სარკეები
სარკეებში მოელვარე სახეები, ნოემბერში ხატება რომ დასტყობიათ, თუ გინახავთ ამისთანა ღამეებში, სარკის ფერებს, ალმური რომ გაჰქრომიათ... ჩავიხედე, და მიმზერდა ერთი კაცი, ალბათ ასი წელიწადი გახდომია, დაამჩნია მას ცხოვრებამ თვისი კვალი, და ღიმილი კი ბაგიდან გაჰქრობია... ჩავიხედე, და მიმზერდა ანცი ბავშვი, ცხოვრებაში ფეხიც რომ არ დასცდომია, დავინახე მისი სახე მოხუც კაცში, მას ღიმილი, ჯერ ბაგიდან არ მოშლია... ჩავიხედე, და მიმზერდა უძლურება, კაცის გულში, სამუდამო იდო დაღი, შელევია ცოცხალ წუთთა ფუფუნებას, ფრიალებდა ცად წამსვლელთა ბაირაღი! ჩავიხედე და მიმზერდა ბავშვი სათნოდ... ჯერ სიცოცხლის კვალი მასში ჩქეფდა ისევ, მაგრამ სანამ მას კენჭების წვიმა ართობს, ემზადება წასაყვანად ბაირაღი... (თუმცა ბავშვი მას არაფრით არსად მისდევს!) ჩავიხედე და მიმზერდა ორივ სახე, ერთ სხეულში, ერთი სული რომ ჰქონია, ამისთანა, ამის დარი ვეღარ ვნახე, ალბათ ჟამი, ჩემი წასვლის არ ყოფილა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი