ვცდილობთ ერთმანეთს
მე უკონტროლო სივრცეს გავხედნი, ხორცი ვერ იღებს უცხო მეთანებს. ჩვენი სიგიჟით და სითავხედით დიდი ხანია, ვცდილობთ ერთმანეთს. ფრთაო, ნუ სწუხარ, ჟანგი მემხრობა, ფრთაო, ჩამოდი, უკვე ძველია... ზეცა, რომელიც თავზე მემხობა, საკუთარ თავთან ყოფნა ძნელია! უცნაურობის ცაში გამიშვი, ფრთაო, არასწორ ზეცას მიუხველ. მსურს, გადავაგდო ბნელში ბალიში და მუცლის ღრუში დამკრას სიუხვემ. ფრთაო, გიყურებს ჟანგი შიშიდან, მიწაზეც, ცაზეც — ყველგან შიში დევს. ჭკნობას აჯობა ვარდმა ქვიშიდან და ბალახივით წიწკნა სიმშვიდე. საკუთარ თავში მოვკვდი იმდენჯერ, სიკვდილსაც აღარ ვეძახი სიკვდილს. და როგორ ისევ იქა ვარ — მიკვირს, ან როგორ ვითმენ! რა უცნაური მეგობარია — ჟანგი, რომელსაც ეწყინა ჟანგი. ცოტა მიწაზე და ცოტა ცაში... დავრჩები, განგებ, სადაც ქარია! ფრთებსაც ეღლებათ ძველი ნაპირი, და ჩამოვარდნას სადღაც აპირებს! თუ ცა დამეცა თავზე ოდესმე, მის ქვეშ დავწვები და ცას მოვითმენ. ჟანგო, შეცდომილ ფრთაში მატირე, რა საჭიროა მიწა, მითხარი; ფეხებს დავაგდებ, როგორც კასტილებს, და გავფრინდები ცაში ნიფხავით! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი