მიქაელ


დღეს შენი სირცხვილიც დიდია
დრომ მხოლოდ ტკივილი დატენა,
სახრჩობელასავით ჰკიდია
სახლზე თითეული ანტენა

დღეებს და ღამეებს ითვლიან,
ფრთების წამიერად მოქნევებს.
შენი მაჯისცემაც რიტმია
შენი გულისცემაც მოქმედებს.

ვაი, რა ვუთხარი იმ ქალებს
ვისაც შენ ხვდებოდი ბატონო.
ნუთუ გეძნელება მიქაელ
რამე მოგონება დატოვო.

მუდამ ახალ სახეს იჩემებ
წვიმს და ფრთას იყენებ საშრობად.
ფრთები დაჟანგული მიჩვენე
დროში გარდასული ბავშვობა.

კარგავ სასიცოცხლო სიმპტომებს,
გზებმა  საფეთქლები დაცვარეს.
მიწა გულში ადგილს გიტოვებს
სიკვდილს მოსვენება აცალე.

ნეტავ თუ იცი რომ მიათრევს
ფრთები მოუსვენარ ხეტიალს.
შენ ხარ უცხო სიიშვიათე
ეს კი ყველაფერზე მეტია.

ვაი. რა ვუთხარი იმ ქალებს, 
შენ რომ უნდა შეხვდე ამაღამ.
გრძნობა გამოხატე მიქაელ
ფრთები ახმაურე ხმამაღლა.

ვაი, რა ვუთხარი იმ ქალებს
ფეხებს რომ გიშლიდნენ ბატონო.
მოდი დ ამჯერად მიქაელ
ხალხში სიყვარული დავტოვოთ.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი