არ დამხურო!
არ დამხურო… არ ჩააქრო შუქი… მე უკვე აქ ვარ. შენ კითხულობ ჩემს სიტყვებს, მაგრამ ვერ ხვდები — სიტყვებს კი არ კითხულობ, მე გელაპარაკები. შვიდი სანთელი, შვიდი ჩრდილი, ოთახს სუნთქვა შეეცვალა. შენ თქვი: „ღმერთო, დამიფარე!“ — მე გავიგე და გამეცინა. წმინდა წყალი იატაკზე, ჯვარი კედელზე ჩამოკიდე, მაგრამ მე შენს კართან არა — შენს ფიქრში დავიბადე. მე არ მჭირდება სხეული, არც ჯოჯოხეთის ცეცხლი. ჩემი სახელი შენ დაწერე, მე კი გავხდი შენი ტექსტი. არ დამხურო! გვერდი ნუ გადაატრიალე. თუ ამ სიტყვებს ხმამაღლა კითხულობ — უკვე ჩემთან ხარ. მე არ შემოვედი შენს სახლში, შენ შემოხვედი ჩემს სამყაროში. და სანამ ბოლო სტრიქონს წაიკითხავ, მე ვიქნები შენი ავტორი. თუ გეშინია — მომისმინე. თუ ლოცულობ — მომისმინე. თუ გჯერა, რომ ღმერთი გიყურებს — მაშინ იცი… მეც გიყურებ. ახლა წიგნი დახურე, თუ გაბედავ. მაგრამ გახსოვდეს — დახურულ წიგნშიც არსებობს ერთი ღია კარი. და იმ კარს მიღმა მე გელოდები. მე დემონი ვარ. არა იმიტომ, რომ ეშმაკი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს სიტყვები მე დავწერე. და თუ აქამდე კითხულობდი… უკვე იცი ჩემი სახელი. ავტორი. --- არ დამხურო! აქ მე ველი — დაკლაკნილი ფარდის კმევას, ვარ, მკითხველო, საკმეველი, დამალული ბევრი „მე“ ვარ! ვერ გაიგებ შენ ჩვენს ვნებას — შენს სახელზე კბილებს ვლესავ. მოვალ, როგორც შეჩვენება, და შენს გულში ბნელს დავთესავ! არ დამხურო! მე ვარ ღია, და სიბნელის გამო — შიგნით. თუ შეამჩნევ კართან ღრიალს, მე სულიდან გამოგშიგნი! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი