მაინც არ ეყოფა ღმერთი ადამიანს


ცაში გაშლილია ჩემი ენერგია,
რადგან ყოველივე ზომის პლანეტები,
ყველა დავიკიდე ერთად სახელოზე.

ზეცა აფეთქდა და გაჩნდა ელეგია,
მერე, უმოწყალოდ, ღმერთის გამეტებით,
თვითონ დემონები შობდნენ ანგელოზებს.

ვაშლის ჩირებიდან შექმნილ ადამიანს
ისევ ჩააცმევენ წინდებს დემონები,
ისევ ქირქილებენ ნეკნში სატანები.

შენში ლილიტი და ჩემში ადამია,
რასაც სასწაული ძალით ვემონებით,
სისხლის შადრევნით და სულის ფანტანებით.

მთელი გალაკტიკა სასაფლაოსია,
ფრთები დაუჟანგდა თავად გალაკტონს.
ფრთები რაში გინდა, თუ არ გადახტიო?

მთელი გალაკტიკა დიდი ქაოსია,
კვდომა დაუჟანგდა თავად გრანელსაც და
ტკივილს ეძახოდა, ზრდა რომ განეცადა.

ყველა ამოცანა მესაფლავეშია,
ზეცა მწყურია და მე კვლავ ღამე მშია.
მე ვარ 13 წლის ბიჭი მისურელი,

რადგან მესამე ვარ ნოეს მტრედებისგან,
მაგრამ საზღვრების და სწორი ქმედებისგან
მე ვარ ავსებული მხოლოდ სისულელით.

ღმერთი მე მგმობდა და ღმერთი მე მრიყავდა,
მაგრამ ყველაფერში მაინც ლიმიტია.
სადაც რწმენა არის, რწმენას იქ არ ელი.

მოკვდა ლუციფერი, რადგან შემიყვარდა.
მთელი გალაკტიკა ჩემთვის ლილიტია,
მე კი დაჟანგული ფრთა ვარ მიქაელის.

ვისაც ყურები აქვს, მოდი, შეისმინოს;
ვისაც თვალები აქვს, მოდი, დაინახოს:
შენში ლილიტი და ჩემში ადამია.

ვისაც მიწა უნდა, გულზე შეიზილოს;
ვისაც ზეცა უნდა, ფრთები გაილახოს.
მაინც არ ეყოფა ღმერთი ადამიანს!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი