო. შეიძლება, მართლაც არაფერი იყო ის, რაც მოხდა, ვინაიდან სულ ერთი საათი იყო, რაც გაგვეცნო ერთმანეთი, და მერე რა, თუ გაცნობილი ობიექტებიდან ერთ-ერთი მეორეს ორმოცი წუთით გაშორდა. მაგრამ, ხომ იცით, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ერთი საათი იყო გასული ჩვენი გაცნობიდან, მე საუკუნედ ვგრძნობდი ჩემში აღძრულ გრძნობებს კოლხი მედეას მიმართ. 
- ბახის მუზეუმისთვის მზად ხარ? - მკითხა და ხალისიანად ამომიდგა გვერდში, მაგრამ მისი აურა დათრგუნულ ფერს ასხივებდა, რამაც გამახარა, რადგანაც ეს იმას ნიშნავდა, რომ ციხესიმაგრის თვალიერებისას მხოლოდ ინფორმაცია არ აუთვისებია, არამედ მთელი სიცხადით შეიგრძნო საჟამთასვლე მოხატულობის მწველი სურვილები, მუზეუმის კედლების გახევას რომ ლამობდა მაშინ მთელი ძალით. 
- მზად ვარ, ჩემო მედეა, მზად, - ვუთხარი, მკაფიოდ მივატრიალე კისერი მისკენ და გულწრფელად გავუღიმე. კოცნა რომ შემძლებოდა, აი, რომ არ ვკლავდე და მხოლოდ ძლიერად ვასუსტებდე-მეთქი, მახსოვს, გავიფიქრე, მაინც ვაკოცებდი-მეთქი, მაგრამ ვკლავდი, აჰა, და რად გინდა ასეთი კოცნა კაცს!
- ჰოდა, ავიდეთ უკვე. და მერე, ბად ჰერსფელდში რომ დავბრუნდებით, მინდა, ჩაიზე დაგპატიჟო ან, სულაც, ყავაზე, - ამ დროს მხარზე ხელი დამადო. შეხების წერტილიდან წამოვიდა ელექტრული დენი, და წამის მეასედებში გაიარა მთელ სხეულში. ენა დამება.
- ელე... ისა... მედეა, კარგი, რა, არ გრცხვენია? - რატომღაც ეს კითხვა დავუსვი, - მე დაგპატიჟებ, ჯობია.
- აბა, რა სისულელეს ამბობ ახლა, - ეტყობოდა, მართლა გამიბრაზდა, - მაშინ წავიდეთ კაფეში, და ჩვენ ჩვენი გადავიხადოთ, ჰა, იქნებ, ასე ჯობდეს?
- კაი, ნუ მიბრაზდები, - დავშოშმინდი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, - უბრალოდ ავირიე ცოტა. მადლობა მიპატიჟებისთვის. აუცილებლად მოვდივარ.
- ჰოდა ასე, - სახე გაუცისკროვნდა, - წავიდეთ ახლა, იოჰან სებასტიანი გველის.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს მართლაც გველოდა იოჰან სებასტიან ბახი. მისი მუზეუმის წინ დიდი ძეგლი იდგა ამ გენიოსის; მარჯვენა ხელში ბუმბულიანი კალამი ეჭირა, მარცხენა ხელში - დიდი სანოტე რვეული, რომელსაც ქვემოდან ანგელოზი ამაგრებდა. დიდი სიმბოლო იყო ამაში, მივხვდი, მაგრამ მაინც მედეას დავუწყე მერე დაკვირვება. ის ნელა მიდიოდა ქანდაკებისკენ, მერე კი თვალები მოჭუტა და თითქოს იმედგაცრუებით თქვა:
- ეს რა არის, უჰ, ანგელოზს რატომ უჭირავს ნოტები?
- რატომ და, - მე ჩავთვალე, რომ ვერ გაეგო, ამიტომ ახსნას მოვყევი: - იმიტომ, რომ, მოქანდაკის აზრით, ბახის მუსიკა ანგელოზების მუსიკაა, სამოთხიდან გამომავალი.
- და, იქნებ, დემონებისაა, არ გიფიქრია? - ასეთი კითხვა მომცა.
- პრინციპში, - სამი წამი ფიქრის მერე ვუთხარი, - ეგ ერთი და იგივეა, მედეა. 
გამიღიმა. ეგ ღიმილი ჩემს გონებაში აღიბეჭდა წარუშლელად, დამერწმუნეთ. ბახის მუზეუმის ამბებში კი ასაღწერი არაფერია - უფრო სწორად, ასაღწერი ბევრია, მაგრამ ვკვდები, ხომ იცით, და მინდა, მოვასწრო მთლიანი ამბის დასრულება, ამ ნაწარმოების. 
გადავხტეთ მცირედით, და იქიდან გავაგრძელოთ, ბად ჰერსფელდში რომ დავბრუნდით მე და კოლხი მედეა. ჰოდა, აჰა, დავბრუნდით ბად ჰერსფელდში მე და კოლხი მედეა, ქალაქის ცენტრში მდებარე რომელიღაც კაფეში დავსხედით, ჩაი შევუკვეთეთ და საუბარს მოვყევით. ჩემი ოჯახის შესახებ მკითხა, მე მისი ოჯახის შესახებ ვკითხე, ჩემსა და თავის პროფესიაზე მელაპარაკა, მუსიკაზე - უფრო თუ დავკონკრეტდები, ბახზე. და, აი, მაშინ აღმოვაჩინე, მის თვალებში რომ ჩავიხედე უფრო ღრმად, რომ თურმე მისი ფერადი გარსის შუაში შავი ხვრელივით მწოლიარე გუგის სიღრმიდან მუსიკა მესმოდა; მივაყურადე მე ამ მუსიკას და, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ეს იყო შესავალი ნაწილი ,,იოანეს ვნებანიდან“11: ,,Her, unser Herrscher”. ეს მუსიკა თუ მოგისმენიათ, გაიხსენეთ, როგორი ჯოჯოხეთურია, როგორ იწვება მსმენელი გეენის ცეცხლში; ფუგის ერთი თემა იწყება რაღაც ერთი ნოტით, მერე ეს ნოტი მაღლდება, მერე თავდაპირველ ჟღერადობაზე უფრო ქვევით იწევს, წვალობს, ისევ მაღლდება, ერთს კიდევ წაიწევს წინ, ისევ დაბლდება, სისხლი სდის, წყალი უნდა, მაგრამ ბახი ძმრიან ღრუბელს უსვამს ტუჩებზე, ანადგურებს; როგორც ქრისტე გოლგოთაზე მიმავალი ტანჯულობდა, ფეხს ითრევდა - ხან წინ დგამდა, ხან უკან - ისე თამაშობს ბახიც ნოტებით - ხან მაღლა მიჰყავს, ხან დაბლა ანარცხებს, სიკვდილისთვის იმეტებს ამ მუსიკას - მაგრამ შენ, ჭეშმარიტო მსმენელო, უნდა გავარდე ქრისტეს ირგვლივ შეკრებილი ბრბოდან, უნდა გაჭრა ბრბოს ბრმა ჯაჭვი, და უნდა თქვა, რომ შენ, აი, შენ მიეხმარები ქრისტეს ჯვრის წამოღებაში; რომაელები დაგთანხმდებიან, და შენც იტვირთავ ქრისტეს მძიმე ჯვარს გოლგოთას მთაზე, თან იესოს გაამხნევებ შენი სიტყვებით, ცოტაც, უფალო, ცოტაც გაუძელიო; დაეცემი ერთი-ორჯერ ქრისტესთან ერთად, ერთი-ორჯერ დაგაჯდება შავი ყორანიც, მხრების დაგლეჯვას დაგიპირებს, ამოგაცლის კიდეც ცოტა ხორცს, მაგრამ, შეხედავ თუ არა უფლის სისხლჩასულ თვალებს, ყველა ტკივილი დაგავიწყდება. ეს დავინახე ჩემი კოლხი მედეას თვალებში, და ათასჯერ უფრო ძლიერად შემიყვარდა. გადავირიე ამხელა კაცი, მოკლედ. ბახის მუსიკაზე საუბრისა და ჩაის დალევის შემდეგ ქალაქში გავიარეთ მე და მედეამ. ზევით ვიყურებოდი, თითქმის ცაში, როცა მაღალ კოშკს მოვკარი თვალი, მთავარ კედელზე საათით და ამ საათის დასავლეთ კედელზე გამოშვერილი ხის გასავლელით, რომელიც მთავრდებოდა სადღაც ჰაერში გამოკიდებით, მაგრამ წამების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ ხის გასავლელის თავზე - დაახლოებით, მეტრი და ორმოცდაათი სანტიმეტრით მაღლა - იყო შავი თოკით გაკეთებული სახრჩობელა, რომელსაც, თქვენ წარმოიდგინეთ და, ზედ შავი ყორანი ეჯდა. მედეასთვის რომ მომინდა კისერში კოცნა, ავტობუსიდან რომ ჩადიოდა, თითქმის ისეთივე ჟინით მომაწვა იმ წამს თავის მოკვლის სურვილი - თან, მხოლოდ ისე, იმ ყულფში რომ გამეყარა თავი. ამას გულში ხომ ვერ დავფლავდი, ჰოდა მედეას დავუძახე:
- მედეა, ნახე, - და ზევით მივანიშნე კოშკზე, - სახრჩობელას ხედავ? თან ზედ ყორანი აზის. რა პოეტურია, ვახ!.. - რომ დავხედე ჩემს კოლხ მედეას, თვალები წყლით ამევსო, და იმ წამსვე გავიხედე განზე, რომ არ შეემჩნია.
- ვხედავ, - მითხრა, - მაგრამ შენ თუ ხედავ იმას, მაგის ქვევით, სახლი რომ დგას თეთრი ფერის, შავი სახურავი რომ აქვს ნახევრად დამპალი? მაგის ფანჯრებში თოჯინები იყურებიან. პოეტური რამდენადაა, არ ვიცი, მაგრამ საშიში კი ჩანს.
- მართლა რა მაგარია, - ვუთხარი გულწრფელად, მაგრამ გული მაინც იმ მაღალი კოშკისკენ მიმიწევდა, ჰოდა არც ეს დამიმალავს: - მაგრამ, მედეა, მე მაინც იმ კოშკისკენ მიმიწევს გული. უჰ, რა არის!.. 
- ჰო, - გაეცინა, - ორივემ ვიპოვეთ ამ ქალაქში რაღაც, მთავარი ესაა.
მინდოდა, მეთქვა, შენ გიპოვე-მეთქი ამ ქალაქში, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს, და იმ დღემ ასე ჩაიარა. ყველაფერი მშვიდობით მიდიოდა ჩვენს ურთიერთობაში, სანამ რუსთავში არ ჩავედით უკან, და - გენებს რას უზამს კაცი! - მე ლოთობა არ გავაჩაღე. გავაჩაღე ლოთობა, ჰოდა ერთ დღეს ავიჩემე, ჩემს მალულ სატრფოს სიმღერა უნდა ვუმღერო და ეს სიყვარული გამოვამზეურო-მეთქი. გავარკვიე, სად იყო იმ მომენტში, ჩემი სახლიდან კომპიუტერის დინამიკები ავიღე, ტელეფონში Ohne dich-ის12 კარაოკე ვერსია გადავიწერე, ტაქსში ჩავჯექი და იმ მისამართისკენ გავწიე, ჩემი კოლხი მედეა რომ მეგულებოდა. მეგობრობის გამზირის ორმოცდაერთ ნომერში მივედი, მეორე მუსიკალური სკოლის გვერდზე რომ პიცერიაა, იქ. ჩემი მედეა ორ დაქალთან ერთად დამხვდა, და ეს ამბავი გამიხარდა, რადგან, რომ მომეტაცა, ორ გოგოს სალაპარაკოს რა გამოულევდა. ჩემკენ ზურგით იჯდა მედეა და, როცა შევედი, არ დავუნახივარ. პიცერიის მენეჯერს ჩუმად დაველაპარაკე და ნებართვა ვთხოვე, სატრფოს ერთ სიმღერას შევუსრულებ-მეთქი. დამთანხმდა, ჰოდა მეც შევაერთე დინამიკი ტელეფონში, ჩავრთე ის გადმოწერილი კარაოკე ვერსია და, თავი რომ შემოაბრუნა კოლხმა მედეამ ჩემკენ, მაშინღა დავუქნიე ხელი. Ohne dich kann ich nicht sein-მეთქი, ვუმღეროდი, რაც ითარგმნება, როგორც: ,,უშენოდ მე ვერ ვიცოცხლებ“. ბოლოს, სიმღერას რომ მოვრჩი, ვუთხარი, მედეა, გამომყევი, საქმე მაქვს-მეთქი. დინამიკები იქვე დავტოვე. კარგიო, ასე მითხრა და, გოგოებო, უჩემოდ გააგრძელეთო, მიაძახა მეგობრებს. მისმა ერთმა დაქალმა თვალიც კი ჩამიკრა და მანიშნა, აბა, შენ იციო. რა ვიცოდი მე, აბა?! გადაკეტილი მქონდა გონება, იმდენი დამელია, მაგრამ ფეხზე მაინც ვიდექი, და თან შესახედაობითაც ძლიერად არ ვიყავი შეცვლილი. მოკლედ, წავიყვანე ჩემი კოლხი მედეა იაღლუჯას ერთი გორაკისკენ, ავიყვანე ზედ, დავდექით ცენტრში, შემაღლებულ ადგილას, დავუჩოქე, მისი ერთი ფარფატა ხელი ჩემს უხეშ ხელებში მოვიქციე, და დაბალ ტონალობაში, ნამდვილად წრფელი გულით ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. არაფერი უპასუხია. თავიდან თვალები აუცრემლიანდა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა, ისიც ჩაიმუხლა და პირდაპირ ტუჩებში მაკოცა, ნერწყვი ამომწოვა. ჩავიკარი გულში ჩემი მედეა, ერთადერთი სიყვარული, ვკოცნე და ვკოცნე, ვკოცნე და ვკოცნე, ვკოცნე და ვკოცნე. უცებ ამოიხავლა, და მე ვიგრძენი, როგორ დამფხაჭნა ამ ხავილმა სულის შიგნიდან. ხელები შემოვხვიე წინიდან, ჩავემხე და ჩავეკარი. ხაოდა მედეაც, ვხაოდი მეც. ხელებში მიფართხალებდა - უნდოდა, გამსხლტომოდა. უკვე ვყვიროდი, და ცას წვდებოდა ჩემი ღრიალი საღამოხანს. სახეზე სულ თქრიალ-თქრიალით მასხამდა მისი პირიდან გადმომავალი დორბლი და სისხლი ერთად. გავუშვი მერე ხელი, თან მაგრად ვტიროდი. უცებ ძალიან შემეშინდა, ჰოდა შინ გავიქეცი, მცირე ბარგი ჩავალაგე, ბებიაჩემს პენსიის დანაზოგი მოვპარე, ჩემი დანაზოგიც ავიღე, გავიქეცი აეროპორტში, ბილეთი ვიყიდე, ექვსი საათი შიშში გავლიე, როცა ველოდებოდი რეისს. მერე, როგორც იქნა, თვითმფრინავზე ავედი, კიევში რომ მიფრინავდა. უკრაინის დედაქალაქში კიდევ სამი საათი გავჩერდი, შემდეგ ფრანკფურტის რეისზე დავჯექი, და ჩავედი ისევ გერმანიაში, სადაც, ორი წლის მერე, ცოლი შევირთე - მაღაიკე ერქვა, მაგრამ მე მარიკას ვეძახდი. მშვენიერი გოგო იყო, ოდნავ უცნაური გადახრებით - მაგალითად, აი, ტუჩებში თუ მაკოცებ, გული ამერევაო, ასე მითხრა მაშინ, როცა სიყვარული ავუხსენი. მეც ამერევა-მეთქი, რომ ვუთხარი, სახე გაუცისკროვნდა და, დარწმუნებული ვარ, გონებაში უკვე ჩვენი შვილების პორტრეტები დახატა. ოცდაცამეტი წლის ასაკში - ჩემი სიცოცხლის ბოლო წელიწადს - უკვე ორი შვილი მყავდა: ერთს იოჰანესი ერქვა, თერთმეტი წლის იყო, და მეორეს ნიკოლოზი ჰქონდა სახელი, ოთხი წლისას. კარგი ბიჭები იყვნენ მეტად. ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეს - აი, ამ დღეს ზუსტად - იოჰანესი ფორტეპიანოს ეჯდა, მე მომაკვდავი სენით შეპყრობილი ვიწექი სარეცელზე. უცებ ჩემმა შვილმა საოცარი მელოდიის დაკვრა დაიწყო - Mein Herz brennt13 - და გამახსენდა ის სიზმარი, რომელშიაც მე მედეას გულისათვის ჩემი გული დავწვი, დავფერფლე და ეს ფერფლი მასვე მივეცი საკმევლად, ჩემთვის რომ ელოცა. საოცარი სიკვდილით მოვკვდი: ჩემმა ვაჟმა რომ დაასრულა კომპოზიციის დაკვრა, მე, ლოგინად ჩავარდნილი კაცი, ფეხზე წამოვხტი, ფორტეპიანოსთან მივირბინე, რამშტაინის მუსიკის საფორტეპიანო ნოტებიდან ულამაზესი გადასვლა გავაკეთე სოლ მინორ ტონალობისაკენ, და ,,იოანეს ვნებანის“ საორღანო პარტია ამ საკრავზე შევასრულე. სულ ბოლოს, დაკვრა რომ დავასრულე, ისევ გავიქეცი ჩემი საწოლისკენ, შიგ ჩავწექი, საბანი გადავიფარე და დედამიწაზე უკანასკნელად ამოვისუნთქე. 
საცოდავი ჩემი მარიკა, არა? დედაჩემიც. როგორ მიყვარდა კოლხი მედეა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი