წვიმების ეროტიკა


სარკემაც თითქოს შეიყვარა შენი მიმიკა...
ლოგინში, შიშველს წაგიკითხავ ღამის ტროპარებს.
მინდა მიმიკრა, თეძოებზე უხმოდ მიმიკრა,
შენ პოეზია, სამყარო და ღმერთი მომპარე.

სარკეში უფრო იხვეწება შენი მიმიკა
და როგორც ბევრი, მოწამლული შენც ხარ გრანელით.
უნდა მივიკრა, ბოდვასავით სულზე მივიკრა
შენი სხეული ლამაზი და აუტანელი.

ვეტირებოდი ქალბატონო ცისფერ ღვინოებს,
გაოცებული მიყურებდნენ გრძნობამხდალები.
კლავიშებაყრილ დაძველებულ პიანინოებს
ემსგავსებოდნენ საუცხოო ჩემი თვალები.

მკვდარ მანდრაგორებს დაგიკრიფავ როგორც ინფანტა
რა დაგვაღონებს გადაქცეულს ანემონებად.
შენი შეხება ქალბატონო აზრს გამიფანტავს
და კაპრიზებით აივსება ჩემი გონება.

მზე, გროტესკური, არ შემოდის ამ ჩვენს ბინაში,
ჩვენი სხეულის პულსაცია აცხელებს ფრაზებს,
ერთად დავმალოთ თანაგრძნობა შენს ვაგინაში
და პოეზია სტიგმატებად დაგვაჩნდეს ტანზე.

სარკეში თითქოს თავს იწონებს შენი მიმიკა,
ვით კლავიშებზე დაცემული წვიმების პორნო.
ცა რომ შეირყეს, ისე ძლიერ უნდა მიგიკრა,
და მერე შენში ღმერთი ვიპოვნო!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2016 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

11 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

სარკემაც თითქოს შეიყვარა შენი მიმიკა...
ლოგინში, შიშველს წაგიკითხავ ღამის ტროპარებს.------ირღვევა აზრი.ან სარკემ უნდა წაგიკითხოს,ანუ წაგიკითხავს.ან უნდა გაამართლო ეს გადასვლა,ანუ შენ რა შუაში ხარ?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

შენი სხეული ლამაზი და აუტანელი.-----კარგია .მაგრამ მე დავწერდი-სიგიჟემდე აუტანელი

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ვეტირებოდი?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ემსგავსებოდნენ საუცხოო ჩემი თვალები----და რატომაა საუუცხოო?იქნებ სჯობდა საუცხოოდ?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მანდრაგორებს -ჩამოხრჩობილი კაცის სპერმაზე ამოსულ მანდრაგორებს?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

შენი შეხება ქალბატონო აზრს გამიფანტავს
და კაპრიზებით აივსება ჩემი გონება.----მგონი ლოგიკური იქნება იმას რომ დაემართოს "კაპრიზები"და არა შენ გამანდრაგორებულს

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

, არ შემოდის ამ ჩვენს ბინაში,----------და იმ ბინაში?ანუ თვალში საცემია რომ "ამ"ჩამატებულია მარცვლის დანაკლისის გამო

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

და პოეზია სტიგმატებად დაგვაჩნდეს ტანზე..კარგია ,ოღონდ მგონი აჯობებდა-დავტოვოთ ტანზე

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ცა რომ შეირყეს, ისე ძლიერ უნდა მიგიკრა,-----კარგია ,თუმცა სჯობდა-მინდა მიგიკრა

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

და მერე შენში ღმერთი ვიპოვნო!-------მე ვიტყოდი---და მერე შენში დაკარგული ღმერთი ვიპოვო

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

გმადლობთ ყურადღებისთვის

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი