დიალოგი: მეცნიერი და პოეტი
მეცნიერი: სამყარო დაიწყო მაშინ, როცა დრო ჯერ არ არსებობდა. ნულოვან წამში დაიბადა სივრცე, ენერგია, კანონი. ყველაფერი, რასაც ახლა ხედავ, მათემატიკური აუცილებლობის შედეგია. პოეტი: თუ დრო არ არსებობდა, ვინ დათვალა ის წამი? და თუ ყველაფერი აუცილებლობაა - რატომ მტკივა ხანდახან ისე, თითქოს არჩევანი მქონდა? მეცნიერი: ტკივილიც ქიმიაა. ემოციაც რეაქციაა. ვარსკვლავიც იგივე პრინციპით იბადება, როგორც ცრემლი - წნევის გადაჭარბებით. პოეტი: ვარსკვლავი მაინც არ კითხულობს საკუთარ თავს. ადამიანი კი - კითხულობს. ეს ზედმეტია ქიმიისთვის. მეცნიერი: ზედმეტი არაფერია. ცნობიერება არის რთული სისტემის შედეგი. საკმარისი სირთულე - და ჩნდება „მე“. პოეტი: ან იქნებ „მე“ იყო მიზეზი სირთულისა. იქნებ სამყარო გაიხლიჩა, რომ ვინმეს ეთქვა: მე ვარ. მეცნიერი: შენ ანთროპოცენტრიზმს ერევი. სამყარო არ იქმნება ადამიანის გამო. პოეტი: არ ვამბობ ადამიანის გამო. ვამბობ - შემხედველის გამო. სარკეს რა აზრი აქვს, თუ არავინ ჩახედავს? მეცნიერი: სარკე მაინც არსებობს, უყურებენ თუ არა. პოეტი: არსებობს, მაგრამ არ იცის რომ არსებობს. სამყარო კი - ჩვენს თვალებში პირველად იგებს საკუთარ სახელს. მეცნიერი: შენ ამბობ, რომ სამყარო საკუთარ თავს ჩვენს ცნობიერებაში უყურებს? პოეტი: დიახ. და შენს ფორმულებში - ძვლებს ისვრის, ჩემს სიტყვებში კი - სუნთქვას. მეცნიერი: მაშინ ჩვენ მოწინააღმდეგეები არ ვყოფილვართ. პოეტი: არასდროს. შენ კარს ხსნი, მე კი ვეკითხები - რატომ უნდოდა გაღება. მეცნიერი: და პასუხი? პოეტი: იმიტომ, რომ დახურულ სამყაროში ღმერთიც კი მარტო რჩება. სიჩუმე. ორივე უყურებს ცას - ერთი ზომავს, მეორე უსმენს. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2023 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი