სიახლოვე


მთვარე გაშლილია, როგორც პარაშუტი,
მთვარე ტალღებისკენ თვალებს მიაყოლებს.
მაგრამ მე არ მინდა, ტკივილს გადაურჩეს
ჩემი სიგიჟე და შენი სიახლოვე!

გახდა მოსაწყენი, როგორც სერიალი,
ჩვენი მარსები და ჩვენი ურანები.
ისევ ჩვენი თავის — უცხო მტერი არი
ჩვენი ლექსები და ჩვენი უნარები!

თუკი სული არი, მაშინ — ცა მეტია,
სისხლის მარშრუტია გულში რეტიანი.
სული ადიდდა და კანში დაეტია.
" ის, რაც ჩვენში არი, ჩვენზე მეტი არი! "

წვიმებს დაემართათ, მგონი, აგონია, 
და ნუ შეიკავებ, გრძნობაც მიუშვი, რა.
ყველას დამიჯერე, ვინც ყრუ გამგონეა,
ვინაც გალაკტიკას ზურგი მიუშვირა!

მთვარე გაშლილია, როგორც პარაშუტი,
მთვარე ტალღებისკენ თვალებს მიაყოლებს.
მაგრამ მე არ მინდა, ტკივილს გადაურჩეს
ჩემი სიგიჟე და შენი სიახლოვე!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2016 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი