რაც უკვე მკვდარია


ეს ღამე ვიცი რომ კვლავ ქარებს მომიქსევს,
რაც უკვე მკვდარია ვერ მოკლავ უფალო.
ქარის ქვეშ გადავშლი გონების კომიქსებს
და სადაც არა სწამთ იქ წავალ უბრალოდ.

ცხოვრება უფალო სინგლია საველე,
ცოდვილთა ქალაქში აქ ყველას ასლი აქვს
გიჟები ყოველთვის სიმშვიდეს ავლენენ,
აქ ნორმალურობა ყველაზე ბასრია.

მე არ ვარ პური და იცოდე  არც დანა
თქვენ ისევ ყოველთვის პური და დანა ხართ
სახელს არ ვეკუთვნი, ლირიზმით მაცდენენ,
თვალებით მოსმენა, ყურიდან დანახვა...

სჭირდება ბგერას და ჩრდილმა კი ის იცის...
წინ ვუშვებ და ვებრვძვი მას როგორც პანკრეასს.
ცრემლები შევკუმშე, არ გესმის? ისისის,
და მერე  მინდოდა ჩემს თავში გარკვევა.

ჰეი კაპიტანო! გთხოვ საჭე გამართე,
ცივი და მკვდარი ხარ ხომალდზე თვითონვე.
სიმართლე ტყუის და თუმცაღა ამართლებს
და გესლავს ჯუნგლებში გონების პითონებს.

საბანი წიხლს მკრავს და ვერასდროს დამფარავს,
ფეხს ჭიმავს, ვყვირი და ჩამთვალა საკუთრად.
გავხეთქე კოსმოსი. მატრიცა, ნამფერი,
და კუბო რომელიც სიკვდილმა აკურთხა!

ავაზაკ ღმერთების და ნაძირალათა
სიცოცხლეს გონების ფეტიშით მივაცხრი.
ტკივილებს, სახეზე ცრემლების ზარალთან
ხერხემლის ძვალით და ჟესტებით ვივარცხნი.

უფალო, არ მინდა სიმშვიდე ვამყარო,
რაც უკვე მკვდარია ვერ მოკლავ სრულიად
და სიტყვის სიკვდილში რომ ცხოვრობს სამყარო
შენც იცი ეს უკვე რის დასასრულია..

რაც უკვე მკვდარია ვერ მოკლავ უფალო!


მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი