ყური ჩვენი არსობისა
იყო ივლისის თვე, იდგა ხვატი, იწვა გვალვა, ცა ცისფერი აღარ იყო, მზე - მზისფერი, მიწა - მიწისფერი, გახურებულიყო ჰაერი, ხეეები დარბოდნენ გიჟებივით და სახლების კედლებს თავებით ასკდებოდნენ, დაუძლურებულიყო ყოველი ცოცხალი არსება და, საერთოდ, რომ დაუკვირდეს ადამიანი, უხეშია და უაზროა და სისულელეა ივლისის არსებობა - სადღაც ზაფხულის შუაშია გამოკვეტილი და, იმის გამო, რომ ივნისი პირველი და, შესაბამისად, ამოსუნთქვის თვეა, ხოლო აგვისტო უკვე ღრმა ჩასუნთქვისთვის ამზადებს კაცობრიობას, ივლისის თვეს აზრი ეკარგება. საზიზღარია მართლაც; ივლისი თვეა, როცა არავის არსებობა არაა გამართლებული; ივლისი თვეა, როცა ცხოვრება ჭირს; ივლისი თვეა, როცა ისვენებ, მაგრამ დასვენება გინდა. მომინდა მეც დასვენება, რა გასაკვირია, და გავიფიქრე: ,,დავიღალე. დავიღალე, რომ სულ დასვენება მინდა. დავიღალე, რომ სულ დაღლილი ვარ. თავში ქვა მინდა! უჰ, რა იქნებოდა!.. დასვენება! ზარია! მესამეს და მეოთხეს შორის დიდი პაუზაა! ათი წუთი! მმმ! ბუფეტში ჩავიდოდი! ერთი შოკოლადიანი ფუნთუშა, გენცვა!“. მერე ისევ გავიფიქრე, რებზე ვფიქრობ, ხომ არ გავგიჟდი-მეთქი, ამიტომ ჩემს აჩეჩილ დივანზე გვერდი ვიცვალე და გადავწყვიტე, თავი გამეგუდა. მოკლედ, წამოვიცვი ბალიში, მაგრამ თან სუნთქვაც მინდოდა, ამიტომ, მეთქი, ასე არ გამოვა, ჰოდა გავედი სამზარეულოში, შავ სანაგვე ცელოფნებს სამი ცალი მოვაკელი, დავბრუნდი ისევ საწოლში და ეს პოლიეთილენის ცელოფნები სათითაოდ წამოვიცვი თავზე. ვიგრძენი, ჩემი სუნთქვის ინტენსივობასთან ერთად, როგორ იკლებდა ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის პროცენტული რაოდენობა, და როგორ იმატებდა ნახშირორჟანგის სიხშირე. საბოლოოდ - ისე არ გეგონოთ, რომ საიქიოდან იწერება ახლა ეს ყველაფერი ჩემი სულიერი კარნახით - იმის გამო, რომ ჟანგბადი ჩემს ტვინს აღარ მიეწოდებოდა, გავითიშე; გავითიშე და ბალიშიდან ჩამოვცურდი; ჩამოვცურდი ბალიშიდან და მომძვრა სამივე ცელოფანი; სამივე ცელოფანი მომძვრა და ავტომატურად, თითქოს წასული დენი მოვიდაო, გავაგრძელე სუნთქვა; სუნთქვა რომ გავაგრძელე, ისევ მოვედი გონს; გონს რომ მოვედი, ცელოფნებს დავხედე და მივხვდი, რომ ამ ეგრედ წოდებული პროცედურის ხელმეორედ ცდა ძალიან მეზარებოდა, ამიტომაც მარჯვენა გვერდზე გადავბრუნდი, თვალები დავხუჭე და დავიძინე. მოკლედ, იმ დღეს გადავრჩი. რომ გამეღვიძა, წმინდა განთიადი იყო - მზე თითქოს ქვევიდან ისროდა ფორთოხლისფერ სხივებს, რომელიც ცას დანაჩამოსმული ნაიარევების მსგავსად გასდევდა. თვალების გახელის შემდეგ პირველივე, რაც გავიფიქრე, იყო, იქნებ დღეს მაინც მომინდეს-მეთქი სიცოცხლე. მივიხედე მარცხნივ, მოვიხედე მარჯვნივ, ავიხედე ზევით, შევიხედე საწოლის ქვეშაც, მაგრამ ვერსად ვიპოვე სიცოცხლის სურვილი. პოლიეთილენის ცელოფნებმა წინა ჯერზე არ გაჭრა, ამიტომ გადავწყვიტე, ამ ჯერზე თავს ჩამოვიხრჩობ-მეთქი. კანაფის თოკი არ მქონდა, მაგრამ მქონდა წვრილი, თუმცა მეტად გამძლე ლურჯი, კაპრონის დაწნული თოკი, რომელიც საკმაოდ გრძელი იყო, მე კი შემეძლო, სასურველ სიგრძემდე დამეყვანა. ავდექი, გავედი ისევ სამზარეულოში, საპურე გამოვაღე, იქიდან პოლიეთილენის ცელოფნები გადმოვალაგე, ბოლოს კი ხელი კაპრონის თოკსაც წავავლე, მერე ცელოფნები ისევ უკან დავაბრუნე და ჩემს საძინებელ ოთახში გამოვედი. სკამი, რომელშიაც ორი წლის წინ ჯერ კიდევ სკოლის საგნებს ვმეცადინეობდი, ოთახის შუაში გავაცოცე, შემდეგ მასზე ავედი, თოკიც ავიტანე, მერე კი მოვტვინე, რომ ჰაერს ვერ ჩამოვეკიდებოდი, ამიტომაც ისევ ძირს ჩამოვედი, თოკი დავდე, გავედი საკუჭნაოში, რომ ჩაქუჩი და რამოდენიმე ლურსმანი გამომეტანა, ვიპოვე, გამოვიტანე, დავბრუნდი ისევ ჩემს ოთახში, ლურსმნები ჯიბეში ჩავიყარე, მარჯვენა ხელში ჩაქუჩი დავიკავე, მარცხენაში - თოკი, მერე ჩაქუჩიც მუხლებს შორის მოვიქციე და ისე მეკავა, რომ მეორე ხელით ერთი ლურსმანი ამომეღო. ამოვიღე ლურსმანიც, ერთი ხელით თოკი დავიჭირე, მერე ლურსმანი მჭიდროდ მივადე, ჩაქუჩი უცებ ისევ ავიღე და ძლიერად დავარტყი, რომ მიჭედებულიყო. პირველივე დარტყმაზე შევიდა ჭერში, ამიტომ, უკვე ბევრად თავისუფალმა, მარტივად გავაგრძელე დაჭედება იქამდე, სანამ ბოლომდე არ მიეჭედა, ხოლო შემდეგ მეორე ლურსმანი ამოვიღე და თოკის სხვა ნაწილიც ავაჭედე. მერე ვიფიქრე, სამი ლურსმანი ტყუილად ხომ არ წამომიღია-მეთქი, ჰოდა თოკის მესამე წერტილიც რომ ავირჩიე, სამკუთხედი შეიკრა, და ისე ჩანდა, რომ მყარად უნდა ყოფილიყო. შესამოწმებლად ორივე ხელით ჩავეჭიდე, მერე სკამს ფეხი ვკარი და, რომ ვნახე, გავჩერდი, მივხვდი, მართლაც მყარი ნაჭდევები გამომსვლოდა. გამიხარდა - იქნებ, აქ მაინც დავასრულო-მეთქი ყველაფერი. სკამი ისევ თოკის ქვეშ მოვწიე, მასზე ავედი, სახრჩობელა თოკივით დავწანი კაპრონი და კისერი ყულფში გავყავი, მერე კი მოვუჭირე - მეტკინა, სიმართლე ითქვას - შემდეგ ერთი ღრმად ჩავისუნთქე და სკამს ფეხი ისე ძლიერად გავკარი, რომ კედელს მიენარცხა, მე კი დავრჩი ჰაერში გამოკიდებული ლურჯ კაპრონის თოკზე. და უცებ ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯარას ყვავი შეასკდა მთელი ძალით. გული გამისკდა ლამის - ვიფიქრე, მომაკითხეს-მეთქი უკვე. შემდეგ სამი ყვავი ერთად მიენარცხა მინას. არა-მეთქი, ოღონდ ეს არა-მეთქი, მახსოვს, გავიფიქრე. ვოცნებობდი, იქნებ, თუ თოკმა არ დამახრჩო, კაპრონმა ყელი მაინც გადამიჭრას-მეთქი. მაგრამ მერე უკვე თითქოს ცა დაბნელდაო, მე დავინახე უამრავი შავი ფრინველი - ყველა ყვავი - რომელიც ჩემი ფანჯრისკენ მოფრინავდა ომში მრავალრიცხოვანი ლაშქრის მიერ ნასროლი ისრებივით, და ზუსტად ასევე გადაეფარათ მთელი ზეცა; მოქროდნენ და, ბოლოს, ისეთი ძალით შეასკდნენ ჩემს ფანჯრებს, რომ ორივე ჩაილეწა, ყვავები კი ჩემს სახლში შემოფრინდნენ, მეტაკებოდნენ სახეში, დაფრნავდნენ დაბნეულად, აბნეულად, ერთმა მათგანმა კი, საუბედუროდ, თოკიც კი გამიწყვიტა, და მე ძირს დავეცი მთელი ძალით, იატაკზე გატეხილი შუშის ნამსხვრევი კი ვენასთან ახლოს შემერჭო, ყვავები კი გაფრინდნენ. მოკლედ, იმ ჯერზეც გადავრჩი, ამიტომ ისევ ძილი და დასვენება ვარჩიე, მაგრამ, დავწექი თუ არა სარეცელზე, წამსვე ფიქრებმა გამიტაცა. ისე, რა არის, არა, ფიქრი? წარმოიდგინეთ, ჩვენი ძვირფასი ქვეცნობიერი ტენიანდება მომხდარის ნამით, შემდეგ ეს ნამი ორთქლდება, მოვლენების აორთქლილი რაობა სადღაც მეორე განზომილებაში იქცევა ღრუბლად, და რამდენია ასეთი ღრუბელი ჩვენში! შემდეგ ისინი იძვრიან, გადაადგილდებიან ქვეცნობიერიდან ცნობიერისკენ, ერთმანეთს ეჯახებიან და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოდის ჩვენს ტვინში წვიმა ასოების, რომლებიც გონებაში გვიქმნიან სიტყვის გუბეებს. რაც მეტია ნაოჭი ტვინში, მით მეტია სიტყვის გუბეც. წარმოიდგინეთ, მერე ეს გუბეებიც ორთქლდება, ადის სადღაც და მეორე განზომილებაში ქმნის უკვე თავის ღრუბელს, რომელიც გადაცურდება ქვეცნობიერში, და ქვეცნობიერში წამოიწვიმებს, ხოლო შემდეგ ისევ იგივე მეორდება. მოკლედ რომ ვთქვა და ავხსნა, თუ ფიქრი დაიწყო ადამიანმა, ვეღარ გაჩერდება. თუმცა, ფაქტია, ვერ გაჩერება ჯობია ფიქრის გარეშე ყოფნას. ვფიქრობდი-მეთქი, ვთქვი და აღარ დამისრულებია, თუმცა ახლა დავასრულებ: წარმოვიდგინე, ვითომ არსებობდა საკმაოდ დიდი ოთახი, რომლის ცენტრშიც იყო მარიანის ღრმულის* ტოლი ჭა სიღრმით; ვთქვათ, დაღამდა, იქ კი ელექტრობა არაა გაყვანილი, შესაბამისად, ოთახი ჩაბნელდა; მოვიყვანოთ ვინმე ადამიანი და შევთავაზოთ ოთახის გადაჭრა ამ სიბნელეში, ოღონდ არ ვუთხრათ, არ გავაგებინოთ იმ ჭის არსებობის შესახებ; თუ მშვიდობით გაიარა - ისე, რომ ჭასთან წამითაც არ მოუწია შეხების მაგვარმა ქმედებამაც კი - მას არასოდეს ეცოდინება იმ ჭის არსებობის შესახებ, და ვერც ვერასოდეს გაიგებს, რამხელა ხიფათს გადაურჩა ის თავის დროზე, ამიტომ გააგრძელებს ის უშფოთველ ცხოვრებას; მაგრამ ის ფაქტი, რომ ვიღაცა სასწაულებრივად გადაურჩა უფსკრულში თავით გადაშვებას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩასავარდნი არ არსებობს. არ მახსოვს, რა ვაკეთე იქამდე, სანამ მოსაღამოვდებოდა - ალბათ, არაფერიც არ მიკეთებია - ხოლო, შებინდდა თუ არა, ავდექი, რაც პირველი მომვდა ხელში, ის ჩავიცვი, თამბაქოს ოდნავ დაჭმუჭნული კოლოფი მოსაცმლის გულის ჯიბეში ჩავიდე, ასანთიც, ყულაბიდან ექვსი ცალი ლარიანი ამოვიღე და შარვლის ჯიბეში ჩავიყარე, ბოლოს ფეხზე ჩავიცვი, კარი გავაღე, გასაღები ავიღე, გავედი, ჩავკეტე და დავეშვი დაღმართზე, რომელიც აკავშირებდა თბილისის ქუჩას მეგობრობის გამზირთან. გზის პირს რომ მივადექი, გადავწყვიტე, ცოტა ფეხით მევლო, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და, ამიტომ, ვიფიქრე, ხიდამდე სამარშრუტო ტაქსით მივალ-მეთქი. პირველი ოცდაორი ნომერი ტაქსი მოვიდა - ,,პირდაპირ, მერია, მეტალურგია“ - და მეც წამსვე დავუქნიე ხელი გასაჩერებლად. გაჩერდა, მე კი მოუხერხებლად ავედი წელში მოხრილი, ვისარგებლე იმ ფაქტით, რომ შიგნით მძღოლის გარდა სხვა არავინ იყო, და მარჯვნივ, კარებთან ეულად მდგომ სკამზე დავჯექი. ,,ვეჯინამდე“ ასე მივედით, თითქმის ცარიელი ტრანსპორტით, და ზუსტად მაშინ გამიკრთა თავში ფიქრი, თუ არავინ ამოვიდა ჩემს გაჩერებამდე, ეს ნიშნავს, რომ მეფე ვარ-მეთქი. გავცდით ამ დიდ მაღაზიას, მივედით ,,სი-ჯი-სის“ სათაო ოფისამდეც, ჩავუქროლეთ ცურტაველის ქუჩაზე აშენებულ საბავშვო ბიბლიოთეკას და, ბიბლიოთეკის გვერდით გამოჩნდა თუ არა ავტობუსების გაჩერება, ჩემი ტრანსპორტი ჯერ შენელდა, ხოლო ბოლოს შეჩერდა, გაიღო კარი და - წარმოგიდგენიათ?! - ქალი ამოვიდა! ქალი! გავცოფდი ჯერ იმიტომ, რომ მეფე არ ვიყავი, ხოლო მერე უკვე იმიტომ, რომ, ისე გამოდიოდა, ქალი იყო ჩემი სწორი, ეს ფაქტი კი მაგიჟებდა იქამდე, სანამ არ გავაცნობიერე, რომ ყველაფერი საჭირო იყო. ზოგადად, ყველაფერი, რაც ხდება, გარდაუვალობის კანონებითაა გამოწვეული და, შესაბამისად, საჭიროა, ხოლო ის, რაც საჭიროა, ცუდი ვერ იქნება. კი, უსამართლოა დედამიწაზე ყველა და ყველაფერი, მაგრამ ყველაზე სამართლიანი ფაქტი ის გახლავთ, რომ ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის, კაცობრიობას კი ისღა დარჩენია, დაიცადოს, მოითმინოს, რამეთუ ადამიანი მოთმინების გარეშე ის სანთელია, რომელშიც ძაფი მხოლოდ ნახევარ სიღრმემდე ჩადის. ზოგი ფიქრობს, რომ მოთმინება თავის დამცირებაა, მაგრამ, თუ ვიფიქრებთ, რომ ყველაფრის მოთმენა ჩვენივე ცოდვებისთვის გვიწევს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება და შიში შენს მოთმინების გრძნობას არყევს, გაიხსენე ღვთისმშობელი, რომელიც ჯვრის წინ იდგა და მომაკვდავ შვილს უყურებდა. მოკლედ, დამშვიდებული და საკუთარი ფიქრებით ნასიამოვნები ჩამოვედი ხიდთან, რომელიც, სხვათა შორის, ერთი თვის წინ აღდგა, გადაკეთდა და გარემონტდა. მივეცი მძღოლს დამსახურებული და კუთვნილი და სამადლობელი ორმოცდაათ თეთრიანი, გავაღე კარი, ჩავედი ძირს, ჩავისუნთქე და, როცა ადუღებული ჰაერი ცხვირის ნესტოებიდან გარკვეული გზის გავლით გადამივიდა ფილტვებში, მივხვდი, რომ ისევ არ მინდოდა ცხოვრება. ანუ, თუ სურვილი გაქვთ - რომც არ გქონდეთ, მაინც - აგიხსნით ჩემს მდგომარეობას, თუ აქამდე ვერ მიხვდით: მე ვიყავი მარტო. მორჩა და გათავდა. სულელი არ ვიყავი და, ვიცი, ვხვდებოდი, რომ არანაირი ივლისის ბრალი არ ყოფილა ჩემი ასეთი სულიერი გაჭირვება. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უკვე ხიდზე ვიყავი. ტროტუარზე გადავედი, ზურგით ხიდის ერთ ბოლოს მივეკარი, დაველოდე, როცა გაყვანილ გზაზე მოძრაობა წამით მაინც შეჩერდებოდა და, როცა სულ ერთი წამით გათავისუფლდა ჰორიზონტი მანქანებისგან, რაც ძალა და ღონე მქონდა, გავიქეცი. თავიდან ვიფიქრე, გადავხტები-მეთქი მტკვარში თავით, მაგრამ მალევე გადავიფიქრე, რადგან გავაანალიზე, რომ სულაც არ ვიყავი სპორტული ადამიანი ჩემი ცხოვრების წესით და, შესაბამისად, ხიდის მოაჯირს ვერ გადავახტებოდი. თუმცა სიჩქარისთვის არ მომიკლია, და გავრბოდი პირდაპირ, როგორც გამწარებული ხარი - კორიდაზე, როგორც დაბრმავებული მარტორქა გამბრაზებლისკენ, როგორც პატიმარი - უკან დადევნებული ციხის ბადრაგისგან; გავრბოდი, გავრბოდი, და ეს ორი ან სამი წამი გაიწელა ისე, როგორც ჩამოღვენთილი წვეთი იწელება სანთლისა ან, თუ ასე გნებავთ - თან იმ წამს ვიგრძენი შიმშილის გრძნობა - როგორც ცხელ ხაჭაპურში იწელება წვნიანი ყველი. თუმცა საბოლოოდ მაინც შევასკდი ქვის ხიდის ერთ კიდეს, მოაჯირს, გავიხეთქე თავი და, ჩემი მახვილი მზერისა და თვალსაჩინო კონტრასტის გამო, დავინახე, როგორ ჩაიქცა საკმაო რაოდენობით სისხლი მტკვარში. რომ გამოვფხიზლდი, ხალხი მეხვია გარს. ერთმა ჩემი ასაკის ბიჭმა მკითხა კიდეც, ძმაო, ხომ კარგად ხარო. მე ვუთხარი, ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ-მეთქი. მერე ვიღაცა არც ისე ხანდაზმულმა ქალმა მითხრა, შვილო, ხომ არ გააფრინეო. ვუპასუხე, ასე გაფრენილი არასოდეს მქონია-მეთქი. გადაწყვიტეს, წავეყვანე, მაგრამ სად მივყავდი, არც მე ვიცოდი და, ვშიშობ, არც მათ. ჰოდა, ავდექი, ტანსაცმელი დავიბერტყე, ხალხი ჩემთან კიდევ უფრო ახლოს მოვიხმე და მოვატყუე, რომ მწერალი ვარ და ჩემი პერსონაჟის სიკვდილს ვეძებდი. ისე ვსაუბრობდი, რომ კი, შეიძლებოდა ეჭვი შეჰპარვოდათ, მაგრამ მაინც დამიჯერებდნენ. ასეც მოხდა. ნელ-ნელა გამეცალნენ, და მე ისევ მარტო დავრჩი, ამიტომაც ნელა მივუახლოვდი მოაჯირს, გაჭირვებით ავცოცდი მასზე, პირი მტკვრისკენ ვიბრუნე, გადავხედე, ხელები გავშალე და ვთქვი: - ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი? მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი...* და გადავწყვიტე, გადავმხტარიყავი, მაგრამ ზუსტად იმ წამს გამახსენდა, რომ ორი დღის მშიერი ვიყავი, ამიტომ გული წამივიდა და, იმის მაგივრად, რომ მტკვარში ჩავვარდნილიყავი, საცოდავივით ტროტუარზე დავეცი, თავი ძლიერად დავარტყი, თუმცა მაინც გადავრჩი. *** ივლისის თვე ისევე გაილია მარტოობაში, როგორაც - ჩემი ცხოვრების პირველი ან, ესეც იგივეა, უკანასკნელი ოცდაერთი წელიწადი. აგვისტო რომ დადგა, ჩემს საწოლში ვიწექი, გულის ტკივილს გულშივე ვუჩიოდი, და პირველი, რაც გავიფიქრე, მახსოვს, იყო ეს: ,,როცა მოვკვდები, ალბათ, არავინ გამიხსენებს, მაგრამ, თუ მოხდა სასწაული, და ვინმემ გამიხსენა, იტყვიან: არვინ იცოდა, რას დაეძებდა, მხოლოდ ვიცოდით, რომ მისი სული აქ ვეღარ ძლებდა. ასე იქნება მართლაც, ალბათ, თუ ვინმე გამიხსენებს“. მერე უცებ წამოვხტი - გულმა რეჩხი მიყო, თუმცა გავუძელი - და საკუთარ თავს შევუძახე, რა პესიმიზმი აგიტყდა ამხელა კაცს, გარეთ გადი, სახე მზეს მიუფიცხე, ჭიქა გადაკარი, პლანი მოწიე, გოგო გაიჩინე, ხალხში გადი-მეთქი. მერე ისევ შევეწინააღმდეგე თავს: ,,განმარტოებით ყოფნა ადამიანში სულიერი განძის წყაროა, ხოლო ვინც ამ საქმეს გაშორდება, ისე დაცლის და ისე გაფლანგავს მთელ ამ სულიერ ძვირფასეულობას, როგორც ლოთი კაცი ფლანგავს ოჯახის ფულს სასმელში; განმარტოებასა და სიჩუმეში - და არა ხალხსა და ხმაურში - იბადება დიადი აზრები, რომლებიც შეიძლება იყოს ღვთიური, შეიძლება იყოს ეშმაკეული, თუმცა ორივე დიდებულია; საზოგადოებაში გარეული ადამიანი საკუთარ ბოროტებას ისე ებრძვის, როგორც - ავადმყოფ და სუსტ ბავშვს, ხოლო ის, ვინც მარტოა, ისე, როგორც - გოლიათს. მე, ჩემო ძვირფასო თავო, ან უნდა გადავრჩე, ან დავიღუპო საბოლოოდ, თორემ უბრალოდ ყოფნა მე არ მეკუთვნის და არც მინდა“. და ამ დროს, ჩემდა მოულოდნელადაც კი, უცებ მომინდა, კიდევ ერთხელ მქონოდა შეხება სიკვდილთან, თუმცა არა პირდაპირ - სულელი არ ვიყავი, და ვხვდებოდი, რომ ამდენი წარუმატებელი ცდის შემდეგ ახალიც წარუმატებლად დასრულდებოდა, რადგან არ ჰქონდა განგებას გადაწყვეტილი ჯერ ჩემი წასვლა - არამედ ირიბად, ჰოდა გავვარდი გარეთ შორტებისა და ჩუსტების ამარა, და მთელ ეზოში დავიწყე ყვირილი განწირულად: - გამოასვენეთ მიცვალებულები! - ჩემი ხმა ყრუ ექოდ გაისმა მძიმე ჰაერში. მინდოდა, მკვდრებისთვის ჩამომევლო და შუბლზე მეკოცნა, - გამოასვენეთ მიცვალებულები! ღვთის გულისათვის, მიცვალებულები გამოასვენეთ საჩქაროდ, სწრაფად! - შემდეგ კი, სანამ ვინმე დამინახავდა, უცბადვე შევვარდი სახლში, მკვდარივით გავეგე სარეცელზე, მერე საკუთარი სხეულიდან ამოვედი და, უკვე მკვდარს, შუბლზე დავუწყე კოცნა. თუმცა მალევე დავუბრუნდი მასვე, გავაცოცხლე, გადმოვხარე ლოგინიდან და შუბლი რკინის გისოსზე ვარტყმევინე მანამ, სანამ ტკივილისგან არ გაითიშა. როცა უგონოდ ეგდო, ისევ ამოვედი, შემეცოდა და ლოგინზე დავაბრუნე მკვდრის პოზაში, შემდეგ მისი ხელი ჩემს სულიერ ხელებში მოვიქციე და დავიწყე ტირილი, ვითომ მომკვდარიყოს და ვითომ არ მცოდნოდა, რომ ისევ მომიწევდა დაბრუნება. მოკლედ, რაღა თქმა უნდა, დავბრუნდი. როცა გამოვიღვიძე, თავი სულ ოდნავ მიბჟუოდა, მაგრამ, გამოვფხიზლდი თუ არა, წამსვე ახალმა იდეამ დამარტყა თავში ისე ძლიერად, რომ შევიგრძენი კიდეც და მეტკინა: უნდა მიმეღო ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი, ნიკოტინი და კოფეინი, რათა დამედგინა მათი სასიკვდილო დოზა. არა, არ გეგონოთ, რომ ისევ სიკვდილს ვაპირებდი - აკი გითხარით, გამოვსწორდი-მეთქი - უბრალოდ მინდოდა, ჩემი გონება რაიმე საქმისთვის გამომეყენებინა, ჩემი ორგანიზმის გამძლეობა კი ამ საქმისთვის მიმეხმარებინა. დავიწყე კოფეინით: სწრაფად გამოვითვალე გონებაში, ხუთ ლიტრ წყალს რამდენი ყავა დასჭირდებოდა, შემდეგ ეს რიცხვი ჩავიწერე და წავედი მაღაზიაში, რომ მეყიდა. ,,ბახმაროს“ ხუთ ლიტრიან პლასტმასის ბოთლში ჩავყარე ნაყიდი ყავის აბსოლუტური ნაწილი, დავასხი წყალი იქამდე, სანამ უკანასკნელ ნიშნულს არ მიაღწია, შემდეგ კი, რახან ეს წყალი არ იყო ადუღებული, ბოთლი კარგა ხანს ვანჯღრიე, რომ ყავა კარგად გახსნილიყო. წავედი ჩემი საწოლისკენ, წავიღე ეს ბოთლიც, დავიდგი თავთან, ჯერ დავწექი, შემდეგ კი წამოვჯექი, ბოთლი ამოვწიე, თავსახური მოვხსენი და ყავა მოვიყუდე. ლიტრი რომ გამოიცალა, გულის აჩქარება ცხადად ვიგრძენი, ხოლო მეორე ლიტრის მერე ხუთი წუთი შევისვენე კიდეც; ოთხ ლიტრამდე რომ ვიყავი ჩასული, ისე ცუდად გავხდი, რომ ბოთლი ხელიდან გამივარდა და დანარჩენი ყავა ძირს დაიღვარა. მესამე დღეს, როცა მდგომარეობიდან აშკარა სიკვდილს გადარჩენილი გამოვედი, ბლოკნოტში ,,კოფეინის“ გასწვრივ ოთხი ლიტრი ყავა დავწერე, მაგრამ შემდეგ გავიფიქრე, ხომ არ მოვმკვდარვარ-მეთქი, ამიტომ ნახევარი ლიტრიც დავუმატე, როგორც - სასიკვდილო დოზა - 0,15 კილოგრამი ჯამში, ხოლო ცალკე აღებული - 0,001 კილოგრამი, იგივე 1 გრამი, რადგან ერთი ჭიქა ყავა შეიცავს ას მილიგრამ კოფეინს, ხოლო ოთხნახევარ ლიტრში ჩადის ას ორმოცდაათი ჭიქა ყავა. ყავის საქმე რომ მოვითავე, ერთი კვირა ორგანიზმს საშუალება მივეცი, დაესვენა, თუმცა გონება არ დამისვენებია - გამალებით ვამუშავებდი უზომო გამოთვლებზე, რადგან შემდეგი ნიკოტინის ჯერი იყო. ისიც კი გამოვიანგარიშე, დაახლოებით, რამდენი უნდა ყოფილიყო სასიკვდილო დოზა, თუ სისტემის ერთეულად ღერ სიგარეტს ავიღებდი, და პასუხი მივიღე ასეთი: დაახლოებით, ოთხმოცდაათიდან ას ღერ სიგარეტის შუალედში ადამიანი მოწევისას მოკვდება ისე, რომ გაკიდებულ სიგარეტს ნაფაზებით ბოლომდე ვერ ჩაიყვანს - ანუ, მარტივად რომ ვთქვა, ადამიანი მოწევის დროს გარდაიცვლება. გადავწყვიტე, ცენტრალური ქუჩის მაღაზია ,,განთიადში“ შევსულიყავი, რადგან შორიდან შემჩნეული მქონდა სიგარეტების დიდი არჩევანი შიგნით - მიუხედავად იმისა, რომ მაინც წითელი ფერის ,,მარლბორო“ უნდა მეყიდა, თვალს ესიამოვნებოდა ეკლექტურობა. აღარ დამიყოვნებია, და ჩავედი. ერთ კოლოფში, როგორც ცნობილია, დევს ოცი ღერი სიგარეტი, ამიტომ გადავწყვიტე, ხუთი კოლოფი მეყიდა, რათა ექსპერიმენტი შუაში არ გამეწყვიტა საჭირო ნივთიერების არ ქონისდა გამო. თამბაქოს სექციიდან ხუთი კოლოფი წითელი ,,მარლბორო“ ავიღე, მოლარეს გასატარებლად მივუტანე და ამ დროს ადგილზე გავშრი, გავშეშდი. - ექსპერიმენტს ატარებ სასიკვდილო დოზების დასადგენად? - ასე მკითხა ვიღაცამ ჩემს უკნიდან. რომ მივიხედე, ის იყო, გესმით? ის ! მაგრამ მე შემეშინდა და ხმა არ ამოვიღე. დაველოდე, როდის გაატარებდა ყველა კოლოფ სიგარეტს მოლარე. რომ გაატარა, ფული დავუდე, სიგარეტები ხელში დავიჭირე და ღია კარში გავიქეცი, მერე კიბეებზე დავგორდი და წარბი გავიტეხე, მაგრამ ის მოვიდა, წამომაყენა, სისხლი მომწმინდა, დაცვენილი კოლოფები მომაწოდა და ხმის ამოუღებლად გამომყვა სახლამდე, ხოლო მერე შინაც შემომყვა. - მორჩა, - თქვა საკმაოხნიანი დუმილის შემდეგ, - დღეიდან აქ ვცხოვრობ. მე ვეშჩინა მქვია, და სასიამოვნოა შენი გაცნობა, თეიმურაზ იობაშვილო. - ეს თქვა და ჩემს საწოლზე წამოწვა ისე, რომ ფეხსაცმელებიც კი არ გაუხდია, მერე გადაბრუნდა და ორ წუთში საამური ხვრინვა ამოუშვა. მე რა მექნა - ავდექი და დივანზე დავიძინე. *** მახსოვს, არაფრის მთქმელი და სასიკვდილე დღე გათენდა ისევ. ცა არც ერთი ფერის არ ყოფილა, არამედ - ისეთი, გეგონებოდათ, ახლა გაიხსნება, ანგელოზები ჩამოვლენ, მიწიდან დემონები ამოვლენ და ბრძოლა გაჩაღდებაო. ყინავდა გარეთაც და სახლშიც, ჩემთან, მაგრამ მე და ვეშჩინა მაინც შიშვლები ვიწექით ჩემს საწოლში, უთეთრეულო ლეიბზე - მე გულ-მუცელი მქონდა ქვევით, მას - ზევით, და ორსახოვანი ადამიანის სიმბოლოს ვქმნიდით. მერე გადმობრუნდა, მკერდით ძლიერად დამაწვა ზურგზე და კბენა დამიწყო. მსიამოვნებდა, რაღა თქმა უნდა, თან ხანდახან ენით ტუჩებს დაისველებდა ხოლმე, და ამ სველი ტუჩებით მიკოცნიდა კისერს. ვეღარ მოვითმინე, გადმოვბრუნდი, თმებში ხელი ჩავავლე, ოდნავ წამოვიწიე, ჩემკენ გამოვქაჩე და ტუჩებში ისე ძლიერად ვაკოცე, ლამის ორივეს კბილები ჩაგველეწა. მერე შემაჯდა და ისე იქანავა კარგა ხანი, თითქოს საუკეთესო არაბულ ცხენს აჭენებდა რომელიმე პრინცის პროვინციაში. ასე იყო ვეშჩინა ერთხანს, მერე კი უცებ გამოიღო თავისი საშოდან ჩემი ფალოსი, ზურგზე გამშოტა და, მეტად მოულოდნელად, სახეზე დამაჯდა. მისი ვაგინა ჩემს ტუჩებზე მოექცა, მაგრამ ბოქვენმა ცხვირიც დამიღშო - ვეღარ ვსუნთქავდი და, შესაბამისად, გავიფიქრე, ნეტავ მომკლას-მეთქი. უჰაერობისგან ვაქნევდი და თვალებივით ვაცეცებდი ჩემს ფერწასულ ტუჩებს, ეს კი ვეშჩინას ათასჯერ ძლიერ სიამოვნებდა. გამომეტყველება ამაო და ხორციელი ნეტარებისგან ეღრიცებოდა, უფრო მაწვებოდა სახეზე, კნაოდა გაზაფხულის კატასავით, კვნესოდა სიამოვნებისგან ოფლდასხმული, მე კი ვეღარ ვსუნთქავდი უკვე, და ვხვდებოდი, ჩემი თავისთვის რომ დამეხედა ზევიდან, გალურჯებული ვიქნებოდი. გონს ვკარგავდი, თვალები მემალებოდა, უკვე უნდა მოვმკვდარიყავი, როცა სახეზე თბილი სითხე შემესხა, ვეშჩინა კი უკან გადავარდა, ფეხებზე დამეცა ზურგით, ხერხემალთან ჩემი სოკოიანი ფრჩხილი შეერჭო, მაგრამ არ უგრძვნია. გამალებით სუნთქვის გამო მისი მეტად აჩქარებული გული მთვარისებრი მკერდის გახევას ლამობდა, მე კი ვხვდებოდი, ისევ გადავრჩი. არასოდეს მითქვია ვეშჩინასთვის, მიყვარხარ-მეთქი, რადგან, სიმართლე ითქვას, მეშინოდა. ყოველთვის ვნებიანი იყო - ვერასდროს ძღებოდა ჩემთან რბილ და მაგარ ლოგინში კოტრიალით - მაგრამ არასდროს შემიმჩნევია მის თვალებში ან სირბილე, ან სიყვარული, ან სიბრალული. საერთოდ, ქალსა და მამაკაცს შორის ჩამოგდებული ყოველი შიში დროის მოტანილი უბედურებაა - ადრე ვერც ერთი ქალი ვერ გაბედავდა, მამაკაცს მეგობრულ სიყვარულში გამოტყდომოდა, და ვერც ერთი კაცი ვერ დაიმცირებდა თავს იმ დონემდე, რომ შეშინებოდა მიჯნურობისა; შიში ადამიანში ცოდვასთან ერთად შემოდის და, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი კაცი და ქალი იმაზე მეტად ცოდვილია, ვიდრე - ოდესმე; ადამიანის ბუნება თავისითვე მიისწრაფვის გრძნობადიდან სულიერისაკენ იმის მსგავსად, ზოგჯერ თევზი რომ ამოყვინთავს წყლიდან და ზეცას მიელტვის, მაგრამ, როგორ ადვილად და სწრაფადაც ვარდება თევზი წყალში, ასე სწრაფადვე ეფლობა ადამიანი გრძნობადი სამყაროს ტალახში; ადამიანის სულმა საზრდო უნდა იპოვოს ღმერთში, ხოლო მისი სხეული უნდა დაექვემდებაროს სულს, მაგრამ, კარგავს რა ღმერთს ადამიანი, მისი სული იწყებს საზრდოობას თავისივე ფიზიკური სხეულით, საიდანაც წარმოსდგებიან ვნებები, ხოლო სხეული, რომელიც იძულებულია, უმოძრაო და მკვდარ მატერიაში ეძიოს საზრდო, შედეგად მხოლოდ გარდაუვალი სიკვდილის შიშს პოულობს, და ირღვევა ადამიანური სრულყოფა, რომელიც სინამდვილეში არსებობს, მაგრამ მნიშვნელობით დაბლაა დასული დროის მონაბერი ქარის დამსახურებით; ქარი ზოგჯერ წარსულიდან მომავალში ქრის, ზოგჯერ კი - მომავლიდან წარსულში, რადგან დედამიწაზე აწმყო არ არსებობს: ის, რასაც ჩვენ აწმყოს ვეძახით, წამში იქცევა წარსულად, ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვართ გაჭედილები, მარადისობაში კი სულ აწმყოა. როგორ მინდოდა მარადისობა!.. - ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების,* - ვუთხარი ერთხელ ვეშჩინას, როცა მკითხა, ახლა რა გინდაო. - გაჩუმდი, - სახე შეჭმუხნა, - არ მიყვარს პოეზია. - მოდი, ვეშჩინა, მაშინ ახლა რახმანინოვს ჩავრთავ... - ა! - გამაჩერა იქამდე, სანამ ავდგებოდი, - მუსიკა მითუმეტეს არ მიყვარს. - გიყვარს რამე? - ვკითხე მის შუშის თვალებში მომზირალმა. - ხორცი, - ასე მიპასუხა. - ქათმის, ღორის თუ საქონლის? გინდა, შაურმას ამოვიტან? - დავეკითხე იმ იმედით, რომ რაიმე სურვილს მაინც გამოიჩენდა. იმ მომენტში რომ გავიხსენე, მივხვდი, ჩემს თვალწინ ჯერ არაფერი ეჭამა ვეშჩინას. გავიფიქრე, ალბათ, ღამე დგება ლოგინიდან და ცოტას ჭამს-მეთქი რამეს. - არა, თეიმურაზ, - თანაგრძნობითა და, ამავდროულად, დამამცირებელი ღიმილით შემომხედა, - ჩემი ხორცი მიყვარს, - თქვა და თითი მოიჭამა. მე ვხედავდი, როგორ მოთქრიალებდა სისხლი მისი საჩვენებელი თითიდან, და მიკვირდა, ამ პატარა ხორცის ნაგლეჯში რამდენი სისხლი შეიძლებოდა ყოფილიყო; შიშველ სხეულზე ეხეთქებოდა ბლანტი სითხის მომცრო წვეთები, მთვარისებრ მკერდს უნამავდა პლაზმისა და უჯრედების თხევადი ერთობლიობა, მაგრამ მის სახეზე არ ჩანდა არც სევდა, არც ტკივილი და არც გაგიჟება. მერე სისხლდენა უცებ შეჩერდა, ვეშჩინამ კი თვალებში შემომხედა და მითხრა: - ბოდიში, არ უნდა მექნა. - არა, მთავარია, ცუდად არ ხარ, ხომ? - ჩავეკითხე გაშტერებული. - არა, ცუდად არ ვარ, მაგრამ მაინც არ უნდა მექნა. - მაშ, არაუშავს: რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების*, ჩემო ვეშჩინა, - მივედი, რომ თავზე ხელი დამედო, მაგრამ უხეშად მომიშორა. - გაჩერდი-მეთქი, აკი გითხარი ერთხელ უკვე, - თავზარდამცემი გამომეტყველება ჰქონდა, ამიტომ უკან დავიხიე, - ნუ ციტირებ რაღაც სისულელეებს, თან - ძველი ქართულით ისე, თითქოს ვიღაცა ულვაშიანი კონსერვატორი იყო. გეუბნები, არ უნდა მექნა, და მორჩა. და საერთოდ, რა კავშირშია ღმერთი ჩვენთან. - ხომ მიყურებ - ულვაშებიც მაქვს და კონსერვატორიც ვარ, პოეზიაც მიყვარს და მუსიკაც, - ვუთხარი ოდნავ განაწყენებულმა, - და ღმერთი ყველაფერშია. - არ გვჭირდება, თეიმურაზ, - ისევ ვნების ცეცხლი აინთო მის თვალებში, - მოდი ჩემთან, - და ბიუსჰალტერის შეხსნა დაიწყო, მაგრამ შევაჩერე. - არა, არ მინდა. უნდა ისწავლო თავის შეკავება, ვეშჩინა, არ იქნება ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ისე, როგორც შენ გენდომება. ეწყინა, გაბრაზდა, ტანსაცმელი ჩაიცვა და სახლიდან წავიდა. მისი წასვლის შემდეგ ყურებში სულ უცნაური, შემზარავი ხმები მესმოდა, თითქოს ცეცხლში იწვებოდა ვიღაც და მისი პირიდან ღრიალი ამოდიოდა. *** ორი კვირა სრულ უმოქმედობაში გავატარე - თან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვეშჩინამაც მიმატოვა, გამოდის, მართლა არაფერი გამიკეთებია მთელი ის დრო - მაგრამ ფიქრებს შევაკვდი; ყველაზე მეტად ის ფაქტი მჭამდა შიგნიდან, რომ, ზოგადად, ყველა საკითხზე მჩვევია ხოლმე ფიქრი - ანუ, როცა ფიქრს ვიწყებ, ყველაფერზე ვფიქრობ ხოლმე - მაგრამ მაშინ ჩემი გონების ქარიშხალი მხოლოდ ერთი მიმართულებით ჰქროდა: ვეშჩინა. როგორც ღრუბლები ვერ შეერთდებიან ქარის ბერვის გარეშე, ისე ვერ იშვება ბოროტება ფიქრის ქროლვის გარეშე; თავად ადამიანიც კი არის არა ის, რასაც ლაპარაკობს, არამედ ის, რასაც არ ლაპარაკობს - ანუ, შესაბამისად, რასაც ფიქრობს. მე ვეშჩინა ვარ-მეთქი, გავიფიქრე კიდეც ასე, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, სულ მასზე ვფიქრობდი, სად არის, სად დაიკარგა, ნეტავ ახლა რას აკეთებს, მარტოა თუ ვინმესთან ერთად-მეთქი. ერთ-ერთი ასეთი ფიქრის დროს უნებურად წამოვიწიე ლოგინიდან, ასე უნებურადვე შევიმოსე და გავედი ქუჩაში, რომ არაყი მეყიდა და გათიშვამდე დამელია. ,,განთიადში“ - იქ, სადაც პირველად შევხვდი ვეშჩინას - შევედი, ,,Medoff” ვიყიდე ერთი შვიდას ორმოცდაათ მილილიტრიანი შუშის ბოთლი, და წავედი სახეტიალოდ, თან ნელ-ნელა ბოთლიდან ვწრუპავდი. ვგრძნობდი, როგორ იკავებდა ნელა, შეპარვითა და შეფარვით ჩემს გონებაში კარგის ადგილს ცუდი, ნათელის ადგილს - ბნელი, სიკეთის ადგილს - ბოროტება, და მეშინოდა, მაგრამ სიარული არ შემიწყვეტია. გავცდი პატარა სკვერს, რომლის ცენტრიდანაც ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი მიმზერდა ჩემნაირი ულვაშითა და ბაკებით, მერე მივედი გაურკვეველ მონუმენტამდე, რომელიც იქამდე დგას, სანამ ხიდზე გადახვალ, შემდეგ კი თავად ხიდსაც მივადექი. ისევ გამიკრთა თავში ფიქრები, ხომ არ გადავხტე და საბოლოოდ დავასრულო-მეთქი ყველაფერი; დიდი ხანი ვორჭოფობდი და, რაც მეტს ვსვამდი, მით უფრო მინდოდა მტკვარში თავით გადაშვება. მოაჯირთან მივედი, დავეყრდენი, მტკვარს დავხედე და ვუთხარი, მართლაც როგორი უტყვი ხარ-მეთქი, და მერე მივხვდი, რომ მეც ასეთივე ვიყავი. წამში მომენატრა დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძა - ადამიანები, რომლებმაც ნაადრევად დამტოვეს და დამაობლეს - და მეორე წამს ვეშჩინაც კი მომენატრა; გავიფიქრე, რა ჩემი ბრალია, თუ ასეთი გოგო შემიყვარდა-მეთქი. მტკვრის იქით იყო დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც, ბიძაც, და უფრო მძაფრად მომინდა გადახტომა, რადგან ვიცოდი, იქ მარტო არავინ დამტოვებდა, აქ კი ჩემივე მარტოობა არ მტოვებდა არავისთან. თუმცა რაღაცა ზეგარდმო და სასწაული ძალით მაინც ვთქვი უზარმაზარი და უმტკიცესი ,,არა“, ერთიც მოვსვი, ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე და გზა გავაგრძელე, მაგრამ, ხიდის ბოლოში რომ მივედი, კიდევ ერთი არჩევნის წინაშე დადგომამ მომიწია - პირდაპირ წავსულიყავი, გზაზე გადავსულიყავი და იქით მევლო, თუ მარჯვნივ ჩამეხვია და პარკში შევსულიყავი. საბოლოოდ, უკანასკნელი ვარიანტი ვარჩიე - შევუხვიე ჩემგან მარჯვენა მხარეს, მივადექი დიდ მწვანე გალავანს, შევედი რუსთავის პარკში და დავიწყე პირდაპირ სიარული, ბილიკზე, თან ხელში არყის ბოთლი მეჭირა და დროდადრო პატარა ყლუპებს ვსვამდი. უცებ გამახსენდა, როგორ მეუბნებოდა ხოლმე ძილის წინ დედა, ძილი ნებისა, კეთილი ანგელოზებიო; მახსოვს, ერთხელ ხუმრობით ვუთხარი, ბოროტი ანგელოზები-მეთქი, და გავიცინე, მაგრამ ღამე თვალი არ მომიხუჭავს, რადგან მელანდებოდა ჩემი საწოლის წინ მდგარი კარადის თავზე შემომჯდარი კუზიანი ქალი, რომელიც თან კმაყოფილად იღიმოდა და თან, აშკარად, დამცინოდა. არაყი მოვსვი და გავჩერდი, ორ ნაბიჯში მდგომ გრძელ სკამთან მივედი, ჩამოვჯექი და ვიფიქრე, რომ ამჟამინდელი სამყარო არის ძალზედ მდიდარი, უზადო გემოვნებით მოწყობილი, მაგრამ გაუმართავი საათი; მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს კიდევაც, მაგრამ მასში არ არის მთავარი - მარადიულობა - ამიტომ, ვინც მოინდომებს, რომ თავისი ცხოვრება ამ საათის მექანიზმის მიხედვით ააწყოს, მარადიულობას ვერ იპოვის და, შესაბამისად, უიმედობასა და ამაოებაში დალევს სულს; ადამიანი მიწაზე ზეცისთვის ცხოვრობს, დროში კი - მარადიულობისთვის, თუმცა დღევანდელობაში ყველაფერი ასმაგად რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - ადამიანები დღეს იღვაწიან დროისთვის, დრო კი მათ მარადიულობას აკარგვინებს; მაგრამ დროც, როგორი წარმავალიც არ უნდა იყოს იგი, მარადიულობიდან მოდის და მარადიულობასვე შეუერთდება ბოლოს, რადგან ორივე ერთ დიად მიზანს ემსახურება. მოკლედ, ამ ფიქრებისგან გამორკვევის შემდეგ მივხვდი, რომ ისევ სიარული მინდოდა, ამიტომ წამოვდექი სკამიდან და კიდევ ერთხელ გავუყევი ბილიკს. მივდიოდი, მაგრამ წუთის წინანდელი ფიქრები ისევ თან მდევდა - ვამბობდი გონებაში, რომ დღევანდელი დროის ადამიანის მიერ საზიდავი ჯვარი იმაზე მძიმეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ, ამავ დროს, ადამიანი, რომელიც თავის ჯვარს მწუხარებით ატარებს და არა სიხარულით, ვერ იაზრებს მის მნიშვნელობას. მივდიოდი, ვიყურებოდი აქეთ და იქით, ვხედავდი კაცებს, ვხედავდი ქალებს, შეყვარებულ წყვილებს, ბავშვებს, ცოლ-ქმარს, და მშურდა იმაზე ძლიერ, ვიდრე ოდესმე შემშურებია ვინმესი სადმე; შური უდიდესი მწუხარებაა, და შურიან ადამიანს იმდენი სატანჯველი აქვს, რამდენიც სხვებს - სიამე და სრულყოფილება; შურია დაავადება და საწყისი მარადიული მწუხარებისა და განუწყვეტელი ტანჯვისა; შურიანს მიწაზევე შეუძლია, იგრძნოს და მიხვდეს, რა არის ჯოჯოხეთური ტანჯვა. ამინდი იმ დღეს იყო ცხოვრების მსგავსად გაუგებარი, მაგრამ მკაფიო, და მივაბიჯებდი რუსთავის პარკში ისევე მარტო, როგორც - ცხოვრების ბილიკზე. და უცებ ის დავინახე... არა, მართლა ის იყო - ვეშჩინა - მოკლე ოქროსფერი კაბა ჩაეცვა, სრულყოფილ ტერფებს წითელი კედები უფარავდა, მაგრამ მოტიტვლებული კოჭები მაინც თვალშისაცემი იყო ისე, როგორც - მტკნარი წყლის ზედაპირზე მცურავი ნიანგის მოცეკვავე თვალები, მსხვერპლს რომ ეძებს; თეთრი მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, და მკერდზე მშვიდობის სიმბოლო ამოექარგა შავი ძაფით. ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ, უკვე მეორე შეხედვით, აღარ - მის გვერდით მჯდომი მოწიფულობის ასაკში ახალი გადასული, გრძელწვერა მამრი დავინახე, რომელიც ვეშჩინას თმაში თავის ბანჯგვლიან ხელებს უცურებდა. განვრისხდი და გავცეცხლდი - მინდოდა, ჯიბეში დანა მდებოდა, მივსულიყავი მათთან, იმ ბიჭისთვის სათითაოდ დამეჭრა თითები, მერე კი ყელიც გამომეჭრა და ვეშჩინაც თან მიმეყოლებინა. მერე გულში ჩავხედე ვეშჩინას შორიდან და, სიყვარული რომ ვერ დავუნახე, უფრო მეტად მომინდა, მის სისხლში მებანავა, მაგრამ მერე, ზუსტად იგივე მიზეზით, შემეცოდა და, რომ არაფერი მევნო მისთვის, არყის ბოთლი თავზე გადავირტყი და ძირს უგონოდ დავეცი, თუმცა, სანამ ასი პროცენტით გამეთიშებოდა ტვინი, ცოცხალი პროცენტებით ვაიძულე თავი, წამოვმდგარიყავი, ბუჩქებში მივმალულიყავი და ჩუმად მეთვალთვალა მათთვის, რომ მერე იმ მამრს სახლამდე გავყოლოდი, მეორე დღეს კი მომეკლა. მოკლედ, დაიქცა არაყი, დაიყარა ნატეხები ბოთლის, მაგრამ მე ელვაზე სწრაფად შევვარდი ბუჩქებში და, ისე, რომ არავის დავუნახივარ, ვეშჩინას და მის გვერდზე მყოფი ბიჭის თვალთვალი და ყურისგდება დავიწყე. - აქვე დაგეუფლებოდი, - ეუბნებოდა ის ბიჭი ვეშჩინას, - ამდენი ხალხი რომ არ იყოს. - ხალხს რას უყურებ, - ვნებიანი თვალები მიაპყრო ვეშჩინამ, - მიდი, აქვე დამეუფლე. ბიჭმა აკოცა, მაგრამ მეტი ვერ გაბედა, ამიტომ მოეშვა და სკამზე ოდნავ გადაწვა. - ბავშვები რომ არ იყვნენ, კიდევ ჰო, - თქვა მერე, - მაგრამ მაინც ძლივს ვითმენ. ხვალ ხომ მოხვალ ჩემთან სახლში? იქ ნამდვილად არ შევიკავებ თავს, დედაჩემიც რომ მოვიდეს. - მოვალ, აბა რას ვიზამ, - უპასუხა ვეშჩინამ და წამოდგა სკამიდან, - მაგრამ ახლა უნდა წავიდე. - და მართლაც წავიდა. ბიჭმა იქამდე უყურა ცხოველური სიშმაგით, იქამდე მიაცილა მჭამელი მზერით ვეშჩინა, სანამ თვალს არ მიეფარა, ხოლო შემდეგ ისიც ადგა და წავიდა. მე, რა თქმა უნდა, ჩუმად ავედევნე უკნიდან. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რუსთაველის ქუჩის თოთხმეტ ნომერში მივიდა, კორპუსის მესამე სადარბაზოში შევიდა და პირველივე სართულზე მარჯვენა კარი შეაღო. დავიმახსოვრე. მეორე დღეს ავიღე ყველაზე მჭრელი დანა, რაც კი გამაჩნდა სახლში, ჩავიცვი იმაზე თბილად, ვიდრე ამინდს შეეფერებოდა, და გავემართე რუსთაველის ქუჩის თოთხმეტი ნომრისკენ, რომ ვეშჩინას ახალი სატრფო - თუ შეიძლება, ასე ეწოდოს მას - მომეკლა. გზაში მივხვდი, რომ მკვლელობას ერთადერთი ფესვი გააჩნია - შური, რომელიც ყველაზე ღრმადაა გაჭრილი მიწაში, და მართლაც, იმიტომ ვკლავდი მე იმ საცოდავს, რომ მშურდა მისი, რადგან ვეშჩინა იყო მასთან და არა ჩემთან. ადამიანის მდაბიოობას ყველაზე მკვეთრი ხაზი მაშინ ესმევა, როცა ქმედების ერთადერთ მხარეს გამოაჩენს ხოლმე - მას შეუძლია, მოკლას, მაგრამ სიცოცხლეს უკან ვერ დააბრუნებს. მოკლედ, გავიარე ათასჯერ მაინც უკვე გავლილი გზა, გადავედი ათასჯერ მაინც გადასულ ხიდზე, როგორღაც მივაღწიე რუსთაველის ქუჩას და მესამე სადარბაზოს ზღურბლზე შევჩერდი. კარგა ხანს ვიფიქრე, ნუთუ მართლა მინდა-მეთქი კაცის მოკვლა, მაგრამ მერე მაინც ბოროტმა ძალამ დამძლია და, შესაბამისად, სრულფასოვნად შევედი სადარბაზოში, ავიარე რამოდენიმე საფეხური კიბეზე, და აღმოვჩნდი პირველი სართულის სამ კარს შორის, რომლიდანაც მარჯვენაში - წითელში - ცხოვრობდა ის, ვისაც ჩემი ადგილი დაეკავებინა ვეშჩინას ცხოვრებაში. დანა, რომელიც ჯიბეში საიმედოდ მქონდა შენახული, ამოვიღე ხელის კანკალით, თუმცა არ გამიშლია, რადგან ვიფიქრე, ვინმე რომ შემესწროს ასე დანით ხელში მყოფს, უეჭველად ცუდს იფიქრებს და არც შეცდება-მეთქი. გაოფლიანებული და აკანკალებული ხელით ჩამოვწიე კარის სახელური იმ იმედით, რომ შიგნიდან ჩაკეტილი არ იქნებოდა და, რაც მთავარი იყო, თავადაც შინ დამხვდებოდა ის, ვისაც მე ვეძებდი. სახელური ჩაიხსნა და კარიც გაიღო, ხოლო მე, იმის მაგივრად, რომ იმედი მომცემოდა, უფრო მეტად ამიკანკალდა ხელები და მთელი სხეულიც. თითქოს უსხეულო სული ვიყავი, ისე ჰაეროვნად შევაბიჯე მის სახლში, ამასთან ერთად კი გამიმართლა კიდეც - ხალიჩა მთელ შემოსასვლელში ეგო, ის კი ხმაურს ახშობდა და ამცირებდა. დანა ფრთხილად გავშალე, მაგრამ უნებურად თითი გამეჭრა, რადგან ოფლი თვალებში ჩამივიდა და ვერ გავარჩიე იმ წამს, რას ვაკეთებდი. ფეხაკრეფით ვმოძრაობდი და, მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ ვსუნთქავდი, მაინც ყველანაირად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა ნებისმიერი ბგერის გამოცემისაგან. საბოლოოდ გადავწყვიტე, სასტუმრო ოთახში შევსულიყავი. მოჩვენებასავით დავიძარი იქითკენ, მერე კი პირის წკლაპუნის მსგავსი ხმაურიც მომესმა ზუსტად იქიდან, სადაც მე მივდიოდი. გავიფიქრე, ალბათ, ჭამს-მეთქი, მაგრამ ფაქტი გახლდათ, სახლში იყო, ეს კი მაინც მაშფოთებდა და მაფორიაქებდა შინაგანად. უკვე უნდა შევვარდნილიყავი ოთახში დანაგაშლილი, და უკვე უნდა ჩამერტყა შიგ კისერში მისთვის დანა, როცა გადავწყვიტე, ჯერ მაინც ფრთხილად შემეხედა კარისთვის გაკეთებული ჭრილიდან. მივედი ჩარჩოს ფორმის ჭრილთან, თვალები თითქოს ისე ამოვყავი მის შესათვალიერებლად, როგორც ნიანი ყოფს ხოლმე წყლიდან, და რა დავინახე: შიშველი ვეშჩინა სასტუმრო ოთახის ცენტრში გაშლილი კუბოკრული ხალიჩის შუაში იჯდა, გვერდზე თავისი სატრფოს ცხედარი ეგდო, რომელსაც ყური და რამოდენიმე თითი მოგლეჯილი ჰქონდა; ვეშჩინა მშვიდი და არაფრისმთქმელი სახითა და თვალებით მიყურებდა პირდაპირ მე, პირში კი იმ საცოდავის საჩვენებელი თითი ედო და ღეჭავდა, ხოლო კაცის გვამიდან წამოსული სისხლის ნაკადი ლამის ჩემს ფეხებამდეც აღწევდა. *** - კაცი მოკალი, და ამას გამართლება არ აქვს, - ვეუბნებოდი ვეშჩინას იმ ამბიდან ორი კვირის თავზე. - გვამი ოსტატურად გადავმალე, ვერავინ იპოვის, მაშასადამე, გამართლება არც მჭირდება, - ასე მიპასუხა. - არა, ვეშჩინა, შენ შენს საკუთარ თავთან არ გაქვს გამართლება, - დავუწყე ახსნა, - შანსი არ არის, რომ ვერაფერს გრძნობდე. რა საჭიროა სასამართლო, როცა არსებობს გონებისა და გულის ერთობა - სული - რომელიც მოსვენებას არ მოგცემს ჩადენილის გამო. ვეშჩინა, ერთადერთი, რაც ასეთ დროს ადამიანს დარჩენია, ენით გამოუთქმელი სინანულის შეგრძნება და მისი რაობის შეცნობაა, რისი გაკეთებაც ერში რთულია, გესმის? ამიტომ, მე მგონია, ერს უნდა მოშორდე. - ერს მოვშორდე? - ისეთი სახით მკითხა, მივხვდი, ვერ გაეგო. - ანუ, რას გულისხმობ? - ამაოა მთლად ცხოვრება - დრტვინვის წუთისოფელია, წადი, წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია...* - თეიმურაზ, გახსოვს, რამდენჯერ გთხოვე, ლექსებით ნუ მესაუბრები-მეთქი? - აელეწა ისევ სახე. - არა, ვეშჩინა! არა! შენ კაცი მოკალი! და გთხოვ, ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე, დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე! გესმის, ვეშჩინა? - ვუყვიროდი მწარედ მე. - გაჩუმდი! - ვერ ძლებდა, თითქოს დემონური ძალით შეპყრობილ ქალს ლოცვებს უკითხავდნენო, ისე. - მაშ, შორს მტვერი! - დავუღრიალე, - შორს, შორს მიწა - ის ცის უარმყოფელია! წადი, წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია! - ამის თქმა იყო და, ცხადად დავინახე, ყურებიდან სისხლი წასკდა თქრიალით. მე ვიცოდი ზუსტად, ეს არ იყო მაღალი არტერიული წნევის ბრალი, არამედ ეს იყო მისი ბნელი სულიერი იმუნიტეტის უკურეაქცია მისივ სულში შეჭრილ უცხო სხეულზე, რომელიც იბრძოდა მის შესაცვლელად, ხოლო ვეშჩინას სულიერი ლეიკოციტები - და ყველა დანარჩენი ის უჯრედი, რომელიც იღებს მონაწილეობას დამცველობით პროცესებში - ებრძოდნენ ამ უცხო სხეულს. მე, საცოდავი, დაცემული და შიგნით გაპარტახებული კაცი - თეიმურაზ იაკობის ძე იობაშვილი - ვედექი დასისხლიანებულ ვეშჩინას თავზე, და განა ჩერდებოდა ჩემი საოხრე პირი, არამედ ყვებოდა ლექსებს, ნაწყვეტებს პოემებიდან, ჰიმნოგრაფიებს, მღეროდა ხან ,,ჩაკრულოს“, ხანაც ,,შენ ხარ ვენახს“ - ამან მთლად გადარია ვეშჩინა - ხანაც კი, საერთოდ, ახალ რამეს მოვიგონებდი და იმას, ერთხელ კი შილერის მეცხრე სიმფონიაში გამოყენებული ლექსიც კი მოვუყევი და, მეტიც, წავუკითხე კიდეც - Freude, schöner Götterfunken Tochter aus Elysium, Wir betreten feuertrunken, Himmlische, dein Heiligtum! Deine Zauber binden wieder was die Mode streng geteilt; Alle Menschen werden Brüder, wo dein sanfter Flügel weilt*-მეთქი - და, რა თქმა უნდა, გადაირია, როგორ თუ ძმები არიანო, გაიფიქრა, ზუსტად ვიცი, მაგრამ ვერ თქვა. Domine Jesu Christe როგორც კი ვახსენე, წამსვე ფეხებში ჩამივარდა და სისხლიანი ცრემლებით შემევედრა, გთხოვ, გაჩერდი, ნუღა გააგრძელებო, მაგრამ, rex gloriae-მეთქი, რომ დავამატე და, შესაბამისად, გაგრძელება გადავწყვიტე ნათლად, ვეშჩინამ ბარძაყში ისეთ სიღრმემდე ჩამასო კბილები, რომ, ძალაუნებურად, თავი ვეღარ შევიმაგრე და ძირს დავეცი, სისხლის გუბეში ჩავვარდი და სხეული მოვითხვარე. ხომ გაგაჩუმეო, ნიშნისმოგებით მითხრა ვეშჩინამ, თან სახეზე არნახული ტანჯვა ეწერა და გამოხატვოდა, და აშკარა იყო, ეტირებოდა კიდეც, მაგრამ ამას როგორ იზამდა - მას ხომ ჯერ ერთხელაც კი არ ეტირა ჩემ ან, ეჭვი მქონდა, ზოგადად, ადამიანების თანდასწრებით. ამიტომ, მწარედ შემომარტყა სახეში, ხოლო შემდეგ, მე ისევ რომ მუსიკას მივუბრუნდი, ელვის სისწრაფით გაჩნდა თავისი პირვანდელი ადგილსამყოფელიდან ჩემს სხეულთან, თავისი გრძელი და ქვასავით მაგარი ფრჩხილები სამართებლივით ჩამომისვა სახეზე და საკუთარ სისხლში მომთხვარა. სიმწრისგან თვალები ცრემლით ამევსო - მინდოდა, დალურჯებამდე მეცემა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომეკლა, რადგან უცებ ყველაფერი ამომიტრიალდა თავში, როგორც ქვიშის საათს ამოატრიალებენ ხოლმე ერთ მხარეს ქვიშის გალევის შემდეგ, და უცებ შემზიზღდა ვეშჩინა, რადგან მისი რეალური სახე დავინახე, თუმცა მერე, მეორე წამს, როცა საკუთარ თავს დავუბრუნდი, აღარ მეზიზღებოდა, არამედ ისე მეცოდებოდა, როგორც არასდროს არავინ შემცოდებია. ვეშჩინამ თხელი პერანგი იოლად შემომახია, მერე შუმახერის ,,ფერარივით“ სწრაფად და თავბრუდამხვევად დაიწყო სირბილი მთელ ოთახში, და უცებ - ისე, რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი - ჩემ უკან გაჩნდა, ხელები შემოხეული პერანგით შემიბოჭა, შემდეგ შარვლის უბეზე დამაჯდა, ჩემი მოშიშვლებული მკერდისკენ დაიხარა, პირი ფართოდ გააღო და ძუძუსთავზე მიკბინა. ასეთი სიძლიერის ტკივილი იქამდე არ მეგრძნო ცხოვრებაში და, ალბათ, ზუსტად ამ ტკივილმა შემმატა ძალა და მომცა საკმარისი იმისთვის, რომ ჩემს მაჯებზე დადებული პერანგის ბორკილისგან თავი დამეხსნა, და მეც ასე ვქენი, ხოლო შემდეგ კი ჩემი დასუსტებული, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი მარჯვენა მოვუქნიე ვეშჩინას სახეში და მთელი ძალით გავარტყი. ჭახანის ხმა გაისმა და, როცა კუთხეში მიგდებულს დავხედე, აღმოვაჩინე, რომ ყვრიმალი გასტეხვოდა და ორი კბილი გადმოეფურთხა კიდეც უკვე, თუმცა აშკარად იგრძნობოდა მის გახშირებულ და გაშმაგებულ სუნთქვაში, რომ ათასჯერ მეტი შემართებითა და ასჯერ უფრო ძლიერი ენთუზიაზმით აპირებდა შებრძოლებას, მაგრამ მე არ დავაცადე - კიდევ უფრო ძლიერად დავარტყი სახეში, მერე იმ კაპრონის თოკით, რომლითაც ერთ დროს თავის ჩამოხრჩობას ვაპირებდი, შევუკარი ხელები და ვუთხარი, ახლა ისევ ლექსებს მოგიყვები, მაგრამ, თუ ხელს შემიშლი და არ მოისმენ, ყურებს დაგაჭრი-მეთქი. დავიწყე შექსპირის სამოცდამეექვსე სონეტი - ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა-მეთქი, ამის თქმა მოვასწარი, რომ ვეშჩინამ ისევ ყვირილი მორთო, თან აქეთ-იქით აწყდებოდა, ჰოდა ავიღე ის დანა, რომლითაც ვეშჩინას მსხვერპლის სიკვდილი მქონდა დაგეგმილი, და მას ყური მოვაჭერი მარცხენა. მთელი ხმით დაიკივლა თუ დაიღრიალა, და იოგები მაინც მწყობრში ჰქონდა. სისხლი მოთქრიალებდა და მოჰქროდა მისი ყურიდან, ეჯახებოდა და ეხეთქებოდა ჩემი სახლის თეთრ კედლებს ისე, როგორც მყვირალა, აგრესიული, ქართული და ველური არაგვი ეხეთქება ხოლმე კალაპოტის აღმართულ კედლებს დასანგრევად, თუნდაც, ფასანაურში, ორ დახრილ, ტყიან მთას შუა. ღრიალებდა ვეშჩინა, და ყველანაირად ცდილობდა, თავი დაეხსნა კაპრონის თოკისგან, მაგრამ, ამის ნაცვლად, იმის გამო, რომ ხელებს გაუჩერებლად აქანავებდა დიდი ძალით, კაპრონმა ხორცი გაუჭრა, როგორც შემდეგ ვნახე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ვენები ყველაზე ახლოა კანთან, შესაბამისად, მისი თან ცასავით ლურჯი, თან ჭაობივით მწვანე სისხლძარღვები დასკდა, გადაიხსნა შუაზე პირველად გახლეჩილი ატომივით, დაწყდა მძიმედ, კონტრაბასის სიმებივით, და ვეშჩინას უკნიდან სისხლი გამოიპარა როგორც მდინარის წყლის პატარა ნაკადი, რომელმაც სულ ვიწრო თხრილი გაიყვანა მიწაში და ახლა იქ მიჩქეფს, მარტო, თავისუფალი. მისი სიცოცხლე კრთოდა და ბჭუტავდა, როგორც სანთელი - ქარში, და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა, ჩამქრალიყო სამარადჟამოდ. ვეშჩინას სუნთქვა შეეკრა, თუმცა მაინც იბრძოდა - ცდილობდა, ჰაერის დიდი ნაკადი გადაეყლაპა ერთდროულად, მაგრამ მხოლოდ იმ თევზს ჰგავდა, რომელიც ნაპირზე ამოიყვანეს და პირს უაზროდ, თუმცა იმედიანად აღებს, რაღაცას ელის. უცებ ვეშჩინამ უზარმაზარი პირი გახსნა - გალაქტიკის ცენტში მყოფი შავი ხვრელის ხელა ლამის - და წამით თითქოს გადაყლაპვა დამიპირა. გამოაჩინა ვამპირივით ბასრი კბილები და... და. მოკვდა. *** თითქოს ათასეული წლები გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მაინც ცხადად მახსოვს, რა იყო და როგორ. რაც კი სკამები მქონდა სახლში ხის, ყველა დავამტვრიე და, ვითომდა მეტალი ყოფილიყოს, ისე თითქოს შევადუღე ერთმანეთზე, მევე გამოვთალე ხის კუბო ვეშჩინასთვის, მაგრამ მისი მოჭრილი ყურისთვის ცალკე ყუთი ავიღე, რომელიც ჯერ მარილით გავავსე ნახევრამდე, ხოლო შემდეგ ის ყურიც დავდე, მერე კი ისევ დავაყარე ზედ ძალიან ცოტა NaCl. მე გადავიდე მხარზე ჩემი მიცვალებულის ხის კუბო, ერთ ხელში კი ჯვარი მეჭირა, რომელიც სპეციალურად ვეშჩინასთვის იყო. ჩავედი მეგობრობის დაღმართზე, გადავედი გზაზე, ჩავუყევი იუსტიციის სახლის დაღმართსაც, დავადექი მეთერთმეტე მიკრო-რაიონის გზას, მერე, როცა შუქნიშანთან მივედი და ჩემ მარცხნივ რაგბის სტადიონი გამოჩნდა, მარჯვნივ შევუხვიე, ხიდზე გადავედი და ავედი გორებზე - სასაფლაოზე, გადაჭედილი იყო მართლაც იქაურობა მიცვალებულებით. გავიფიქრე, ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა სიკვდილი რუსთავში, მალე მთელი რუსთავი გარდაცვლილთა ქალაქი გახდება-მეთქი, და ასეც იყო, განა, არა? რა ჩავიდინე, ვხვდებოდი, და ჩემ ირგვლივ - როგორც ერთ დროს კაენს დაემართა - იძვროდნენ გზები, მთები, და სულ დავკარგე მოსვენება, თუმცა ვიცოდი, უკვე შორს არ იყო დრო ჩემი დაღუპვისა. მე ბოროტებას ბოროტებით ვუპასუხე, და ვინ ვიყავი სხვა, თუ არა - ახალი საუკუნის დამღუპველი სენის თვალსაჩინო და დაუფარავი წარმომადგენელი? მოკლედ, ავედი ერთ გორაზე, ვნახე რბილი მიწა, თავისუფალი, და დავიწყე ხელებით თხრა. ორ საათში გავთხარე ორი მეტრი, დაახლოებით, ჩავაწვინე ვეშჩინას კუბო ისე, რომ დავძლიე საშინელი სურვილი მისი გახსნის და ვეშჩინას ნახვის, მიწა მივაყარე, ჯვარი მის თავზე დავარჭვე, მაგრამ არ გაჩერდა - ხან ერთ მხარეს გადავარდა, ხანაც მეორე მხარეს - და გადავწყვიტე, უბრალოდ დამედო მიწაზე, თუმცა, დავდე თუ არა, ძლიერმა ქარმა წამოუბერა და ჯვარი სამი საფლავით აღმოსავლეთით გადაისროლა. მივანებე თავი, რადგან ისედაც ყველაფერი გასაგები იყო. გამოვიტირე ვეშჩინა, გამოვიტირე იქვე ჩემი დაცემული, დაჩანაგებული, გაპარტახებული და მიწასთან გასწორებული სულიც, ხოლო შემდეგ, როცა უკვე წასვლა გადაწყვეტილი მქონდა. ამოვიღე პატარა კოლოფი, რომელშიაც ვეშჩინას მოჭრილი ყური იდო, დავდე მის საფლავზე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და გამოვბრუნდი. გზაში ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ; ფიქრისას ყოველთვის ავდივარ იმ დონემდე, რა დონესაც სხვა ვერავინ მიაღწევს, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა ძლევამოსილი ფიქრების შეჯამებით რაღაცა უმნიშვნელოვანეს დასკვნაზე უნდა გავიდე, ხიდი ტყდება და ჰაერში ვრჩები მარტო; მე რომ იმას მივწვდე, რისი მიწვდენაც დასახული მქონდა მიზნად, უსათუოდ დავიღუპები. ერთი კვირის თავზე ვეშჩინას დაკრძალვიდან, როდესაც ძლიერი ქარი - თითქმის გრიგალი - დაუბერავს რუსთავის ახალ სასაფლაოზე, რომელიც ახალი დიდი ხანია, აღარაა, ჩემ მიერ დადებულ მუყაოს კოლოფს თავი გადაეხდება, და გამოჩნდება, რომ არანაირი ყური იქ არ დევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი