Lacerta Lupus


ხის სახლი აქვს და ხის კიბეებზე ჩამოდის, ვთქვათ, დოკაძე, ანდაც დოკვაძე, უფრო მკაფიო ჟღერადობის გამო. კიბატონო, იყოს დოკვაძე - გეთანხმებით, უკეთ ჟღერს. ამ ხის კიბეებზე უცურდება ფეხი და პირდაპირ სახით - მეტიც, პირდაპირ ცხვირ-პირით - ეცემა ხისავე იატაკზე. გაბრუებული წამოდგება და მაგიდასთან ჯდება. სარკე მხოლოდ აბაზანაში აქვს, თუმცა იქ გასვლა ეზარება. მაგიდაზე თეთრი ხელსახოცი დევს. იმას იღებს და მთელ სახეზე ისვამს, მერე კი დახედავს და, რახან სუფთა აღმოჩნდება, ასკვნის, სისხლი არ წამომსვლიაო.
  გრძნობს, რომ საღამო ახლოვდება, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ამბობს. დოკვაძე, არა? ასე შევთანხმდით? კარგით. დოკვაძე ზუსტად ვერაფერს ამბობს. ღამღამობით, როცა გრძნობს, რომ ნამეტანი გვიანია, ძილი არ უნდა. ადამიანს იმდენი დრო არა აქვს, რომ იძინოს კიდეც. ახლა იქნება გვიანი? არა ჰგონია. სახურავზე კენჭების დაცემის ხმა ისმის, და დოკვაძე ხვდება, რომ წვიმა დაიწყო. იქ, სადაც ის არის, ხშირად წვიმს. სად არის? ვთქვათ, რაჭაში - რატომაც არა? საათზე იხედება, რომ გაიგოს, რა დროა. ექვსს ორი წუთი უკლია. არ მოსწონს. ელოდება, ექვსი როდის გახდება. დგება და ფანჯარასთან მიდის. მსუბუქ ნისლს დაუნთქავს მთელი ხეობა. აღარ წვიმს, მაგრამ ნისლი ნესტიანია და, თუ გარეთ გავა, მაინც სველი დაბრუნდება შინ. არ უნდა და არც სჭირდება. 
  ერთხელ, ბავშვობაში, რაღაც მოხდა, მაგრამ არ ახსოვს. ალბათ, არც ეს სჭირდება.
  ისევ წვიმას იწყებს. 
  იქნებ, უკეთესი იყოს, თუ ვიტყვი, წვიმას აგრძელებს-მეთქი?
  ფანჯრიდან მთა მოჩანს, სულ მწვანეშია დანთქმული და გარედან ობობის მკვრივი ქსელივით შემოხვევია ნისლი. 
  დოკვაძე ხანდახან ხვლიკებს პოულობს სახლში. ყველასთან ცდილობს კონტაქტში შესვლას, მაგრამ ისინი გაურბიან. 
  მთაზე მიაბიჯებს. რამდენჯერმე დაუცდა ფეხი, თუმცა წაქცევით მხოლოდ ერთხელ წაიქცა. კისერი გაუოფლიანდა და მჟავე სუნი აუშვა. არავინ იცის - მარტო თქვენ გიმხელთ ახლა - რომ ეს მთა, რომლის დაპყრობასაც აპირებს დოკვაძე, ჯომოლუნგმაზე უფრო მაღალია. სინამდვილეში, არარატის მთა მართლა ყველაზე მაღალი მთაა - ნუ, ამას თუ არ ჩავთვლით - ოღონდაც არა ზღვის დონიდან, არამედ ისე, კაცურად, ძირიდან რომ გაზომოთ. წარღვნა ტყუილია. ბევრი რამეა ტყუილი - მაგალითად, დინოზავრები, ღმერთი, სიკეთე, ბოროტება, მთები, დოკვაძე. მხოლოდ დაღლაა ნამდვილი და ამ დაღლას გრძნობს კიდეც. იცის, რომ არ უნდა გაჩერდეს, რადგან, თუ დაჯდა, ვეღარ ადგება. ექვსი საათია, გზაშია. ჩანთაში ძეხვი და პური ულაგია პოლიეთილენის პარკში გახვეული. წყალიც აქვს და მათარაში მოდუღებული წითელი ღვინოც უსხია. მიაღწია მწვერვალს, ოღონდაც ძალიან წვეტიანიც არ ყოფილა. უნდა, იქ რამე დიდებული დახვდეს, რამე ტყუილი - ვთქვათ, დინოზავრები, ღმერთი, სიკეთე, ბოროტება, მთები, დოკვაძე. არადა მხოლოდ რაღაც ტაძარი ხვდება, ქრისტიანული. კედლები დახვრეტილია და ამ ნახვრეტებში მცენარეებს გაუყვიათ თავები. შიგნით შედის და აქა-იქ ცხოველის განავალს ეჩეხება. ზევით რომ იხედება, არაფერი ჩანს ეკლესიაში გაფურჩქნული ხის ტოტების გამო. აი, ძლივს ჩნდება ღვთისმშობელი, რომელიც ისე იყურება, რომ აზრი არა აქვს. დოკვაძე მიხვდა, რომ ღვთისმშობელს აზრი არა აქვს. 
  როცა გინდა, რომ მოკვდე, არ მოკვდები. ეს აქსიომაა. 
  ზუსტად იცის, რომ ამ ტაძრის ამშენებელი ბერები დათვებმა შეჭამეს, იმის მერე კი არც ერთ ადამიანს არ დაუდგამს ფეხი აქ. არც იყო საჭირო. ბევრი რამე საჭირო არაა - მაგალითად, ტაძარი, დათვები, ბერები, ღამურები, ღვთისმშობელი, ნისლი. ნისლი ყოვლად გამოუსადეგარია. სამაგიეროდ, თუ ვინმე ავა იმ ტაძარში დოკვაძის მერე, გაიგებს, რომ აქ ადამიანი იყო, რადგან: დოკვაძე ჭამს ძეხვს და პურს, სვამს მოდუღებულ ღვინოს, მერე კი პოლიეთილენის ვარდისფერ პარკს მიწაში ნახევრად მარხავს, რომ შესამჩნევი იყოს. პოლიეთილენი ჩვენზე დიდი ხანი გაძლებს ამქვეყნად. გაძლება საჭიროა, სამაგიეროდ საჭირო არ არის: ტაძარი, დათვები, ბერები, ღამურები, ღვთისმშობელი, ნისლი. ნისლი ყოვლად გამოუსადეგარია. 
  არადა, მხოლოდ წვიმს.
  დოკვაძე საათს უყურებს. შვიდის შვიდი წუთია.
  კიდევ კარგი, ექვსი საათი მაინც აღარაა. ესე იგი, ეს საღამოც მიიწურება და საბოლოოდ დასრულდება კიდეც.
  დოკვაძე ბუხარს ანთებს, ყავას იკეთებს, მერე ბუხარს უზის და გაკეთებულ ყავას ხვრეპს. 
  ყავა გამოუსადეგარია, რადგან, როცა გინდა, რომ მოკვდე, არ მოკვდები.
  სიგარეტი საძინებელში აქვს. ეზარება, მაგრამ გადის, და ლოგინზე ხვლიკს პოულობს. ხვლიკი თითქოს არაფრით გამოირჩევა, მაგრამ აი, ის პირველია, ვინც დოკვაძესთან კონტაქტში შევიდა. მეგობრული ხვლიკი. სასაცილოა, რადგან ჩვენი თავი ხვლიკზე განვითარებული გვგონია და არ ვუშვებთ, რომ მათ მეგობრულობა ახასიათებთ. სწორია. ხვლიკები უბრალოდ სულელები არიან. თუმცა დოკვაძე მაინც მიდის, საჩვენებელ თითს უშვერს და ხვლიკიც ხელზე აცოცდება. ბუხართან ბრუნდება და ხვლიკს ათვალიერებს. ჯერ იმ დონემდე არ მისულა, რომ ქვეწარმავალს ელაპარაკოს. მერე მეორე ხელის საჩვენებელ თითს ცხვირზე მოუთათუნებს და ხვლიკს ბუხარში აგდებს. ვერ იგებს, იტანჯება თუ არა. ალბათ, ძლიერად შეაგდო და კედელთან შეჯახების მერე მოკვდა. 
  სიგარეტის გამოტანა ავიწყდება. გადის.
  შვილის ყოლა არ უნდა. მერე დოკვაძე დაბერდება, და ის შვილი, უკვე გაზრდილი, ერთ დღესაც სახლში მოაკითხავს და ისე დაელაპარაკება, როგორც ბავშვს. 
  არადა მხოლოდ წვიმს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი