ბოთლის ფსკერზე


ის, ტროტუარის წავიდა ბზარზე
და გამოვიდა კვების ბლოკიდან
და დრო თუ არის საუბრობს მკვდარზე
არსებობამ რომ ხელი მოკიდა.

ის ჭაჭას დალევს ისევ ორნახადს
დაკარგა ღამე, მერე დილები.
დროს ოჯახისთვის ვერ გამონახავს;
რადგან ლოთია დანამდვილებით.

მაგიდის გვერდით მწუხარედ იჯდა,
ოჯახი იჯდა ოდესღაც სადაც.
ის მერამდენედ მივიდა ხიდთან
და თვითმკვლელობა რამდენჯერ სცადა.

ოდესღაც სცნობდა მთელი თბილისი,
დღეს თავზე ჭერიც აღარ ახურავს.
მას სიყვარული ედგა პირისპირ
და მანაც კარი ფრთხილად დახურა.

მარტოობაში დაკარგა სახე
და წყალი მისცა მენავემ ნავსა.
და როგორც კაცი ივიწყებს სახელს
და ბოლოს მერე, საკუთარ თავსაც...

მან ყველაფერი დაკარგა ისე,
არა ერთ დღეში, არამედ ნელა.
დაკარგულ ხვალეს დაეძებს ისევ;
და ჩრდილს აბრალებს დაღუპულ წყევლას!


დაუმთავრებელს ეძებს აბზაცებს,
ჯერ ყლუპი გულს წვავს, მერე კივილი.
მთელი სიცოცხლე იქვე, ბარბაცებს
და ჩრდილს მიჰყვება შერეკილივით.

ქარში გახსნილი დადის ქურთუკით
მის ჩრდილს უცქერენ მხოლოდ ბოძები
და ქვეყნად რამე უნდა გულს თუ კი
ის ბოთლის ფსკერზე მაინც მოძებნის.


მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი