მალსტრემის სილურჯე


ისევ დამაბნიეს დროის წრეწირებმა
და ვქმნი სამყაროებს პროტესტად „ვიშნუს“,
მიწის ოკეანეს ხალხი ეწირება,
ხალხი ეწირება აქ ყველა ნიშნულს.

მზეა გროტესკური — სულის ეროზია,
ნერვში ჩაკეტილი სივრცე მეკეტება.
სულზე მომიჭირონ, პოეტს ნევროზიანს —
არ მსურს არქიმედეს მწველმა ბერკეტებმა.

ჩემი ნერვებია ლურჯი წრეწირები,
ხოლო ლექსთაწყობა — სულის ტრაპეცია.
სიკვდილს იდეისთვის ისე ვეწირები,
თითქოს ჩემი წასვლა უპირატესია.

თითქოს ყველა სიტყვა გახდა „იამატო“,
ვამბობ: ეს ცხოვრება მხოლოდ „ფენტეზია“.
სანამ ცოცხალი ხარ, უნდა მიამატო —
სიკვდილს მიამატო შენი პრეტენზია.

ალბათ სულის ფასიც უფრო ზომებშია,
არ მსურს ვაუძრაო სულის ელეგია.
კვლავ პერიფერიულ, სადღაც ზონებშია
თქვენი „უფალი“ და ჩემი „ენერგია“.

თითქოს პოეზია სულის ტრაპეზია,
სხეულს გადავაგდებ ალბათ მეხუთედან.
ახლა ჩემი სული უცხო ნაპირზეა —
სული მეხუთება! სული მეხუთება!

ჩემი ნერვებია ლურჯი წრეწირები,
„მალსტრემის სილურჯე“ კვლავ მანამიანებს.
დროის პროპორციას ვარღვევ, ვეწირები —
ცრუ მოვლენები კლავს ადამიანებს.

ალბათ სულის ფასიც უფრო ზომებშია,
არ მსურს ვაუძრაო სულის ელეგია.
კვლავ პერიფერიულ, სადღაც ზონებშია
თქვენი „უფალი“ და ჩემი „ენერგია“.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი