მეტროდან მეტროში
მეტრო — ქალაქის მიწისქვეშა სისხლძარღვია, სადაც ადამიანები სისხლის უჯრედებივით მოძრაობენ და არც ერთმა არ იცის, ვის გულში მიდის. რელსები — ბედისწერის ორი პარალელური ხაზია: ერთმანეთს არასდროს უახლოვდებიან, მაგრამ მთელი ცხოვრება ერთი მიმართულებით მიაქვთ შენი გზა. ხოლო მუსიკოსი — ქალაქის მიწისქვეშა სინდისია. ყველა მის გვერდით ჩქარობს, მაგრამ მისი ხმა აიძულებს ადამიანებს, წამით მაინც იგრძნონ, რომ ცოცხლები არიან. ის კაცია, რომელმაც სცენა დაკარგა, მაგრამ აკუსტიკა იპოვა მიწის ქვეშ. სიბნელეს მუსიკით უხსნის, რომ მასშიც შეიძლება არსებობდეს ექო. ციფერბლატი წუთებს კლავს, ის კი თითოეულ წუთს მელოდიად აქცევს. და მეტრო შედის დროის ნაწლავში. ადამიანს სინათლიდან სინათლემდე ატარებს. შუაში კი — სიბნელეა. იქ, სადაც არც წარსული ჩადის და არც მომავალი ამოდის. იქ მხოლოდ მატარებლის ხმაა, რელსების მეტალის გუგუნი და მუსიკოსის ბოლო ნოტი, რომელიც ჯერ კიდევ არ იცის, ვის გულამდე მივიდა. --- ადამიანები სისხლის უჯრედებია → ვაგონი სისხლის ნაკადია → მეტრო სისხლძარღვია → ტკივილი სისხლში მოძრაობს. --- ტკბილია ვაგონის კივილი, რომელიც ღვივდება რეტროში. „ვაგონებს გადააქვთ ტკივილი ყოველთვის მეტროდან მეტროში.“ არა ჰყავს მუსიკოსს გამგონი — ბგერის და ვიღაცაც ეტყოდა. მიწის ქვეშ მოძრაობს ვაგონი, და აკუსტიკას გრძნობს მეტროდან. მას იპყრობს, ვით ფხვნილი, წამალი, რომელიც ვერ აძღობს ნესტოებს. თვალებმა რელსები დამალეს — „ტკივილი გადააქვთ მეტროებს.“ ვაგონი მძვინვარედ მოგორავს, სიცოცხლეს ფეხები ვაჭიროთ. დრო არის — თვითმკვლელი გოგონა და მაინც ყველასთვის საჭირო! აქ აკუსტიკა ტკბილია — რომელსაც ვერაფრით ვერ ტოვებს. " ვაგონი — ეს არის ტკივილი, რომელიც გადააქვთ მეტროებს. " მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი