მე ვარ სულ ოდნავ გასაგონი


ვეძებ უწვდენი თოვლივით ნუგეშს,
თავისუფლება ნერვივით ვჭამე.
ამ ხალხს მე ღმერთო ვერაფერს ვუგებ
მეტი ტკივილი მომეცი, ამენ!

სულს არ სჭირდება ბრბო და მეჩეთი,
გახსოვდეს; შევა ხე რომ ვნებაში;
ადამიანო, ერთ წუთს შეჩერდი
და  ხსნა იპოვნე ხელოვნებაში.

მიიღებ სარკაზმს, მიიღებ დებოშს,
გადავუზილოთ გენები ქალაქს.
რა მოხდებოდა ძვირფასო დებო,
მე იქ მეცხოვრა, აზრი, რომ არ აქვს.

დარდს ინახავენ, გესმის? მინები,
ადამიანო, ნუთუ მომესმა;
აკოცე ჰაერს, შენც ისმინები,
აკოცე ჰაერს ვსუნთქავთ რომელსაც.

სხეული მოჰგავს ინტიმურ ტაძარს,
სული გაყინულ სევდას იწველის.
მაცვია დედის ნაქსოვი ძაძა
და სიყვარული დედამიწელის.

გულო, იყავი აუტანელი!
ბრბოს ნუ მოუსმენ, ბრბო შენ განელებს,
მოვალ სიკვდილით როგორც გრანელი
" და ომს ვასწავლი მარსიანელებს! "

ვარ გასაგონი ოდნავად, ამინ!
მე არ მაწუხებს აწმყო დროდ ნავალს.
ვარ ვინმეს წუთი და ვინმეს წამი
და ვისმინები მაინც ოდნავად.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი