leges legum


( კანონთა კანონები )


ვამბობ, ოდისევს; შუქი აკლდა მას...
ვინაც არა გცნო - საზღვარს ვერ ვიტან.
ახლა სხეული არის აკლდამა,
სადაც წვეთობით უფალს შევიტან.

გესმის, ოდისევს! არა ვარ მწყრალი,
მგონი შიგნიდან ისევ ვიწვი და
გადახვეწილი მიწა და წყალი
აცრემლებს სივრცეს დედამიწიდან.

" მაღლა ახედვა, უმძიმთ, აწუხებთ, "
მთელი სამყარო ცრემლის ღელეა.
მე ვამბობ: ღმერთი არის მარწუხი
და " პოეზია სისულელეა! "

ბავშურ ღიმილით სივრცეს მივათრევ,
ღამე ვარსკვლავებს ისევ იფერის.
ცისფერშიც არის ცოტა სინათლე
და ბნელშიც არის ცოტა ცისფერი.

მივალ ოდისევს იცოდე ზღვასთან
და სულს მოვისვრი სადმე კენჭივით.
საით წავიდნენ ქარები მართლა?
ფრთები გაფრენას რატო შემჩივის?

გაირღვა შავი ნისლების ყორე,
ფეხი ავუდგი კვლავაც დროებას.
მე ვებრძვი წვიმებს ჰო, როგორც ყორნებს
და ჩემში სიკვდილს ავიწროებენ.

ვამბობ, ოდისევს; შუქი აკლდა მას...
ვინაც არა გცნო - საზღვარს ვერ ვიტან.
ახლა სხეული არის აკლდამა,
სადაც წვეთობით უფალს შევიტან.

                                    მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
                                                    2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი