უღმერთო გალობა!


ქარი ბანერს ახლა მოხევს,
ქარი არხევს ავტომობილს.
წავიკითხავ, ალბათ, ბორხესს —
უსასრულო მარტოობით.

მე წითელი წინდა მეცვა,
წვიმა გზა-კვალს გადააშრობს,
ჩემი ჩრდილი წინ გამექცა,
მზე კი უკან დამრჩა მარტო.

და ქალაქი წვიმას ელის,
ვით მეგობარს, მოსულს გვიან.
სული არი წინანდელი —
როკენროლის ლიტურგია!

ღამე ფანჯრებს გადმოხედავს,
ქალი იცვლის და ორ გიას —
დაუძახებს საძროხიდან,
რომ გამართონ მათ ორგია!

დაუწერელ ლოცვას წაშლის
ის ცრემლები, მე რომ მდიან,
და დავრჩები, როგორც ბავშვი,
ამ ქალაქის მელოდიად!

დღეს ნეონი ქუჩას ეცვა,
ვით იაფი კაბა ბალზე.
დროებითმა ღმერთმა ვერ თქვა
სულიწმინდის დაბანვაზე...

უარი და, როგორც ღორი,
ღამეს აჭმევს ახალ ფანტომს.
ქარი იცვლის ისევ როლებს,
ნეონის ქვეშ ვცეკვავ მარტო!

ფრთაგატეხილ ელვის ანძას —
ჩემი ხმა ცრის, ხოლო როკი
არის ყველგან მატიანე.

ელექტრონულს პირში მარცვალს
თეთრი ყვავი ატრიალებს!

სევდა სტვენას როკვით იწყებს,
ჩაქუჩის ხმას, ბრაზის ორკესტრს.
პოეტების მოკვლა მიწევს,
მე, ვინებმაც ამილოკეს!

ჭუჭყი — მკიდებს სტაფილოკოკს
და მსურს, ჩრდილმაც ამილოკოს!
ვარდი ისევ ეკალს ებმის —
რეკლამები!!! რეკლამები!!!!

აყრის თბილი თერმო ნიავს,
ჩემმა ცხვირმა ბრმა სუნს სდია.
და აბსურდის თეორია
უფრო დიდი აბსურდია!

საშიშ კეთილს, დრო და დენთი, 
გასახეთქად ბონგით მიაქვს.
დაკარგული ყველა ღმერთი
ცაში ჩრჩილის ბოგინია!

აღარავინ მელოდება,
ბნელ სიჩუმემ მინდა მფანტოს.
ვრჩები ფარულ მელოდიად,
ნეონის ქვეშ ვცეკვავ მარტო!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი